საქმე №ას-825-783-2013 21 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ. ჯ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ჰ. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ოს“ მიმართ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 99 672 ლარის დაკისრებისა და დავალიანების დაფარვის მიზნით მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, გ.ო-ის ქუჩა N9-ში მდებარე 14-სართულიან მშენებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული დანიშნულების 80.10 კვ.მ, 80.10 კვ.მ და 73.00 კვ.მ ფართის უძრავი ნივთების აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჰ. ჯ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს-ოს“ მოსარჩელე შპს „ჰ. ჯ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 99 672 ლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, გ.ო-ის ქუჩა N9-ში მდებარე 14-სართულიან მშენებარე შენობაში მდებარე კომერციული დანიშნულების 80.10 კვ.მ, 80.10 კვ.მ და 73.00 კვ.მ ფართის უძრავი ნივთები.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-ომ“.
აღნიშნული საქმე სხვადასხვა საფუძვლით განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ, საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი 37500 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო 62172 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად (იხ. სუსგ 1 მაისი, 2013 წელი, Nას-320-305-2013).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინებით შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ შპს „ჰ. ჯ-ას“ წარმომადგენლის ვ. ა-ის შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია, პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე და განმარტა, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეუძლია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის 2013 წლის 20 ივნისს, 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო 2013 წლის 11 ივლისს, 15:00 საათზე, დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტ შპს „ს-ოს“ წარმომადგენელი - ა. ზ-ი. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ შპს „ს-ოს“ გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელ ა. ზ-ს ხელწერილით ეცნობა 2013 წლის 11 ივლისს, 15:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე და განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, 216-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და ჩათვალა, რომ 2013 წლის 11 ივლისის სხდომაზე შპს „ს-ოს“ წარმომადგენლის გამოუცხადებლობა, რომელსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით და მისი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ს-ომ“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
შპს „ს-ოს“, ფინანსური მდგომაროების გამო, არ აქვს შესაძლებლობა, ჰყავდეს იურისტი. ა. ზ-ი, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში, იურიდიულ მომსახურებას ანაზღაურების გარეშე ახორციელებდა. 2013 წლის 11 ივლისს, ა.ზ-ს სასწრაფოდ მოუხდა წასვლა ქ.ქუთაისში, კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე დართული ცნობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ს-ოს“ მოთხოვნა რეალურია, ამასთან, საქმე ერთხელ უკვე განხილულია უზენაესი სასამართლოს მიერ, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და მის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია და შპს „ს-ოს“ სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებით საქმის განხილვა გადაიდო 2013 წლის 11 ივლისს, 15:00 საათზე.
სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ 2013 წლის 20 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ს-ოს“ წარმომადგენლები: ა.ზ-ი და რ.რ-ა (ამ უკანასკნელის მინდობილობა ერთვის სასამართლო სხდომის ოქმს).
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, სასამართლო სხდომის გადადების დროისა და ადგილის შესახებ, ასევე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე გაფრთხილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის შესაბამისად, ხელმოწერით დაადასტურა შპს „ს-ოს“ წარმომადგენელმა ა.ზ-მა.
უდავოა, რომ სააპელაციო პალატის 2013 წლის 11 ივლისის სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადებულა და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც, მოწინააღმდეგე მხარემ - შპს „ჰ. ჯ-ამ“ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის სწორი განმარტების გზით სწორად დატოვა განუხილველად შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, საზოგადოების ქონებრივი მდგომარეობის, ა.ზ-ის მიერ საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისა და შპს „ს-ოს“ მოთხოვნის საფუძვლიანობის თაობაზე, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგანაც, მიუხედავად იმისა, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იქნება თუ არა, აღნიშნული სასამართლოს მიერ საქმის არსებითი გადაწყვეტის დროს უნდა გამოირკვეს, იმისათვის კი, რომ სასამართლომ მოთხოვნის საფუძვლიანობა დაადგინოს, საჭიროა მხარეთა მხრიდან სასამართლო დავალებებისა (მაგალითად სხდომაზე გამოცხადება) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმპერატიული დანაწესების განუხრელი დაცვა.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარზე დართული საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული ცნობის შესწავლით, მართალია, დასტურდება 2013 წლის 11 ივლისს ა.ზ-ის საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობის მიღების ფაქტი, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დავის სუბიექტზე: აპელანტ მხარეს წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას განსაზღვრავს შესაბამისი კანონი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, შპს-ს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი. ის ფაქტი, რომ საზოგადოებას არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა იყოლიოს კვალიფიციური წარმომადგენელი, არ ათავისუფლებს მის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს საზოგადოების წინაშე ვალდებულებისაგან, საყურადღებოა თავად ის გარემოება, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა ასევე საზოგადოების იურისტი რ. რ-ა, ამასთანავე, საპირისპირო ვითარებაშიც კი, მხოლოდ ის გარემოება, რომ ა.ზ-ი არ იმყოფებოდა ქ.თბილიში, ვერ გახდება მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი, არც კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული საფუძვლის არსებობა დასტურდება.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც მისი უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე