Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1061-1012-2013 25 ნოემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ მ. გ-ი, თ. ბ-ე, ლ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი მოპასუხეების მ. გ-ის, თ. ბ-ის და ლ. გ-ის მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გააჩივრა ი. ჩ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ი. ჩ-ეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 2887,5 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

2013 წლის 12 ნოემბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

2013 წლის 13 ნოემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

2013 წლის 20 ნოემბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ი. ჩ-ემ, წარმოადგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 2887,5 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით და დაევალა აღნიშნულ ვადაში 2837,5 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. 2013 წლის 20 ნოემბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. აღნიშნული ნორმა არ არის იმპერატიული ხასიათის და არ გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, მხარის შუამდგომლობის შემთხვევაში, აუცილებლად გაუგრძელოს მას საპროცესო ვადა, პირიქით, ის სასამართლოს ანიჭებს უფლებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაგანი რწმენით გადაწყვიტოს ვადის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხარის დასაბუთებულ შუამდგომლობასა და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის წარმომადგენელი შუამდგომლობაში არ უთითებს, თუ რის საფუძველზე ითხოვს საპროცესო ვადის გაგრძელებას და ამასთან არ აქვს წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მხარეს არ გააჩნია შესაძლებლობა დადგენილ ვადაში გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა და გაუგრძელა საპროცესო ვადა 5 დღით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ ი. ჩ-ეს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ჟ.მ-ეს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (გადახდის თარიღი – 2013 წლის 12 ნოემბერი, საგადახდო დავალება №1) და ჟ. მ-ეს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (გადახდის თარიღი – 2013 წლის 19 ნოემბერი, საგადახდო დავალება №2).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე