Facebook Twitter

ბს-631-545-კ-04 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. კ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... მდებარე სადავო ფართის ა. მ-ის მფლობელობიდან გამოთხოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 25.12.01წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 11.07.02წ. განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 27.12.02წ. განჩინებით გაუქმდა სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრებითი ურთიერთობა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, საკუთრებითი ურთიერთობა არ წყდება უძრავი ნივთის მფლობელობიდან გასვლით. მესაკუთრის სტატუსის დარღვევის შესახებ დასკვნის საფუძველს უნდა იძლეოდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერი, საჯარო რეესტრში მესაკუთრედ მოპასუხის აღრიცხვა. ვინაიდან მესაკუთრის საკუთრების უფლება არ დარღვეულა, მას უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით, რაც გამორიცხავს სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გასულად მიჩნევას.

საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა დავის საგნის გაზრდა, რაც არ დაკმყაოფილდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, რადგან დავის საგნის გაზრდა იწვევდა მოპასუხედ ტექაღრიცხვის ბიუროს და საჯარო რეესტრის სამსახურის ჩაბმაც, მოსარჩელეს განემარტა, რომ შეეძლო მიემართა სარჩელით პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის.

04.06.03წ. ა. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნების შემდეგ ა. მ-ი გატარდა საჯარო რეესტრში სადავო ფართის მესაკუთრედ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის 23.05.03წ. ¹...... ჩანაწერის და ტექაღრიცხვის ბიუროს ჩანაწერებში ცვლილებების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 25.08.03წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. კ-ის მიერ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 15.03.04წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფიდა ა. კ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სადავო – 2,76 კვ.მ ფართის ა. მ-ის სახელზე 23.05.03წ. ¹...... საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და შესაბამისი ჩანაწერები ტექაღრიცხვის ბიუროში. საოლქო სასამართლოს პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ¹1 უბნის წარმომადგენელსა და ა. მ-ს შორის 18.06.92წ. სანოტარო წესით გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ ა. მ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისში, ..... მდებარე 44,05 კვ.მ საცხოვრებელი ბინა საცხოვრებელი და დამხმარე სათავსოებით, ხელშეკრულებაში არაა ცალკე მითითებული დამხმარე სათავსოების საერთო ფართზე. ხელშეკრულებას თან ერთვის შენობის გეგმა, რომლის “სადგომის დახასიათების” გრაფაში მითითებულია დამხმარე ფართი _ 55,19 კვ.მ, სამეურნეო ფართი _ 14,42 კვ.მ, ცალკე 2,76 კვ.მ ფართზე რაიმე მონაცემი არ მოიპოვება. სადავო ფართი დატანილია ა. მ-ის მიერ პრივატიზებულ ფართზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ ფართის ნახაზზე დატანა არ ადასტურებს ა. მ-ის საკუთრებას ფართზე, რადგან იგივე ფართი დატანილია ა. კ-ის სახელზე 14.04.93წ. გაფორმებულ ხელშეკრულებაზე თანდართული პრივატიზებული ფართის გეგმა-ნახაზზე. სადგომის დახასიათების გრაფაში დამხმარე ფართი შეადგენს 10,84 კვ.მ-ს, სულ 13,60 კვ.მ-ს, რაც ლოგიკურად იმას ნიშნავს, რომ სადავო ფართი (2,76 კვ.მ) ა. ს-ოს საკუთრებაში იმყოფება, რადგან ა. კ-ის მიერ პრივატიზებული 10,84 კვ.მ და 2,76 კვ.მ დამხმარე ფართების ჯამი 13,60 კვ.მ შეადგენს სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო 2,76 კვ.მ ფართი შედის ა. მ-ზე გადაცემული სამეურნეო ფართის _ 14,42 კვ.მ შემადგენლობაში, რადგან გეგმა-ნახაზის მიხედვით მხოლოდ 1-6 ოთახის ფართი 14,42 კვ.მ შეადგენს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე 09.06.79წ. გადავიდა თავის ამჟამინდელ ბინაში, ბინის ყოფილმა დამქირავებელმა გასცა მას სადავო სათავსოს გასაღები, მაგრამ სათავსოს საკეტი შეცვალა და ფართზე პრეტენზია განაცხადა ა. მ-ების ოჯახმა. თვით სადავო ფართის განლაგება იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ სადავო ფართი იმთავითვე ბინის იმ ნაწილის შემადგენელი ფართი იყო, რომელსაც ამჟამად ფლობს ა. კ-ე. სადავო სათავსოს საინჟინრო თვალსაზრისით არანაირი კავშირი არა აქვს ა. მ-ის საკუთრებაში გადაცემულ ბინის ფართთან, გარდა სამხრეთის და დასავლეთის ყრუ საერთო კედლისა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. მ-ის მიერ. რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი აღნიშნავს, რომ 15.07.92წ. გაცემული საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტში სადავო ფართი დაფიქსირებულია შენობის გეგმაში, ამდენად მოწინააღმდეგე მხარის მიერ პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმებამდე ფართის მესაკუთრე იყო კასატორი. ფართის მის საკუთრებაში ყოფნა დადასტურდა ტექაღრიცხვისა და ინვენტარიზაციის სამსახურის წარმომადგენლის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ ფართი შედიოდა 14,42 კვ.მ სამეურნეო ფართის შემადგენლობაში. საბინაო მეურნეობის ტრესტის მმართველის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ კასატორი სადავო ფართს ფლობს 1950 წლიდან. საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 312-ე მუხლი, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც სადავოდ გახდიდა რეესტრის მონაცემების სისწორეს. ამდენად, პალატამ არ გამოიყენა სკ-ის 312-ე მუხლი, რის საფუძველზეც არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ _ ა. კ-ემ და მისმა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. ქუთაისის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ¹1 უბნის წარმომადგენელსა და ა. მ-ს შორის 18.06.92წ. სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების თანახმად, ა. მ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინა 44,05 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, თავისი დამხმარე სათავსებით. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული დამხმარე სათავსების ფართის ოდენობა, ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას სადავო დამხმარე (2,76 კვ.მ) ფართზე.

ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ¹1 საბინაო-საექსპლოატაციო უბანსა და ა. კ-ეს შორის 14.04.93წ. დადებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზების ხელშეკრულების თანახმად ა. კ-ემ მოახდინა საცხოვრებელი 37 კვ.მ პრივატიზება, თავისი კუთვნილი დამხმარე სათავსოებით. სადავო ფართი დატანილია პრივატიზაციის ხელშეკრულებებზე თანდართულ პრივატიზებული ფართის გეგმა-ნახაზებში. თვით ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრში ფართის ა. მ-ის სახელზე რეგისტრაციის მომენტისათვის 2,76 კვ.მ დამხმარე ფართი ა. კ-ის და ა. მ-ის მიერ საპრივატიზაციო ხელშეკრულებებზე თანდართული პრივატიზებული ფართების ამსახველ გეგმა-ნახაზებში იყო დატანილი თავისთავად გამორიცხავდა ფართის კასატორის სახელზე რეგსტრაციის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრში სადავო ფართის რეგისტრაცია მოხდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 27.12.02წ. განჩინების მიღების შემდეგ, რომელშიც აღინიშნა საჯარო რეესტრში ფართის აღრიცხვის დადგენის საჭიროებაზე. საჯარო რეესტრი არის არა მხოლოდ უფლების ფიქსაციის, არამედ ამ უფლების შექმნის პროცესის ბოლო, დამაგვირგვინებელი საშუალება, სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ დაუშვებელია მხარეთა შორის წამოჭრილი დავის რომელიმე სხვა ორგანოს მიერ განხილვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი ა. მ-ის სახელზე რეგისტრაციაში გაეტარებია სადავო ფართი. ა. მ-ი მოპასუხედ არის ჩართული ა. კ-ის სარჩელზე, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა 2,75 კვ.მ-ს ა. მ-ის მფლობელობიდან გამოთხოვას, ამდენად მისთვის ცნობილი იყო რომ ფართზე, რომელიც მის სახელზე აღირიცხა საჯარო რეესტრში მიმდინარეობდა დავა სკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩანაწერების საწინააღმდეგოდ საჩივრის შეტანა ან შემძენის ცოდნა ჩანაწერის უზუსტობის შესახებ გამორიცხავს რეესტრის უტყუარობის და სიზუსტის პრეზუმფციას. რეესტრის ჩანაწერის უსუზტობის გასაჩივრებისას, სკ-ის 313-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს სკ-ის 312-ე მუხლის საფუძველზე უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 15.03.04წ. გადაწყვეტილება;

2. კასატორს ა. მ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.