Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-435-411-2013 18 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ის მიმართ 62000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

2011 წლის 6 აპრილს ი. კ-მა თავისი დის – მ. კ-ის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლის მიხედვით მ. კ-ს გააჩნდა უფლებამოსილება, მოეხდინა ქ.თბილისში, ვ-ას გამზირის მე-6 კვარტლის მე-4 კორპუსში მდებარე ი. კ-ის საკუთრებაში არსებული №60 ბინის რეალიზაცია.

2011 წლის 13 აპრილს, ანუ მინდობილობის გაცემიდან ერთ კვირაში მ. კ-მა გაყიდა თავისი დის საკუთრება და, ი. კ-ან შეთანხმების გარეშე, თანხის მისთვის გადაცემის ნაცვლად, მან ექვს დღეში ჯერ შეიძინა საცხოვრებელი ბინა გ-ის მე-8 მ/რაიონში, ხოლო ერთი თვის შემდეგ – მეორე საცხოვრებელი ბინა ვ-ას გამზირზე, რაშიც სულ მთლიანად გადაიხადა 62 000 აშშ დოლარი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი დაფიქსირდა შემცირებული თანხა – 50000 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართლაც გაყიდა მინდობილობის საფუძველზე ი. კ-ის სახელზე რეგისტრირებული ბინა, მაგრამ ეს ბინა იყო მისი, რადგან მშობლებს მოპასუხემ მოუარა და, შესაბამისად, უძრავი ნივთის რეალიზების შედეგად მიღებული თანხაც მას ეკუთვნოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. კ-ს დაეკისრა ი. კ-ის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა, არ დაკმაყოფილდა ი. კ-ის სარჩელი მ. კ-ის მიმართ 49 200 ლარის მოთხოვნის ნაწილში, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები გაუქმდა, ი. კ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მ. კ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 46 200 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2011 წლის 6 აპრილს ი. კ-მა გასცა მინდობილობა მ. კ-ის სახელზე შემდეგი ძირითადი უფლებამოსილებებით:

1. მ. კ-ს უფლებამოსილება ეძლევა, გაყიდოს საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრული ფასითა და პირობებით ქ.თბილისში, ვ-ას გამზირის მე-6 კვარტლის მე-4 კორპუსში მდებარე ი. კ-ის საკუთრებაში არსებული №60 ბინა;

2. მ. კ-ს უფლებამოსილება ეძლევა, მესაკუთრის სახელით ხელი მოაწეროს ნასყიდობის ხელშეკრულებას და ბინის გადაცემის აქტს, ასევე დაარეგისტრიროს ნასყიდობის ხელშეკრულება;

3. მ. კ-ს უფლებამოსილება ეძლევა, მიიღოს ნასყიდობის შედეგად ი. კ-ის კუთვნილი თანხა.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 13 აპრილს, ერთი მხრივ, მ. კ-ს, როგორც ი. კ-ის რწმუნებულს, რომელიც ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც „გამყიდველი“ და, მეორე მხრივ, ნ. ლ-ას, როგორც „მყიდველს“ შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მყიდველმა იყიდა ქ.თბილისში, ვ-ას გამზირის მე-6 კვარტლის მე-4 კორპუსში მდებარე 43 კვ.მ №60 ბინა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ნასყიდობის საგანი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ. ლ-ას საკუთრების უფლებით.

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მ. კ-ს მოსარჩელე ი. კ-ის არ გადაუცია.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უნდა გაირკვეს, თუ რას შეადგენდა ი. კ-ის ბინის ნასყიდობის ღირებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საყურადღებოა საქმეში წარმოდგენილი ამონაწერი სს „თ. ბ. ს.“ ბანკიდან, რომლის თანახმად დგინდება, რომ მ. კ-სა და ნ. ლ-ას შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღეს, სახელდობრ, 2011 წლის 13 აპრილს მ. კ-ის ანგარიშზე სს „თ. ბ. ს.“ ბანკში შეტანილ იქნა 60 000 აშშ დოლარი.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 2011 წლის 17 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ მ. კ-მა 40 000 აშშ დოლარად შეიძინა ქ.თბილისში, ვ-ას გამზირის მე-6 კვარტლის მე-6 კორპუსში მდებარე 32 კვ.მ №12 ბინა. დგინდება ისიც, რომ მ. კ-მა იმავე წლის 19 აპრილს 22 000 აშშ დოლარად შეიძინა ქ.თბილისში, გ-ის მე-8 მკ/რ-ის №17 კორპუსის №20 ბინა.

აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ი. კ-ის საკუთრების უფლებით რიცხული სადავო უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ოდენობა შეადგენდა 60 000 აშშ დოლარს. სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ არ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიცემული განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სს „თ. ბ. ს. ბ-ის“ ანგარიშზე ნასყიდობის დღეს – 2011 წლის 13 აპრილს შეტანილი თანხა წარმოადგენდა მის დანაზოგს და კავშირში არ იყო გაყიდული ბინის ნასყიდობის თანხასთან.

პალატამ ყურადღება გაამახვილა მ. კ-ის იმ მოსაზრებაზე, რომ ქ.თბილისში, ვ-ას გამზირის მე-6 კვარტლის მე-4 კორპუსის მე-3 სართულზე არსებული 43 კვ.მ სამოთახიანი ბინა 2011 წლის 13 აპრილს გაიყიდა 50 000 ლარად (30 000 აშშ დოლარად) და დაახლოებით ერთ თვეში, სახელდობრ, იმავე წლის 17 მაისს, იმავე უბანში – ვ-ას გამზირზე მე-6 კვარტლის მე-4 კორპუსში 32 კვ.მ ოროთახიანი ბინა მ.კ-მა შეიძინა 10 000 აშშ დოლარით მეტ ფასად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შპს „ი-ის“ 2012 წლის 18 მაისის დასკვნაზე, რომლის შესაბამისად თბილისში, ვ-ას გამზირის მე-6 კვარტლის მე-4 კორპუსში მდებარე №60 ბინის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 62 000 აშშ დოლარით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა ის ფაქტი, რომ ი. კ-ის სახელზე რიცხული სადავო 43 კვ.მ ბინის ნასყიდობის თანხა შეადგენდა 60 000 აშშ დოლარს.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 103-ე, 104-ე, 709-ე მუხლებით, 715-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და მიიჩნია, რომ მ. კ-ი ვალდებული იყო, ი. კ-ის სრულად დაებრუნებინა ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად მიღებული თანხა. 2013 წლის 20 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. კ-ის 46 200 ლარის გადახდის დაკისრება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მ. კ-ს დაეკისროს ი. კ-ის სასარგებლოდ 46 200 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. კ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ, ფაქტობრივად, სადავო ბინა წარმოადგენდა სამკვიდრო ქონებას, სადაც მ. კ-ი ცხოვრობდა შვილებთან ერთად და უვლიდა მოხუც მშობლებს. ი. კ-ი კი ოჯახიდან გარკვეული წილის მიღების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. იმის გამო, რომ კასატორის მეუღლე იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და აიძულებდა მას ქონების გაყიდვას, მშობლებისა და თავად კასატორის გადაწყვეტილებით, სადავო ბინა აღირიცხა ი. კ-ის სახელზე.

მოგვიანებით, როდესაც კასატორის ოჯახური პირობები შეიცვალა, მ. კ-მა გაყიდა იგი დის მინდობილობის საფუძველზე 50 000 ლარად. 22 000 აშშ დოლარად მან შეიძინა ბინა შვილისა და მისი ოჯახისათვის, ერთი თვის შემდეგ კი საკუთარი დანაზოგით 40000 აშშ დოლარად ბინა იყიდა თავადაც.

სასამართლომ სამართლებრივი ანალიზის გარეშე დატოვა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება – დავალების ხელშეკრულების საფუძველზე მ. კ-სა და ნ. ლ-ას შორის გაფორმებული 2011 წლის 13 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სადავო ბინის ღირებულება შეადგენდა 50000 ლარს, ანუ 32000 აშშ დოლარს.

სააპელაციო პალატამ უგულებელყო დავალების ხელშეკრულებაში მითითებული მხარეთა შეთანხმება, რომ მ. კ-ი უფლებამოსილი იყო, სადავო ბინა გაეყიდა თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრული ფასისა და პირობების მიხედვით.

სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ სადავო ბინა მ. კ-მა გაყიდა არა 50000 ლარად, არამედ 60000 აშშ დოლარად. აღსანიშნავია, რომ ნ. ლ-ას კასატორის ანგარიშზე თანხა არ გადაურიცხავს. სასამართლომ მსჯელობის მიღმა დატოვა მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მ. კ-ის შემოსავლებისა და მის საკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები.

სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა.

სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის განმარტება, რომ სადავო გასხვისებული ბინის საფასური – 50000 ლარი ხელზე მიიღო, გადაახურდავა, დაამატა კუთვნილი დანაზოგი და შეიტანა პირად ანგარიშზე.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სრულიად უსაფუძვლოდაა მითითებული აპელანტის მიერ წარდგენილი 2012 წლის 18 მაისის შპს „ი-ის“ დასკვნა, რომლის მიხედვით სადავო ბინის ღირებულება შეფასებულია 62000 აშშ დოლარად მაშინ, როცა აუდიტმა აღნიშნული სადავო ბინის ღირებულება შესაფასებელი ნივთის უნახავად განსაზღვრა.

სასამართლომ სარწმუნოდ არ ჩათვალა კასატორის მიერ წარდგენილი 2012 წლის 3 სექტემბრის პასუხი, რომელიც მხარემ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მიიღო. აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვეოდა, რომ პოლიციის მიერ დაიკითხა სადავო ბინის მყიდველი ნ. ლ-ა. მითითებულის გამო, კასატორი ითხოვდა მოკვლეული მასალების გამოთხოვას, რაც საქმისათვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. სასამართლომ მ.კ-ს არ უპასუხა, თუმცა წარდგენილი წერილი მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 მაისის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. კ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 13 მაისს №418244 საგადახდო დავალებით გადახდილი 2310 ლარის 70% – 1617 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ. კ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 13 მაისს №418244 საგადახდო დავალებით გადახდილი 2310 ლარის 70% – 1617 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე