Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-971-929-2013 24 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ. ლ-ე, კ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ლ-ემ და კ. გ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. შ-ის მიმართ მოპასუხისათვის 6825 ლარის 10%-ის გადახდის სანაცვლოდ, ქ.ქარელში, ც-ის ქ.№10-ში მდებარე ბინის კ. გ-ის სახელზე აღრიცხვის, ხოლო 19110 ლარის 10%-ის გადახდის სანაცვლოდ, იმავე მისამართზე არსებული ბინის შ. ლ-ის გადაცემის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება შ. ლ-სა და კ. გ-ს ჩაბარდათ პირადად 2013 წლის 12 ივლისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტებს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდათ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით 2013 წლის 12 ივლისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 13 ივლისიდან და ამოიწურა 2013 წლის 26 ივლისს. საქმის მასალებით, კერძოდ, საფოსტო ბეჭდით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში შეტანილ იქნა 2013 წლის 27 ივლისს.

ყოველივე ზამოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შ. ლ-ემ და კ. გ-მა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვიეს.

სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდათ 2013 წლის 12 ივლისს, შესაბამისად, მისი გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 13 ივლისიდან და ამოიწურა 2013 წლის 26 ივლისს.

№0110008536739 შეკვეთილი წერილი, რომლის ნომერი გასაჩივრებული გადაწყვეტილების კონვერტზეა მითითებული, თბილისის №14 საფოსტო სერვის ცენტრში შეტანილ იქნა 2013 წლის 26 ივლისს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს საქართველოს ფოსტის მიერ 2013 წლის 16 სექტემბერს გაცემული №15/6/2-5649 ცნობა, რომ №0110008536739 შეკვეთილი წერილი №14 საფოსტო ცენტრიდან გაიგზავნა 2013 წლის 26 ივლისს.

ამდენად, აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ლ-სა და კ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ შ. ლ-სა და კ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მოტივით.

სასამართლომ მიუთითა, რომ, საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების ასლი შ. ლ-სა და კ. გ-ს ჩაბარდათ 2013 წლის 12 ივლისს (ტომი 1, ს.ფ. 95,96), ხოლო სააპელაციო საჩივარი მხარემ 2013 წლის 27 ივლისს შეიტანა.

განსახილველი კერძო საჩივრით შ. ლ-ე და კ. გ-ი უთითებენ, რომ მათ სააპელაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე შეიტანეს არა 2013 წლის 27 ივლისს, როგორც ეს სააპელაციო პალატამ მიიჩნია, არამედ ამავე წლის 26 ივლისს. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მათ წარმოადგინეს შპს „საქართველოს ფოსტის“ №8536739 ქვითარი და შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ 2013 წლის 16 სექტემბერს გაცემული №15/6/2-5649 ცნობა, რომელთა თანახმად №0110008536739 შეკვეთილი წერილი №14 საფოსტო ცენტრიდან გაიგზავნა 2013 წლის 26 ივლისს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ შ. ლ-სა და კ. გ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა 2013 წლის 12 ივლისიდან, მათ მიერ ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან სავსებით სწორად აითვალა და მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული ვადის დენა იწურებოდა 2013 წლის 26 ივლისს.

კერძო საჩივარზე დართული დოკუმენტების – საფოსტო ქვითრისა და ცნობის შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს აპელანტთა მითითებას, რომ მათ სააპელაციო საჩივარი შეიტანეს 2013 წლის 26 ივლისს, კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში. სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება უმთავრესად ეფუძნება შპს „საქართველოს ფოსტის“ №8536739 ქვითარს, რომლის ნომერი სააპელაციო საჩივარზე დართულ საფოსტო კონვერტზე დატანილი ნომრის იდენტურია. მითითებულ ქვითარზე კი კორესპონდენციის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღად დაფიქსირებულია სწორედ 2013 წლის 26 ივლისი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შ. ლ-სა და კ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ლ-სა და კ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე