Facebook Twitter

№ას-365-347-2013 11 ნოემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა. პ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 21 ივნისს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. ა-მა მოპასუხე ა. პ-ის მიმართ და მოითხოვა: დაევალოს მოპასუხეს შეიტანოს ცვლილება ქ.ნინოწმინდაში, ტ-ის ქ.№3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე შედგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაფარვის ფარგლებში, ზომით 18.5მX6.5მ, საერთო ფართობით 120.25კვ.მ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 1998 წლის 30 დეკემბერს აუქციონზე შეიძინა ქ.ნინოწმინდაში, ტ-ის ქუჩაზე მდებარე ნინოწმინდის ავტოსატრანსპორტო საწარმოს ადმინისტრაციული შენობა, ფართით 2660კვ.მ. ამის საფუძველზე, 1998 წლის 31 დეკემბერს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ნინოწმინდის განყოფილებასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელემ სრულად გადაიხადა მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულება. ამავე დღეს მას გადაეცა შენობა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. სარჩელის შეტანამდე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი მიწის ნაკვეთის ნაწილი, საერთო ფართით 120.25კვ.მ (18.5მX6.5მ), საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით უკანონოდ იყო რეგისტრირებული მოპასუხე ა. პ-ის სახელზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით, მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ მიითვისა მისი მიწის ნაკვეთი. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე მოპასუხემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურს და მას შემდგომ, როდესაც დარწმუნდა, რომ 550კვ.მ მიწის ნაკვეთი ზ. ე-ის სახელზე იყო რეგისტრირებული, ამ უკანასკნელთან დადო მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა 2010 წლის 25 აგვისტოს.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი მოპასუხე ა. პ-ის მიმართ დაკმაყოფილდა:

1. ა. პ-ს დაევალა საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანა ქ.ნინოწმინდაში, ტ-ის ქ.№3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2010 წლის 1 ივლისს შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ვ. ა-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაფარვის ფარგლებში, ზომით 18.5მ X 6.5მ-ზე, 120.25კვ.მ ფართით;

2 მოპასუხეს დაევალა ასევე გადაწყვეტილების აღსრულება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 14 დღის ვადაში; ამასთან, დადგენილ ვადაში მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება მიეცა, ეს მოქმედება შეესრულებინა მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით;

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 120 ლარის გადახდა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ა. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1997 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულებით, გ. ე-მა ნინოწმინდის რაისამომხმარებლო კოოპერატივისაგან შეიძინა ყოფილი უნივერმაღის შენობა N2, რომელიც მდებარეობდა ქალაქ ნინოწმინდაში, ტ-ის ქ.N3-ში;

გ. ე-ის გარდაცვალების შემდეგ, 2010 წლის 25 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, ნინოწმინდის ყოფილი უნივერმაღის შენობა მემკვიდრეობით გადავიდა ზ. ე-ის საკუთრებაში;

2010 წლის 10 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით, ზ. ე-ის სახელით მის წარმომადგენელ ა. პ-სა და ა. პ-ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ნინოწმინდის ყოფილი უნივერმაღის შენობა გადავიდა მოპასუხე ა. პ-ის საკუთრებაში;

მოსარჩელე ვ. ა-ი წარმოადგენს ქ.ნინოწმინდაში, ტ-ის ქ.№1-ში მდებარე ყოფილი ავტოსატრანსპორტო საწარმოს შენობის და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ფართით 2660კვ.მ) მესაკუთრეს;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, ვ. ა-ის განცხადებაზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეეტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მისი ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, ა. პ-ის საკუთრებაში (საკადასტრო კოდი: 65.12.34.064);

განსახილველი სარჩელით, მოსარჩელე ვ. ა-ი მოითხოვდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილებების შეტანას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ხარვეზიანობის დადგენა არ არის საკმარისი მოსარჩელის მიერ თავისი უფლების რეალიზაციისათვის. აუცილებელია, რომ ამ უსწორობით ილახებოდეს მოსარჩელის უფლება (სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლი). საკადასტრო აზომვითი ნახაზში უსწორო ჩანაწერი უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ ნახაზი მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში ან მისთვის მფლობელობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთს, ანუ დარღვეულია საკადასტრო მონაცემების ზედდების პრინციპი, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან. ამდენად, უნდა დადგენილიყო: შეუსაბამობის შედეგად დაირღვა თუ არა ვ. ა-ის საკუთრების უფლება, კერძოდ, ა. პ-ის მიერ შესრულებული მიწის საკადასტრო აზომვით ნახაზში შეყვანილი იყო თუ არა სადავო 120.25კვ.მ ფართი.

საქმეში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, როგორც აღინიშნა, ნასყიდობის საგანს ორივე შემთხვევაში წარმოადგენდა მხოლოდ ნინოწმინდის ყოფილი უნივერმაღის შენობა. ამასთან, საქმეზე მოწმედ დაკითხული პირების: ს. მ-ის (ყოფილი რაისამომხარებლო კოოპერატივის ბუღალტერი), ვ. მ-ის (ყოფილი ავტოსატრანსპორტო საწარმოს ბუღალტერი), ს. ბ-ის (მეზობელი) და ჟ. ე-ის (მეზობელი) ჩვენებებიდან ირკვეოდა, რომ განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთი არასდროს ყოფილა არც უნივერმაღის და არც მოპასუხე ა. პ-ის სარგებლობაში.

სასამართლომ, ადგილზე დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ სადავო 120.25კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ქ.ნინოწმინდაში, ტ-ის ქუჩაზე ყოფილი უნივერმაღისა და ყოფილი ავტოსატრანსპორტო საწარმოს ყოფილ ადმინისტრაციულ შენობას შორის. ამასთან ერთად, იგი შემოღობილი იყო ისე, რომ ნაკვეთზე შესასვლელი იყო მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საწარმოს მხრიდან და ლოგიკურად, ყოფილი ავტოსატრანსპორტო საწარმოს მიწის ნაკვეთთან ერთად შეადგენდა ერთ მთლიანს (იხ. 2012 წლის 10 აგვისტოს სხდომის ოქმი, ტომი 1. ს.ფ. 132-133).

სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებული მტკიცებულებებისა და საქმეში წარდგენილ რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების ამსახველი ნახაზის (ტომი 1. ს.ფ. 24) შეფასების შედეგად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ნინოწმინდის ყოფილ უნივერმაღზე არ იყო მიმაგრებული სადავო 120.25კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან საჯარო რეესტრში წარდგენილ ნახაზში დაშვებული იყო უზუსტობა, რამაც შესაბამისად, გამოიწვია უზუსტობა საჯარო რეესტრის მონაცემებში, კერძოდ, მოპასუხის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი მოიცავდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავი ნივთის (120.25კვ.მ ფართის) ნაწილს.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 185-ე და 312-ე მუხლებით, აგრეთვე, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით.

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგინდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ხარვეზიანობა, ამასთან, დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი მოიცავდა მოსარჩელის საკუთრებაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნაწილს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დადასტურდა რა სადავო საკადასტრო აზომვითი ნახაზით მოსარჩელის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტი, საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილების შეტანის თაობაზე და იგი მართლზომიერად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ასევე აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დაუსაბუთებელი იყო მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით ან, თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნათესავებად ითვლებიან: მეუღლე, დანიშნული, პირდაპირი ხაზის ნათესავები, და-ძმა, დისშვილები და ძმისშვილები, მშობლების და-ძმები, დანათესავებულები (მოყვრები), პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმა განსაზღვრავს ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობის დროს მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკრეტული საქმის განხილვაში. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვეოდა, მოპასუხემ ვერ მიუთითა მოსამართლის აცილების კანონით გათვალისწინებულ, საქმის განხილვაში მონაწილეობის დამაბრკოლებელ, ვერც ერთ გარემოებაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დასახელებული შუამდგომლობა მართებულად არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. პ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოსარჩელე ქ.ნინოწმინდაში, ტ-ის ქ.№1-ში მდებარე ავტოსატრანსპორტო საწარმოს შენობის და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ფართობით 2660კვ.მ) მესაკუთრედ, ვინაიდან ეს ქონება არ არის რეგისტრირებული მოსარჩელის სახელზე. საგულისხმოა, რომ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მითითებულია ვ. ა-ზე, ხოლო საკუთრების მოწმობაში – ვ. ა-ზე. სასამართლოს არ გაურკვევია, წარმოადგენს თუ არა იგი ერთსა და იმავე პიროვნებას;

მოსარჩელეს არ წარუდგენია ის საკადასტრო ნახაზი, რომლის საფუძველზეც მოხდა ნაკვეთების გადაფარვა. მას ასევე არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველ ნახაზზე მიწის ნაკვეთი შეესაბამება 2660კვ.მ-ს. ნინოწმინდის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საწარმოს უკავია 2795კვ.მ ფართი;

მოსარჩელის საკუთრების მოწმობიდან ირკვევა, რომ მან ავტოსატრანსპორტო შენობა შეიძინა 1998 წლის 31 დეკემბერს. საკუთრების მოწმობასა და პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მხარემ შეიძინა ავტოსატრანსპორტო საწარმოს შენობა და არა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული ტექნიკური პასპორტი, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობას აქვს 550კვ.მ მიწა, 46კვ.მ დამხმარე სათავსო და ხის საპირფარეშო. გარდა ამისა, არანაირი შეფასება არ მიეცა მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმას, რომელიც შედგენილია 1997 წელს, მათში მითითებულია 550კვ.მ მიწის ფართობზე;

მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნახაზი ხარვეზიანია, კერძოდ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველ ნახაზში არ არის მითითებული ზომები, არ არის გარკვეული მოცემული ნახაზის მიხედვით რამდენ კვადრატულ მეტრს შეადგენს ავტოსატრანსპორტო საწარმო;

სასამართლო არასწორად იყენებს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლს და მასზე დაყრდნობით არასწორად ამტკიცებს, რომ თითქოს ა. პ-ი არ არის კეთილსინდისიერი შემძენი. გაუგებარია, თუ საიდან უნდა სცოდნოდა ა. პ-ს, რომ უნივერმაღს სარგებლობაში არ ჰქონდა მიწა, მაშინ როდესაც ასეთი რეგისტრირებული იყო;

გ. ე-მა უნივერმაღის შენობა შეიძინა 1997 წლის 28 თებერვალს. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მიწის ნაკვეთი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნასყიდობის საგანი. ასეთი რამე დასაშვები გახდა 1997 წლის 25 ნოემბრის შემდეგ, როდესაც მიწის ნაკვეთები ფიზიკურ პირებს გადაეცათ სარგებლობაში. ამდენად, 550კვ.მ მიწის ნაკვეთი გადავიდა მის სარგებლობაში. რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობას, მასში მითითებულია, რომ ზ. ე-მა მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება შემდეგი მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა – ნინოწმინდა, კოდი – 65, სექტორი – ნინოწმინდა, კოდი – 12, კვარტალი – 25, ნაკვეთი – 058, ფართობი – 550კვ.მ დაზუსტებული. ამდენად, არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სამკვიდრო მოწმობაში მიწის ნაკვეთის ფართი აღნიშნული არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1997 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულებით, გ. ე-მა ნინოწმინდის რაისამომხმარებლო კოოპერატივისაგან შეიძინა ყოფილი უნივერმაღის შენობა N2, რომელიც მდებარეობდა ქალაქ ნინოწმინდაში, ტ-ის ქ.N3-ში;

გ. ე-ის გარდაცვალების შემდეგ, 2010 წლის 25 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, ნინოწმინდის ყოფილი უნივერმაღის შენობა მემკვიდრეობით გადავიდა ზ. ე-ის საკუთრებაში;

2010 წლის 10 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით, ზ. ე-სა და ა. პ-ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ნინოწმინდის ყოფილი უნივერმაღის შენობა გადავიდა მოპასუხე ა. პ-ის საკუთრებაში;

მოსარჩელე ვ. ა-ი წარმოადგენს ქ.ნინოწმინდაში, ტ-ის ქ.№1-ში მდებარე ყოფილი ავტოსატრანსპორტო საწარმოს შენობის და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ფართით 2660კვ.მ) მესაკუთრეს;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, ვ. ა-ის განცხადებაზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეეტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მისი ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, ა. პ-ის საკუთრებაში (საკადასტრო კოდი: ...).

საკადასტრო აზომვით ნახაზში შეყვანილია სადავო 120.25კვ.მ მიწის ფართი;

განსახილველი სარჩელით, მოსარჩელე მოითხოვდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილებების შეტანას.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მხარეთა შორის დავას იწვევს არა მარტო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, არამედ, ასევე, სადავო მიწაზე საკუთრების უფლება. ამ თავისებურების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუძლებელია სწორი დასკვნების გამოტანა საქმეზე მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზის სისწორის დადგენის გზით.

როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილებების შეტანის დავალება. მოსარჩელის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთი (საერთო ფართით 120.25კვ.მ) წარმოადგენდა მის საკუთრებას, რომელიც 1998 წლის 30 დეკემბერს აუქციონის გზით შეიძინა და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით უკანონოდ იყო რეგისტრირებული მოპასუხის სახელზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნით არ მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მიმართულია სადავო მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად რეგისტრაციისაკენ. ამასთან მიმართებით მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრმა შეაჩერა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რადგან მისი მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, მოპასუხის საკუთრებაში. ამდენად, უდავოა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის არც საჯარო რეესტრის მიერ სადავო ფართის (120.25კვ.მ) მის საკუთრებაში რეგისტრაციაზე წარმოების შეჩერების შესახებ ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას და არც ამ ფართის მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრაციის ფაქტს. ასეთ ვითარებაში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი ადგენს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს, რასაც ასევე ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლი (ანალოგიურ დანაწესს ითვალისწინებდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 68-ე მუხლი). მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ზემომითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილებების განხორციელება არ იწვევს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს.

მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზს, რაც თავისი სამართლებრივი მნიშვნელობით წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების დაწყების ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) საფუძველს („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი). მითითებული ნორმის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის განხორციელების სამართლებრივი ნორმები წარმოადგენენ საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლების ერთ-ერთ მარეგულირებელ მექანიზმს, რითაც განისაზღვრება საჯარო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული თავისებურებები. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. აღნიშნული დანაწესი უზრუნველყოფს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენის რეალიზაციას („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 152-ე მუხლის პირველი ნაწილი). აქედან გამომდინარე, საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ პირობებს, რომლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზს თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობისა და დაინტერესებული პირის შესახებ, აგრეთვე, დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ („საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. რეგისტრაციის პერიოდში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს ნორმატიული ანდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ხსენებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკადასტრო მონაცემები წარმოადგენენ რეგისტრაციის ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) საფუძველს. ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის უფლებამოსილი პირის მიერ ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი და არა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ხარვეზიანობის დადგენა არ არის საკმარისი მოსარჩელის მიერ თავისი უფლების რეალიზაციისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ უსწორობით ილახებოდეს მოსარჩელის უფლება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლი), რომლის დაცვას ის უნდა ახორციელებდეს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს („საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 30-ე მუხლი), მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე უთითებს საკუთრების უფლების დარღვევაზე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტით, მხოლოდ საკადასტრო აზომვითი ნახაზში ცვლილებების განხორციელება არ არის საკმარისი მოსარჩელის მიერ იურიდიული ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ ინფორმაციას, ხოლო მასში სასამართლო გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილებები არ არის საკმარისი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (საკასაციო პალატის ზემოხსენებული დასკვნები შესაბამისობაშია მსგავსი კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. სუსგ, 6 სექტემბერი 2013 წელი, საქმე №ას-1648-1545-2012-აბოიანი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის იმ მოთხოვნათა პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე ა. პ-ს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 160 ლარი, ხოლო, საკასაციო საჩივარზე 300 ლარი, სულ 460 ლარი (იხ, ტომი 1, ს.ფ. 175-176; ტომი 2, ს.ფ. 101). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 460 ლარის ანაზღაურება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, მათზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (საქართველოს შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს 2013 წლის 4 იანვრის წერილობითი უარი მ.პ-ის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებაზე; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის წერილობითი პასუხი მოქალაქე მ.ფ-ის მიმართ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განცხადების მიღების ბარათი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება (ტომი 2, ს.ფ. 97-100). კასატორს უნდა დაუბრუნდეს ასევე საკასაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: საქართველოს შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს 02.07.2013წ. მიმართვის წერილი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 2 მაისის წერილი დანართით; საკუთრების მოწმობის დამოწმებული ასლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ვ. ა-ს კასატორ ა. პ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 460 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

5. კასატორ ა. პ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული და საკასაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: საქართველოს შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს 2013 წლის 4 იანვრის წერილობითი უარი მ.პ-ის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებაზე; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის წერილობითი პასუხი მოქალაქე მ.პ-ის მიმართ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განცხადების მიღების ბარათი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება; საქართველოს შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს 02.07.2013წ. მიმართვის წერილი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 2 მაისის წერილი დანართით; საკუთრების მოწმობის დამოწმებული ასლები.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე