Facebook Twitter

¹ბს-629-216(კ-05) 14 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: საპენსიო დანამატის დანიშვნა და მიუღებელი დანამატის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

20.02.04. ბ. გ-ემ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ სარჩელი აღძრა და აღნიშნა, რომ არის მეორე მსოფლიო ომის I ჯგუფის ინვალიდი, 81 წლის, ამპუტირებული აქვს ორივე ქვედა კიდური მუხლის ზევით და უჭირს გადაადგილება. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 02.09.03წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს 42 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხეს არ დაეკისრა 12 თვიანი განაცდურის გადახდა. მოსარჩელემ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისაგან ასევე სხვა დანამატების ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად ეკუთვნოდა პენსიაზე დანამატი _ მინიმალური პენსიის 2/3-ის ოდენობით, ასევე, როგორც ღირსების ორდენის კავალერს, 25,25 ლარის დანამატი, საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100 %-ის დანამატი, პენსიის დანიშვნის შესახებ მიმართვამდე 12 თვის მიუღებელი პენსია, სულ 1050 ლარი. ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში არამართებულადაა მითითებული მოხუცებულობის პენსიის დანიშვნის თარიღად 01.10.03.წ. მაშინ, როდესაც სასამართლოს 09.08.03 წ. მიმართა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 06.05.04წ. გადაწყვეტილებით, ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ბ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პენსიის გადიდება ყოველთვიურად 25,25 ლარის ოდენობით ყოველთვიურად 2004წ. ნოემბრიდან, ბ. გ-ეს პენსია ყოველთვიურად განესაზღვრა 112,25 ლარი, რომელიც მას უნდა აეღო 2003წ. ნოემბრიდან, ხოლო დანამატი 42 ლარის ოდენობით დაენიშნა 2003 წ. 1 სექტემბრიდან, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დანარჩენ მოთხოვნაზე.

აღნიშნული გადწყვეტილება ბ. გ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა მოითხოვა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, 13,20 ლარის დანიშვნა და 12 თვის მიუღებელი პენსიის _ 965,40 ლარის ანაზღაურება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც ბ. გ-ეს დაენიშნა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები, ვინაიდან აღნიშნული შეღავათები დაენიშნათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც ამავე კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს წელთა ნამსახურობის, ინვალიდობის ან მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიები, რაც ბ. გ-ეს დანიშნული არ აქვს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.04.05წ. გადაწყვეტილებით ბ. გ-ისა და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 06.05.04წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა ბ. გაბრიჩიძისათვის 2003წ. ოქტომბრიდან ყოველთვიურად პენსიაზე დანამატის _ 34,58 ლარის და სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის 12 თვის 918,96 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომსაქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. გ-ე დაბადებულია ... წელს, 75 წელი შეუსრულდა 1998 წელს, ამასთან არის I ჯგუფის ინვალიდი და სამკურნალო დაწესებულებების დასკვნის საფუძველზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს სხვა პირის მუდმივ მოვლას, ბ. გ-ე განეკუთვნება აგრეთვე “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის I მუხლის “ა”-”ზ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურე პირთა კატეგორიას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს აზრით მისი მოთხოვნა ამ კანონის მე-15 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატის დანიშვნის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, აღნიშნული დანამატი გამოანგარიშებული უნდა იქნეს საქართველოში 2005 წლამდე დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 2/3-ის ოდენობით, რომელიც შეადგენს 9,33 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე საფუძვლიანია ბ. გ-ის მოთხოვნა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო დანამატის დანიშვნის შესახებ, მაგრამ არ ეთანხმება დანამატის დანიშვნას 25,25 ლარის ოდენობით. აღნიშნული მუხლით ამ კანონის შესაბამისად დანიშნული პენსიები (მათ შორის მინიმალური პენსიები) გაუდიდდებათ შემდეგ კატეგორიებს: სსრ კავშირის სოციალისტური შრომის გმირებს, საქართველოს სხვა ორდენებით დაჯილდოვებულ პირებს _ პენსიის ოდენობის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 50 პროცენტისა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან, ბ. გ-ე დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით მასზე ასევე უნდა გავრცელდეს კანონის 41-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი საპენსიო დანამატის დანიშვნის თაობაზე. ვინაიდან ბ. გ-ეს “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის შესაბამისად, დანიშნული აქვს პენსია 45 ლარის ოდენობით, დანამატის გამოანგარიშებაც უნდა მოხდეს ამ თანხიდან, კერძოდ, 45-ის 25% შეადგენს 11,25 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ ბ. გ-ე აკმაყოფილებს კანონის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო დანამატის დანიშვნის შესახებ მოთხოვნებს და უნდა მიეცეს კანონით გათვალისწინებული შეღავათი საპენსიო დანამატის დანიშვნის თაობაზე, რომლის ოდენობა შეადგენს 14 ლარს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. გ-ეს ეკუთვნოდა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 41-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით დადგენილი შეღავათები, რომელთა ოდენობა ჯამში შეადგენს 34,58 ლარს (9,33 + 11,25 + 14 = 34,58).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მოსაზრებას, რომ ვინაიდან ბ. გ-ეს პენსია დანიშნული აქვს “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით დადგენილი შეღავათები, რადგან აღნიშნული მუხლით საპენსიო დანამატი ეძლევათ იმ პირებს, რომელთაც დანიშნული აქვთ ნამსახურობის პენსია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბ. გ-ისათვის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 41-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით დადგენილი საპენსიო დანამატის დანიშვნა უნდა მოხდეს 2003წ. ოქტომბრიდან, რადგან მითითებული კანონის 49.1 მუხლის შესაბამისად, პენსიის დასანიშნად მიმართვის დღედ ითვლება საპენსიო ორგანოში განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შეტანის დღე.

კანონის 50-ე მუხლის თანახმად, მასვე უნდა აუნაზღაურდეს სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს, რაც 414, 96 ლარს (34,58 X 12) შეადგენს.

სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ბ. გ-ის მოთხოვნა 42 ლარის დანამატის 2003წ. აგვისტოდან დანიშვნის შესახებ, ვინაიდან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დანამატი ბ. გ-ეს დაენიშნა 2003 წ. 1 ოქტომბრიდან, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული და სსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნა იმავე საფუძვლით.

ზემოაღნიშნულთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 02.09.03წ. გადწყვეტილებით არ უმსჯელია კანონი 60-ე მუხლით გათვალისწინებული საპენსიო დანამატის 42 ლარის გასული პერიოდის 12 თვის მანძილზე. ანაზღაურებაზე, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება მოსარჩელის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის განხილვისა, რის გამოც ბ. გ-ის მოთხოვნა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად დანიშნული საპენსიო შეღავათის 42 ლარის 12 თვის ოდენობის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ამავე კანონის 50-ე მუხლის თანახმად, რაც შეადგენს 504 ლარს (42X12). ამდენად, სულ პენსიათა შორის სხვაობათა ჯამური ოდენობა, რომელიც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს, შეადგენს 918,96 ლარს (504+414,96).

აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც ბ. გ-ეს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ა”, 41-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატები დაენიშნა და 12 თვის მიუღებელი პენსია აუნაზღაურდა. კასატორი თვლის, რომ ბ. გაბრიჩიძისათვის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 41-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატის დანიშვნა უსაფუძვლოდ განხორციელდა, ვინაიდან იგი პენსიას იღებს არა ძალოვანი უწყებებიდან, არამედ ინვალიდობის პენსიას სამოქალაქო ხაზით, რომლის დანიშვნის წესი განსაზღვრულია “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ა” ქვეპუნქტით ამ კანონის 1-ლი მუხლის “ა”-”ზ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს წელთა ნამსახურობის პენსიაზე, მათ შორის, მინიმალური ოდენობის პენსიაზე, დაერიცხებათ შემდეგი დანამატი: პენსიონრებს, რომლებიც არიან I ჯგუფის ინვალიდები ან მიაღწიეს 75წ. ასაკს, აგრეთვე პენსიონრებს, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებების დასკვნის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჭიროებენ სხვა პირთაგან მუდმივ მოვლას (დახმარებას, ზედამხედველობას) პენსიონრის მოვლა-პატრონობისათვის საქართველოში დადგენილი ასაკის მინიმალური პენსიის 2/3 ოდენობით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. გ-ე არ აკმაყოფილებს მითითებული მუხლის მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ ის, რომ ბ. გ-ე დაბადებულია 1923 წელს, 75 წელი შეუსრულდა 1998 წელს, არის I ჯგუფის ინვალიდი და სამკურნალო დაწესებულებების დასკვნის საფუძველზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს სხვა პირის მუდმივ მოვლას.

არ არის საკმარისი ხსენებული კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის, კერძოდ დანიშნული პენსიისათვის საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 2/3 ოდენობით დანამატის დარიცხვისათვის. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ნორმა, რომლის საფუძველზე ბ. გ-ე მოითხოვს დანიშნულ პენსიაზე დანამატის დარიცხვას, განთავსებულია კანონის მე-2 თავში, კანონის აღნიშნული თავი ადგენს წელთა ნამსახურობის პენსიის მიღების წესებს. კანონის მე-15 მუხლი ითვალისწინებს წელთა ნამსახურობის პენსიის დანამატის შემთხვევებს. ვინაიდან ბ. გ-ეს საპენსიო უზრუნველყოფის აღნიშნული სახეობა _ წელთა ნამსახურობისათვის პენსია დანიშნული არ აქვს, უმართებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონი მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პენსიაზე დანამატის დარიცხვის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში სახეზეა სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 25.09.01წ. ¹1009 განკარგულებით ბ. გ-ე დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. მასზე ვრცელდება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი საპენსიო დანამატის დანიშვნის თაობაზე. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ბ. გ-ე არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მსახურობდა მოქმედ არმიაში, მას დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს ამავე კანონის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი საპენსიო დანამატის დანიშვნის შესახებ.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბ. გაბრიჩიძისათვის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატის დანიშვნა უსაფუძვლოდ განხორციელდა, ვინაიდან იგი პენსიას იღებს არა ძალოვანი უწყებებიდან, არამედ ინვალიდობის პენსიას სამოქალაქო ხაზით, რომლის დანიშვნის წესი განსაზღვრულია “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის 14.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულია ომის ინვალიდობის პენსიის მომატებისა და ინდექსაციის შესაძლებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მითითებული კანონი მოიცავს ამ კანონს და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს, რის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის შესაბამისად, ომის ინვალიდობის საფუძვლით პენსიის დანიშვნა პირს არ ართმევს შესაძლებლობას გამოიყენოს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით დადგენილი შეღავათების მიღების უფლება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამხავილებს იმ გარემოებაზე, რომ ბ. გ-ეს პენსია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 02.09.03 წ. გადაწყვეტილებით დანიშნული აქვს „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე, ამდენად დაცულია კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული პენსიის მომატების პირობა,რომლის თანახმად პენსიონერებს გაუდიდდებათ ამ კანონის შესაბამისად დანიშნული პენსიები. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმას, რომ ბ. გ-ეს სააპელაციო სასამართლოს 04.04.05 წ. გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, მას არ გაუხდია სადავოდ პენსიის დანამატის გამოანგარიშების სისწორე და არ მოუთხოვია დანამატის გაზრდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის,რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პენსიაზე დანამატის ყოველთვიურ თანხას (34,58 ლარი) უნდა გამოაკლდეს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაანგარიშებული დანამატი (9,33 ლარი) და აღნიშნულის შესაბამისად, ყოველთვიური საპენსიო დანამატის თანხა 22,25 ლარით უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის ბ. გ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 12 თვის ერთიან თანხას _ 918,96 ლარს უნდა გამოაკლდეს 111,96 ლარი (9,33 ლ.X12=111,96).

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 410-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.04.05 წ. გადაწყვეტილება გაუქმდეს მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის ბ. გ-ისათვის 2003წ. ოქტომბრიდან ყოველთვიურად პენსიაზე 9, 33 ლარის დანამატის დანიშვნის დავალების და ამ თანხის გასული ერთიწ. პერიოდის ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის 111,96 ლარის დაკისრების ნაწილში. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.04.05 წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3. მოპასუხე: სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს საბოლოოდ დაევალოს:

ა) დაუნიშნოს ბ. გ-ეს 2003წ. ოქტომბრიდან ყოველთვიურად პენსიაზე დანამატი 25, 25 ლარის ოდენობით;

ბ) აუნაზღაუროს ბ. გ-ეს 12 თვის სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის 807 ლარის ოდენობით;

4. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.