№ას-853-811-2013 18 ოქტომბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ს. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ. ს-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს. ქ-ემ მოპასუხე შპს „კ. ს-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
1. მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 40000 აშშ დოლარის დაკისრება;
2. შპს „კ. ს-ის“ მისავე სასარგებლოდ 40000 აშშ დოლარის 3%-ის დაკისრება. ყოველთვიურად, 2002 წლის 20 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ს. ქ-ის შუამდგომლობა მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, ქ.ბათუმში, კ-ს დასახლების მშენებარე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში მე-6 სართულზე განთავსებული №59 ბინის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ს. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
შპს ,,კ. ს-ს” ს. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 40000 აშშ დოლარის გადახდა;
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 40000 აშშ დოლარის წლიური 12%-ის გადახდა 2012 წლის 20 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ. ს-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ამავდროულად, 2013 წლის 4 ივნისს, შპს ,,კ. ს-მა” სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც 2013 წლის 10 ივლისის განჩინებით, აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა – გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „კ. ს-ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, ქ.ბათუმში, კ-ს დასახლების მშენებარე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებული №59 ბინის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ხსენებული განჩინებით შპს „კ. ს-ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, ქ.ბათუმში, კ-ს დასახლების მშენებარე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში მე-6 სართულზე განთავსებული №65 ბინის (ფართით 62.00კვ.მ) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ს. ქ-ემ. საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ს. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.
2013 წლის 16 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ს. ქ-ემ, რომელმაც უარი განაცხადა მის მიერ შემოტანილ საჩივარზე და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განჩინების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ქ-ის განცხადება საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრინველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ განჩინებაზე საჩივრის შეტანის შესაძლებლობას. კოდექსის 1971 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თავდაპირველად საჩივარს იხილავს გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლო, რომელიც დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საჩივარს საქმის მასალებთან ერთად აგზავნის ზემდგომ სასამართლოში. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლები აწესრიგებენ კერძო საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანისა და მის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს, 420-ე მუხლი ადგენს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ზემომითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ ს. ქ-ე უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს წარმოდგენილ საჩივარზე.
განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა უარი თქვა წარმოდგენილ საჩივარზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჩივრის ავტორის, ს. ქ-ის შუამდგომლობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განჩინებაზე შეტანილ საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. ს. ქ-ის საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე