Facebook Twitter

№ ას-370-352-2013 8 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, შპს „კ. ს-ო“

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

კასატორ შპს „კ. ს-ოს“ მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „კ. ს-ოს“ წინააღმდეგ და მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის – 10000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი მოპასუხეების: სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და შპს ,,კ. ს-ოს” მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და შპს ,,კ. ს-ოს”, მოსარჩელე ლ. მ-ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის - 4000 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელე ლ. მ-ეს სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „კ. ს-ომ“ და სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით შპს „კ. ს-სა“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ 2012 წლის 6 თებერვალს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლობის” ეთერში გავიდა გადაცემა ,,აუდიტორია”, რომლის თემა იყო ,,ეპატაჟი ქართულად”, სადაც გამოყენებული იყო ლ. მ-ის სურათები.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ-ის გამოსახულება, სურათები გამოქვეყნებული იყო მისი თანხმობის გარეშე, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ გამოკვეთილა და არ გაიზიარა აპელანტ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლ. მ-ის ფოტოები გამოყენებული იყო კანონიერად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, ფოტოები გადაღებული იყო სასწავლო და კულტურული მიზნით და მისი გამოყენება არ საჭიროებდა მოსარჩელის თანხმობას.

პალატამ აღნიშნა, რომ, აპელანტი (მოპასუხე) საქართველოს სსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ფოტოგადაღება დაკავშირებული იყო კულტურულ მიზნებთან. ამასთან, რომ ფოტოგადაღება იყო საცდელი ფოტოსესია, რასაც, შედეგად არ მოჰყოლია რაიმე ხელშეკრულების გაფორმება მოსარჩელესა და მოპასუხე ,,კ. ს-ოს’’ შორის, რაც შესაძლებლობას მისცემდა მოპასუხეს, აღნიშნული სურათები გამოეყენებინა თავისი შეხედულებისამებრ. იმ ფაქტს, რომ მხარეთა შორის შეთანხმება არ შედგა ადასტურებს ასევე ის გარემოება, რომ აპელანტმა შპს „კ. ს-ომ“ ლ. მ-ეს თავად გადასცა დისკი, რომელზეც ეს სურათები იყო ჩაწერილი.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტ შპს ,,კ. ს-ოს’’ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული ის გარემოება, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ლ. მ-ემ სურათები შპს ,,კ. ს-ი’’ გადაიღო და შპს ,,კ. ს-ომ’’ საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოყენების მიზნით გადასცა.

პალატის მითითებით, ის, რომ ლ. მ-ემ სურათები გადაიღო შპს ,,კ. ს-ი’’ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მთელი ფოტომასალა ჩაწერილი იყო ამავე ს-ის საფირმო დისკზე, შესაბამისად, პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს’’ სწორედ შპს ,,კ. ს-ომ’’ გადასცა სურათები, რაც ასევე დაადასტურეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა.

პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული გარემოებები საქართველოს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და ,,გ’’ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დარღვევაზე.

სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გადაწყვიტა მატერიალური სამართლის ნორმათა სწორი გამოყენებისა და განმარტების შესაბამისად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავის საგანი არ გამომდინარეობდა საავტორო უფლებიდან. დავის საგანი გამომდინარეობდა პირის თანხმობის გარეშე საკუთარი გამოსახულების გამოქვეყნების მართლზომიერებიდან, რაც დაცულია სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით. ამდენად, პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების გამოყენების საფუძველი.

მორალური ზიანის მიყენების ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რასაც სადავოდ ხდიდნენ აპელანტები, პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელეს ჩამოყალიბებული ჰქონდა სასარჩელო განცხადებაში. სასამართლომ მოისმინა მხარის ახსნა–განმარტება, შეაფასა თავად მორალური ზიანის გამომწვევი ფაქტობრივი გარემოება, მხედველობაში მიიღო ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხი და მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაკისრებოდათ მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია ლ. მ-ის პატივი, ღირსება, უფლება გამოსახულებაზე.

პალატამ მიუთითა სსკ-ის 992-ე, მე-18.6-ე, 413.1-ე მუხლებზე და განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელე ლ. მ-ის სასარგებლოდ, მოპასუხეებისათვის მორალური ზიანის – 4000 ლარის ანაზღაურება გონივრული და სამართლიანი იყო და არსებობდა აღნიშნული თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და შპს „კ. ს-ომ“, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განარტებით, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევით დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ლ. მ-ის მორალური ზიანის მიყენების შესახებ, მაშინ, როდესაც საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 18.5-ე მუხლი და არასწორადვე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

კასატორის აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი (სსკ-ის 18.2), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სსკ-ის 412-ე მუხლი), ამასთან, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 18.5-ე, 18.6-ე, 413-ე და 992-ე მუხლები.

კასატორ შპს „კ. ს-ოს“ განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ ლ. მ-ეს სურათები გადაუღეს შპს „კ. ს-ი“, ლ.მ-ის სურათების არც გადაღება და არც გადაღებული მასალების შემდგომი საჯარო ჩვენება შპს „კ. ს-ოს“ არ განუხორციელებია. თავად მოსარჩელისვე განმარტებით, ხსენებული სურათების გადაღებას აწარმოებდა შპს „რ. და კ-ა“ ჯურნალ „ფლეი ბოი“-ში გამოყენების მიზნით, რომელსაც, თავის მხრივ, იჯარით ჰქონდა აღებული შპს „კ. ს-ა“, ხოლო ფოტოგრაფი გახლდათ გ. დ-ი (იგივე ჯ. რ-ი), რომელიც არ არის შპს „კ. ს-ოს“ თანამშრომელი.

კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ შპს „კ. ს-ომ“ გამოყენების მიზნით გადასცა სურათები საზოგადოებრივ მაუწყებელს. არ არსებობდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 და 42-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით დადებული ხელშეკრულება, რაც ცხადყოფს, რომ უსაფუძვლოა მითითება იმ გარემოებაზე, რომ შპს „კ. ს-ომ“ ფოტოები გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „კ. ს-ოს“ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ 2012 წლის 6 თებერვალს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლობის” ეთერში გავიდა გადაცემა ,,აუდიტორია”, რომლის თემა იყო ,,ეპატაჟი ქართულად”, სადაც გამოყენებული იყო ლ. მ-ის სურათები.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ-ის გამოსახულება - სურათები გამოქვეყნებული იყო მისი თანხმობის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლ. მ-ის ფოტოები გამოყენებული იყო კანონიერად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, ფოტოები გადაღებული იყო სასწავლო და კულტურული მიზნით და მისი გამოყენება არ საჭიროებდა მოსარჩელის თანხმობას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ფოტოგადაღება დაკავშირებული იყო კულტურულ მიზნებთან. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ფოტოგადაღება იყო საცდელი ფოტოსესია, რასაც, შედეგად არ მოჰყოლია რაიმე ხელშეკრულების გაფორმება მოსარჩელესა და მოპასუხე ,,კ. ს-ოს’’ შორის, რაც შესაძლებლობას მისცემდა მოპასუხეს სურათები გამოეყენებინა თავისი შეხედულებისამებრ. იმ ფაქტს, რომ მხარეთა შორის შეთანხმება არ შედგა, ადასტურებს ასევე ის გარემოება, რომ შპს „კ. ს-ომ“ ლ. მ-ეს თავად გადასცა დისკი, რომელზეც ეს სურათები იყო ჩაწერილი.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,კ. ს-ი’’ ლ. მ-ის სურათების გადაღების ფაქტი დასტურდებოდა იმითაც, რომ მთელი ფოტომასალა ჩაწერილი იყო ,,კ. ს-ოს’’ საფირმო დისკზე, შესაბამისად, პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს’’ სწორედ შპს ,,კ. ს-ომ’’ გადასცა სურათები, რაც ასევე დაადასტურეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა.

ზემოაღნიშნულ ფაქტებთან მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა.

ამდენად, საკასაციო პალატის შემოწმების საგანს წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, დაირღვა თუ არა ლ. მ-ის უფლება, მისი თანხმობის გარეშე, მისი გამოსახულებით ფოტოსურათების გავრცელებით და შეუძლია თუ არა ამისათვის მან მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება, რაზეც პასუხი დადებითია.

შპს „კ. ს-ო“ საკასაციო საჩივარში უთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო ურთიერთობაზე უნდა გამოეყენებინა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, განხილვის საგანს წარმოადგენს არა ფოტოგრაფიული წესით შექმნილ ნაწარმოებზე საავტორო უფლების დაცვა, არამედ ამ ფოტოსურათებში საკუთარი გამოსახულების უფლების დაცვა, რომლის ობიექტია ინდივიდის თავისუფლება და არა ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნილი ნაწარმოები. საკუთარი გამოსახულების საჯაროდ გავრცელების უფლება მისთვის სასურველი ფორმითა და შინაარსით არის პიროვნულობის განუყოფელი ნაწილი, რაც არ განეკუთვნება ავტორის განსაკუთრებულ უფლებათა კატეგორიას, რაც დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაავრცელა სადავო ურთიერთობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის დანაწესი.

შპს „კ. ს-ო“ საკასაციო საჩივარში, ასევე უთითებს, რომ შპს „კ. ს-ოს“ არც ფოტოები გადაუღია და არც საჯაროდ გაუვრცელებია. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც არ არის შედავებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიით (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი). კერძოდ, დადგენილია, რომ ლ. მ-ეს სურათები გადაუღეს შპს ,,კ. ს-ი’’, რაც დასტურდებოდა იმით, რომ მთელი ფოტომასალა ჩაწერილი იყო ,,კ. ს-ოს’’ საფირმო დისკზე. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს’’ სწორედ შპს ,,კ. ს-ომ’’ გადასცა სურათები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ დავუშვებთ, რომ შპს „კ. ს-ოს“ უშუალოდ არ გადაუღია ფოტოები, მნიშვნელოვანია ის, რომ ფოტოსურათები სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს’’ გასავრცელებლად შპს ,,კ. ს-ომ’’ ლ. მ-ის თანხმობის გარეშე გადასცა, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს შპს „კ. ს-ის“ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლობა” საკასაციო საჩივარში უთითებს ორ სამართლებრივ კრიტერიუმზე. პირველი ეხება პირადი არაქონებრივი უფლების დარღვევის ფაქტის არსებობას, ხოლო მეორე – მორალური ზიანის არსებობის ფაქტს.

კასატორი სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლობა” საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ლ. მ-ემ ფოტოები გადაიღო შპს „კ. ს-ი“ ჟურნალ „ფლეიბოისათვის“ იმ მიზნით, რომ ბედი ეცადა ფოტომოდელის კარიერაში, რაც კულტურულ მიზნებთან ფოტოგადაღების კავშირზე მიუთითებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–18 მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო, ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოები (ვიდეო და ა.შ.) საზოგადო ვითარებაში გადაიღეს, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.

განსახილველი ნორმა კრძალავს პირის გამოსახულების (ამ შემთხვევაში მის გამოსახულებას ფოტოსურათზე) გამოქვეყნებას მისი თანხმობის გარეშე. ამ პირის თანხმობა არის ცალმხრივი გარიგება, რომლისთვისაც აუცილებელია ნების გამოვლენა და ამ ნების მისვლა მეორე მხარისათვის. ამავე დროს კანონი უშვებს გამონაკლისებს, რა დროსაც არ არის საჭირო ამ პირის თანხმობა:

1. როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან;

2. მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო, ან კულტურულ მიზნებთან,

3. ფოტოები (ვიდეო და ა.შ.) საზოგადო ვითარებაში გადაიღეს;

4. პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.

მითითებული გამომრიცხავი გარემოებებიდან კასატორი უთითებს იმაზე, რომ ფოტოგადაღება უკავშირდებოდა კულტურულ მიზნებს. ამ გარემოებას კასატორი ასაბუთებს იმით, რომ ლ. მ-ემ ფოტოები გადაიღო შპს „კ. ს-ი“ ჟურნალ ფლეიბოისათვის“ იმ მიზნით, რომ ეცადა ბედი ფოტომოდელის კარიერაში.

აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ, რომ ლ. მ-ის მიერ შპს „კ. ს-ი“ ჟურნალ ფლეიბოისათვის“ გადაღებული ფოტოგადაღება უკავშირდებოდა კულტურულ მიზნებს, რა იგულისხმება ამ ნორმაში მითითებულ ტერმინში „დაკავშირებულია ... კულტურულ მიზნებთან“.

ამ ტერმინში უნდა ვიგულისხმოთ მოქმედებები, რომლებიც ისახავენ ადამიანთა ფსიქიკასა და გონებაზე ისეთი ზემოქმედებას, რომელიც ატარებს გარკვეული ფორმით ინფორმაციას იდეალიზებული, სულიერი თუ სხვა ფასეულობების შესახებ, და დასახული მიზნის მიღწევის საუკეთესო გზაა. მაგრამ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ფოტოგადაღება იყო საცდელი ფოტოსესია, რასაც, შედეგად არ მოჰყოლია რაიმე ხელშეკრულების გაფორმება მოსარჩელესა და მოპასუხე ,,კ. ს-ოს’’ შორის (ამ ფაქტების საწინააღმდეგოს არ უთითებენ კასატორები), შესაბამისად, ლ. მ-ეს ფოტოები არ გამოუყენებია, რაც გამორიცხავს ამ ფოტოების ნებისმიერი მიზნით, მათ შორის კულტურულ მიზნებისათვის გამოყენებას.

ასევე გასათვალისწინებელია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ლ. მ-ე პოზირებდა იმისათვის, რომ ფოტომოდელის კარიერაში ეცადა ბედი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონის ზემომითითებული დანაწესი დაზუსტებულია, როდესაც ამავე ნორმით ადგენს, რომ პირის გამოსახულების გამოქვეყნებას არ სჭირდება პირის თანხმობა, იმ შემთხვევაშიც თუ პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.

როგორც უკვე აღინიშნა, ფოტოების გადაღება ცნობილი ჟურნალისათვის შეიძლება, უკავშირდებოდეს კულტურულ მიზნებს, მაგრამ კანონი აზუსტებს შემთხვევებს, როდესაც, მაგალითად, ფოტოგადაღება ან ვიდეოგადაღება არ უკავშირდება კულტურულ მიზნებს, მიუხედავად ამისა, ამ პირის თანხმობა გამოსახულების გამოქვეყნებაზე არ იყოს საჭირო, კერძოდ, პოზირებისათვის, ანუ თავისი ნებით, როდესაც პირი მონაწილეობს ფოტო, ვიდეოგადაღებაში და ა,შ. მისი გამოსახულების გამოქვეყნება მისი თანხმობის გარეშე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური. ამით იგულისხმება, რომ პირი თანახმაა ეს ფოტოები საზოგადოების ფართო წრისათვის გახდეს ცნობილი.

საკასაციო პალატა, კიდევ ერთხელ დასძენს, რომ კასატორები სადავოდ არ ხდიან, რომ შპს „კ. ს-სა“ და ლ. მ-ეს შორის ხელშეკრულება არ დადებულა და ამ უკანასკნელს არ მიუღია საზღაური (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

ამდენად, ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ პირს გააჩნია პოზირების უფლება და თავის გამოსახულების გავრცელების უფლება. მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ლ. მ-ეს არ გამოუთქვამს ნება მათი გავრცელებისათვის. როგორც აღინიშნა, ფოტოგადაღება იყო საცდელი ფოტოსესია და მისი გასაჯაროობის, გამოქვეყნების უფლება ჰქონდა მხოლოდ ლ. მ-ეს. ამდენად, გადაღებული ფოტოების გამოყენება წარმოადგენს ლ. მ-ის უფლებას და მხოლოდ მის მიერ ამ ფოტოსურათების გამოქვეყნებაზე თანხმობის მიცემის ან საზღაურის მიღების შემთხვევაში აღნიშნული ფოტოები განკუთვნილი იქნებოდა საზოგადოების ფართო წრისათვის (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საქმეზე Von Hannover v. Germany აღნიშნა, რომ კონვენციის მე-8 მუხლის გავრცელების ფარგლების განსაზღვრისათვის მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას გადაღებული ფოტოები განეკუთვნებოდა პირად მიზნებს, თუ გათვლილი იყო საზოგადოების ფართო წრისათვის). იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ფოტოსურათები გადაღებული იყო საცდელ ფოტოსესიაზე, მიუთითებს იმაზე, რომ მათ საჯარო გავრცელებაზე გადაწყვეტილება არ იყო მიღებული.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ კასატორებმა დაარღვიეს ლ. მ-ის უფლება თანხმობის გარეშე მისი გამოსახულებით ფოტოების გამოქვეყნებით.

როგორც უკვე აღინიშნა, კასატორი, ასევე ასაჩივრებს სააპელაციო გადაწყვეტილების კანონიერებას მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მორალური ზიანის ფაქტს. ლ. მ-ე ხშირად იღებდა მონაწილეობას მსგავს კონკურსებში და დაჯილდოებულია პრიზებით, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ის ვერ განიცდიდა სულიერ ტანჯვას. ხოლო კონტრაქტი არ გაფორმდა არა იმიტომ, რომ მას პრობლემა ჰქონდა ფოტოების საჯაროდ გამოქვეყნებასთან, არამედ იმიტომ, რომ მხრეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას გარკვეულ საკითხებზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორალურ ზიანთან დაკავშირებული დავები განსხვავდებიან თავისი სპეციფიკით, რადგან ეხება დაზარალებულის შინაგან მდგომარეობას, მის განცდებსა და ფსიქოფიზიკურ მდგომარეობას, რაც დაკავშირებულია მის სულიერ ტანჯვასთან და ა.შ. ამ დავების თავისებურებები, ასევე ვლინდება მტკიცების ტვირთის განაწილებაში.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მორალური ზიანის მიყენების ფაქტი და განმარტავს, რომ კონკრეტული დავის სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც ეხება პირის თანხმობის გარეშე მისი ფოტოსურათების გავრცელებას, მისი სულიერი ტანჯვა (მორალური ზიანი) დასტურდება, უპირველეს ყოვლისა, იმ ფაქტებრივი გარემოებებით, რომლებიც იწვევენ პირის პასუხისმგებლობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით. პირის ახსნა-განმარტება, წარმოადგენს მტკიცებულებას ამ ფაქტების (პირის თანხმობის გარეშე მისი ფოტოსურათის გავრცელებისას) შედეგად მისი უარყოფითი ემოციების თაობაზე. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ფოტოსურათების შინაარსობრივ მხარეს და ამ ფოტოსურათების გავრცელებისას გადაცემაში (გადაცემა ,,აუდიტორია”, რომლის თემა იყო ,,ეპატაჟი ქართულად”) გამოყენებულ კონტექსტს. ეპატაჟი ნიშნავს ყურადღების მიპყრობის მიზნით პირის გამომწვევ, სკანდალურ საქციელს, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში მიღებულ სამართლებრივ, ზნეობრივ, სოციალურ და სხვა ნორმებს, შესაბამისად, მითითებული ნორმებით პასუხისმგებლობის განსაზღვრის წინაპირობების არსებობა მიგვითითებს მორალური ზიანის არსებობის პრეზუმფციაზე, რაც უნდა გააქარწლოს მეორე მხარემ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია, მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება, მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ამდენად, ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები არ უთითებენ თავიანთი ბრალის გამომრიცხავ გარემოებებზე. შესაბამისად, ორივე კასატორს უნდა სცოდნოდა რომ აუცილებელი იყო ლ. მ-ის თანხმობა ამ ფოტოსურათების გავრცელებაზე, რასაც ადგილი არ ჰქონდა.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლითაც დგინდება მორალური ზიანის არსებობის ფაქტი:

1. ლ. მ-ის თანხმობის გარეშე გავრცელდა მისი ფოტოსურათები, რაც მიუთითებს მოპასუხეების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაზე;

2. მოპასუხეებს უნდა სცოდნოდათ, რომ ამ ფოტოსურათების გავრცელებისათვის აუცილებელი იყო ლ. მ-ის თანხმობა, რასაც ადგილი არ ჰქონია, უნებართვოდ გავრცელება კი, მიუთითებს მოპასუხეების ბრალეულ მოქმედებაზე;

3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებსა (თანხმობის გარეშე მისი გამოსახულების საჯაროთ ჩვენება) და მიღებულ შედეგს შორის (ნებართვის გარეშე გამოქვეყნებული ფოტოსურათების შედეგად მოსარჩელის სულიერი მდგომარეობა, მისი ახლობლების მიერ ამ ფაქტის უარყოფითი შეფასება და ა.შ).

კასატორი, ასევე უთითებს იმაზე, რომ ლ. მ-ე ხშირად იღებდა მონაწილეობას მსგავს კონკურსებში და დაჯილდოებულია პრიზებით, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ის ვერ განიცდიდა სულიერ ტანჯვას. აღნიშნული გარემოებას კასატორი ადასტურებს პირველ ინსტანციის სასამართლოში ლ. მ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით (18.09.12 სხდომის ოქმის 11.28.22 ჩანაწერი). ლ. მ-ის ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ ის მონაწილეობდა ფოტოგადაღებებში, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ მისივე ახსნა-განმარტებაში (14.02.13 სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის 14.06.44 ჩანაწერი) აღნიშნულია, რომ ასეთ კონკურსებში ის მონაწილეობდა გათხოვებამდე, ხოლო შპს „კ. ს-ი“ კი, მან მხოლოდ საცდელი ფოტოები გადაიღო.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შპს „კ. ს-ი“ გაიმართა საცდელი ფოტოსესია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელეს უნდა გადაეწყვიტა, თუ რამდენად იყო მისთვის მისაღები ამ კონკრეტული ფოტოსურათების გამოქვეყნება, რაც მისი სუბიექტური აღქმის საგანია. ამდენად, კასატორის მითითება, რომ ლ. მ-ე მონაწილებდა მსგავს კონკურსებში, არ გამორიცხავს სულიერი ტანჯვის ფაქტს, რომელიც გამოწვეული იყო სადავო ფოტოსურათების გამოქვეყნებით იმ ობიექტური თუ სიბიექტური ფაქტორების (მოსარჩელის შეფასება ამ კონკრეტული ფოტოების, საზოგადოების თუ ოჯახის წევრების დამოკიდებულების მოლოდინი, რამდენად შეესაბამებოდა ამ ფოტოების გამოქვეყნება მის მიზნებს და ა.შ) გათვალისწინებით, რაც არსებობდა ამ მომენტში. საკუთარი გამოსახულების, მისი ფორმის, შინაარსის, ადგილისა და გამოქვეყნების დროის არჩევა ამ პირის უფლებას წარმოადგენს, რაც დაცულია კანონით.

აღნიშნული თავისებურების გათვალისწინებით ადამიანის პიროვნული ღირებულებების ხელყოფის ფაქტის შემთხვევაში მორალური ზიანის შინაარსსა და მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსია 413-ე მუხლი). ამ შემთხვევაში ზიანის მოცულობის შეფასებისას მნიშვნელობა ენიჭება გარკვეული სოციალური ფაქტორების გათვალისწინებას. ფულადი კომპენსაცია ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს იმ დადებით ემოციას, რომელიც ეხმარება დაზარალებულს, სრულფასოვნად ჩაერთოს სოციალურ ურთიერთობებში. ეს ის შედეგია, რომელიც საბოლოოდ ითვალისწინებს მორალური ზიანის კომპენსაციას და არა ხელყოფილი უფლების რესტიტუციას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, მოპასუხეებზე დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობა არის გონივრული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მორალური ზიანის 4000 ლარამდე შემცირება გონივრულ და სამართლიან ოდენობად, კერძოდ, საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ კასატორების მოქმედებებში არ არის განზრახ ბრალი. ფოტოსურათები არ არის დამახინჯებული ფორმით გავრცელებული. არ დასტურდება მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთან ერთად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სადავო ფოტოსურათები გავრცელდა მოსარჩელის თანხმობის გარეშე. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ფოტოსურათების შინაარსობრივ მხარეს და ამ ფოტოსურათების გავრცელებას (გადაცემა ,,აუდიტორიაში”, რომლის თემა იყო ,,ეპატაჟი ქართულად”) გამოყენებულ კონტექსტს (,,ეპატაჟი ქართულად”) და მიიჩნევს, რომ კასატორებზე დაკისრებული თანხა არის გონივრული და სამართლიანი.

მორალური ზიანის შეფასებისას შეუძლებელია ეკვივალენტური პრინციპის გამოყენება, რადგან მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სულიერი ტანჯვის კომპენსირება სრულად, შეუძლებელია. ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა იყოს ადეკვატური და შეესაბამებოდეს ამ პასუხისმგებლობის განსაზღვრის ყველა წინაპირობებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „კ. ს-ოს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე