Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-965-923-2013 24 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს. რ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდის – 800 ლარის დაკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, ასევე სარჩოს მიუღებელი სხვაობის – 14905.04 ლარის ერთობლივად გადახდა შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელე მუშაობდა სს „ს. რ-ი” მემანქანის თანაშემწედ. 1978 წლის 4 აპრილს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რის საფუძველზეც წლებია, მოპასუხისაგან იღებს ყოველთვიურ სარჩოს.

მოპასუხე არ ახდენს მოსარჩელისათვის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას იმავე კატეგორიის მოქმედი მუშაკის – მემანქანის თანაშემწის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გათვალისწინებით, რის გამოც კარგავს იმ შემოსავალს, რაც კანონით ეკუთვნის.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კეთილსინდისიერად ასრულებს მოსარჩელისათვის სარჩოს გადახდის ვალდებულებას. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალზე სამართლებრივად გაუმართლებელია. ამასთან, სარჩოს მიუღებელი სხვაობის ერთობლივად გადახდის დაკისრების მოთხოვნა ხანდაზმულია 2010 წლის 1 თებერვლიდან 2010 წლის 7 თებერვლამდე პერიოდის შესაბამისი მოთხოვნის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ს. რ-ას“ დ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიური სარჩოს – 800 ლარისა და მიუღებელი სარჩოს –14819.76 ლარის ერთჯერადად გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დ. ბ-ი მუშაობდა სს „ს. რ-ი“ მემანქანის თანაშემწის თანამდებობაზე. 1978 წლის 4 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, დ. ბ-მა მიიღო საწარმოო ტრავმა, რის თაობაზეც შედგა უბედური შემთხვევის №2 აქტი. მიღებული ტრავმის შედეგად, დ. ბ-მა დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 80%-ით, უვადოდ.

სს „ს. რ-ა“ მოსარჩელეს, საწარმოო ტრავმის გამო, წლების განმავლობაში ყოველთვიურად უხდის სარჩოს 191.12 ლარის ოდენობით.

2010 წლის 1 თებერვლიდან 2011 წლის თებერვლის ჩათვლით მოქმედი მემანქანის თანაშემწის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 612 ლარს, 2011 წლის მარტში – 750 ლარს, 2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 15 ივლისის ჩათვლით – 800 ლარს, 2012 წლის 16 ივლისიდან – 850 ლარს, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრიდან – 1000 ლარს.

მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 80%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2010 წლის 9 თებერვლიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე, შეადგენს ჯამში – 14819.76 ლარს, ხოლო 2013 წლის 1 თებერვლიდან, გასაცემი სარჩოს ოდენობა არის თვეში 800 ლარი.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის თებერვლიდან 2011 წლის თებერვლის ჩათვლით, მოქმედი მემანქანის თანაშემწის გაზრდილი ხელფასის გათვალისწინებით, დ. ბ-ს ყოველთვიურად უნდა მიეღო სარჩო 489.60 ლარი (612 ლარის 80%), რის ნაცვლადაც იღებდა 191.12 ლარს. შესაბამისად, ყოველთვიურად მოსარჩელე ვერ იღებდა 298.48 ლარს (489.60 ლარი – 191.12 ლარი).

2010 წლის თებერვალში (2010 წლის 1 თებერვლიდან 8 თებერვლამდე შესაბამისი მოთხოვნის ხანდაზმულობის გათვალისწინებით), კონკრეტულად, 9 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, მოსარჩელემ ვერ მიიღო სარჩოს სხვაობა 213.20 ლარის ოდენობით.

2010 წლის 1 მარტიდან 2011 წლის თებერვლის ჩათვლით მოსარჩელემ სარჩოს სხვაობის სახით ვერ მიიღო 3581.76 ლარი.

საბოლოოდ, 2010 წლის თებერვლიდან 2011 წლის თებერვლის ჩათვლით, მოსარჩელე დ. ბ-მა მოპასუხისაგან სარჩოს სხვაობის სახით ვერ მიიღო 3794.96 ლარი.

2011 წლის მარტში, დ. ბ-მა სარჩოს სახით, ნაცვლად 600 ლარისა (750 ლარის 80%), მიიღო 191.12 ლარი, შესაბამისად, სარჩოს სხვაობის სახით ვერ მიიღო 408.88 ლარი.

2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით მოსარჩელემ სარჩოს სხვაობის სახით ვერ მიიღო თვეში – 448.88 ლარი ((800 ლარის 80%) = 640 ლარი – 191.12 ლარი), ამ პერიოდში მოსარჩელემ სარჩოს სხვაობის სახით ვერ მიიღო, სულ – 6733.20 ლარი.

იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 15 ივლისის ჩათვლით, მოქმედი მემანქანის თანაშემწის ხელფასი იყო 800 ლარი, 16 ივლისიდან – 850 ლარი. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს 2012 წლის ივლისის თვეში სარჩოს სახით უნდა მიეღო 660.56 ლარი. აღნიშნული თანხის ნაცვლად, მოსარჩელემ სარჩოს სახით მიიღო 191.12 ლარი.

2012 წლის ივლისში მოსარჩელემ სარჩოს სხვაობის სახით ვერ მიიღო 469.44 ლარი.

2012 წლის აგვისტოდან ამავე წლის სექტემბრის ჩათვლით მოსარჩელე სარჩოს სახით იღებდა 191.12 ლარს მაშინ, როდესაც ამ დროისათვის მოქმედი მემანქანის თანაშემწის ხელფასი იყო 850 ლარი, რომლის 80% შეადგენს 680 ლარს, რაც უნდა მიეღო მოსარჩელეს.

მოსარჩელემ 2010 წლის 1 აგვისტოდან 2012 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ყოველთვიური სარჩოს სახით ვერ მიიღო სხვაობა – 488.88 ლარი სულ სარჩოს სახით – 977.76 ლარი.

იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოცემულ მომენტამდე მოქმედი მემანქანის თანაშემწის ხელფასის გაზრდილი ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, მოსარჩელე ყოველთვიური სარჩოს სახით უნდა იღებდეს 800 ლარს. ამ თანხის ნაცვლად, მოსარჩელე ამ პერიოდში იღებს 191.12 ლარს. 2012 წლის დეკემბრიდან მოსარჩელე ყოველთვიურად სარჩოს სახით ვერ იღებს სხვაობას – 608.88 ლარს. 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე მოსარჩელემ სარჩოს სახით ვერ მიიღო სულ – 2435.52 ლარი.

ამდენად, დ. ბ-მა, 2010 წლის 9 თებერვლიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე სარჩოს სახით ვერ მიიღო სხვაობა სულ – 14819.76 ლარი. 2013 წლის 1 თებერვლიდან გასაცემი სარჩოს ოდენობა არის თვეში 800 ლარი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობას შეეხება და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სარჩელი ნაწილობრივ მართებულად დააკმაყოფილა.

სასამართლომ იხელმძღვანელა 2006 წლის 4 ივლისამდე მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 155-ე მუხლით, ამჟამად მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსით სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩოს სახით მიიღოს ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. აღნიშნული კი გულისხმობს პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფას საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. ვინაიდან დადგენილია, რომ სს „ს. რ-ი“ იმავე თანამდებობის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა, საფუძვლიანია დ. ბ-ის სარჩელი, რომ ზიანის ანაზღაურება მოხდეს სარჩოს გადაანგარიშებით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ს. რ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლოს არ მიუთითებია სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც ითვალისწინებს სარჩოს უპირობოდ გადაანგარიშებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არც იურიდიულად და არც ფაქტობრივად დასაბუთებული არ არის.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან, მართალია, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მეორე ნაწილიც, რომელიც სამოქალაქო კოდექსში სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს, მაგრამ არასწორად განმარტა იგი.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუსაბუთებელია იმ მოტივითაც, რომ სხეულის დასახიჩრების და ტრავმის მიღების შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, განსხვავებით მატერიალური ზარალისაგან.

სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარეს ყოველთვის შეიძლება, ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური მოლოდინი, თუმცა ეს მოლოდინი დასაქმებულს ვერანაირად ვერ ექნება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების დროს. შეუძლებელია იმის თქმა, მოსარჩელე იმუშავებდა თუ არა მოპასუხე საწარმოში და მიიღებდა თუ არა მთელი ამ წლების განმავლობაში შრომის ანაზღაურებას.

სს „ს. რ-ა“, როგორც კერძო სამართლის დამოუკიდებელი ბიზნესსუბიექტი ყველაფერს აკეთებს საკუთარი წარმოების განვითარებისათვის და კვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის, რომელიც ბუნებრივია, გულისხმობს შრომითი ანაზღაურების ზრდას. გასათვალისწინებელია, რომ საწარმოს დებიტორად ჰყავს რამდენიმე ასეული სხვადასხვა დროს საწარმოო ტრამვის შედეგად დაზარალებული პირი, რომელსაც სს „ს. რ-ა“ ისედაც უხდის ყოველთვიურ სარჩოს, შესაბამისად, მოქმედი თანამშრომლის ხელფასის ზრდის პროპორციულად სარჩოს გადაანგარიშების დავალდებულება, მნიშვნელოვნად უშლის ხელს სს „ს. რ-ის“ ბიზნესაქტივობის ამაღლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ს. რ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 26 ივლისის №685 საგადასახადო დავალებით გადახდილი 1106,32 ლარის 70% – 774,42 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს. რ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 26 ივლისის №685 საგადასახადო დავალებით გადახდილი 1106,32 ლარის 70% – 774,42 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე