საქმე №ას-1165-1094-2012 25 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ის მიმართ საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
მხარეებს თანაბარწილად თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით ქ.თბილისში, ა-ის შესახვევში №6-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი. მოპასუხე მოსარჩელესთან შეუთანხმებლად აქირავებს სადავო ბინას და სარგებელს მთლიანად ითვისებს.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია სადავო უძრავი ნივთის ნატურით გაყოფა, რაზეც მოპასუხე ნებაყოფლობით არ დათანხმდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არაერთხელ შესთავაზა ლ. ა-ს სახლთმფლობელობის პირველი სართულის ნაწილით სარგებლობა, მაგრამ მოსარჩელეს აღნიშნულის სურვილი არ გამოუთქვამს. სახლის მეორე სართულზე კი დათმობის წესით ცხოვრობს ო-ის ოჯახი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით ლ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2012 წლის 27 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე გ. მ-ი, რომელიც სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70--78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ითვლება დადასტურებულად, მაგრამ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დადასტურებულად (დამტკიცებულად) ჩათვლ. ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას, ხოლო თუ არ ამართლებენ, მაშინ სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელზე უარის თქმის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც სასამართლომ საქმის მასალებიდან გამოარკვია, ლ. ა-ი და გ. მ-ი წარმოადგენენ ქ.თბილისში, ა-ის შესახვევის №6-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს, 3/6-3/6 წილების შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2011 წლის 8 თებერვლის საინჟინრო-ტექნიკური ექპერტიზის №5-002195-2011 დასკვნის თანახმად, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება, მხარეთა წილების შესაბამისად, ტექნიკურად შესაძლებელია შემდეგი გადაკეთებების ჩატარების პირობებში, კერძოდ, №2 დანართში მითითებული ზომების მიხედვით, უნდა გადაიტიხროს №1 საცხოვრებელი ოთახი; №11 ოთახსა და №21 შემინულ აივანს შორის, ასევე, №1 საცხოვრებელ ოთახსა და №2 შემინულ აივანს შორის მდებარე ფანჯრების ღიობები გადაკეთდეს კარების ღიობებად: №1 საცხოვრებელ ოთახსა და №2 შემინულ აივანს შორის მდებარე კარების ღიობი შეივსოს აგურის ან ბლოკის წყობით, მოეწყოს ტიხარი №21 და №2 შემინულ აივნებს შორის, ხოლო ეზოდან დამატებით მოეწყოს კარების ღიობი.
სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ზემოაღნიშნული დამტკიცებულად ჩათვლა ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 953-ე მუხლისა და 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ლ. ა-ი სარჩელით ითხოვს საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას უნდა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა საზიარო საგნის წილების ნატურით გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად წილთა ღირებულების შემცირების გარეშე.
სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2011 წლის 8 თებერვლის საინჟინრო-ტექნიკური ექპერტიზის №5-002195-2011 დასკვნის თანახმად, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება მხარეთა წილების შესაბამისად ტექნიკურად შესაძლებელია გადაკეთების ჩატარების პირობებში.
სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად, საზიარო უფლებიდან გამომდინარე, მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამ უფლების მფლობელ პირთა მდგომარეობასა და ინტერესებზე. საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას დასაშვებია საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგნის (საგნების) ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე. ერთგვაროვნებასთან ერთად გაყოფამ საზიარო საგანს არ უნდა დაუკარგოს ის სამომხმარებლო ღირებულება, რაც მას გაყოფამდე გააჩნდა. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება და არა მხოლოდ ფულადი ერთეულით გამოხატული ღირებულება. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი უშვებს საზიარო საგნის ნატურით გაყოფას ნივთის (საზიარო საგნის) ტექნიკურად ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობის შემთხვევაში, თუმცა არ შეიცავს არავითარ დათქმას საზიარო საგნის სათანადო გადაკეთებების შედეგად მიღებულ შესაძლებლობებზე. როგორც დასახელებული ნორმის დანაწესი მიუთითებს, საზიარო საგნის ნატურით გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას და გამოყოფილი ნაწილები იქნება ერთგვაროვანი როგორც ფუნქციონალური, თვისობრივი, ასევე, მისგან გამომდინარე ღირებულების თვალსაზრისით, რაშიც იგულისხმება ობიექტის საყოფაცხოვრებო დანიშნულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხდომაზე მოსარჩელემ წარადგინა ექსპერტის დასკვნები: 2011 წლის 1 ივნისის №5–009595–2011 და 2011 წლის 1 ივლისის №5–012217–2011, რომლებიც მოპასუხის თანხმობით დაერთო საქმის მასალებს. 2011 წლის 1 ივნისის №5–009595–2011 დასკვნის შესაბამისად, საზიარო საგნის ნატურით გაყოფა შესაძლებელია სათანადო გადაკეთებების პირობებში, ხოლო 2011 წლის 1 ივლისის №5–012217–2011 დასკვნის შესაბამისად, საცხოვრებელ ბინაში შესაძლებელია მხოლოდ მცირე მოცულობის ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რომელიც დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდება დაზიანებული ნაწილების გამაგრებითი სამუშაოები.
წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საცხოვრებელი სახლის ნატურით გაყოფა გამაგრებითი სამუშაოებისა და სათანადო გადაკეთებების გარეშე შეუძლებელია. ამდენად, წარმოდგენილ დასკვნებში მითითებული ნივთის ნატურით გამიჯვნის ფორმები სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოთხოვნებს არ შეესაბამება. პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და მართებულად არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ა-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
იქედან გამომდინარე, რომ სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი არ ითვალისწინებს არანაირ დათქმას საზიარო საგნის სათანადო გადაკეთების შედეგად მიღებულ შესაძლებლობებზე, მცირედი გადაკეთების შედეგად საზიარო საგნის ცალკეული ნაწილი თუ შეინარჩუნებს სამომხმარებლო ღირებულებას, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს 963-ე მუხლს. აღნიშნული მცირე რეკონსტრუქციის შესაძლებლობა ექსპერტიზის მიერაა დადგენილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება და თვლის, რომ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მხულის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ლ. ა-ი და გ. მ-ი წარმოადგენენ ქ.თბილისში, ა-ის შესახვევის №6-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს, 3/6-3/6 წილების შესაბამისად.
სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2011 წლის 8 თებერვლის საინჟინრო-ტექნიკური ექპერტიზის №5-002195-2011 დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება, მხარეთა წილების შესაბამისად, ტექნიკურად შესაძლებელია გადაკეთებების ჩატარების პირობებში, კერძოდ: №2 დანართში მითითებული ზომების მიხედვით, უნდა გადაიტიხროს №1 საცხოვრებელი ოთახი; №11 ოთახსა და №21 შემინულ აივანს შორის, ასევე, №1 საცხოვრებელ ოთახსა და №2 შემინულ აივანს შორის მდებარე ფანჯრების ღიობები გადაკეთდეს კარების ღიობებად; №1 საცხოვრებელ ოთახსა და №2 შემინულ აივანს შორის მდებარე კარების ღიობი შეივსოს აგურის ან ბლოკის წყობით; მოეწყოს ტიხარი №21 და №2 შემინულ აივნებს შორის, ხოლო ეზოდან დამატებით მოეწყოს კარების ღიობი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2012 წლის 27 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე გ. მ-ი, რომელიც სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საზიარო უფლების ნატურით გაყოფის შესაძლებლობის თაობაზე საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნების მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვაროვნებასთან ერთად გაყოფამ საზიარო საგანს არ უნდა დაუკარგოს ის სამომხმარებლო ღირებულება, რაც მას გაყოფამდე გააჩნდა. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება და არა მხოლოდ ფულადი ერთეულით გამოხატული ღირებულება.
როგორც საქმის მასალების ანალიზიდან ირკვევა, მოსარჩელე უთითებს საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობაზე და ამის დასადასტურებლად მან სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა, არცერთი დასკვნა არ იძლევა პასუხს კითვაზე საზიარო უფლების ნატურით გაყოფის შემთხვევაში, შემცირდება თუ არა გაყოფილი ნაწილების ღირებულება. საყურადღებოა საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 8 თებერვლის დასკვნა, რომლის თანახმადაც სადაო სახლიდან 3/6-3/6 იდეალური წილების შესაბამისად მხარეებზე გაყოფა შესაძლებელია შემდეგნაირად: მოდავეთა ერთ მხარეს გამოეყოს სახლის პირველი სართული, ხოლო მეორე სართული გამოეყოს მეორე მხარეს. ასევე ექსპერტის მიერ იმავე და 2011 წლის 1 ივნისის დასკვნაში შემოთავაზებულია მხოლოდ პირველი სართულისა და სარდაფის გაყოფის გეგმა, ხოლო მეორე სართულთან მიმართებაში ექსპერტის წინაშე კითხვა არ დასმულა. ამდენად გარდა იმისა, რომ ექსპერტის დასკვნები არ არის სრულყოფილი, მოსარჩელეს არ მიუთითებია იმის შესახებ, თუ რომელი ვარიანტით ითხოვდა იგი საზიარო უფლების გაუქმებას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია და არ წარუდგენია სასამართლოსთვის ექსპერტის იმგვარი დასკვნა, რომელთა გაზიარების შედეგად სასამართლო გააკეთებდა დასკვნებს, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შესაძლებელია ისე, რომ საზიარო საგანი დაიყოფა ერთგვაროვან ნაწილებად და არ შემცირდება მათი ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა)კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე