Facebook Twitter

საქმე №ას-1065-1016-2013 1 ნოემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე - ბ. კ-ას სარჩელის გამო, თ. გ-ის მიმართ ალიმენტის გადახდის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე თ. გ-ი და მისი წარმოამდგენლი ნ. ა-ი(იხ.რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.70) ესწრებოდნენ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ტ.II, ს.ფ. 25-26). გამომდინარე აქედან, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 24 ივლისი, ხოლო 30-ე დღე – 3 აგვისტო. ამდენად, მხარეს ან მის წარმომადგენელს შეეძლო სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებეული განჩინება ჩაებარებინათ 2013 წლის 24 ივლისიდან ამავე წლის 3 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ თ. გ-მა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა 2013 წლის 10 სექტემბერს საპროცესო კოდექსით დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, შესაბმისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 3 აგვისტოს – სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 3 აგვისტოს და დასრულდა 2013 წლის 23 აგვისტოს.

საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივრზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ ის საფოსტო განყოფილებაში შევიდა 2013 წლის 9 ოქტომბერს (ტ.II, ს.ფ.57) ხოლო საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 2013 წლის 1 ოქტომბერი, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო კოდექსით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას. აღნიშნული კი მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 2591, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე