№ას-801-760-2013 21 ოქტომბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ც-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 4 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ც-მა მოპასუხე სს „ს. რ-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიურად სარჩოს დაკისრება 1000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
სს „ს. რ-ას“ გ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 1000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
ამავე გადაწყვეტილებით, სს „ს. რ-ას“ გ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდა 661 ლარისა და 92 თეთრის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე გ. ც-ი წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე სს „ს. რ-ი” მემანქანედ.
მოსარჩელემ, სს „ს. რ-ი” შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მიიღო საწარმოო ტრავმა.
მოსარჩელე გ. ც-ს, მიღებული ტრავმის გამო, დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი, უვადოდ, 80%-ით.
მოპასუხე სს „ს. რ-ა”, მოსარჩელეს, საწარმოო ტრავმის გამო, ყოველთვიურად უხდიდა სარჩოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე (რომლითაც მოხდა მოსარჩელის მიერ მისაღები სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება), მოპასუხე სს „ს. რ-ა” მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდის სარჩოს 880 ლარის ოდენობით, მემანქანის ყოველთვიური ხელფასის 1100 ლარის ოდენობის გათვალისწინებით.
2012 წლის 16 ივლისიდან, გაიზარდა მოქმედი მემანქანის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა და იგი შეადგენს 1250 ლარს.
მოპასუხე სს „ს. რ-ამ”, არამართლზომიერად არ მოახდინა გ. ც-ის მიერ მისაღები სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, 2012 წლის 16 ივლისიდან გაზრდილი, მოქმედი მემანქანის ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით.
მოსარჩელე გ. ც-ს, 2012 წლის ივლისის თვეში, სარჩოს სახით უნდა მიეღო 941.92 ლარი [(1100 ლარი: 31 დღეზე X 15 დღეზე = 532.25 ლარი) + (1250 ლარი: 31 დღეზე X 16 = 645.16 ლარი) = 1177.41 ლარის 80%].
2012 წლის ივლისის თვეში, მოსარჩელე გ. ც-მა, სარჩოს სახით, 941.92 ლარის ნაცვლად მიიღო 880 ლარი. 2012 წლის ივლისის თვეში მოსარჩელემ სარჩოს სახით ვერ მიიღო 61.92 ლარი (941.92 ლარი - 880 ლარი).
2012 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, მოსარჩელე სარჩოს სახით იღებს 880 ლარს (1100 ლარის 80%), მაშინ როდესაც, ამ დროისათვის მოქმედი მემანქანის ხელფასი არის 1250 ლარი, რომლის 80% შეადგენს 1000 ლარს, რასაც უნდა იღებდეს მოსარჩელე. მოსარჩელე, 2012 წლის 1 აგვისტოდან, სარჩოს სახით ვერ იღებს სხვაობას – თვეში 120 ლარს (1000 ლარი - 880 ლარი).
2012 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 1 თებერვლამდე, მოსარჩელე გ. ც-მა სარჩოს სახით ვერ მიიღო 720 ლარი (120 ლარი X 6 თვეზე).
მოსარჩელე გ. ც-მა, 2012 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 1 იანვრამდე, სარჩოს სახით ვერ მიიღო ჯამში 781.92 ლარი (61.92 ლარი + 720 ლარი).
მოპასუხე სს „ს. რ-ის” მიერ მოსარჩელე გ. ც-ის სარჩოს ოდენობის დაანგარიშებაში, მოქმედი მემანქანის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გაუთვალისწინებლობით, მოსარჩელე არასრულად იღებდა სარჩოს კუთვნილ ოდენობას, რითაც მას ადგებოდა ზიანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ასეთია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის განხილვისას სწორად იხელმძღვანელა 2006 წლის 4 ივლისამდე მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 155-ე მუხლით, ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსის 44-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლებით, 408-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 411-ე და 992-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლომ აპელანტ სს ,,ს. რ-ის’’ მიერ სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული ყველა არგუმენტი უსაფუძვლოდ მიიჩნია მოცემული შემთხვევისათვის და ჩათვალა, რომ მათ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითი განხილვისათვის არ უნდა მინიჭებოდათ, შემდეგი გარემოების გამო:
საქმის მასალებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით (რომლითაც მოხდა მოსარჩელის მიერ მისაღები სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება) დადგინდა, რომ სს „ს. რ-ას” გ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს სახით 880 ლარის გადახდა, 2011 წლის 1 სექტემბრიდან. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა ის გარემოება, რომ სს ,,ს. რ-ა’’ გ. ც-ს ჯერ კიდევ 2011 წლიდან უხდიდა სარჩოს 707 ლარისა და 98 თეთრის ოდენობით. საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 18 ივნისის განჩინებებით. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. ც-ს ეკუთვნოდა მემანქანედ მომუშავე პირის ხელფასის 80%, რომელიც იმ დროისათვის იყო 880 ლარი. შესაბამისად, გ. ც-ის მიერ მიღებულმა სიკეთემ შეადგინა არა რაიმე კონკრეტული თანხა, არამედ მემანქანის ხელფასის 80%.
საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება არ შეცვლილა და არ გაუქმებულა. აქედან გამომდინარე, იგი შესასრულებლად სავალდებულო იყო. ვინაიდან გ. ც-ს მიეკუთვნა მემანქანის ხელფასის 80%, ხოლო ეს თანხა აპელანტის 2013 წლის 28 იანვრის №619 წერილით განსხვავდებოდა 2012 წელს დაკისრებული ხელფასის 80%-საგან, თანხებს შორის სხვაობის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა აპელანტს, 2012 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, და არა რაიმე ახალი საფუძვლით, ახალი ბრალით თუ მთავრობის ახალი ნორმატიული აქტით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუღებელი სარჩოს ნაწილში დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნას შეადგენდა მოპასუხისათვის 781.92 ლარის დაკისრება, პირველი ინსტანციის სასამართლომ თავის სამოტივაციო ნაწილში სწორედ აღნიშნულ დაზუსტებულ მოთხოვნაზე იქონია მსჯელობა და სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში 781.92 ლარის ნაცვლად მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად დაკმაყოფილებულ თანხად მიეთითა 661.92 ლარზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, აშკარა არითმეტიკულ შეცდომას წარმოადგენდა და იგი უნდა გასწორებულიყო გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს „ს. რ-ამ“. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, მართალია სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სამოქალაქო კოდექსში სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს 408-ე მუხლის მე-2 და არა 1-ლი ნაწილი, რამდენადაც ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური ნორმები. 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუსაბუთებელია იმ მოტივითაც, რომ სხეულის დასახიჩრების და ტრავმის მიღების შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, განსხვავებით მატერიალური ზარალისაგან.
კასატორის მოსაზრებით, დასაქმებულს ვერანაირად ვერ ექნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური მოლოდინი შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობისას. შეუძლებელია იმის თქმა, მოსარჩელე იმუშავებდა თუ არა მოპასუხე საწარმოში (თუნდაც მას ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა) და შესაბამისად, მიიღებდა თუ არა იგი ამ წლების განმავლობაში შრომის ანაზღაურებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 25 ივლისი, საგადახდო დავალება №680) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე