№ას-461-437-2013 25 ნოემბერი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ტ-რ. კ, რ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ო. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ტ-რ. კ. რ-მა“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ო. მ-ის, ზ. ლ-ას, ე. ჩ-ის, თ. გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს „ტ-რ. კ. რ-ი.“ ყოველგვარი გაფრთხილებისა და ხელშეკრულების მოშლის გარეშე ზ. ლ-ამ მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია „მ-ი“, ხოლო დანარჩენმა მოპასუხეებმა - „მ. ა-ე.“ შრომის ხელშეკრულების თანახმად, „დაქირავებული მოვალეა, სხვა კონკურენტ (ან იმავე მიზნით დაფუძნებული საზოგადოება) ტელევიზიაში გადასვლის შემთხვევაში გადაუხადოს დამქირავებელს 1000 ლარი ფულადი კომპენსაციის სახით.“ 2012 წლის 15 ივნისს ე. ჩ-სა და თ. გ-ან გაფორმდა თანხის გადახდის თაობაზე შეთანხმება, რომელიც მოპასუხეებმა დაარღვიეს, შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით, ო. მ-სა და ზ. ჩ-ეს თითოეულს 1000 ლარის გადახდა უნდა დაჰკისრებოდა, ე. ჩ-ეს - 600 ლარის, ხოლო თ. გ-ეს - 500 ლარის.
ო. მ-ემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მუხლი კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა, გარდა ამისა, იგი არ გადასულა კონკურენტ ტელევიზიაში სამუშაოდ, ვინაიდან „მ. ა-ი“ საკაბელო მაუწყებლობას იმერეთის რეგიონში არ ახორციელებდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 25 დეკემბერს ზ. ლ-ას მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა დაეკისრა.
იმავე სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ტ-რ. კ. რ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ო. მ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო ე. ჩ-სა და თ. გ-ეს - 600 და 440 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ ო. მ-ემ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ო. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს ,,ტ.-რ. კ. რ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ო. მ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ 300 ლარის გადახდა დაეკისრა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ტ -რ. კ. რ-სა“ და ო. მ-ეს შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე რომელიმე მხარე არ გამოთქვამდა მისი შეწყვეტის სურვილს, ხელშეკრულება ითვლებოდა ავტომატურად გაგრძელებულად მანამდე სანამ არ შეწყდებოდა ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. მხარეებს არ გამოუთქვამთ ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი, რის გამოც 2011 წლის 31 დეკემბრიდან ხელშეკრულება გაგრძელდა ავტომატურად. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ, თუ დასაქმებული გადავიდოდა სამუშაოდ სხვა კონკურენტ, იგივე მიზნით დაფუძნებულ ტელევიზიაში, იგი გადაუხდიდა დამსაქმებელს 1000 ლარს კომპენსაციის სახით. ო. მ-ეს შპს ,,ტ -რ. კ. რ-ი” მუშაობისას ხელფასის სახით ეძლეოდა საშუალოდ 100 ლარი თვეში. მოპასუხე, შპს „ტ-რ. კ. რ-ან“ არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარეშე, 2012 წლის მაისში გადავიდა შპს „მ. ა-ე“ სამუშაოდ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაუსაბუთებელია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა შპს ,,მ. ა-ის“ იმავე მიზნით დაფუძნებისა და მოსარჩელესთან კონკურენციის გაწევის გარემოება. სსკ-ის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მოსარჩელე გათავისუფლებული იყო ამ გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, რადგან ფაქტი, რომ მაუწყებლობის განმახორციელებელი ტელევიზიები წარმოადგენენ ერთმანეთის კონკურენტ, ერთი და იმავე მიზნით (მაყურებელთა, მსმენელთა, რეკლამების მოზიდვა და სხვ.) დაფუძნებულ სუბიექტებს, წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კომპენსაციასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზით დგინდება, რომ მისი 3.3.7 პუნქტით გათვალისწინებული თანხა უზრუნველყოფდა დაქირავებულ ო. მ-ის ვალდებულების, არ გადასულიყო კონკურენტ, იმავე მიზნით დაფუძნებულ ტელევიზიაში სამუშაოდ, შესრულებას. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა წარმოადგენს პირგასამტეხლოს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, რადგან იგი 10-ჯერ აღემატებოდა აპელანტის ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დაწესებული სანქცია განისაზღვრება ორივე მხარის ინტერესის გათვალიწინებით, ისე, რომ იგი არ იწვევდეს მოვალის დიდ ფინანსურ დანაკლისს და კრედიტორის გამდიდრებას ამის
ხარჯზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გონივრულად მიიჩნია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს 300 ლარის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ტელეკომპანიისათვის აუცილებელია შეუფერხებელი მაუწყებლობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით, შესაბამისი გარანტიების ქონა. სწორედ ამ მიზეზით ჩაიდო შრომის ხელშეკრულებაში მკაცრი სანქციები, რასაც მხარეები ხელმოწერით დაეთანხმნენ. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც, შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. მართალია, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მაგრამ ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ხელშეკრულების შესრულების მიმართ მხარეთა კანონიერი ინტერესები. სასამართლოს სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ გამოუკვლევია, რას შეადგენს ო. მ-ის ხელფასი, რომელიც დასაქმებულის აქტიურობაზე იყო დამოკიდებული და, ზოგჯერ 400 ლარსაც აღწევდა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს გამოთვლა მხოლოდ 1 თვის შრომის ანაზღაურების მიხედვით, არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ტ-რ. კ. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ-რ. კ. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.05.13 წლის N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე