საქმე ას-723-685-2013 18 ოქტომბერი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ. ტ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა, თანასაკუთრებიდან წილის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ტ-ის მიმართ თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფის მოთხოვნით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით გ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ტ-სა და გ. მ-ს შორის 1984 წლის 3 აგვისტოს ქ. თბილისის დიდუბის რაიონში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. გ. მ-ი ქ. თბილისში, ა-ის ქუჩა №34-ში, №3 კორპუსში მდებარე მ. ტ-ის საკუთრებაში რიცხული №3 ბინისა და 35.52 კვ.მ. ფართის სარდაფის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ტ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით, მ.ტ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და 2327.5 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა. 2013 წლის 5 ივნისის განჩინებით, მ.ტ-ის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ მარწმუნებელს ვერ უკავშირდებოდნენ, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა. 2013 წლის 18 ივნისს აპელანტის წარმომადგენლებმა კვლავ მომართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით, წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის კვლავ 10 დღით გაგრძელება მოითხოვეს. ვადის გაგრძელების საფუძვლად მითითებულ იქნა იგივე მიზეზი - მარწმუნებელთან კომუნიკაციის შეუძლებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. პალატამ ყურადღება გამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ცნობილი იყო თავად აპელანტისათვის, მას პირადად ჩაჰბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ და ასეთ პირობებში აპელატის წარმომადგენლების შუამდგომლობა კიდევ ერთხელ ვადის გაგრძელების შესახებ მარწმუნებელთან კომუნიკაციის შეუძლებლობის მოტივით მოკლებულია საფუძლიანობას და დაუსაბუთებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ტ-ემ და მიუთითა, რომ ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ მოახერხა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და 2327.5 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა. 2013 წლის 5 ივნისის განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ ვერ უკავშირდებოდნენ მარწმუნებელს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 დღით გაგრძელდა. 2013 წლის 18 ივნისს აპელანტის წარმომადგენლებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კვლავ მიმართეს განცხადებით, წარმოადგნეს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და იმავე საფუძვლით მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორის დედას - ვ. ტ-ეს 2013 წლის 8 ივნისს ჩაჰბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამავე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად კი, უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, უწყების ჩაბარება ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის უთანაბრდება თავად ადრესატისათვის ჩაბარებას და ერთნაირი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების 10 - დღიანი ვადის ათვლა 2013 წლის 9 ივნისს დაიწყო და ამავე წლის 18 ივნისს ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორს კი, 2013 წლის 17 მაისის განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შეუვსია (სახელმწიფო ბაჟი - 2327,5 ლარი არ გადაუხდია) და არც რაიმე დასაბუთებული შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც გამორიცხავდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას, შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, ამასთან, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე