Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-925-883-2013 24 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ა-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ღ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ღ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ა-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 24 დეკემბერის ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად ლ. ა-ის მიერ 1998 წლის 22 აპრილის ანდერძი შედგენილ იქნა ი. ა-ის სასარგებლოდ, რაც მოპასუხე ი.ა-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გ. ღ-ას სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო 2013 წლის 28 მაისს. საქმეზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რასაც ესწრებოდა მოპასუხე მხარის წარმომადგენელი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩაიბარა 2013 წლის 17 ივნისს.

ი. ა-ემ სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 15 ივლისს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა იწყებოდა 2013 წლის 28 მაისიდან (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან) ოცდამეათე დღეს, ანუ 2013 წლის 27 ივნისიდან. შესაბამისად, გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2013 წლის 11 ივლისი, მოსარჩელე მხარემ კი სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 15 ივლისს, ანუ გასაჩივრების ვადის დარღვევით.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 15 ივლისს, ანუ გასაჩივრების ვადის დარღვევით, ამდენად, ამავე კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ა-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველად.

2013 წლის 17 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველმა მხარემ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. ამავე მიზნით მხარემ სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების გამოტანიდან 30-ე დღესაც, თუმცა უშედეგოდ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება მომზადდა და მხარეებს ჩაბარდა მხოლოდ 2013 წლის 2 ივლისს.

პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 17 ივნისს, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

ამდენად, 2013 წლის 15 ივლისს სააპელაციო საჩივრის შეტანისას აპელანტს კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან მისი ათვლა დაიწყო 2013 წლის 2 ივლისიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ჩაიბარა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღეს, კერძოდ, 2013 წლის 17 ივნისს, სააპელაციო საჩივარი კი შეიტანა 2013 წლის 15 ივლისს, რა დროსაც კანონით დადგენილი ვადა გაუშვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლისას სააპელაციო პალატას საქმის მასალები სრულყოფილად არ გამოუკვლევია და საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

სააპელაციო საჩივრის შეტანის პირობებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.

მოცემულ შემთხვევაში ი. ა-ის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო (ს.ფ. 74).

ამდენად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების ასლის მისაღებად მოპასუხე ვალდებული იყო, სასამართლოსათვის მიემართა არა უადრეს 2013 წლის 17 და არა უგვიანეს 27 ივნისისა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი განცხადებებით დასტურდება, რომ 2013 წლის 17 და 24 ივნისს ი. ა-ემ წერილობით მიმართა სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით (ს.ფ. 96, 97), თუმცა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება (როგორიცაა სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი შესაბამისი აქტი, მხარის ხელწერილი), რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ამ დროისათვის მზად იყო დასაბუთებული გადაწყვეტილება და იგი ჩაიბარა მხარემ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ა-ემ თავისი მოვალეობა შეასრულა და კანონით დადგენილ ვადაში ორჯერ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით. ამასთან, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მხარეს გადაწყვეტილება მისივე ბრალით არ გადასცემია, ივარაუდება, რომ სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ამდენად, სრულიად დასაბუთებულია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ი. ა-ის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2013 წლის 2 ივლისს ჩაბარების მომენტიდან. ასეთ შემთხვევაში, მითითებული ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 3 ივლისს და ამოიწურა 16 ივლისს, რაც უდავოდ აქარწყლებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე