საქმე №ას-1595-1498-2012 1 ნოემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ქუთაისის მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ.ქუთაისის მერიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ. ჯ. პ. ა.ჰ-ის“ მიმართ, 2012 წლის 11 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №41 ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, 2012 წლის 18 იანვარს გაცემული №FG0194/12 საბანკო გარანტიით განსაზღვრული საავანსო თანხის - 10000 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2012 წლის 11 იანვარს თვითმმართველ ქ.ქუთაისის მერიასა და შპს „ე-ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით, 2012 წლის 18 იანვარს სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-მა“ გასცა საბანკო გარანტია, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია 10000 ლარით, ვადა - 2012 წლის 15 ივნისის ჩათვლით. შპს „ე-მა“ დადგენილ ვადაში სამუშაოების შესრულება ვერ უზრუნველყო, რის გამოც 2012 წლის 15 ივნისს სამოქალაქო კოდექსის 877-ე მუხლის შესაბამისად, ფოსტის მეშვეობის წერილობით მიმართა მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიას გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების შესახებ, რაც გარანტმა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა მას 2012 წლის 18 მაისს ჩაბარდა. მოსარჩელის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მას არ დაურღვევია გარანტიის მოქმედების ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან, რადგანაც საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა იწურებოდა 2012 წლის 15 მაისს, ხოლო თანხის ანაზღაურების მოთხოვნა ბანკს გადაეცა 2012 წლის 18 მაისს. აღნიშნული არ წარმოშობს გარანტის ვალდებულებას თანხის ანაზღაურებაზე სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 879-ე და 885-ე მუხლების მოთხოვნებიდან, რადგანაც მოთხოვნის მომენტისათვის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უკვე გასული იყო. მოპასუხე არ დაეთანხმა ასევე ქუთაისის მერიის მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლზე, იმ საფუძვლით, რომ ამავე კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საპროცესო ნორმით მატერიალური ურთიერთობის რეგულირება დაუშვებელი, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნა კი ნამდვილია მას შემდეგ, როდესაც უფლებამოსილ პირს მიუვა კრედიტორის ნება, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლისა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ.ქუთაისის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება და ქალაქ ქუთაისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ს. კ.ჯ. პ.ა. ჰ-ს“ ქალაქ ქუთაისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 18 იანვარს შპს „ე-სა“ სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ს“ შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება (№FG0194/12) 10 000 ლარზე. აღნიშნული საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილ იქნა 2012 წლის 11 იანვარს ქ.ქუთაისის მერიასა და შპს „ე-ს“ შორის გაფორმებული №41 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „ე-მა“ იკისრა ვალდებულება, ქალაქ ქუთაისში ლ.მ-ის დრამატული თეატრისათვის შეესყიდა სკამები (400 ერთეული) სახელშეკრულებო თანხით 99 999 ლარი. 2012 წლის 18 იანვრის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 15 მაისი. შპს „ე-მა“ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, რაც მომსახურების გაწევის ვადების გადაცილებაში გამოიხატა. 2012 წლის 15 მაისის ქ.ქუთაისის მერიამ №01-01-20/1112 წერილით მიმართა სს „ს. კ. ჯ.პ. ა. ჰ-ს“ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 10 000 ლარის ჩარიცხვის მოთხოვნით, რომელიც მოპასუხეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით. ქუთაისის მერიის 2012 წლის 15 მაისის №01-01-20/1112 წერილი სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ს“ ჩაბარდა 18 მაისს, რის გამოც, მოსარჩელეს უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილით, 887-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა შემდეგი: ქ.ქუთაისის მერიამ 2012 წლის 15 მაისის №01-01-20/1112 წერილით მიმართა სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ს“ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 10 000 ლარის ჩარიცხვის მოთხოვნით, რომელიც მოპასუხეს იმავე დღეს, 2012 წლის 15 მაისს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, რის გამოც გაზიარებულ იქნა აპელანტის მოსაზრება, რომ მისი (ბენეფიციარის) მოთხოვნა გარანტს („ჯ.პ. ა. ჰ-ს“) წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე - 2012 წლის 15 მაისს, რადგან ქალაქ ქუთაისის მერის 2012 წლის 15 მაისის №01-01-20/1112 წერილი საქართველოს ფოსტას ჩაჰბარდა იმავე დღეს - 2012 წლის 15 მაისს.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ჯ. პ. ა.ჰ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის რეგულირებისათვის ანალოგიის წესის არასწორად გამოყენების გზით არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და ამ ბრუნვაში ჩართულ პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, მატერიალური კანონმდებლობა, მართალია, ითვალისწინებს ისეთ რეგულაციებს, როგორიცაა კანონისა და სამართლის ანალოგია, თუმცა ამავდროულად ადგენს მათი გამოყენების წესსა და წინაპირობებს. ანალოგიის გამოყენების უფლება არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს უფლება აქვს, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას ანალოგიით გამოიყენოს პროცესუალური საკითხის მომწესრიგებელი საპროცესო სამართლის ნორმა. სასამართლოს მსჯელობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის, მით უფრო, ამავე ნორმის მე-3 ნაწილიდან, რადგანაც კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა – სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლი, შესაბამისად, გამოირიცხება სამართლის ანალოგიის გამოყენების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როდის უნდა მოხვედრილიყო ქუთაისის მერის მიერ გამოვლენილი ნება, მიმღების – სს „ს. კ. ჯ. პ. ა-ის“ გავლენის სფეროში. ნება და მისი ფორმირება ის უხილავი პროცესია, რომელიც უნდა გაცხადდეს და გამოვლინდეს, იმისათვის, რომ სხვა პირებისათვის იგი გახდეს შეცნობადი. სამართლებრივ შედეგებზე მიმართული ნება გამოხატულებას მხოლოდ გამოვლინებაში პოულობს. ნების გამოვლენით სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის შეიძლება საკმარისი იყოს მონაწილის ცალმხრივი ნება ან აუცილებელი იყოს მონაწილეთა გაერთიანებული ნება. ამასთან, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენისას საკმარისი არ არის მისი მხოლოდ გაცხადება, აუცილებელია ადრესატის მიერ მისი მიღება. ამაში იგულისხმება ის, რომ ადრესატს უნდა ჰქონდეს მისი შინაარსის გაცნობის რეალური შესაძლებლობა. სწორედ ამ ვალდებულებას ამკვიდრებს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, რომლის თანახმად, მიღებასავალდებულო ნების ნამდვილობისას აუცილებელია: ა) ნების გამოვლენა მისი გამომხატველის ძალაუფლების სფეროდან უნდა გადავიდეს მისი მიმღების ძალაუფლების სფეროში; ბ) მიმღებს უნდა ჰქონდეს მისი შინაარსის გაცნობის რეალური შესაძლებლობა. ნების გამოვლენის ამგვარი მოწესრიგებისას ხდება ნების ნამდვილობასთან დაკავშირებული რისკების განაწილება იმგვარად, რომ ნების გამომვლენი თავად განსაზღვრავს გადაცემის სახესა და საშუალებებს და მასვე აწევს იმის რისკი, რომ ნება არ მიუვა ან დაგვიანებით არ მიუვა ადრესატს. მიმღებს კი აწევს რისკი, რომ იგი მისი გავლენის სფეროში მოხვედრილ ნებას რეალურად, დაგვიანების გარეშე გაეცნობა. დროის ფაქტორის მნიშვნელობა კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს, რომლის ნათელი გამოვლინებაც ხანდაზმულობის ვადებითაა ასახული, რომელთა გაშვებაც პირის კანონიერი უფლების გაქარწყლებას იწვევს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ნების მიმტანად მიიჩნია პირი, რომელიც სადავო ურთიერთობაში არ მონაწილეობდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საფუძველზე. ფოსტა არ იყო აღჭურვილი მიმღების წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით და მოქმედებდა მხოლოდ ნების მიმტანის სტატუსით. ფოსტისათვის მოთხოვნის გადაცემით, იგი ვერ მოექცეოდა სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ გაცნობის შესაძლებლობის ფარგლებში და სადაზღვევო კომპანიას არ ჰქონდა ნების შინაარსის გაცნობის რაიმე შესაძლებლობა. მხარეებს შორის გაფორმებული იყო საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებდა 2012 წლის 15 მაისამდე. მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადება ნიშნავს ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას, ანუ მხარეთა მოქცევას სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესიდან. მხარეს ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნის უფლების რეალიზაცია მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეუძლია, ამის შემდეგ კი, მოვალის კვლავ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში მოქცევა შეუსაბამოა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში დამკვიდრებულ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების თავისუფლად გამოხატვის პრინციპთან. სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ როდის უნდა წარედგინა ქუთაისის მერიას მოთხოვნა და ეს ვადა ამოიწურა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებისთანავე - 2012 წლის 15 მაისს. უდავოა, რომ ქუთაისის მერიას ნების გამოვლენა დათქმულ ვადებში არ განუხორციელებია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთანავე, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინებით სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დაუსწრებლად, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ დაადგინა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი დადგენილია შემდეგი:
2012 წლის 11 იანვარს ქ.ქუთაისის მერიასა და შპს „ე-ს“ შორის გაფორმებული №41 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ე-მა“ იკისრა ვალდებულება, ქალაქ ქუთაისში, ლ.მ-ის სახელობის დრამატული თეატრისათვის 99 999 ლარად შეესყიდა 400 ერთეული სკამი.
2012 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების უზრუნველსაყოფად, შპს „ე-სა“ და სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ს“ შორის 2012 წლის 18 იანვარს გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად, გარანტიის ოდენობა განისაზღვრა 10 000 ლარით, ხოლო მისი მოქმედების ბოლო ვადად - 2012 წლის 15 მაისი.
შპს „ე-მა“ 2012 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია, კერძოდ, გადააცილა მომსახურების გაწევის ვადები.
2012 წლის 15 მაისის ქ.ქუთაისის მერიამ №01-01-20/1112 წერილით მიმართა სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ს“ და მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 10 000 ლარის ჩარიცხვა.
2012 წლის 15 მაისის წერილობითი მიმართვა მოპასუხეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით და ადრესატს ჩაბარდა ამავე წლის 18 მაისს, რის გამოც სს „ს.კ. ჯ. პ. ა. ჰ-მა“ უარი განაცხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უდავოა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთობას, სადაც მოსარჩელე - ქ.ქუთაისის მერია მიიჩნევა ბენეფიციარად, შპს „ე-ი“ - პრინციპალად, ხოლო სს „ს.კ. ჯ. პ. ა. ჰ-ი“ - გარანტად.
სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლით განსაზღვრულია საბანკო გარანტიით გათვალისწინებული შესრულების წინაპირობები და ნორმის მე-2 ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა, წინააღმდეგ შემთხვევაში გარანტი თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან (სკ 887.1 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე ბენეფიციარმა ნება ხელშეკრულების მოქმედების ვადის უკანასკნელ დღეს - 2012 წლის 15 მაისს გამოხატა წერილობით, თუმცა მოთხოვნა მან სს „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით გაუგზავნა გარანტს, ხოლო ამ უკანასკნელს დოკუმენტი 2012 წლის 18 მაისს გადაეცა.
სააპელაციო პალატის დასკვნით ქ.ქუთაისის მერიას არ დაურღვევია ვალდებულების დარღვევის თაობაზე გარანტის ინფორმირების ვადა. სასამართლომ ეს დასკვნა დაამყარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილს და ჩათვალა, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმის არარსებობის პირობებში ურთიერთობის რეგულირება დასაშვები იყო საპროცესო კანონმდებლობის ნორმის ანალოგიის გზით გამოყენებით. ის გარემოება, რომ ფოსტას ბენეფიციარის ნება საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში ჩაბარდა სასამართლომ გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარის საფუძვლად მიიჩნია.
განსახილველ შემთხვევაში, სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ი“ არ ეთანხმება სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მან დაარღვია კანონი, კერძოდ, არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-5 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლებით, ამასთანავე, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლი და არასწორად არ გაითვალისწინა, რომ ქ.ქუთაისის მერიის ნება ნამდვილად მიიჩნეოდა ადრესატისათვის მისი მისვლის მომენტიდან, კონკრეტულ შემთხვევაში - 2012 წლის 18 მაისიდან, როდესაც უკვე გასული იყო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა.
საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და თვლის, რომ იგი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას ბენეფიციარის მიერ შეტყობინების ვადის დაცვის თაობაზე და პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა ამ კოდექსის მოქმედების სფერო. დასახელებული ნორმით დადგენილია, რომ საპროცესო კანონმდებლობის ნორმა არეგულირებს მხოლოდ სასამართლოში საქმის განხილვის წესებს. ამდენად, მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებთან მიმართებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სპეციალურ კანონს წარმოადგენს და ამ ურთიერთობების რეგულირების მიზნით მათი ანალოგიის გზით გამოყენება ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის პრინციპებს (სკ 5.3 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე ფოსტისათვის დოკუმენტის ჩაბარების გათანაბრება საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაცვასთან სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. დასახელებული ნორმით რეგლამენტირებულია საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან გარანტის გათავისუფლების პირობები, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს მოთხოვნის წარდგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. კანონმდებელი ნების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს - გარანტის წინაშე მის გამოვლენას ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით, ანუ ნების ნამდვილობა პირდაპირ კავშირშია ადრესატის მიერ მისი მიღების ობიექტურ შესაძლებლობასთან. ასეთ ვითარებაში კი, ურთიერთობის მარეგულირებლად გვევლინება სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ბენეფიციარმა ნება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გამოავლინა (ვადის უკანასკნელ დღეს), თუმცა ეს ნება ნამდვილად საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ - 2012 წლის 18 მაისს იქცა, მაშინ, როდესაც ობიექტურად მიუვიდა გარანტს. თავის მხრივ, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ვადის უკანასკნელ დღეს შეტყობინების ფოსტის მეშვეობით გაგზავნის რისკის მატარებლად სწორედ ნების გამომვლენი მიიჩნევა და არა ნების ადრესატი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სამართლის ნორმის არასწორი განმარტების გზით არასწორად დააკმაყოფილა ქ.ქუთაისის მერიის სარჩელი, რის გამოც არსებობს ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსსკ 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სწორად იქნა დადგენილი დავის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა ამ გარემოებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება წინამდებარე დავაზე:
როგორც უკვე აღინიშნა, შპს „ე-ის“ მიერ ქ.ქუთაისის მერიის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ამოიწურა 2013 წლის 15 მაისს. უდავოა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურების მოთხოვნა ბენეფიციარმა ფოსტას გადასცა ხელშეკრულების მოქმედების ვადის უკანასკნელ დღეს და ნება გარანტს მიუვიდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რაც სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ს“, სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების ვალდებულებისგან ათავისუფლებს.
სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით ქ.ქუთაისის მერია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ამდენად, პირველსა და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟი მას არ უნდა დაეკისროს (სსსკ 55-ე მუხლი), რაც შეეხება მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი, ხოლო ქ.ქუთაისის მერიას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, პალატა თვლის, ქ.ქუთაისის მერიას კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელი მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 500 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ქ.ქუთაისის მერიის სარჩელი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 10 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ქ.ქუთაისის მერიას (ს/N212721170) სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ (ს/N…) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის ანაზღაურება.
5. ქ.ქუთაისის მერია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
6. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე