საქმე №ას-940-898-2013 24 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2011 წლის 14 სექტემბერს №006-9350 ბრძანების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის საგადასახადო ოფიცრებმა, პ. ს-ის დავალიანების არსებობის გამო, დააყადაღეს მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. პიანინო „WEINBACH“; 2. სამეულის კომპლექტი; 3. ჟურნალის მაგიდა, 4. ორკარიანი ტუმბო; 5. სერვანდი; 6. ექვსი სკამი; 7. დივანი; 8. ტელევიზორი „ORION“; 9. უჯრებიანი კომოდი; 10. ტელევიზორის მაგიდა; 11. კომპიუტერი; 12. ორი ცალი მაგიდა; 13. პატარა კომოდი; 14. ორი ცალი ტახტი; 15. ორი ცალი ვენტილატორი; 16. იატაკის საპრიალებელი; 17. ორი ცალი საწოლი; 18. სამი ცალი გარდერობი; 19. წიგნების ორი თარო; 20. საძინებლის კომპლექტი; 21. კომოდი; 22. ტელევიზორი „STAR“; 23. DVD-საკრავი „PHILIPS“; 24. ორი სავარძელი; 25. გაზქურა; 26. მაცივარი „OKA“; 27. სარეცხი მანქანა „INDERIT“; 28. საკერავი მანქანა; 29. სარეცხი მანქანა; რუსული „ზარია“; 30. სამზარეულოს მაგიდა და 31. სამზარეულოს 5 სკამი.
აღნიშნული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა, ხოლო მოპასუხე პ. ს-ეს ოჯახისათვის არაფერი არ შეუძენია.
მოპასუხე პ. ს-ემ სარჩელი ცნო, ხოლო შემოსავლების სამსახურმა მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 14 სექტემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრების მიერ ქ.თბილისში, ს-ოს ქ.№42-ის №2 კორპუსში მდებარე №4 ბინაში არსებული დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს ლ. ს-ის საკუთრებას.
2006 წლის 27 ოქტომბრის სანოტარო აქტის საფუძველზე დგინდება, რომ ქ.თბილისში, ს-ოს ქ.№42-ის №2 კორპუსში მდებარე №4 ბინა, რომელშიც არსებულ მოძრავ ნივთებსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრების 2011 წლის 14 სექტემბრის აქტით დაედო ყადაღა, მოსარჩელე ლ. ს-ემ მიიღო გარდაცვლილი მეუღლის – ზ. ს-ან მემკვიდრეობით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთვნებლის თვისება იმაში მდგომარეობს, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, კერძოდ, საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის, სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს და საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედაც მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად ჩათვალა, რომ ლ. ს-ე არის იმ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე, რომელში არსებულ მოძრავ ნივთებსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრების 2011 წლის 14 სექტემბრის აქტით დაედო ყადაღა და ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში. შესაბამისად, ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს ლ. ს-ის კუთვნილი უძრავი ქონების – საცხოვრებელი სახლის საკუთვნებელს.
ასევე, 2011 წლის 14 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ აქტის შედგენისთანავე პ. ს-ემ გააკეთა აქტზე შენიშვნა და განმარტა, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არ იყო მისი საკუთრება.
საქმეში წარმოდგენილია მოძრავი ნივთების შეძენის დამადასტურებელი პასპორტები, საგარანტიო ტალონები, პიანინოს შეძენის ზედნადები, ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს ლ. ს-ის საკუთრებას.
სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ მოწმე მ. ბ-ის ჩვენებით, დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს ლ. ს-ე. სასამართლომ განმარტა, რომ კანონით დადგენილი არ არის მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის რაიმე სპეციალური წესი, შესაბამისად, მოძრავ ნივთზე პირის უფლების შესახებ დავაში მოწმის ჩვენება მტკიცებულებად დასაშვებია და მისი შეფასება ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ს-ის, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრისა და სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელის, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელემ სარწმუნოდ განახორციელა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2011 წლის 14 სექტემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრების მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს ლ. ს-ის საკუთრებას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით, 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და განმარტა, რომ კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი მიჩნეულია მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ლ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან იგი პ. ს-ის იმ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებასთან მიმართებით, რომლის აღსრულების მიზნითაც 2011 წლის 14 სექტემბრის აქტით ქონება დაყადაღდა, წარმოადგენს მესამე პირს, ამდენად, მისი ქონების რეალიზაციის ხარჯზე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა ვერ განხორციელდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელია, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებიდან გამომდინარე, იგი შეიცავს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტურ საფუძვლებს.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მეწარმე „პ. ს-ეს“ (ს/ნ ...) გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის ქონება დააყადაღა და შეადგინა 2011 წლის 14 სექტემბრის აქტი მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ.
დაუსაბუთებელია სასამართლოს არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ლ. ს-ის სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები შეცდომითაა დაფიქსირებული ყადაღის აქტში და ეს ქონება წარმოადგენს ლ. და არა პ. ს-ის საკუთრებას. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები ლ. ს-ეს არ წარმოუდგენია. მითითებულ საკითხზე არსებობს უკვე ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის №ას-262-253-2012 გადაწყვეტილება).
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის, სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის, 158-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელის მოქმედება მოვალის მისამართზე არსებული ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაშია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
სასამართლომ კასატორს არასწორად დააკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, 38-ე მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-5 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელია, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებიდან გამომდინარე, არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე