№ ას-378-359-2013 15 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ინფორმაციის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „...“ წინააღმდეგ და მოითხოვა საინფორმაციო გადაცემა ”კურიერის” მეშვეობით მოსარჩელე ქ. გ-ის ექიმბაშობის შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის უარყოფა; მოპასუხე შპს სამაუწყებლო კომპანია ”...” დაევალოს, საინფორმაციო გადაცემა ”კურიერის” მეშვეობით მოსარჩელე ქ. გ-ეს მოუხადოს ბოდიში, მისი ექიმბაშობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო (იხ. ს.ფ. 143; 18.05.2012 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 144), შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ტელეკომპანიის საინფორმაციო პროგრამა „კურიერში”, 2011 წლის 6 ივლისს, 21 საათზე, მე-3 სიუჟეტად გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც ის არაერთხელ მოიხსენიეს როგორც ექიმბაში, რამაც შელახა მისი, როგორც ექიმის ავტორიტეტი, მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი; ეს ინფორმაცია მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება: მან სამედიცინო ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა, აქვს მუშაობის საკმარისი სტაჟი და გამოცდილება, ექიმბაში კი გაუნათლებელ სახალხო მკურნალს ნიშნავს. მისი მკურნალობის მეთოდია ბიორეზონანსული კვლევა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ბიორეზონანსი ან იგივე, ბიორეზონანსული თერაპია მკურნალობის ალტერნატიული მედიცინის მიმართულებათა ჯგუფია, ე. წ. „სიხშირის შკალა” იძლევა თერაპიული ეფექტის მიღების შესაძლებლობას. მოსარჩელის განმარტებით, მკურნალობის ეს მეთოდი მსოფლიოს 35 ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება, ამ მეთოდის გამოყენებით მან ბევრი სერიოზული დაავადება დაამარცხა.
მოპასუხე შპს სამაუწყებლო კომპანია „...“ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო, და უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რის გამოც მოითხოვა მოსარჩელე ქ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხის განმარტებით, სადავო სიუჟეტი მომზადდა მოსარჩელის ყოფილი პაციენტის - მ. ე-ის მიმართვის საფუძველზე. სიტყვა „ექიმბაში” ორჯერ არის გამოყენებული წამყვანის ტექსტში, სიუჟეტის დაწყებამდე და არა უშუალოდ სიუჟეტში. სიტყვა ”ექიმბაში” განიმარტება, როგორც სახალხო მკურნალი, რომელიც მკურნალობს არატრადიციული მეთოდებით. მოსარჩელე კი თვითონვე მიუთითებს, რომ ის მკურნალობს არატრადიციული სამკურნალო მეთოდიკით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტლების მიღებით ტელეკომპანია „...“ მისი ექიმბაშობის შესახებ ინფორმაციის უარყოფის დავალებულება იმავე გადაცემით, რომლითაც ეს ინფორმაცია გავრცელდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ქ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ არ გაიზიარა ქ. გ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული ის გარემოება, რომ სასამართლოს, დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის, უნდა გამოეკვლია მ. ე-ის განცხადების სისწორე და მოსარჩელე ქ. გ-ის მიერ გამოყენებული მეთოდის ავკარგიანობა.
პალატამ აღნიშნა, რომ ქ. გ-ე მოითხოვდა: ა) მოპასუხე შპს სამაუწყებლო კომპანია ”...”, მოსარჩელე ქ. გ-ის ექიმბაშობის შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის საინფორმაციო გადაცემა „კურიერის” მეშვეობით უარყოფის დავალებას და ბ) მოპასუხე შპს სამაუწყებლო კომპანია ”...”, საინფორმაციო გადაცემა „კურიერის” მეშვეობით მოსარჩელე ქ. გ-ის ბოდიშის მოხდის დავალებას მისი ექიმბაშობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. ამდენად, დავის საგანი ეხებოდა სიტყვა ,,ექიმბაშის’’ გამოყენების მართლზომიერებას და მოსარჩელის პატივისა და ღირსების შელახვას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოცემული სამოქალაქო დავის საგნიდან გამომდინარე, არ არსებობდა მაკა ერემაძის განცხადების სისწორისა და ქ. გ-ის მიერ გამოყენებული მეთოდის ავკარგიანობის გამოკვლევა.
ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ ქ. გ-ის მეორე სასარჩელო მოთხოვნა - შპს სამაუწყებლო კომპანია ”...” დაევალოს საინფორმაციო გადაცემა „კურიერის” მეშვეობით ქ. გ-ის ბოდიშის მოხდა, არ შეესაბამებოდა სპეციალური კანონის - ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ცილისწამების განხორციელების გამო მოპასუხისათვის იმპერატიულად განსაზღვრულ სანქციას.
პალატამ მიუთითა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონი პირდაპირ ადგენს ცილისწამების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის არსს და მოსარჩელის მოთხოვნა კანონით განსაზღვრულ მოთხოვნას სცდება, სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, არ აქვს სამართლებრივი საფუძვლები, დააკმაყოფილოს სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც მოპასუხისათვის ბოდიშის მოხდის დაკისრებას შეეხება.
პალატამ აღნიშნა, რომ ქ. გ-ის მიერ სასამართლოსათვის შესაბამისი სარჩელით მომართვის საფუძველი გახდა შპს სამაუწყებლო კომპანია ,,...” ეთერით, სახელდობრ, 2011 წლის 6 ივლისს, 21 საათზე, მოქალაქე მ. ე-ის მიმართვის საფუძველზე, გასული საინფორმაციო გადაცემა ”კურიერის” მესამე სიუჟეტის დაწყებამდე, გადაცემა „კურიერის” ტელეწამყვანის შესავალ კომენტარში ქ. გ-ის მისამართით სიტყვა „ექიმბაშის” ორჯერ გამოყენება, რითაც შეილახა ქ. გ-ის, როგორც ექიმის ავტორიტეტი და მას, მისივე განცხადებით, მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.
პალატის მოსაზრებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. გ-ე წარმოადგენს უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირს, კერძოდ, დადგენილია, რომ ქ. გ-ემ 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია; 1994-1996 წლებში გაიარა მომზადება ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სკ ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში და დაამთავრა ექიმ-რეპროდუქტოლოგის სპეციალობის სრული კურსი. 2006-2007 წლებში მომზადდა პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამაში (სპეციალობა - შინაგანი სნეულებანი - იხ. ს.ფ. 17; 18; 19; 22). ქ. გ-ე 1988-1994 წლებში მუშაობდა კასპის სამედიცინო გაერთიანების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამსვლელ ბრიგადაში ექიმ-თერაპევტად (იხ.ს.ფ. 20); ქ. გ-ე არის საქართველოს მედიკოსთა კავშირის თავმჯდომარე (იხ.ს.ფ. 13-16). დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ ქ. გ-ე ახორციელებს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას, კერძოდ, პაციენტებს თავის საცხოვრებელ ბინაში იღებს, დიაგნოზს უსვამს და მკურნალობს.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ქ. გ-ე პაციენტებს დიაგნოზს უსვამდა და მკურნალობდა ბიორეზონანსული (მოსარჩელის განმარტებით, ბიორეზონანსი, იგივე ბიორეზონანსული თერაპია მკურნალობის ალტერნატიული მედიცინის მიმართულებათა ჯგუფია, ე.წ „სიხშირის შკალა” გვაძლევს თერაპიული ეფექტის მიღების შესაძლებლობას) კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდით. მისივე განმარტებით, საქართველოში ბიორეზონანსულ მეთოდს იყენებდა მხოლოდ მოსარჩელე. პალატამ აღნიშნა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალიწინებული სახელმწიფო სერტიფიკატი იმ სპეციალობის მითითებით, რასაც მოსარჩელე ახორციელებდა. ამასთან, სადავო სიუჟეტში პროფესიული განვითარების სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ ქ. გ-ე ინფორმაციას არ შეიცავდა სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრი, ქ. გ-ეს არ გააჩნდა სახელმწიფო სერტიფიკატი და მას არ ჰქონდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება (იხ. დისკი, ს.ფ. 72).
