Facebook Twitter

№ას-816-774-2013 18 ოქტომბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს „ს. ე. ტ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. შ-ი

მოპასუხეები - ერთობლივი საქმიანობა „ს. ბ-ი“ წევრები: შპს „ს-ი“, ვ. ბ-ა, თ. ა-ა, გ. მ-ი, ნ. მ-ი, ა. მ-ი, თ. მ-ი, ვ. ფ-ე, რ. ლ-ე, ა. ლ-ე, დ. ლ-ე, ი. თ-ა, ზ. ბ-ე, ი. ს-ა, ნ. ლ-ე, ა. ლ-ა, კ. ნ-ე, ზ. ღ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობირვ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ს. ე. ტ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს. ბ-ი“ წევრების: შპს „ს-ის”, ვ. ბ-ას, თ. ა-ას, გ. მ-ის, ნ. მ-ის, ა. მ-ის, თ. მ-ის, ვ. ფ-ის, რ. ლ-ის, ა. ლ-ის, დ. ლ-ის, ი. თ-ას, ზ. ბ-ის, ი. ს-ას, ნ. ლ-ის, ა. ლ-ას, კ. ნ-ის, ზ. ღ-სა და ბ. შ-ის მიმართ უძრავი ქონების გადაცემის, გარიგებებისა და ამხანაგობის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოპასუხეებმა წარმოდგენელი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ს. ე. ტ-ის“ სარჩელი მოპასუხეების ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს. ბ-ი“ წევრების: შპს „ს-ის“, ვ. ბ-ას, თ. ა-ას, გ. მ-ის, ნ. მ-ის, ა. მ-ის, თ. მ-ის, ვ. ფ-ის, რ. ლ-ის, ა. ლ-ის, დ. ლ-ის, ი. თ-ას, ზ. ბ-ის, ი. ს-ას, ნ. ლ-ის, ა. ლ-ას, კ. ნ-ის, ზ. ღ-ის და ბ. შ-ის მიმართ უძრავი ქონების გადაცემის, გარიგებებისა და ამხანაგობის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ე. ტ-მა“ და მისი გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ს. ე. ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ს. ბ-ი“ 19.12.2010წ. კრების ოქმის ბათილად ცნობის და 1697.5 კვ.მ.-დან 160 კვ.მ-ს საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში. ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება: ბათილად იქნა ცნობილი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ს. ბ-ი“ 19.12.2010წ. კრების ოქმი. მოპასუხე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობას „ს. ბ-ი“ დაეკისრა შპს „ს. ე. ტ-ის“ 160 კვ.მ. ფართის საკუთრებაში გადაცემა. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით შპს ”ს. ე. ტ-მა” და მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით წარდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2013 წლის 20 ივნისს ბ.შ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 იანვრის ყადაღის დადების შესახებ განჩინების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა, კერძოდ, იმ ნაწილში რომლითაც 160 კვ.მ ფართს დაედო ყადაღა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განჩინებით ბ. შ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა. ამხანაგობის – „ს. ბ-ი“ – საკუთრებაში არსებულ მშენებარე საცხოვრებელ სახლში თავისუფალ (გაუნაწილებელ) 1700 კვ.მ. ფართს (უძრავი ქონება საკადასტრო კოდით – №... კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობა, მდებარე – ქ. თბილისი, ბაგები, წ-ის გზატკეცილი №24) ყადაღა მოეხსნა.

აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს. ე. ტ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით, შპს „ს. ე. ტ-ის“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინებაზე დაუშვებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის განჩინებით ბ.შ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2012 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა. ზემოდასახელებული განჩინება შპს „ს. ე. ტ-მა“ გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალა და ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები განემარტა. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 2013 წლის 22 ივლისის განჩინებით 2 დღით გაგრძელდა. საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რის გამოც წარდგენილი საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო შპს „ს. ე. ტ-ის“ საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს „ს. ე. ტ-ის“ საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა დაევალა. ხარვეზის შესავსებად 3 - დღიანი ვადა განისაზღვრა. აღნიშნული ვადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განჩინებით 2 დღით გაგრძელდა. აღნიშნული განჩინება საჩივრის ავტორს 2013 წლის 22 ივლისს ჩაჰბარდა. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა 2013 წლის 23 ივლისს დაიწყო და ამავე წლის 24 ივლისს ამოიწურა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხაევეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შპს ,,ს. ე. ტ-ის“ საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლო ს. ე. ტ-ის მიერ 2013 წლის 19 ივლისს წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ იგი კერძო საჩივრად ვერ მიიჩნევა. კერძო საჩივრით საჩივრდებოდა 2013 წლის 4 ივლისის განჩინება, 2013 წლის 10 ივლისს წარდგენილი საჩივრის საფუძვლები კი 2013 წლის 3 ივლისის განჩინებას (აღნიშნულით, ბ.შ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა) ეხება და მოთხოვნად სწორედ ამ უკანაკსნელის გაუქმებაა მითითებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, კერძო საჩივარი წარდგენილი არ არის შესაბამისი ფორმით საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ ხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ე. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ. ალავიძე