საქმე ას-726-688-2013 18 ოქტომბერი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - გ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. კ-ას მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ლ. კ-ას გ. კ-ის სასარგებლოდ 1 900 აშშ დოლარის, 14 682,26 აშშ დოლარის და 1 631,21 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით, ლ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განჩინებით ლ. კ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და სახელმწიფო ბაჟის 728.54 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა დაევალა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინებით ლ. კ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დარჩა განუხილველი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 5 დღით გაუგრძელდა. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინება ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის ოჯახის წევრს - დედამთილს ი. რ-ეს 2013 წლის 8 ივნისს ჩაჰბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით-სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება განჩინების ჩაბარების შემთხვევებზეც და პალატამ მიუთითა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაბარებულად ითვლება აპელანტისათვის 2013 წლის 8 ივნისს (როცა განჩინება ჩაბარდა ი. რ-ეს). ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 9 ივნისიდან და 2013 წლის 13 ივნისს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. კ-ამ შემდეგ გარემოებათა გამო: კერძო საჩივრის ავტორს ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე არ ჰქონდა შესაძლებლობა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ, რის გამოც, დაირღვა მხარის საპროცესო უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინებით ლ. კ-ას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის 728,54 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა დაევალა. ხარვეზის შესავსებად 10 - დღიანი ვადა განისაზღვრა. 2013 წლის 30 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ლ.კ-ამ და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის განჩინებით ლ.კ-ას ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით გაუგრძელდა. აპელანტს განჩინებით განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრს, დედამთილს - ი. რ-ეს 2013 წლის 8 ივნისს ჩაჰბარდა. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა 2013 წლის 9 ივნისს დაიწყო და ამავე წლის 13 ივნისს ამოიწურა. საქმის მასალებით კი, დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სახელმწიფო ბაჟი დადგენილ ვადაში არ გადაუხდია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლ. კ-ას სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლ.დ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე