Facebook Twitter

№ას-715-678-2013 7 ოქტომბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. ჩ-ემ მოპასუხე სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების თაობაზე მოპასუხე სააგენტოს 2010 წლის 6 ოქტომბრის ბრძანების ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე ნ. ჩ-ე სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან.

მოპასუხე სააგენტომ, 2008 წლის 19 ივნისს მიღებული №69 ბრძანებით, სააგენტოს სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით დანიშნა მოსარჩელე ნ. ჩ-ე.

2008 წლის 19 ივნისს, მხარეებს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით, რომლითაც ნ. ჩ-ე დაინიშნა მოპასუხე სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ნ. ჩ-ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 900 ლარს.

მოპასუხე სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, 2010 წლის 6 ოქტომბერს გამოცემული №1947 ბრძანებით, შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ნ. ჩ-ან და იგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, ადმინისტრაციის ინიციატივით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულება, რომლის გასაბათილებლადაც მოსარჩელეს სასამართლოსათვის შესაბამისი საპირისპირო მტკიცებულება არ წარუდგენია, საკმარის მონაცემებს შეიცავდა იმ გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ:

2010 წლის 28 სექტემბერს, მოპასუხე სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის მიერ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის სიტყვიერი დავალების შესაბამისად განხორციელდა სრს ქუთაისის სამსახურის თანამშრომლების სამსახურებრივი დისციპლინისა და მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტების დაცვის შემოწმება;

ზემოაღნიშნული შემოწმების დროს, სრს ქუთაისის სამსახურში გამოვლინდა ზოგიერთი თანამშრომლის მიერ მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა;

სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ ნ. ჩ-ე კონტაქტის დამყარების ეტაპზე არ იცავდა მისალმების წესს, ხოლო კონტაქტის დასრულების ეტაპზე არ ემშვიდობებოდა მოქალაქეს მომსახურების სტანდარტებით დადგენილი ფორმით – მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ; კონსულტაციის განმავლობაში ნ. ჩ-ე მოქალაქეებს არ მიმართავდა თავაზიანი ფორმით; მომსახურების პროცესში მის სახეზე არ შეინიშნებოდა ღიმილი და კეთილგანწყობილი გამომეტყველება.

სამსახურეობრივი შემოწმების პროცესში ნ. ჩ-ის მიერ მოქალაქეთა მომსახურება ხორციელდებოდა არაკვალიფიციურად, მომსახურების სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით. აგრეთვე, შიდა კონტროლის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა უკმაყოფილო დარჩა ნ. ჩ-ის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხით.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის მე-3 მუხლით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება არ ექცეოდა რაიმე სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოწესრიგების სფეროში და იგი ექვემდებარებოდა შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმებით დადგენილ რეგულირებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბრძანების მიღებასა და შესაბამისად, ნ. ჩ-ან შრომის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, წინ უძღოდა ნ. ჩ-ის, როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მხრიდან გარკვეული ქმედებები, რომელთა შედეგადაც ნ. ჩ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან არ დასტურდებოდა ნ. ჩ-ის, როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მიერ შესრულებული სამუშაოთი და გაწეული მომსახურებით კონკრეტული მოქალაქეების უკმაყოფილების ფაქტი, არ არსებობდა არც სადავო ბრძანების მიღების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული არგუმენტაცია საქმისათვის უმნიშვნელოდ მიიჩნია, რამდენადაც მოცემულ დავაში, დავის საგნის გათვალისწინებით, იურიდიული მნიშვნელობის მქონე იყო თვითონ მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტების დარღვევის ფაქტი და არა ის, მოყვა თუ არა თანამშრომლის მიერ მოქალაქეთა მომსხურების სტანდარტების დარღვევას შედეგად მოქალაქეთა უკმაყოფილება და გაღიზიანება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს შინაარსზე, რომლის მიზნობრიობიდან იკვეთება, რომ სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს შეადგენს მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა. აქედან გამომდინარე, მომხმარებელთა მიმართ თითოეული თანამშრომლის მხრიდან ქცევის წესების სტანდარტების დაცვა სავალდებულოდ დადგინდა თითოეული თანამშრომლისთვის (რომელთაც უშუალო, ყოველდღიური შეხება ქონდათ მომხმარებელთან). ნიშანდობლივი იყო, რომ დასახელებული სახელმძღვანელოს მე-18 მუხლით, მოქალაქეთა მოსახურების სტანდარტების დარღვევა მიიჩნეოდა სხვადასხვა დისციპლინური ზომის გამოყენების საფუძვლად, მათ შორის მოქალაქეთა არაკვალიფიციური, არასრულყოფილი ან არაეთიკური მომსახურება არაერთგზის, განიხილებოდა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მიერ მომხმარებელთა ხარისხიანი მომსახურებისადმი განსაკუთრებული პრიორიტეტის მინიჭება ხაზს უსვამდა თანამშრომლების განსაკუთრებული ვალდებულების არსებობას მომხმარებლების მიმართ და თითოეული თანამშრომლის მხრიდან მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტების დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერებას. ამ პირობებში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თანამშრომლის მხრიდან მოქალაქეებთან ქცევის მინიმალური სტანდარტების დაუცველობა იძლეოდა თანამშრომლის შრომითი ვალდებულების დარღვევის შეფასების საფუძველს.

რამდენადაც დადგინდა, რომ ნ. ჩ-ე, როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ქუთაისის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მოქალაქეებთან ურთიერთობისას არ იცავდა დადგენილ მინიმალურ ქცევის სტანდარტს – კონტაქტის დამყარების ეტაპზე მისალმების წესს, ხოლო, კონტაქტის დასრულების ეტაპზე მოქალაქეს არ ემშვიდობებოდა მომსახურების სტანდარტებით დადგენილი ფორმით – მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, აგრეთვე, კონსულტაციის განმავლობაში ნ. ჩ-ე მოქალაქეებს არ მიმართავდა თავაზიანი ფორმით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დამსაქმებლის მხრიდან ნ. ჩ-ან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უფლებამოსილება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამხავილა იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება, რაც სარწმუნოდ მიუთითებდა აპელანტის მიმართ დისკრედიტაციის მცდელობასა და დამსაქმებლის მხრიდან ნ. ჩ-ის მიმართ თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. როგორც დადგინდა, აპელანტთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა განაპირობა ნ. ჩ-ის მიერ დაშვებულმა დარღვევებმა.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო სადავოდ გამხდარი ბრძანების გამოცემაზე. ამასთან, ვინაიდან არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილობის საფუძველი, მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, როგორც ძირითადი მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. შესაბამისად, არ არსებობდა ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებითა და მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი, თუმცა სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილებით არ უსარგებლია;

სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო 2010 წლის 3 ოქტომბრის მოხსენებით ბარათში ასახული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებს. სასამართლომ, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გაიზიარა შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებები და მოპასუხის პოზიცია დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის თაობაზე. მტკიცებულებების სრული, ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევა-შეფასების შედეგად სასამართლო სხვა გადაწყვეტილებამდე უნდა მისულიყო და სარჩელი უნდა დაეკმაყოფილებინა;

სასამართლოს ყურადღება არ მიაქცია საქმის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან გარემოებას. კერძოდ, 2010 წლის 3 ოქტომბრის მოხსენებით ბარათში საუბარია, რომ კონკრეტული დარღვევა, რომელმაც ნ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა, დაუფიქსირდა სულ ათ თანამშრომელს. ადმინისტრაციამ მითითებული დარღვევის საფუძველზე მხოლოდ ნ. ჩ-ეს შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება,ხოლო დანარჩენი ათ თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილად ჩათვალა. აღნიშნული გარემოება ცალსახად ადასტურებს, რომ დამსაქმებელმა ნ. ჩ-ის მიმართ გამოიჩინა დისკრიმინაციული დამოკიდებულება;

სრს-ს ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახურიდან დათხოვნა მოსამსახურეს შეეფარდება სააგენტოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე მხოლოდ განსაკუთრებული მძიმე ხარისხის დისციპლინური გადაცდომისათვის, ან თუ სახეზეა არაკომპეტენტურობა და არადამაკმაყოფილებელი სამსახურეობრივი საქმიანობა („ე“ ქვეპუნქტი), ან კიდევ, მოქალაქეების არაკვალიფიციური, არასრულყოფილი ან არაეთიკური მომსახურეობა არაერთგზის („კ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტით, რომელიც დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებს განსაზღვრავს, დადგენილია, რომ დისციპლინური წარმოების დაწყებისას მოსამსახურეს უნდა მიეცეს წინადადება წარმოადგინოს ახსნა-განმარტება. მსგავსი წინადადება, ადმინისტრაციის მხრიდან ნ. ჩ-ეს არ მიუღია;

დასახელებული სახელმძღვანელოს მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით, დისციპლინური წარმოების შემაჯამებელ დოკუმენტს წარმოადგენს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის დასკვნა, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. სახელმძღვანელოს მე-6 პუნქტის შესაბამისად, დასკვნა სააგენტოს შიდა კონტროლის მიერ უნდა გადაეგზავნოს იმ სამსახურს ან პირს, რომელსაც იგი ეხება, დამტკიცებიდან არაუგვიანეს მეხუთე დღისა. მოპასუხეს სააგენტოს მხრიდან, არ ყოფილა დაცული ზემოხსენებული მოთხოვნები;

საქართველოს შრომის კდექსის 2.6 მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან ქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30% რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განჩინებით კასატორ ნ. ჩ-ეს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემული საკასაციო წარმოების დასრულებამდე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის საფუძველზე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 30%-ის – 90 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ. ჩ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 30%-ის – 90 ლარის გადახდა;

3. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე