Facebook Twitter

№ას-729-691-2013 18 ოქტომბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ს. ჰ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ-ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „დ-ის“ დირექტორმა ა. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ჰ-ის წინააღმდეგ და მოპასუხისაგან შპს „დ-ის“ კუთვნილი ტრაქტორის იმ მდგომარეობაში დაბრუნება მოითხოვა, რა მდგომარეობაშიც ჰქონდა გადაცემული დროებით სამართავად.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო ნივთი მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,დ-ის“ დირექტორის ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ-ის“ დირექტორმა ა. ნ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შპს „დ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს ,,დ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ს. ჰ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ტრაქტორი, რომლის მონაცემებია: მარკა კ-701, შასის ნომერი ..., ძრავის ნომერი ..., გამოშვების წელი 1986 და გადაეცა მოსარჩელეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჰ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, ს. ჰ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით, შპს „დ-ის“ დირექტორის ა. ნ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე 2013 წლის 26 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში სიტყვა „მოსარჩელე“ შეიცვალა სიტყვით „მოპასუხე“, ხოლო სიტყვები: „ა.ნ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ“, შეიცვალა სიტყვებით შპს „დ-ის“ სასარგებლოდ და აღნიშნული პუნქტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: დაეკისროს მოპასუხე ს. ჰ-ს შპს „დ-ის“ (დირექტორი ა. ნ-ი) სასარგებლოდ, ა. ნ-ის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1120 ლარის გადახდა“.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. ა-მა შემდეგი დასაბუთებით: ა.ნ-ი არ წარმოადგენს მოსარჩელეს, შესაბამისად უფლება არ ჰქონდა 2013 წლის 29 მაისს სააპელაციო საჩივარი წარედგინა. ს.ჰ-ი არ არის ვალდებული ა.ნ-ის ხარჯები აანაზღაუროს. მან მხოლოდ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი უნდა აუნაზღაუროს. კერძო საჩივრის ავტორი 1992 წლიდან 2006 წლამდე ნინოწმინდის საგზაოში მექანიზატორად მუშაობს და იგი ტრაქტორზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჰ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს, რის შესახებაც იყო მსჯელობა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში სიტყვა „მოსარჩელე“ შეიცვალა სიტყვით „მოპასუხე“, ხოლო სიტყვები: „ა. ნ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ“, შეიცვალა სიტყვებით შპს „დ-ის“ სასარგებლოდ და აღნიშნული პუნქტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: დაეკისროს მოპასუხე ს. ჰ-ს შპს „დ-ის“ (დირექტორი ა. ნ-ი) სასარგებლოდ, ა.ნ-ის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1120 ლარის გადახდა“.

ზემოაღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს გადაწყვეტილებაში დაშვებულ უსწორობას, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენდა შპს „დ-ი“, რომლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ს.ა-ს შპს „დ-ის“ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის სახით 1120 ლარის გადახდა.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრით ს. ჰ-ი სადავოდ ხდის მისთვის თანხის დაკისრების მართლზომიერებას. კერძო საჩივრის დასაბუთება დაფუძნებულია არა უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების კანონიერებაზე, არამედ, იმ ფაქტზე რომ ტრაქტორი კ-700 ს.ჰ-ის საკუთრებას წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იხილავს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას, რომლითაც ს.ჰ-ს შპს „დ-ის“ სასარგებლოდ თანხის გადახდა (სახელმწიფო ბაჟის) კი არ დაეკისრა, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრა განხორცილედა უსწორობის გასწორების გზით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ჰ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ. ალავიძე