საქმე №ას-1087-1018-2012 1 ნოემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „თ. ლ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ჩ-ი, გ. ფ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ლიზინგისა და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „თ. ლ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი-ას“, ვ. ჩ-ის, გ. ფ-სა და ლ. მ-ის მიმართ და მოითხოვა: ა) შპს „ი-ას“, ვ. ჩ-ის, გ. ფ-სა და ლ. მ-ის 2007 წლის 22 აგვისტოს №186-358 ლიზინგის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, სოლიდარულად ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის, სულ 64 792 აშშ დოლარის დაკისრება; ბ) შპს „ი-ას“, გ. ფ-სა და ლ. მ-ის 2007 წლის 20 ნოემბრის №186-419 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, სოლიდარულად ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს - 131 550 აშშ დოლარის დაკისრება; გ) „ი-ას“, გ. ფ-სა და ლ. მ-ის 2007 წლის 20 ნოემბრის №419-1 ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 19 მარტის მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული და მიუწოდებელი საგნის ნაწილის ღირებულების 57 319.68 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება.
სს „თ. ლ-მა“, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ.მ-მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „თ. ლ-ის“ გადაცემით, კრედიტორის მოთხოვნა ნაწილობრივ - 23 000 აშშ დოლარით დააკმაყოფილა, ამავე თანხით შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა შემდეგი: №186-419 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ი-სა“ და გ. ფ-ის 116 150 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება; №186-358 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ი-ას“, ვ. ჩ-სა და გ. ფ-ის 57 192 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება. 2007 წლის 20 ნოემბრის №419-01 ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 19 მარტის მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული და მიუწოდებელი ნასყიდობის საგნის ნაწილის ღირებულების - 57 319.68 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი არ უთქვამს, ხოლო ლ.მ-ის, როგორც მოპასუხის მიმართ, იშუამდგომლა საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან მათ შორის შედგა შეთახმება და ლ.მ-მა მისი კუთვნილი უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაცემით დააკმაყოფილა სს „თ. ლ-ის“ მოთხოვნა მისი თავდებობის პროპორციული წილის შესაბამისად.
სს „თ. ლ-ის“ სარჩელი ემყარება შემდეგს:
2007 წლის 22 აგვისტოს №186-358 ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღებმა შპს „ი-ამ“ იკისრა ვალდებულება, ლიზინგის საგნის მიღების სანაცვლოდ, სს „თ. ლ-ის“ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, 36 თვის განმავლობაში გადაეხადა ლიზინგის ღირებულება, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების თავდებობა სოლიდარულად იკისრეს ლ.მ-მა, გ.ფ-ემ და ვ.ჩ-მა. მიუხედავად ლიზინგის საგნის დროულად გადაცემისა, შპს „ი-ამ“ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, სრულყოფილად არ გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა, 2008 წლის 11 ნოემბრის შემდგომ შეწყვიტა თანხის გადახდა. 2007 წლის 20 ნოემბრის №186-419 ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღებმა შპს „ი-ამ“ ასევე იკისრა ვალდებულება ლიზინგის საგნის მიღების სანაცვლოდ სს „თ. ლ-ის“ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, 24 თვის განმავლობაში გადაეხადა ლიზინგის საფასური, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების თავდებობა სოლიდარულად იკისრეს ლ.მ-მა და გ.ფ-ემ. შპს „ი-ამ“ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, მან მხოლოდ ერთჯერადად 2009 წლის 16 აპრილს გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი - 79451.70 ლარი, რის შემდგომაც შეწყვიტა თანხის გადახდა და და კვლავ არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. 2007 წლის 20 ნოემბრის №419-01 ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ი-ამ“ (გამყიდველმა) იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით სს „თ. ლ-ის“ გადაეცა 177123 აშშ დოლარის ღირებულების ქონება. ხელშეკრულების შესრულების თავდებობა სოლიდარულად იკისრეს ლ.მ-მა და გ.ფ-ემ. მიუხედავად ამ შეთანხმებისა, შპს „ი-ას“ შეთანხმებული ქონების სრულყოფილად არ მიუწოდებია შემძენისათვის. 2009 წლის 19 მარტს შპს „ი-სა“ და სს „თ. ლ-ს“ შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი ნასყიდობის თანხის ნაწილის დაბრუნების შესახებ, რომლის თანახმადაც შპს „ი-ამ“ იკისრა ვალდებულება, სახელშეკრულებო ქონების ნაწილის - 57 319.68 აშშ დოლარის სს „თ. ლ-ის“ დაბრუნების თაობაზე, თუმცა არც ეს ვალდებულება შეუსრულებია მოპასუხეს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:
შპს „ი-ამ“, გ.ფ-ემ და ვ.ჩ-მა 2007 წლის 22 აგვისტოს №186-358 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე აღნიშნეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში უნდა გაიქვითოს მათ მიერ განხორციელებული გადახდებისა და სალიზინგო საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. ამავე საფუძვლებით მოითხოვეს 2007 წლის 20 ნოემბრის №186-419 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შპს „ი-ამ“ და გ.ფ-ემ, ხოლო 2009 წლის 19 მარტს შპს „ი-სა“ და სს „თ. ლ-ს“ შორის ურთიერთშეთანხმების აქტით ნასყიდობის თანხის ნაწილის დაბრუნების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის სს „თ. ლ-ის“ დაბრუნების მოთხოვნის წინააღმდეგ თავდებებმა განმარტეს, რომ მათთვის 2009 წლის 19 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების არსებობის შესახებ უცნობი იყო, შესაბამისად, არ უკისრიათ თავდებობა აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „ი-ას“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ. ლ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ი-სა“ და გ. ფ-ეს 2007 წლის 20 ნოემბრის №186-419 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ. ლ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სალიზინგო საზღაურისა და პირგასამტეხლოს - 93 953 აშშ დოლარის გადახდა, შპს „ი-ას“, გ. ფ-სა და ვ. ჩ-ს 2007 წლის 22 აგვისტოს №186-358 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ. ლ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სალიზინგო საზღაურისა და პირგასამტეხლოს - 31 123 აშშ დოლარის გადახდა, შპს „ი-სა“ და გ. ფ-ეს 2007 წლის 20 ნოემბრის №419-01 ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ. ლ-ის“ სასარგებლოდ ასევე სოლიდარულად დაეკისრათ 57 319.68 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თავდებ პირთა მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ფ-ემ და ვ. ჩ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ფ-სა და ვ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება 2007 წლის 20 ნოემბრის N186-419, 2007 წლის 22 აგვისტოს N186-358 ლიზინგის ხელშეკრულებებიდან და 2007 წლის 20 ნოემბრის N419-01 ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების ვ. ჩ-სა და გ. ფ-ის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და მათ მიმართ სს ,,თ. ლ-ს“ ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 22 აგვისტოს, ერთი მხრივ, სს „თ. ლ-ს“, როგორც ლიზინგის გამცემს და, მეორე მხრივ, შპს „ი-ას“, როგორც ლიზინგის მიმღებს შორის გაფორმდა N186-358 ლიზინგის ხელშეკრულება, რომლითაც სს „თ. ლ-მა“ ვალდებულება აიღო, შეესყიდა შპს „ი-ას“ მიერ შერჩეული ლიზინგის საგანი და გადაეცა იგი შპს „ი-ის“. ლიზინგის მთლიანი ფასი განისაზღვრა 168 862,88 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო შეთანხმდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,5%-ით, მაგრამ არა უმეტეს მთლიანი ფასის 20%-სა. შპს „ი-ას“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა, ერთი მხრივ, ლ. მ-ს, გ. ფ-ეს, ვ. ჩ-სა და, მეორე მხრივ, სს „თ. ლ-ს“ შორის 2007 წლის 22 აგვისტოს დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლითაც თავდებმა პირებმა სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს ლიზინგის მთლიანი ფასის - 168 862,88 აშშ დოლარის ფარგლებში, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გადასახდელი თანხების პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხის გადახდაზეც. 2007 წლის 20 ნოემბერს, ერთი მხრივ, სს „თ. ლ-ს“, როგორც ლიზინგის გამცემსა და, მეორე მხრივ, შპს „ი-ას“, როგორც ლიზინგის მიმღებს შორის გაფორმდა N186-419 ლიზინგის ხელშეკრულება, რომლითაც სს „თ. ლ-მა“ ვალდებულება აიღო, შეესყიდა შპს „ი-ას“ მიერ შერჩეული ლიზინგის საგანი და გადაეცა იგი შპს „ი-ის“. ლიზინგის მთლიანი ფასი განისაზღვრა 207 366,80 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო შეთანხმდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,5%-ით, არა უმეტეს მთლიანი ფასის 20%-სა. შპს „ი-ას“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა, ერთი მხრივ, ლ. მ-ს, გ. ფ-სა და, მეორე მხრივ, სს „თ. ლ-ს“ შორის 2007 წლის 22 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულებით, რომლითაც თავდებმა პირებმა სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს, როგორც 2007 წლის 20 ნოემბრის N186-419 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ლიზინგის მიმღების ვალდებულებებზე მთლიანი ფასის - 207 366,80 აშშ დოლარის ფარგლებში ისე, 2007 წლის 20 ნოემბრის N419-01 ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამყიდველის ვალდებულებებზე, მთლიანი ფასის - 177 123 აშშ დოლარის ფარგლებში. მათ შორის, ლ. მ-სა და გ. ფ-ის, როგორც თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გადასახდელი თანხების, პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხის გადახდაზეც. სს „თ. ლ-მა“ 2007 წლის 20 ნოემბრისა და 22 აგვისტოს N186-419 და N186-358 ლიზინგის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის გადაცემის ვალდებულება შეასრულა და შპს „ი-ას“ გადაეცა ლიზინგის შეთანხმებული საგნები. 2009 წლის 19 მარტს, ერთი მხრივ, სს „თ. ლ-ს“, როგორც მყიდველს და, მეორე მხრივ, შპს „ი-ას“, როგორც გამყიდველს შორის გაფორმდა „ურთიერთშეთანხმების აქტი, ნასყიდობის თანხის ნაწილის დაბრუნების შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2007 წლის 20 ნოემბრის N419-01 ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების არასრულად განხორციელების გამო, მხარეები შეთანხმდნენ ღირებულების ნაწილის - 57 319,68 აშშ დოლარის (დღგ-ს ჩათვლით), შპს „ი-ას“ მიერ სს „თ. ლ-ის“ 2009 წლის 30 ოქტომბრამდე ეტაპობრივ დაბრუნებაზე. 2010 წლის 20 ოქტომბერს შპს „ი-ას“ ეცნობა მასთან გაფორმებული 2007 წლის 20 ნოემბერისა და 22 აგვისტოს N186-419 და N186-358 ლიზინგის ხელშეკრულებების იმავე წლის 19 მაისიდან ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ დაირღვა ლიზინგის ხსენებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი, რის თაობაზეც გაფრთხილდნენ ასევე თავდები პირებიც.
არ იქნა გაზიარებული აპელანტთა მოსაზრება, რომ 2009 წლის 19 მარტის შეთანხმებიდან გამომდინარე ჯარიმის გადახდის დაკისრების მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელებულიყო თავდებ პირთა პასუხისმგებლობა, რადგანაც 2007 წლის 22 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, ლ. მ-მა და გ. ფ-ემ პასუხისმგებლობა იკისრეს სს „თ. ლ-ის“ მიმართ ლიზინგის მთლიანი ფასის - 207 366,80 აშშ დოლარის ფარგლებში და 2007 წლის 20 ნოემბრის N419-01 ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი ფასის - 177 123 აშშ დოლარის ფარგლებში. გარდა ამისა, ლ. მ-სა და გ. ფ-ის, როგორც თავდები პირების პასუხისმგებლობა, ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად, ასევე განისაზღვრა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გადასახდელი თანხის პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხის გადახდაზეც. სასამართლოს შეფასებით, თავდებთა პასუხისმგებლობა ვრცელდებოდა არა მხოლოდ 2007 წლის 20 ნოემბერის N419-01 ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, არამედ 2009 წლის 19 მარტს შპს „ი-სა“ და სს „თ. ლ-ს“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტით შპს „ი-ას“ მიერ ნაკისრ ვალდებულებებზეც, ვინაიდან 2009 წლის 19 მარტის ურთიერთშეთანხმების აქტი არეგულირებდა არა შპს „ი-სა“ და სს „თ. ლ-ს“ შორის წარმოშობილ დამოუკიდებელ ურთიერთობას, არამედ აღნიშნული შეთანხმება უშუალოდ გამომდინარეობდა 2007 წლის 20 ნოემბრის №419-01 ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან. 2009 წლის 19 მარტის სს „თ. ლ-ს“ და შპს „ი-ას“ შორის გაფორმებული „ურთიერთშეთანხმების აქტი ნასყიდობის თანხის ნაწილის დაბრუნების შესახებ“, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელე მოითხოვდა ძირითად მოვალესთან ერთად თავდები პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, წარმოშობდა სოლიდარულ ვალდებულებას როგორც შპს „ი-ის“, ასევე გ.ფ-სა და ლ.მ-ის.
გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა ლიზინგის საგნების საზღაურის დადგენის თაობაზე, კერძოდ, №186-358 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის ღირებულება მისი დაბრუნების მომენტისთვის შეადგენდა 110 000 ლარს, ხოლო №186-419 ხელშეკრულების საგნის ღირებულება - 54 869 აშშ დოლარს. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად დაადგინა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების ოდენობა ლიზინგის საგნის საბაზრო ღირებულების, გადახდილი თანხის, პირგასამტეხლოს და შემცირებული მოთხოვნის გათვალისწინებით, №186-358 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა 31 123 აშშ დოლარს, ხოლო №186-419 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 93 953 აშშ დოლარს. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა პოზიცია მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიუთითა, რომ 2007 წლის 22 აგვისტოსა და 20 ნოემბრის ლიზინგის ხელშეკრულებების შესრულების მიზნით, შპს „ი-ას“ მიერ თანხის გადახდისას იფარებოდა, როგორც ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა, ასევე, ის პირგასამტეხლოც, რაც შპს „ი-ას“ ერიცხებოდა ჯარიმის სახით. თავის დროზე შპს „ი-ას“ სადავოდ არ გაუხდია მის მიერ გადახდილი თანხის ნაწილით მასზე დარიცხული ჯარიმის დაფარვის ფაქტი. შპს „ი-ას“ მიერ დარიცხული ჯარიმის გარკვეული ნაწილის გადახდით, ამ უკანასკნელმა, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, აღიარა სს „თ. ლ-ის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულება.
2012 წლის 16 თებერვალს სს „თ. ლ-მა“, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე 273-ე მუხლების თანახმად, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ლ. მ-ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით. მოსარჩელის განცხადების შესწავლით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ-მა ვალდებულების შესრულების მიზნით 23 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება გადასცა მოსარჩელეს საკუთრებაში, რის გათვალისწინებითაც „თ. ლ-მა“ უარი განაცხადა ამ უკანასკნელის მიმართ აღძრულ სარჩელზე, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა, განჩინება არ გასაჩივრებულა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ ლ. მ-ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნა განპირობებული იყო ამ უკანასკნელსა და სს „თ. ლ-ს“ შორის არსებული 2012 წლის 12 იანვრის შეთანხმებით. რომლის თანახმადაც, მორიგების საგანს წარმოადგენდა სს „თ. ლ-სა“ და შპს „ი-ას“ შორის 2007 წლის 22 აგვისტოს №186-358 და 20 ოქტომბრის N186-419 ლიზინგის ხელშეკრულებების შეწყვეტის და 2007 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული N419-01 ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ. ლ-ის“ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა. 2.1. პუნქტის მიხედვით, კრედიტორი თანახმა იყო 2011 წლის 14 ივნისს სასამართლოში აღძრული სასარჩელო მოთხოვნის - შპს „ი-სა“ და მისი თავდები პირების მიმართ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე არსებული ჯამური დავალიანების - 253 662, 68 აშშ დოლარის ოდენობით შესრულების სანაცვლოდ მიეღო თავდებისგან სხვა შესრულება (სამოქალაქო კოდექსის 379-ე მუხლი), თავდების საკუთრებაში არსებული სამი ერთეული უძრავი ქონების კრედიტორისთვის გადაცემისა და მის საკუთრებად აღრიცხვის სახით, რითაც კრედიტორის ინტერესი დაკმაყოფილდებოდა 23 000 აშშ დოლარის ოდენობით. შეთანხმების 2.11 პუნქტის თანახმად, კრედიტორმა თანხმობა განაცხადა ლ. მ-ის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შესრულების შემთხვევაში, უარი განეცხადებინა დავაზე მის მიმართ, რა საფუძვლითაც შეწყდებოდა საქმის წარმოება.
2012 წლის 16 თებერვალს, სს „თ. ლ-მა“ , მორიგების პირობის შესაბამისად, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 23 000 აშშ დოლარით, ლიზინგის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის პროპორციულად იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ერთ-ერთმა სოლიდარულმა თავდებმა - ლ. მ-მა სს „თ. ლ-ს“, ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, გადასცა 23 000 აშშ დოლარის ღირებულების კუთვნილი უძრავი ქონება. მოსარჩელის მოთხოვნით, N186-419 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავდაპირველი მოთხოვნა -131,550 აშშ დოლარი შემცირდა 15,400 აშშ დოლარით და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 116,150 აშშ დოლარის შპს „ი-სა“ და გ. ფ-ის დაკისრება; N186-358 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავდაპირველი მოთხოვნა - 64,792 აშშ დოლარი მოსარჩელემ შეამცირა 7 600 აშშ დოლარით და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვა 57,192 აშშ დოლარის შპს „ი-ას“, გ. ფ-სა და ვ. ჩ-ის დაკისრება; უცვლელად დარჩა N419-01 ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ოდენობა, თუმცა იგი დატოვებულ იქნა მხოლოდ „ი-სა“ და გ. ფ-ის მიმართ, ხოლო ლ. მ-ის მიმართ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთლიან მოთხოვნაზეც უარი იქნა ნათქვამი.
სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მოქმედებების როგორც პროცესუალურ-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით შეფასების შედეგად, ჩათვალა, რომ მოსარჩელის ნებას წარმოადგენდა, საბოლოოდ, ლ. მ-ის მიერ უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ, რომლითაც კრედიტორის თანხმობით, შპს „ი-სა“ და მისი თავდები პირების ვალდებულება 23 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა სხვა შესრულებით, ლ. მ-ის გათავისუფლება ზემოაღნიშნული სამი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დანარჩენი ნაწილის შესრულებისგან. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა შეუქცევადია და მისი შედეგის შეცვლა დაუშვებელია. ისევე როგორც მატერიალურ - სამართლებრივი კუთხით, სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის საფუძველზე ვალის პატიება ვალდებულების შეწყვეტას იწვევს, რაც მოთხოვნის უფლებას უკარგავს კრედიტორს.
არ იქნა გაზიარებული სს „თ. ლ-ის“ მოსაზრება, რომ კრედიტორმა უარი თქვა ლ. მ-ის მიმართ, მის მიერ შესრულებული ვალდებულების და არა ვალის პატიების გამო. მოპასუხეთა ვალდებულება შესრულებით შეწყდა მხოლოდ 23 000 აშშ დოლარის ნაწილში. სწორედ ამიტომ, გაათავისუფლა ყველა მოვალე ამ თანხის გადახდის ვალდებულებისგან მოსარჩელემ. მანვე კვლავ დავის საგნად დატოვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილი, თუმცა ლ. მ-ის მიმართ მასზეც თქვა სარჩელზე უარი, და ასევე ასახა თავის ნება - გაათავისუფლოს იგი დარჩენილი ვალდებულების შესრულებისგან 2012 წლის 12 იანვრის მორიგების აქტში. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 450-ე მუხლის მე-3 ნაწილით და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, არ მოეთხოვა დარჩენილი თანხა ლ. მ-ან, ასევე, გამოიყენა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული დისპოზიციურობის უფლებამოსილება და სამუდამოდ დათმო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომიმდინარე მოთხოვნის უფლება ლ. მ-ის მიმართ, რაც წარმოშობდა სამოქალაქო კოდექსის 450-ე მუხლით დადგენილი წესით დანარჩენი სოლიდარულად თავდები პირების - გ. ფ-სა და ვ. ჩ-ის სოლიდარული ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველსაც.
სააპელაციო პალატის გადაწვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ. ლ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, 2012 წლის 12 იანვარს შემდგარი მორიგება, სოლიდარული თავდების მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების თაობაზე (სკ 379-ე მუხლი) თუ რატომ წარმოადგენს ვალის პატიებას და არა ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში ლ.მ-მა კრედიტორის მიმართ შეასრულა სოლიდარული თავდებობიდან გამომდინარე მისი მოვალეობა ნაწილობრივ, სს „თ. ლ-მა“ დააზუსტა მოთხოვნა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების თაობაზე სხვა მოვალეთა მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად, ერთ-ერთმა სოლიდარულმა მოვალემ, სოლიდარული ვალდებულების შესრულებაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა მას ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, რაც გამოიწვევდა სხვა სოლიდარულ მოვალეთა გათავისუფლებას ვალდებულების შესრულებისაგან, რის გამოც სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლით. მორიგებით დასტურდება, რომ ვალის პატიებაზე შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, არამედ კრედიტორი დაეთანხმა ნაწილობრივ შესრულებას, რის შედეგადაც სხვა მოვალეთა ვალდებულება ძალაში რჩება. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 465-ე მუხლებით და არა ამავე კოდექსის 448-ე და 450-ე მუხლებით, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში ვალის პატიება საქმის მასალებით არ დასტურდება, თავის მხრივ, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება და ვალის პატიება ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნებებია. სამოქალაქო კოდექსის 450-ე მუხლის არასწორი განმარტებით, სააპელაციო პალატამ საქალაქო სასამართლოსაგან განსხვავებით მხარეთა მორიგება მცდარად დაუკავშირა ზემოაღნიშნული ნორმით რეგულირებულ ურთიერთობას. სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მხარეთა მიერ საქმის მორიგების გზით დამთავრების უფლება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააპელაციო პალატა ლ.მ-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმას ვალის პატიებად მიიჩნევდა, მას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 449-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, ვალის პატიების შემთხვევაშიც კი, კრედიტორს უფლება აქვს, სხვა სოლიდარული თავდების მიმართ მოთხოვნა დაიტოვოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სს „თ. ლ-ის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, სს „თ. ლ-ის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებები გამო:
სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს სოლიდარული თავდებობიდან გამომდინარე ერთ-ერთი თავდების მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება სხვა სოლიდარული თავდებების მიმართ მოახდენდა თუ არა გავლენას.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 22 აგვისტოს, ერთი მხრივ, სს „თ. ლ-ს“, როგორც ლიზინგის გამცემს და, მეორე მხრივ, შპს „ი-ას“, როგორც ლიზინგის მიმღებს შორის გაფორმდა N186-358 ლიზინგის ხელშეკრულება, რომლითაც სს „თ. ლ-მა“ ვალდებულება აიღო, შეესყიდა შპს „ი-ას“ მიერ შერჩეული ლიზინგის საგანი და გადაეცა იგი შპს „ი-ის“. ლიზინგის მთლიანი ფასი განისაზღვრა 168 862,88 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო შეთანხმდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,5%-ის, მაგრამ არა უმეტეს მთლიანი ფასის 20%-სა.
შპს „ი-ას“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა, ერთი მხრივ, ლ. მ-ს, გ. ფ-ეს, ვ. ჩ-სა და, მეორე მხრივ, სს „თ. ლ-ს“ შორის 2007 წლის 22 აგვისტოს დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლითაც თავდებმა პირებმა სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს ლიზინგის მთლიანი ფასის - 168 862,88 აშშ დოლარის ფარგლებში, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გადასახდელი თანხების პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხის გადახდაზეც.
2007 წლის 20 ნოემბერს, ერთი მხრივ, სს „თ. ლ-ს“, როგორც ლიზინგის გამცემსა და, მეორე მხრივ, შპს „ი-ას“, როგორც ლიზინგის მიმღებს შორის გაფორმდა N186-419 ლიზინგის ხელშეკრულება, რომლითაც სს „თ. ლ-მა“ ვალდებულება აიღო, შეესყიდა შპს „ი-ას“ მიერ შერჩეული ლიზინგის საგანი და გადაეცა იგი შპს „ი-ის“. ლიზინგის მთლიანი ფასი განისაზღვრა 207 366,80 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო შეთანხმდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,5%-ით, არა უმეტეს მთლიანი ფასის 20%-სა.
შპს „ი-ას“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა, ერთი მხრივ, ლ. მ-ს, გ. ფ-სა და, მეორე მხრივ, სს „თ. ლ-ს“ შორის 2007 წლის 22 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულებით, რომლითაც თავდებმა პირებმა, სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს, როგორც 2007 წლის 20 ნოემბრის N186-419 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ლიზინგის მიმღების ვალდებულებებზე მთლიანი ფასის - 207 366,80 აშშ დოლარის ფარგლებში, ისე 2007 წლის 20 ნოემბრის N419-01 ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამყიდველის ვალდებულებებზე, მთლიანი ფასის - 177 123 აშშ დოლარის ფარგლებში. მათ შორის, ლ. მ-სა და გ. ფ-ის, როგორც თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გადასახდელი თანხების, პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხის გადახდაზეც.
სს „თ. ლ-მა“ 2007 წლის 20 ნოემბრისა და 22 აგვისტოს N186-419 და N186-358 ლიზინგის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის გადაცემის ვალდებულება შეასრულა და შპს „ი-ას“ გადაეცა ლიზინგის შეთანხმებული საგნები.
2009 წლის 19 მარტს, ერთი მხრივ, სს „თ. ლ-ს“, როგორც მყიდველს და, მეორე მხრივ, შპს „ი-ას“, როგორც გამყიდველს შორის გაფორმდა „ურთიერთშეთანხმების აქტი, ნასყიდობის თანხის ნაწილის დაბრუნების შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2007 წლის 20 ნოემბრის N419-01 ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების არასრულად განხორციელების გამო, მხარეები შეთანხმდნენ ღირებულების ნაწილის - 57 319,68 აშშ დოლარის (დღგ-ს ჩათვლით), შპს „ი-ას“ მიერ სს „თ. ლ-ის“ 2009 წლის 30 ოქტომბრამდე ეტაპობრივ დაბრუნებაზე.
2010 წლის 20 ოქტომბერს შპს „ი-ას“ ეცნობა მასთან გაფორმებული 2007 წლის 20 ნოემბერისა და 22 აგვისტოს N186-419 და N186-358 ლიზინგის ხელშეკრულებების იმავე წლის 19 მაისიდან ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ დაირღვა ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი, რის თაობაზეც გაფრთხილდნენ ასევე თავდები პირები.
2009 წლის 19 მარტის სს „თ. ლ-ს“ და შპს „ი-ას“ შორის გაფორმებული „ურთიერთშეთანხმების აქტი ნასყიდობის თანხის ნაწილის დაბრუნების შესახებ“, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელე მოითხოვდა ძირითად მოვალესთან ერთად თავდები პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, წარმოშობდა სოლიდარულ ვალდებულებას, როგორც შპს „ი-ის“, ასევე გ.ფ-სა და ლ.მ-ის.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ №186-358 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის ღირებულება მისი დაბრუნების მომენტისთვის შეადგენდა 110 000 ლარს, ხოლო №186-419 ხელშეკრულების საგნის ღირებულება - 54 869 აშშ დოლარს.
სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების ოდენობა ლიზინგის საგნის საბაზრო ღირებულების, გადახდილი თანხის, პირგასამტეხლოს და შემცირებული მოთხოვნის გათვალისწინებით, №186-358 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 31 123 აშშ დოლარს, ხოლო №186-419 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 93 953 აშშ დოლარს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია ის გარემოებაც, რომ სს „თ. ლ-ის“ მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, კერძოდ, დადგენილია, რომ 2007 წლის 22 აგვისტოსა და 20 ნოემბრის ლიზინგის ხელშეკრულებების შესრულების მიზნით, შპს „ი-ას“ მიერ თანხის გადახდისას იფარებოდა, როგორც ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა, ასევე ის პირგასამტეხლოც, რაც შპს „ი-ას“ ერიცხებოდა ჯარიმის სახით. შპს „ი-ას“ სადავოდ არ გაუხდია მის მიერ გადახდილი თანხის ნაწილით მასზე დარიცხული ჯარიმის დაფარვის ფაქტი. შპს „ი-ას“ მიერ დარიცხული ჯარიმის გარკვეული ნაწილის გადახდით, ამ უკანასკნელმა, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, აღიარა სს „თ. ლ-ის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულება.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები სს „თ. ლ-ს“ განსახილველი საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის ძალით კი, წინამდებარე საქმეზე მათ საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სოლიდარული თავდებების ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ სს „თ. ლ-მა“ საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას ერთ-ერთი სოლიდარული თავდების - ლ. მ-ის მიმართ აღძრულ სარჩელზე უარი განაცხადა, იმ საფუძვლით, რომ ნაცვლად სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებისა, კრედიტორმა ერთ-ერთი სოლიდარული თავდებისაგან მიიღო მისი წილი ვალდებულების ტოლფასი სხვა შესრულება და მორიგების ფარგლებში ერთ-ერთი სოლიდარული თავდების მიმართ მოთხოვნაზე უარი განაცხადა. სააპელაციო პალატამ აღნიშნული ჩათვალა ვალის პატიებად, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 450-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მიიჩნია, რომ სოლიდარული თავდებების მიმართ ვალდებულება შეწყდა ვალის პატიებით.
განსახილველ შემთხვევაში, სს „თ. ლ-ი“ არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაარღვია კანონი, კერძოდ, გადაწყვეტილების დასაბუთებისას არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლითა და 450-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამასთანავე, არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი. კასატორის ამ პრეტენზიის შესწავლით, პალატა თვლის, რომ სს „თ. ლ-მა“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება წარმოადგინა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზემოაღნიშნულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ სს „თ. ლ-ს“ სოლიდარული თავდებისათვის არ უპატიებია ვალი და ამ გზით სოლიდარული თავდებობიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეწყვეტილა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალის პატიება, რასაც შედეგად შეიძლება ვალდებულების შეწყვეტა მოჰყვეს, თავის მხრივ, წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას სადაც გარკვევით უნდა აისახოს მხარეთა ნება, მიმართული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერობის შეწყვეტისაკენ. იგი ორმხრვი შეთანხმებაა და მიზნად უნდა ისახავდეს მატერიალური სამართლით რეგულირებული შედეგის მიღწევას - მიუღებელი შესრულებისაგან მოვალის გათავისუფლებას (სკ 448-ე მუხლი), ამასთან, ეს ნება არაორაზროვნად უნდა იყოს გადმოცემული. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაში - მორიგების აქტში, სადაც საუბარია სოლიდარული მოვალის ლ.მ-ან, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებისა, სხვა შესრულების მიღებასა და მორიგების ფარგლებში თავდების მის მიმართ სარჩელზე უარის თქმის შესახებ, არ არის დეკლარირებული კრედიტორისა და მოვალის შეთანხმება ვალის პატიებაზე, ამდენად, ეს გარიგება (მორიგება) არ შეიძლება შეფასდეს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის კონტექსტში.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. დასახელებული ნორმისა და საქმეში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ განცხადების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ სს „თ. ლ-მა“ ლ.მ-ან ვალდებულება სხვა შესრულების მიღებით შეწყვიტა იმგვარად, რომ მას მოთხოვნის დარჩენილ ნაწილზე უარი არ უთქვამს, ამდენად, სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 450-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირებული ურთიერთობა (ერთ-ერთი თავდების გათავისუფლება ვალის გადახდისაგან).
საპირისპირო ვითარებაშიც კი, როდესაც მორიგების ფარგლებში მხარე უარს აცხადებს სოლიდარული თავდების მიმართ წარდგენილ მოთხოვნაზე, თუ მხარეთა ნება არ იქნება მიმართული სამოქალაქო კოდექსის 450-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შედეგის მიღწევაზე, არ შეიძლება ვალის პატიების სამართლებრივი შედეგი მხოლოდ ვარაუდზე დაყრდნობით დადგინდეს. ამ კუთხით პალატა იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ ერთ-ერთი სოლიდარული თავდების მიმართ წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაშიც კი, ეს გარემოება არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ვალის პატიებას, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 449-ე მუხლით კანონმდებელმა დაადგინა, რომ სხვა სოლიდარული მოვალეებისათვის ვალის პატიება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისათვის ათავისუფლებს სხვა სოლიდარულ მოვალეებსაც, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კრედიტორი მათ მიმართ მოთხოვნას იტოვებს. ამ შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია დარჩენილი სოლიდარული მოვალეების მიმართ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გამოიყენოს განთავისუფლებული მოვალის წილის გამოკლებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სს „თ. ლ-ის“ წერილობით განმარტებებზე, სადაც მოსარჩელემ, საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას დაადასტურა, რომ იგი უარს ამბობდა ლ. მ-ის მიმართ მოთხოვნაზე, ხოლო დანარჩენი მოპასუხეების მიმართ მოითხოვდა სარჩელის საერთო წესით განხილვას (იხ. ტI, ს.ფ. 420), უფრო მეტიც, მოსარჩელემ ამავე განცხადებასთან ერთად წარადგინა დოკუმენტი, რომლითაც „მორიგების აქტით“ გათვალისწინებული ლ.მ-ან მიღებული შესრულების ფარგლებში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა დარჩენილი სოლიდარული მოვალეების მიმართ (იხ. ტI, ს.ფ.421), რაც უტყუარად იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ კრედიტორს სოლიდარული მოვალეების მიმართ მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაარღვია კანონი, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსსკ 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს წინამდებარე საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, არ დგინდება სოლიდარული თავდებებისათვის ვალის პატიება და ამ გზით სოლიდარული თავდებობიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გ. ფ-სა და ვ. ჩ-ის მიმართ სს „თ. ლ-ის“ სარჩელის (დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით) დაკმაყოფილებისათვის სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
რაც შეეხება სასამართლო ხარჯების განსაზღვრის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით კი დადგენილია, რომ ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
დასახელებული ნორმისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სს „თ. ლ-ის“ საკასაციო საჩივარი, პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-სა და გ. ფ-ეს სს „თ. ლ-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ. ლ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი.
3. სს „თ. ლ-ის“ სარჩელი გ. ფ-სა და ვ. ჩ-ის მიმართ დაკმაყოფილდეს:
3.1. 2007 წლის 20 ნოემბრის №186-419 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ი-ის“ დაკისრებული სალიზინგო საზღაურისა და პირგასამტეხლოს - 93 953 აშშ დოლარის გადახდა ძირითად მოვალესთან ერთად სოლიდარულად დაეკისროს გ. ფ-ეს მოსარჩელე სს „თ. ლ-ის“ სასარგებლოდ.
3.2. 2007 წლის 22 აგვისტოს №186-358 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ი-ის“ დაკისრებული სალიზინგო საზღაურისა და პირგასამტეხლოს - 31 123 აშშ დოლარის გადახდა ძირითად მოვალესთან ერთად სოლიდარულად დაეკისროთ გ. ფ-სა და ვ. ჩ-ს მოსარჩელე სს „თ. ლ-ის“ სასარგებლოდ.
3.3. 2007 წლის 20 ნოემბრის №419-01 ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ი-ის“ დაკისრებული 57 319.68 აშშ დოლარის გადახდა ძირითად მოვალესთან ერთად სოლიდარულად დაეკისროს გ. ფ-ეს სს „თ. ლ-ის“ სასარგებლოდ.
4. გ. ფ-სა და ვ. ჩ-ს სს „თ. ლ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის ლარის ანაზღაურება.
5. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე