Facebook Twitter

№ას-1655-1552-2012 8 ნოემბერი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - კ. და ა. ჯ-ი

წარმომადგენელი - დ. ღ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - პ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პ. დ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში კ. და ა. ჯ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა 2010 წლის 4 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე 2012 წლის 13 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2010 წლის 2 ნოემბერს კ. ჯ-ეს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა, მისცა მინდობილობა. მინდობილობის საფუძველზე, კ. ჯ-ეს მიენიჭა პ. დ-ის ქონების განკარგვის უფლებამოსილება. იმავე წლის 4 ნოემბერს კ. ჯ-ემ მოსარჩელის სახელით საკუთარ თავთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება და გადაიფორმა მოსარჩელის კუთვნილი ბათუმში, პ-ის 13-ფ-ის 7-9-ში მდებარე უძრავი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ ქონება გაიყიდა 350 000 აშშ დოლარად და მყიდველმა ნასყიდობის ფასი ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის სრულად გადაიხადა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მხარეები ნასყიდობის ფასზე არ შეთანხმებულან და პ. დ-ეს კ. ჯ-ან თანხა არ მიუღია. 2012 წლის 13 მარტს მოსარჩელემ შეიტყო, რომ კ. ჯ-ემ სადავო ქონება თავის შვილს ა. ჯ-ეს აჩუქა. ა. ჯ-ის ცნობილი იყო, რომ კ. ჯ-ემ ქონებაზე საკუთრების უფლება არამართლზომიერი გზით მოიპოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით პ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 13 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქ. ბათუმში, პ-ის ქ№13-ფ-ის ქ.№7-9-ში მდებარე უძრავ ქონებასთან (საიდენტიფიკაციო კოდი №...) დაკავშირებით კ. ჯ-სა და ა. ჯ-ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 4 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქ. ბათუმში, პ-ის ქ№13-ფ-ის ქ.№7-9-ში მდებარე უძრავ ქონებასთან (საიდენტიფიკაციო კოდი №...) დაკავშირებით პ. დ-სა და კ. ჯ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული უძრავი ქონება კვლავ აღირიცხა პ. დ-ის საკუთრებად.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინებით კ. და ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. ქ. ბათუმში, პ-ის ქ№13-ფ-ის ქ№7-9-ში მდებარე 2788 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები 2010 წლის 4 ნოემბრამდე პ. დ-ის საკუთრებად ირიცხებოდა;

2. პ. დ-ე 2010 წლის 15 ოქტომბრიდან 2011 წლის 13 ოქტომბრამდე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში;

3. 2010 წლის 2 ნოემბერს №8 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულების დირექტორის მიერ დამოწმებული იქნა მინდობილობა, რომლის თანახმადაც პ. დ-ემ კ. ჯ-ეს მიანიჭა უფლებამოსილება ემართა და განეკარგა (გაეყიდა, გაეცვალა, გაესხვისებინა, იპოთეკით დაეტვირთა, საკუთარ თავზე გადაეფორმებინა) მის საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში პ-ის ქ№13-ფ-ის №7-9-ში მდებარე მიწის ნაკვეთი;

4. 2010 წლის 4 ნოემბერს ქ. თბილისში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კ. ჯ-ემ აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე საკუთარ თავთან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კ. ჯ-ემ, როგორც პ. დ-ის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა კ. ჯ-ეს, ანუ საკუთარ თავს, მიჰყიდა ქ. ბათუმში, პ-ის ქ№13-ფ-ის ქ.№7-9-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №...) 350 000 აშშ დოლარად;

5. 2012 წლის 13 თებერვალს კ. ჯ-ემ ქ. ბათუმში, პ-ის ქ№13/ფ-ის ქ№7-9-ში მდებარე სადავო უძრავი ქონება აჩუქა შვილს - ა. ჯ-ეს.

6. ამჟამად ქ. ბათუმში, პ-ის ქ№13-ფ-ის ქ.№7-9-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №...) ა. ჯ-ის საკუთრებად ირიცხება;

7. მხარეთა ახსნა–განმარტებების მოსმენის შემდეგ, პალატა დადგენილად მიიჩნევს,რომ კ. ჯ-ემ, 2010 წლის 4 ნოემბრის ხელშეკრულების თანახმად, ისე გადაიფორმა სადავო უძრავი ქონება საკუთარ თავზე, რომ აპელანტ კ. ჯ-ეს პ. დ-ის არ გადაუცია ნასყიდობის ფასი, რომელიც, ამავე ხელშეკრულების თანახმად, შეადგენდა 350 000 აშშ დოლარს. ამის დამამტკიცებელი მტკიცებულება კ. ჯ-ეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია;

8. პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კ. ჯ-სა და პ. დ-ეს შორის 2010 წლის 2 ნოემბრის მინდობილობის გაფორმებამდეც არსებოდა რაიმე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის თანახმადაც კ. ჯ-ეს გადახდილი ჰქონდა ნასყიდობის თანხა პ. დ-ის და მინდობილობაც სწორედ ამ ვალდებულების შესასრულებლად გაფორმდა;

9. დ-ე და ჯ-ე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ შორის ფასზე, არ შეთანხმებულან;

10. გონივრული წინდახედულების ფარგლებში, პალატა მიიჩნევს, რომ კ. ჯ-სა და დ-ეს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ, (მათ შორის იმაზეც, რომ ფასზე არც შეთანხმება მომხდარა გამყიდველსა და მყიდველს შორის, და არც ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მიუღია დ-ეს) კარგად უწყოდა ჯ-ის შვილმა ა. ჯ-ემ, რის გამოც იგი კეთილსინდისიერ შემძენად ვერ იქნება მიჩნეული.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კ. ჯ-ემ მის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე თავის თავთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება და მარწმუნებელ პ. დ-ის სახელითა და ხარჯით განკარგა პ. დ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 350 000 აშშ დოლარით. როგორც თავად ხელშეკრულებით დგინდება, მყიდველს სრულად უნდა გადაეხადა თანხა გამყიდველისათვის, თუმცა მხარეთა განმარტებითა და საქმის მასალებით დადგინდა, რომ თანხა გადაცემული არ ყოფილა. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად კი, იმპერატიულადაა დადგენილი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

სააპელაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა მოსარჩელის მტკიცებას, რომ მხარეები ნასყიდობის ფასზე არ შეთანხმებულად. ფასი არც მინდობილობაშია აღნიშნული.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, იმის თაობაზე, რომ, მართალია, 2010 წლის 2 ნოემბრის მინდობილობის საფუძველზე, კ. ჯ-ეს გააჩნდა უფლებამოსილება, ნასყიდობის ხელშეკრულება გაეფორმებინა საკუთარ თავთან, მაგრამ აღნიშნული უფლება მას არ ათავისუფლებდა მარწმუნებლის, ანუ პ. დ-ის მიმართ დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის კომენტარები და განმარტა, რომ სახეზეა მერყევად ბათილი გარიგება, რომლის ნამდვილობა დამოკიდებული იყო პ. დ-ის მხრიდან მოწონებაზე. პ. დ-ემ გარიგება არ მოიწონა, რაც ნიშნავს, რომ კ. ჯ-ის, როგორც პ. დ-ის წარმომადგენლის მიერ, საკუთარ თავთან თავისი სახელით დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის გარიგება ბათილია. გარიგება ასევე ბათილია იმ მხრივაც, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ფასზე შეთანხმება და ნასყიდობის ფასის გადახდა პ. დ-ის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა გამყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძველია და არა გარიგების ბათილად ცნობის. მოსარჩელე პ. დ-ემ ვერ დაადასტურა, რომ ნასყიდობის ფასი მხარეთა შორის შეთანხმებული არ ყოფილა. სასამართლომ არასწორად მიიჩნია ჩუქების ხელშეკრულება ბათილად. ის გარემოება, რომ კ. და ა. ჯ-ი მამა-შვილი არიან, თავისთავად, გარიგების მოჩვენებითობას არ ადასტურებს და ბათილობის საფუძველი არ არის.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კ. და ა. ჯ-ის წარმომადგენელმა დ. ღ-ემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა. განმცხადებლის მითითებით, სადავო უძრავი ქონება იძულების წესით გასხვისდა აუქციონზე, შესაბამისად, პ. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, პირვანდელი მდგომარეობა ვეღარ აღდგება, ამდენად, პ. დ-ის სარჩელს იურიდიული ინტერესი არ გააჩნია და მოცემულ საქმეზე დავის საგანი აღარ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კ. და ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. ქ. ბათუმში, პ-ის ქ№13-ფ-ის ქ№7-9-ში მდებარე 2788 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები 2010 წლის 4 ნოემბრამდე პ. დ-ის საკუთრებად ირიცხებოდა;

2. პ. დ-ე 2010 წლის 15 ოქტომბრიდან 2011 წლის 13 ოქტომბრამდე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში;

3. 2010 წლის 2 ნოემბერს №8 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულების დირექტორის მიერ დამოწმებული იქნა მინდობილობა, რომლის თანახმადაც პ. დ-ემ კ. ჯ-ეს მიანიჭა უფლებამოსილება ემართა და განეკარგა (გაეყიდა, გაეცვალა, გაესხვისებინა, იპოთეკით დაეტვირთა, საკუთარ თავზე გადაეფორმებინა) მის საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში პ-ის ქ№13-ფ-ის №7-9-ში მდებარე მიწის ნაკვეთი;

4. 2010 წლის 4 ნოემბერს ქ. თბილისში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კ. ჯ-ემ აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე საკუთარ თავთან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კ. ჯ-ემ, როგორც პ. დ-ის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა კ. ჯ-ეს, ანუ საკუთარ თავს, მიჰყიდა ქ. ბათუმში, პ-ის ქ№13-ფ-ის ქ.№7-9-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №...) 350 000 აშშ დოლარად;

5. 2012 წლის 13 თებერვალს კ. ჯ-ემ ქ. ბათუმში, პ-ის ქ№13/ფ-ის ქ№7-9-ში მდებარე სადავო უძრავი ქონება აჩუქა შვილს - ა. ჯ-ეს.

6. ამჟამად ქ. ბათუმში, პ-ის ქ№13-ფ-ის ქ.№7-9-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №...) ა. ჯ-ის საკუთრებად ირიცხება;

7. მხარეთა ახსნა–განმარტებების მოსმენის შემდეგ, პალატა დადგენილად მიიჩნევს,რომ კ. ჯ-ემ, 2010 წლის 4 ნოემბრის ხელშეკრულების თანახმად, ისე გადაიფორმა სადავო უძრავი ქონება საკუთარ თავზე, რომ აპელანტ კ. ჯ-ეს პ. დ-ის არ გადაუცია ნასყიდობის ფასი, რომელიც, ამავე ხელშეკრულების თანახმად, შეადგენდა 350 000 აშშ დოლარს. ამის დამამტკიცებელი მტკიცებულება კ. ჯ-ეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია;

8. პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კ. ჯ-სა და პ. დ-ეს შორის 2010 წლის 2 ნოემბრის მინდობილობის გაფორმებამდეც არსებოდა რაიმე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის თანახმადაც კ. ჯ-ეს გადახდილი ჰქონდა ნასყიდობის თანხა პ. დ-ის და მინდობილობაც სწორედ ამ ვალდებულების შესასრულებლად გაფორმდა;

9. დ-ე და ჯ-ე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ შორის ფასზე, არ შეთანხმებულან;

10. გონივრული წინდახედულების ფარგლებში, პალატამ მიიჩნია, რომ კ. ჯ-სა და დ-ეს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ, (მათ შორის იმაზეც, რომ ფასზე არც შეთანხმება მომხდარა გამყიდველსა და მყიდველს შორის, და არც ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მიუღია დ-ეს) კარგად უწყოდა ჯ-ის შვილმა ა. ჯ-ემ, რის გამოც იგი კეთილსინდისიერ შემძენად ვერ იქნება მიჩნეული.

სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ 2010 წლის 4 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილი გარიგება იყო, ვინაიდან პ. დ-ეს კ. ჯ-ან ნასყიდობის ფასი არ მიუღია.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება აღნიშნულ მსჯელობას და ყურადღებას ამახვილებს პ. დ-ის მიერ კ. ჯ-ის სახელზე გაცემულ მინდობილობაზე. აღნიშნული მინდობილობის თანახმად, კ. ჯ-ეს მიენიჭა უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა სადავო უძრავი ქონება, მათ შორის - აღერიცხა საკუთარ სახელზე.

სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის თანახმად, თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზემოაღნიშნული მუხლი, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის კომენტარებით და განმარტა, რომ სახეზეა მერყევად ბათილი გარიგება, რომლის ნამდვილობა დამოკიდებული იყო პ. დ-ის მოწონებაზე. პ. დ-ემ გარიგება არ მოიწონა, რაც ნიშნავს, რომ კ. ჯ-ის, როგორც პ. დ-ის წარმომადგენლის მიერ, საკუთარ თავთან თავისი სახელით დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის გარიგება ბათილია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და 114-ე მუხლის დისპოზიციის გათვალისწინებით, აღნიშნული განმარტება არასწორია, კერძოდ, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება მერყევად ბათილი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კ. ჯ-ეს წინასწარ არ ექნებოდა მარწმუნებლის, პ. დ-ის თანხმობა, ქონების საკუთარ სახელზე აღრიცხვის თაობაზე. ამგვარი თანხმობის გარეშე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება იქნებოდა მერყევად ბათილი, რომელიც იურიდულ ძალას შეიძენდა იმ შემთხვევაში, თუ პ. დ-ე მას მოიწონებდა. განსახილველ შემთხვევაში, კი, ხელშეკრულების ნამდვილობა მარწმუნებლის მოწონებაზე არ იყო დამოკიდებული, ვინაიდან არსებული მინდობილობა ითვალისწინებდა მარწმუნებლის თანხმობას. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული მინდობილობით გამოვლენილი ნება პ. დ-ეს არ ეკუთვნოდა ან მის შინაგან ნებას არ შეესაბამებოდა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ჯ-ე უფლებამოსილი იყო, როგორც პ. დ-ის წარმომადგენელს საკუთარ თავთან მინდობილობით განსაზღვრულ სადავო ქონებაზე ხელშეკრულება დაედო და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არასწორია.

სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად, ასევე, ის გარემოება მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასი პ. დ-ეს არ მიუღია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ კ. ჯ-სა და პ. დ-ეს შორის 2010 წლის 2 ნოემბრის მინდობილობის გაფორმებამდეც არსებოდა რაიმე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის თანახმადაც კ. ჯ-ეს გადახდილი ჰქონდა ნასყიდობის თანხა პ. დ-ის და მინდობილობაც სწორედ ამ ვალდებულების შესასრულებლად გაფორმდა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ამასთან განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების დადების შედეგად, მხარეებს წარმოეშობათ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების შესრულების მოთხოვნის უფლება. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნებია გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. ამ ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა წარმოშობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას და არ წარმოადგენს გარიგების ბათილობის საფუძველს, შესაბამისად, ის გარემოება, რომ კ. ჯ-ეს ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ნივთის საფასური არ გადაუხდია, არ შეიძლება ამ ხელშეკრულების ბათილობას დაედოს საფუძვლად. გარიგების ბათილობის საფუძვლები პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსით, რომელთა შორისაც ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა ან სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობა, თავისთავად, მითითებული არ არის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქაალქო კოდექსის მის მიერ გამოყენებული ნორმები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

იმავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საპროცესოსამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, თავად იღებს საქმეზე გადაწყვეტილებას:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. დ-ის სარჩელი 2010 წლის 4 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება კ. ჯ-ის მიერ თავის შვილთან, ა. ჯ-ან დადებულ სადავო უძრავი ქონების ჩუქების ხეშეკრულებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. ჯ-ე კეთილსინდისიერ შემძენად ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან, არსებულ პირობებში, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო პ. დ-ის მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების შედავების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ასევე შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ჩუქების ხელშეკრულება დადებულიყო პ. დ-ის ქონების დაბრუნების შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ვინაიდან არ არსებობს სადავო უძრავ ქონებაზე კ. ჯ-ის საკუთრების უფლების წარმომშობი ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, ამასთან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ამ დროისათვის სადავო ქონება გასხვისებულია აუქციონზე, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც პ. დ-ეს, არსებული ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, ა. ჯ-ის მიმართ მოთხოვნის უფლება ვერ ექნება, ამასთან თუნდაც ეს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, შედეგი იქნება მხოლოდ ფორმალური და მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს ვერ უზრუნველყოფს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მითითებული ნორმის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც საკასაციო სასამართლო გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი ვალდებულია, შეცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც. ამ დროს მხედველობაში მიიღება არა მარტო საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი ბაჟი, არამედ, ის ხარჯებიც, რომლებიც გაიღეს მხარეებმა ქვემდგომ ინსტანციებში საქმეთა განხილვისას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. დ-ემ კ. და ა. ჯ-ს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სულ 11000 ლარი, უნდა აუნაზღაუროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კ. და ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:

3. პ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. პ. დ-ეს დაეკისროს კ. და ა. ჯ-ის სასარგებლოდ მათ მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, სულ 11000 ლარის, ანაზღაურება;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე