საქმე №ას-854-812-2013 21 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი – სარჩოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ მიმართ სარჩოს დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და თ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ს. რ-ას“ თ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 30 ივნისიდან ყოველთვიურად სარჩოს - 241 (ორას ორმოცდაერთი) ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სს „ს. რ-სა“ და თ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის გამო (იხ. ასევე სუსგ Nას-1117-1048-2012, 26 ნოემბერი, 2012 წელი).
2013 წლის 21 ივნისს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2013 წლის 20 ივნისს სს „ს. რ-ამ“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა განმარტება იმისა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სასამართლოს მიერ დაკისრებულ ერთჯერად, ასევე ყოველთვიურად დაკისრებულ თანხებში შედიოდა თუ არა საშემოსავლო გადასახადი და უნდა დაბეგრილიყო თუ არა სს „ს. რ-ის“ მიერ თ. ბ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად გასაცემი სარჩო.
განმცხადებლის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, კერძო აღმასრულებელი სს „ს. რ-ას“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და 28-ე მუხლის თანახმად, მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე, რაც სს „ს. რ-ამ“ შეასრულა აღმასრულებლის მიერ მითითებულ ვადაში, თ. ბ-ის სასარგებლოდ გადაიხადა შეტყობინების მიღების დროისთვის მიუღებელი შემოსავლის სარჩო - 10 604 ლარი და აღსრულების საფასური - თანხის 7%-ის ოდენობით - 742,28 ლარი. სს „ს. რ-ამ“ 2013 წლის 22 თებერვალს გადარიცხა 9 083.20 ლარი აღმასრულებლის ანგარიშზე, ვინაიდან დაანგარიშებული სარჩო დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ს. რ-ა, როგორც ყოფილი დამქირავებელი, მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, წარმოადგენს საგადასახადო აგენტს, რომელიც ახორციელებს საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებას გადამხდელთათვის, მის დაკავებას და გადასახადის თანხის კანონმდებლობის შესაბამისად ბიუჯეტში გადარიცხვას. თ. ბ-ის, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, თანხის გადარიცხვისას აღნიშნული შეღავათი გათვალისწინებულ იქნა. დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 1 520,80 ლარი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაირიცხა ხაზინის ერთიან ანგარიშზე. აღნიშნულ 1 520,80 ლართან დაკავშირებით სს „ს. რ-ის“ მიმართ მოხდა იძულებითი აღსრულების ღონისძიების გატარება. განმცხადებლის მითითებით, ყოველთვიურად გასაცემი სარჩო იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, „ს. რ-ა“, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს გაცემული სარჩოს დაბეგვრას და აღნიშნული თანხები ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, მაგრამ კერძო აღმასრულებელი ყოველთვიურად ახორციელებს აღსრულების იძულებითი ღონისძიების გატარებას სს „ს. რ-ის“ მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლისა და 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განმარტა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს უკვე მიღებული გადაწყვეტილების ბუნდოვანი შინაარსის განმარტებას. დაუშვებელია გადაწყვეტილების განმარტების სახით ახალი გადაწყვეტილების მიღება ან ადრე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა.
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ს. რ-ას“ თ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 30 ივნისიდან ყოველთვიურად სარჩოს - 241 (ორას ორმოცდაერთი) ლარის გადახდა, სს „ს. რ-ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 607,32 (ექვსას შვიდი და 32) ლარის გადახდა. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დარჩა განუხილველად, ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და 2013 წლის 21 იანვარს მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. მოცემულ დავაში სასამართლოს მიერ დასადგენ გარემოებათა წრეს განეკუთვნებოდა მოქმედი სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის საისრე პოსტის უფროსი მორიგის ხელფასის ოდენობის დადგენა, მოსარჩელისათვის მისაცემი სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მოსარჩელის შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის გათვალისწინებით. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ სს „ს. რ-ის“ განცხადება, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, მისი განმარტების ფარგლებში, სარჩოს სახით გასაცემი თანხის დაბეგვრის საკითხის სასამართლოს მიერ გადაწყვეტის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან არ არსებობდა 2011 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების თვალსაზრისით, მისი განმარტების წინაპირობები. სასამართლოს შეფასებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი, არამედ იყო მკაფიო და არ საჭიროებდა განმარტებას.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „ს.რ-ამ“, მისი გაუქმებისა და გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე, სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთებაზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების განმარტება ემსახურება მისი აღსრულების ხელშეწყობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მიზანია და გადაწყვეტილების განმარტების შედეგად შესაძლებელი გახდება სს „ს. რ-ის“ თ.ბ-ის სასარგებლოდ დაკისრებული სარჩოს სწორად გადარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ს. რ-ას“ თ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 30 ივნისიდან ყოველთვიურად სარჩოს - 241 (ორას ორმოცდაერთი) ლარის გადახდა, სს „ს. რ-ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 607,32 (ექვსას შვიდი და 32) ლარის გადახდა.
უდავოა, რომ ზემოაღნიშნულ საქმეზე სარჩელის საგანი იყო 2008 წლის 7 მარტიდან მოპასუხისათვის სარჩოს - 483 ლარის დაკისრება.
განსახილველ შემთხვევაში სს „ს. რ-ის“ განცხადების მოთხოვნას, მართალია, წარმოადგენს სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტება, თუმცა განცხადების შესწავლით უტყუარად დასტურდება, რომ სს „ს. რ-ა“ მოთხოვნას ამყარებს გადაწყვეტილების იძლებით აღსრულების წესზე და მოითხოვს მისი, როგორც საგადასახადო აგენტის სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებით არსებული ვალდებულების განსაზღვრას, ასევე აღმასრულებლის მოქმედების მართლზომიერების შეფასებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს ბუნდოვან დებულებას, ამასთანავე, განმარტების საკითხის გადაწყვეტისათვის უმთავრეს გარემოებას წარმოადგენს იმის განსაზღვრა, რომ სადავო ურთიერთობის ფარგლებში, მართლმსაჯულების აქტით დადგენილი უფლების ბუნდოვანება არ უნდა იწვევდეს მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს, ანუ განმარტებას დაექვემდებარება გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ სხვა გზით შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად გაირკვეს აღიარებული უფლების ნამდვილი არსი.
როგორც უკვე აღინიშნა, სს „ს. რ-ა“ განცხადებას ამყარებს არა თ.ბ-ის გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების არაორაზროვნად ჩამოყალიბებას, არამედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების დადგენასა და სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში საგადასახადო აგენტის ვალდებულების განსაზღვრას, ასევე აღმასრულებლის ქმედების კანონიერების შეფასებას მოითხოვს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის ფარგლებს სცდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სს „ს. რ-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ კანონის სწორი განმარტების გზით არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „ს. რ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე