Facebook Twitter

№ას-770-731-2013 18 ოქტომბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „ბ-ჯ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ს. რ. და გ. კ. ნ.ვ“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველზე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. რ. და გ. კ. ნ.ვ-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ ჯ-ას“, შპს „მ-ა“ და შპს „ბ-ი-ის“ მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველზე თანხის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით შპს რ. და გ. კ. ნ.ვ. -ს სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ბ ჯ-ას“ შპს „რ. და გ. კ. ნ.ვ. -ს“ სასარგებლოდ 1 300 000 აშშ დოლარი დაეკისრა. შპს „რ. და გ. კ. ნ.ვ. -ს“ სასარჩელო მოთხოვნები შპს „მ-ის“ და შპს „ბ ი-ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ-ჯ-ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განჩინებით შპს „ბ-ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელს ნ.ჭ-ეს 2013 წლის 7 მაისს ჩაჰბარდა. შესაბამისად გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა 2013 წლის 8 მაისიდან დაიწყო და ამავე წლის 21 მაისს ამოიწურა. საქმეში წარმოდგენილია ნ.ჭელიძის განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ ამ უკანასკნელმა შპს „ბ-ჯ-ას“ სახელით 2013 წლის 19 ივნისს ფოსტის მეშვეობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. აღნიშნული სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 20 ივნისს იქნა წარდგენილი.პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ბ-ჯ-ამ“ სააპელაციო საჩივარი 14 დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ბ-ჯ-ამ“ შემდეგი დასაბუთებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორმა ამავე წლის 7 ივნისს ჩაიბარა. ზემოდასახელებული გადაწყვეტილების ჩაბარების ხელწერილზე დასმული თარიღი 7 მაისი ტექნიკური ხასიათის შეცდომაა და სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ-ჯ-ას“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2013 წლის 3 ივლისის განჩინებით შპს „ბ-ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ზემოდასახელებული გადაწყვეტილების ჩაბარების ხელწერილზე დასმული თარიღი 7 მაისი ტექნიკური ხასიათის შეცდომაა და სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდა შპს „ბ-ჯ-ას“ წარმომადგენელი ნ. ჭ-ე. ამასთან, ირკვევა, რომ მხარე კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით სასამართლოში არ გამოცხადებულა, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2013 წლის 6 ივნისს და ამავე წლის 19 ივნისს ამოიწურა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება შპს „ბ ჯ-ას“ წარმომადგენელმა 2013 წლის 7 მაისს, თუ ამავე წლის 7 ივნისს ჩაიბარა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის დროულად წარდგენასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის სხდომის ოქმით დგინდება, რომ სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. საქმეში მოცემული ჩაბარების ხელწერილით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება შპს ბ-ჯ-ას“ წარმომადგენელს 2013 წლის 7 მაისს ჩაჰბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. ამდენად, საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაა, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე ზუსტად და უტყუარად გამოარკვიოს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტი. აღნიშნული ფაქტის უტყუარად დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს ერთმევა უფლება, სასამართლო წესით დაიცვას თავისი ინტერესი. უფლების სასამართლო წესით დაცვა კი, უზრუნველყოფილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით და მის ერთ-ერთ ძირითად, ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს.

ცხადია, 2013 წლის 7 მაისის დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს იმავე დღეს ვერ ჩაჰბარდებოდა, ამასთან, აღნიშნულს გამორიცხავს სხდომის ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, შესაბამისად, გადაწყვეტილების ჩაბარების ხელწერილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეს 2013 წლის 7 ივნისს ჩაჰბარდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად 2013 წლის 6 ივნისს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე) უნდა დაიწყოს, რომელიც ამავე წლის 19 ივნისს იწურება, შპს „ბ ჯ-ას“ წარმომადგენელმა კი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2013 წლის 7 ივნისს ჩაიბარა, მიუხედავად ამისა, სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში - 2013 წლის 19 ივნისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, შპს „ბ ჯ-ამ“ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ბ ჯ-ას“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ. ალავიძე