პალატამ ყურადღება გაამახვილა სიტყვა ,,ექიმბაშის’’ მნიშვნელობაზე, რაც ნიშნავს არატრადიციული, ხალხური მეთოდებით მკურნალს. სიტყვას, გამოყენების კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს.
საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (რაც ქ. გ-ეს სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია), რომ 1. სადავო სიუჟეტში ქ. გ-ე არც ერთხელ არ არის მოხსენიებული როგორც ექიმბაში; 2. სიტყვა „ექიმბაში” ორჯერ არის გამოყენებული სიუჟეტის დაწყებამდე, გადაცემა „კურიერის” ტელეწამყვანის შესავალ კომენტარში; 3. სიუჟეტში ჟურნალისტი მოსარჩელის მიმართ იყენებს სიტყვა „ექიმს”; 4. სიუჟეტის მიმდინარეობისას, გარკვეული პერიოდი, სიუჟეტს გასდევს (ადევს) ტიტრი: ექიმმა პაციენტს დიაგნოზირება საკუთარ ბინაში უჩვეულო მეთოდით ჩაუტარა. იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი საშუალო პაციენტის პოზიციიდან მეტად უჩვეულოდ გამოიყურება ქ. გ-ის მიერ გამოყენებული კვლევის, დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდი, ზოგ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, თუნდაც განათლებულ ადამიანში, ამ მეთოდს შეუძლია, გარკვეული ეჭვის, უნდობლობის გაჩენა, მისი უჩვეულობის გამო (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.10. პუნქტი ქ. გ-ის საქმიანობის აღწერილობა), პალატამ დაასკვნა, რომ გადაცემის წამყვანის მიერ მოსარჩელის მიმართ სიტყვა ,,ექიმბაშის’’ გამოყენებას, მისი კონტექსტიდან გამომდინარე, არ ჰქონდა უარყოფითი დატვირთვა. გადაცემის წამყვანის მიერ ტერმინი ”ექიმბაში” გამოყენებული იყო მხოლოდ არატრადიციული, უჩვეულო მეთოდით მკურნალის მნიშვნელობით.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის პატივისა და ღირსების შესაბამისი დაცვა, უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებანი: 1. პირის პატივისა და, ღირსების შელახვა; 2. პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელება; 3. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა;
საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24.1-ე, „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-9 მუხლის პირველი პუნქტზე მე-13 მუხლის, მე-7 მუხლზე მითითებით, პალატამ მიიჩნია, რომ გადაცემის წამყვანმა ტერმინი „ექიმბაში” გამოიყენა მხოლოდ არატრადიციული, უჩვეულო მეთოდით მკურნალობის მნიშვნელობით, რაც მოსარჩელის საქმიანობის მიმართ მოპასუხის შეფასებით მსჯელობას (აზრს) წარმოადგენდა. აზრი კი, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ფ” ქვეპუნქტის თანახმად, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და ითვალისწინებს პირის სრულ და უპირობო განთავისუფლებას კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე და განმარტა, რომ მედიის (პრესის, ტელევიზიის) მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია შესაძლებელია, შეიცავდეს სხვა პირთა უფლებებისა და მათი რეპუტაციის შელახვის რისკს. გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელი, მაგრამ არ არსებობდეს ამ უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) ისეთი აუცილებელი წინაპირობა, რაც დაცულია განსახილველი კონვენციის მე-10 მუხლით, კერძოდ, ამ უფლების შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში. გამომდინარე იქიდან, რომ ჯანმრთელობის დაცვის საკითხებით დაინტერესებულია საზოგადოების ფართო ნაწილი, შესაბამისად, მედიასაშუალებებიც მოწოდებული არიან მაყურებელთა აუდიტორიას ამ საკითხების შესახებ აქტიურად მიაწოდონ იმ სახის ინფორმაცია, რომელმაც, შესაძლოა, გარკვეული გავლენა იქონიოს კონკრეტული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.
პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის (მოსარჩელის) პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით, არ არსებობდა მოპასუხისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საჭიროება. ტერმინ „ექიმბაშის” გადაცემის წამყვანის მიერ გამოყენება არ ქმნიდა მედიის თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივ წინაპირობას, განსაკუთრებით კი, იმ ვითარებაში, როდესაც, მოსარჩელე არასერტიფიცირებულ დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ეწეოდა, რაც მკურნალობის მეთოდის უჩვეულობიდან გამომდინარე, გარკვეულ პირთა (მათ შორის ჟურნალისტის) მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც საქმიანობა განხორციელებული ისეთი არატრადიციული, უჩვეულო მეთოდით, რომელსაც რიგ შემთხვევებში მიმართავენ ე.წ სახალხო მკურნალები - ,,ექიმბაშები’’.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ქ. გ-ემ საქართველოს სსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ დაამტკიცა მოპასუხე შპს სამაუწყებლო კომპანია „...“ მიმართ მისი პატივისა და ღირსების შელახვის შესახებ გარემოება და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სადავო სიუჟეტში ქ. გ-ე არც ერთხელ არ არის მოხსენებული „ექიმბაშად“, რომ სიტყვა „ექიმბაში“ ორჯერ არის გამოყენებული სიუჟეტის დაწყებამდე გადაცემა „კურიერის“ ტელეწამყვანის შესავალ კომენტარში, აღნიშნულთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ ერთხელაც რომ ყოფილიყო სიტყვა „ექიმბაში“ ნახსენები რეპორტაჟში, მისი პატივისა და ღირსების შელხვისთვის ესეც საკმარისი იქნებოდა.
კასატორის განმარტებით, სასამართლო აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ პაციენტებს საცხოვრებელ ბინაში იღებს, რითაც დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ეწევა. კასატორის აზრით, ამით სასამართლო ცდილობს, შეგნებულად უგულებელყოს მისი პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტი.
კასატორის მოსაზრებით, მოცემულ დავაში სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სამივე გარემოება არსებობდა, თუმცა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება სხვა გარემოებებზე დაამყარა, ამასთან არასწორად განმარტა, რომ ტერმინ „ექიმბაშის“ გადაცემის წამყვანის მიერ გამოყენება არ ქმნიდა მედიის თავისუფლების შეზღუდვის წინაპირობას, რაც არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. გ-ის მიერ სასამართლოსათვის შესაბამისი სარჩელით მომართვის საფუძველი გახდა შპს სამაუწყებლო კომპანია ,,...” ეთერით, სახელდობრ, 2011 წლის 6 ივლისს, 21 საათზე, მოქალაქე მ. ი-ის მიმართვის საფუძველზე, გასული საინფორმაციო გადაცემა „კურიერის” მესამე სიუჟეტის დაწყებამდე, გადაცემა „კურიერის” ტელეწამყვანის შესავალ კომენტარში ქ. გ-ის მისამართით სიტყვა „ექიმბაშის” ორჯერ გამოყენება, რითაც შეილახა ქ. გ-ის, როგორც ექიმის, ავტორიტეტი და მას, თავისივე განცხადებით, მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. გ-ემ 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია; 1994-1996 წლებში გაიარა მომზადება ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სკ ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში და დაამთავრა ექიმ-რეპროდუქტოლოგის სპეციალობის სრული კურსი. 2006-2007 წლებში მომზადდა პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამაში (სპეციალობა - შინაგანი სნეულებანი - იხ. ს.ფ. 17; 18; 19; 22;). ქ. გ-ე 1988-1994 წლებში მუშაობდა კასპის სამედიცინო გაერთიანების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამსვლელ ბრიგადაში ექიმ- თერაპევტად (იხ.ს.ფ. 20); ქ. გ-ე არის საქართველოს მედიკოსთა კავშირის თავმჯდომარე (იხ.ს.ფ. 13-16).დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ ქ. გ-ე დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, პაციენტებს იღებდა საცხოვრებელ სახლში, უსვამდა დიაგნოზს და მკურნალობდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ქ. გ-ე პაციენტებს დიაგნოზს უსვამდა და მკურნალობდა ბიორეზონანსული კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდით (მოსარჩელის განმარტებით, ბიორეზონანსი, იგივე ბიორეზონანსული თერაპია მკურნალობის ალტერნატიული მედიცინის მიმართულებათა ჯგუფია, ე.წ. „სიხშირის შკალა” გვაძლევს თერაპიული ეფექტის მიღების შესაძლებლობას). მისივე განმარტებით, საქართველოში ბიორეზონანსულ მეთოდს იყენებდა მხოლოდ მოსარჩელე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სახელმწიფო სერტიფიკატი იმ სპეციალობის მითითებით, რასაც მკურნალობის დროს იყენებდა. ამასთან, სადავო სიუჟეტში პროფესიული განვითარების სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ქ. გ-ის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავდა სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრი, ქ. გ-ეს არ გააჩნდა სახელმწიფო სერტიფიკატი და მას არ ჰქონდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება (იხ. დისკი, ს.ფ. 72).
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სადავო სიუჟეტში იგი მოხსენიებულია „ექიმბაშად“, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან იგი უმაღლესი განათლების მქონე ექიმია, რაც დასტურდება საქმეში არსებული მასალებით. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი.
კასატორი, ასევე აღნიშნავს, რომ ერთხელაც რომ ყოფილიყო სიტყვა „ექიმბაში“ ნახსენები რეპორტაჟში, მისი პატივისა და ღირსების შელახვისთვის ესეც საკმარისი იქნებოდა.
კასატორის განმარტებით, სასამართლო აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ იგი პაციენტებს თავის საცხოვრებელ ბინაში იღებს, რითაც დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ეწევა. კასატორის აზრით, ამით სასამართლო ცდილობს, შეგნებულად უგულებელყოს მისი პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტი.
ისმის კითხვები: დაირღვა თუ არა კასატორის უფლება სადავო სიუჟეტითა და სიტყვით „ექიმბაში“? ამ ტელეგადაცემაში გამოთქმული კრიტიკა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს შეეხებოდა თუ არა? ჟურნალისტების მიერ გაშუქებული ინფორმაცია შეიძლება თუ არა განხილულ იქნეს საჯარო დისკუსიის კონტექტში?
ამ კითხვებზე პასუხად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქ. გ-ის, როგორც ექიმის ინტერესებისა და პროფესიული რეპუტაციის დაცვა ვერ აღემატება მედიის თავისუფლების მნიშვნელობასა და, კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებისათვის აქტუალურ თემაზე ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქ. გ-ემ 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია; 1994-1996 წლებში გაიარა მომზადება ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სკ ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში და დაამთავრა ექიმ-რეპროდუქტოლოგის სპეციალობის სრული კურსი. 2006-2007 წლებში მომზადდა პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამაში (სპეციალობა შინაგანი სნეულებანი - იხ. ს.ფ. 17; 18; 19; 22). ქ. გ-ე 1988-1994 წლებში მუშაობდა კასპის სამედიცინო გაერთიანების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამსვლელ ბრიგადაში ექიმ-თერაპევტად (იხ.ს.ფ. 20); ქ. გ-ე არის საქართველოს მედიკოსთა კავშირის თავმჯდომარე (იხ.ს.ფ. 13-16).
ამასთან ერთად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რაც ასევე არ იწვევს დავას, იმის თაობაზე, რომ ქ. გ-ე დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ეწეოდა, პაციენტებს იღებდა თავის საცხოვრებელ სახლში, დიაგნოზს უსვამდა და მკურნალობდა, კერძოდ, მოსარჩელე ქ. გ-ე პაციენტებს დიაგნოზს უსვამდა და მკურნალობდა ბიორეზონანსული კვლევის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდით.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია სახელმწიფო სერთიფიკატი იმ სპეციალობის მითითებით, რასაც იგი ახორციელებდა. ამასთან, სადავო სიუჟეტში პროფესიული განვითარების სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრი არ შეიცავდა ქ. გ-ის თაობაზე ინფორმაციას, ქ. გ-ეს არ გააჩნდა სახელმწიფო სერტიფიკატი და არ ჰქონდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება (იხ. დისკი, ს.ფ. 72). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქ. გ-ის ახსნა-განმარტებაზე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე (22.01.13 სხდომის ოქმის ჩანაწერი 12.33.59), სადაც მან განმარტა, რომ ამ საქმიანობისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის არ არსებობის გამო მას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ყურადსაღებია, რომ ქ. გ-ე პაციენტებს მკურნალობდა არატრადიციული მეთოდით და სათანადო სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა ზოგადად იმას, რომ კასატორს გააჩნია უმაღლესი სამედიცინო განათლება, არამედ იმას, გააჩნია მას თუ არა საექიმო საქმიანობის უფლება და, შესაბამისად, საამისო განათლება იმ საქმიანობისათვის, რომელიც გაშუქდა სადავო ტელეგადაცემაში.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზეც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ექიმი სპეციალისტი არის პირი, რომელმაც გაიარა რეზიდენტურის კურსი ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში და მიიღო ამ დარგში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი და დაასკვნა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალიწინებული სახელმწიფო სერტიფიკატი იმ სპეციალობის მითითებით, რასაც მოსარჩელე ახორციელებდა.
ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ კასატორი არ ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენს ერთ-ერთ საექიმო სპეციალობას, რომ მას ამ სპეციალობაში მიღებული აქვს კანონით დადგენილი წესით განათლება და ამ დარგში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად და ზემომითითებული ნორმების მიხედვით, მისი მტკიცების ტვირთია. ზემომითითებული ფაქტების არარსებობა გამორიცხავს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ის საქმიანობს ექიმ-სპეციალისტის სტატუსით.
ამდენად, ზემომითითებულის გათვალისწინებით უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი „ექიმბაში“ მიუთითებს იმ პირზე, რომელსაც სამედიცინო მომზადება არა აქვს და ავადმყოფებს მკურნალობს არატრადიციული მეთოდებით, მაგრამ ყურადსაღებია კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ, ვინაიდან მას უწოდეს „ექიმბაში“, შეელახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი იცავს პიროვნების პატივს, ღირსებას, საქმიან რეპუტაციას. პიროვნების ღირსება წარმოადგენს იმ ღირებულებას, რომლის შეფასების უნარი გააჩნია თვით ამ პირს და, რომელიც მოიცავს საკუთარი მორალური თვისებების, საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობისა და საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეფასებას. პატივი წარმოადგენს იმ ღირებულებათა თვისებას, რომელიც პიროვნების ობიექტური საზოგადოებრივი შეფასებაა.
ამასთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სატელევიზიო გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია უარყოფითად რომ შეფასდეს, უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ის სტანდარტი, რომელიც აუცილებელია კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, სატელევიზიო საშუალებით ინფორმაციის მიწოდების (გავრცელების) თავისუფლების შეზღუდვისათვის, სტანდარტი, რომელიც მოითხოვება მწვავე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე გამოთქმული აზრის შეზღუდვას, რაც საბოლოოდ უნდა მიუთითებდეს გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ისეთ ჩარევაზე, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად, რაც კასატორს არ დაუდასტურებია.
ამრიგად, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ქ. გ-ემ ვერ დაადასტურა ის გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას.
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის შესაბამისად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას. განსახილველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად...”
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებებში ჩარევის შესაძლებლობებს, რითაც ასევე განსაზღვრულია ამ უფლებებში ჩარევის ის პირობები, რომლის არსებობისას აღნიშნული ჩარევა შეიძლება შეფასდეს დადებითად.
განსახილველი მუხლის ორივე პუნქტი წარმოადგენს იმ ერთობას, რომლებიც არ არსებობენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ქმნიან გამოხატვის თავისუფლების ერთიან დაცვის მექანიზმს.
კონკრეტული დავის თავისებურებების გათვალისწინებით, განხილულ უნდა იქნეს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა პირთა უფლებებსა და რეპუტაციას შორის ბალანსი და აღნიშნულთან მიმართებით დასაშვები კრიტიკის ფარგლები. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სატელევიზიო საშუალებით ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების ინსტიტუტი, რადგან ამ შემთხვევაში, სწორედ რომ, სატელევიზიო საშუალების მეშვეობით გავრცელდა სადავო სიტყვა – „ექიმბაში”.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები კერძო პირთა მიმართ ყველაზე უფრო ვიწროა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ პირთა რეპუტაციის შელახვის გამართლება უნდა განპირობებული იყოს განსაკუთრებული აუცილებლობით. ამ აუცილებლობაზე შეიძლება, მიუთითებდეს, მაგალითად, საზოგადოებრივი ინტერესის ისეთი სფერო, როგორიცაა: ჯანმრთელობა და ა.შ.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტი სწორედ ადამიანის ჯანმრთელობას ეხებოდა, რაც საკმაოდ აქტუალურია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდის გათვალისწინებით საკმაოდ გახშირდა ამ სფეროში მოქალაქეთა პრეტენზიები.
ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს და ყველა ადამიანის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ის განეკუთვნება არა მარტო იმ გამონათქვამებს თუ ინფორმაციას, რომლებიც შეიძლება, მიღებული იყოს, როგორც უვნებელი და ნეიტრალური, არამედ იმ გამონათქვამებსაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელია. სწორედ ამას მოითხოვს მოთმინება, პლურალიზმი და ფართო შეხედულებების არსებობა, რომლის გარეშე არ არსებობს „დემოკრატიული საზოგადოება“ (საქმეები "The Sunday Times v. the United Kingdom, "Bladet Tromsø and Stensaas v. Norway").
საკასაციო პალატა უთითებს, ასევე ევროპული სასამართლოს საქმეზე ბერგენს ტიდენდე და სხვები ნორვეგიის წინააღმდეგ, რომლითაც დაიცვა ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლება.
საქმე შეეხებოდა გაზეთისათვის და მისი ყოფილი რედაქტორისა და ჟურნალისტისათვის ჯარიმის დაკისრებას პლასტიკური ქირურგის სასარგებლოდ მისი რეპუტაციისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. კერძოდ, 1986 წლის 2 მაისს გაზეთმა „ბერგენს ტიდენდემ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სილამაზისკენ მისწრაფება, რომელსაც მივყევართ დამახინჯებისაკენ“. სტატიაში აღწერილი იყო პაციენტი ქალბატონების უკმაყოფილება პლასტიკური ქირურგის მისამართით, კერძოდ, რომ შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, მიიღეს სიმახინჯე და დაენგრათ ცხოვრება. პაციენტების უკმაყოფილების გამო იქმნებოდა ქირურგის არაკვალიფიციურობის შთაბეჭდილება. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ სტატიებით ქირურგის რეპუტაციას მიადგა ზიანი და უსათუოდ ცუდად იმოქმედებდა მის პროფესიულ კარიერაზე, უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სტატიები შეეხებოდა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლის მიმართაც საზოგადოებას გააჩნია საკმაოდ დიდი ინტერესი, რასაც აღმატებული მნიშვნელობა აქვს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც მედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია შეეხებოდა ქ. გ-ის ერთ-ერთ პაციენტს, რომელმაც გამოხატა თავისი უკმაყოფილება, რაც გახმაურდა სადავო ტელეგადაცემაში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაძლებელია, რომ მითითებულმა ინფორმაციამ უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის საქმიან რეპუტაციაზე, მაგრამ საზოგადოებისათვის აქტუალურ თემაზე ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობის თაობაზე მედიის თავისუფლება ყოველთვის პრევალირებს ექიმის ინტერესებისა და პროფესიული რეპუტაციის დაცვაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება და განმარტება.
კასატორი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, მიუთითებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობაზე. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას კი, საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე