Facebook Twitter

№ ას-540-513-2013 11 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოპასუხე ს. ს-ის მიმართ და მოითხოვა, მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის (2009-2010 წლები) – 1250 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 მარტის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ს.ს.ი.პ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3-563 ბრძანებით ს. ს-ე ჩაირიცხა სამაგისტრო სპეციალობების მიხედვით სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საერთაშორისო ბიზნესის სპეციალობაზე.

2009 წლის 29 ოქტომბერს ს.ს.ი.პ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ს. ს-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები;

ხელშეკრულების თანახმად უნივერსიტეტი - იღებდა ვალდებულებას ,,მაგისტრანტი” უზრუნველყო შესაბამისი საფეხურის უმაღლესი განათლებით, ხოლო ,,მაგისტრანტი” ვალდებული იყო გადაეხადა სწავლის საფასური ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით და შეესრულებინა სხვა ვალდებულებები.

დადგენილია, რომ ხელშეკრულების დადებისას სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური ორივე სასწავლო წლისათვის შეადგენდა 5000 ლარს;

დადგენილია, რომ ,,მაგისტრანტს” მოცემული ხელშეკრულების თანახმად, სასწავლო წლის საფასურის გადახდა უნდა განეხორციელებინა სემესტრულად. ანუ შესაბამისი წლიური საფასურის ნახევარი უნდა გადაეხადა შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო დარჩენილი მეორე ნახევარი გაზაფხულის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში;

ამავე ხელშეკრულების 4.2. მუხლით დადგენილი იქნა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა სწავლის ნებაყოფლობით მიტოვება.

ს.ს.ი.პ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით №3-9, 22.01.2010წ. სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა 2009-2010 სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს, მათ შორის მაგისტრანტ ს. ს-ეს.

დადგენილია, რომ დავალიანება განსაზღვრულია 1250 ლარის ოდენობით, ერთი სასწავლო სემესტრის საფასურის სახით.

პალატამ სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე მითითებით, განმარტა, რომ არსებითად, მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აპელანტმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. ამ ხელშეკრულების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა. იგივე გამომდინარეობს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მეორე პუნქტიდანაც, რომლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებ-ლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური. შესაბამისად, კანონით დადგენილი არის საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის. ამიტომ, სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამის მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს ან/და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

განსახილველ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ს-ეს ს.ს.ი.პ. ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში” არ გადაუხდია სწავლის საფასური და ფაქტობრივად უნივერსიტეტთან კავშირი 2009 წლიდან გაწყვიტა. ასევე დადგენილია, რომ ს. ს-ეს უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან ლექციებზე არ უვლია, საგანმანათლებლო მომსახურება არ მიუღია, გამოცდები არ ჩაუბარებია, შესაბამისად, არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია.

აქედან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებები გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე დაუსაბუთებელია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩვრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმეზე წარდგენილი ხელშეკრულება და არასწორად გაანაწილა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი და მხოლოდ მოსარჩელეს დააკისრა იგი. სასამართლომ არასწორად შეაფასა უნივერსიტეტის მიერ მითითებული ფაქტები და მტკიცებულებები, რაც საფუძვლად ჰქონდა დადებული მოთხოვნას, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება მთლიანად დაამყარა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სტუდენტს მომსახურება არ მიუღია და, რომ თითქოს სტუდენტი მაშინ არის ვალდებული გადაიხადოს სწავლის საფასური, თუ მომსახურებას მიიღებს. აღნიშნული მტკიცება არ გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან და არც სწავლის საფასურის გადახდის წესის შინაარსიდან.

კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უნივერსიტეტი მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, სტუდენტს ფინანსური დავალიანების გადაუხდელობის გამო, დადგენილი წესის შესაბამისად, არ დაარიცხოს სწავლის საფასური და შეუწყვიტოს ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალქო კოდექსის 361-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150ლარი) 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 5 ივნისს №674 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე