Facebook Twitter

№ას-806-765-2013 18 ოქტომბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. ლ-სა და მ. ი-ის მიმართ და სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ც.ლ-სა და მ.ი-ის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის 9000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 2000 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით, მ.ი-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად 7 დღიანი ვადა განესაზღვრა. აღნიშნული ვადა მ.ი-ის განცხადების საფუძველზე 10 დღით გაგრძელდა. აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება აპელანტს 2013 წლის 3 ივნისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით ჩაჰბარდა. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ათდღიანი ვადის ათვლა 2013 წლის 4 ივნისს დაიწყო და ამავე წლის 13 ივნისს ამოიწურა. აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ი-მა შემდეგი დასაბუთებით: განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები, სახელდობრ, მ.ი-ი არის ქვრივი და მისთვის უკიდურესად რთულია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად 7 დღიანი ვადა განესაზღვრა. აღნიშნული ვადა მ.ი-ის განცხადების საფუძველზე 10 დღით გაგრძელდა. აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება აპელანტს 2013 წლის 11 ივნისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით ჩაჰბარდა. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ათდღიანი ვადის ათვლა 2013 წლის 12 ივნისს დაიწყო და ამავე წლის 21 ივნისს ამოიწურა. მ.ი-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას ბაჟის გადახდის შეუძლებლობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, ამასთან, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჯების გადახდის გათავისუფლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას კი მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, საკმარისს არ წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ.ი-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ.ალავიძე