Facebook Twitter

№ას-561-532-2013 11 ნოემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – 1. ბ. ბ-ე;

2. ა. ქ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარში); გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება (ა. ქ-ის საკასაციო საჩივარში)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 9 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. ქ-ემ მოპასუხე ბ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურება 25000 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

ბ. ბ-ეს ა. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5004 ლარის გადახდა;

სარჩელი არ დაკმაყოფილდა 19996 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

ბ. ბ-ეს ა. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 243.8 ლარის გადახდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა (რომლითაც ბ. ბ-ეს ა. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5004 აშშ დოლარის გადახდა) და მე-2 პუნქტის (რომლითაც ბ. ბ-ეს ა. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 243.8 ლარის გადახდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში) შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

ბ. ბ-ეს ა. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2502 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა; მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 75.06 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში; ამასთან, ა. ქ-ეს ბ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 100.08 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1996 წლის 29 მარტს ტ. ქ-სა და ბ. ბ-ეს შორის გაფორმდა ქ.თბილისში, მე-2 ხ-ის ქ.N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინებით მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: გაუქმდა ბ. ბ-სა და ტ. ქ-ეს შორის ქ.თბილისში, მე-2 ხ-ის ქ.N3ა-ში მდებარე სახლზე 1996 წლის 29 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; თბილისში, მე-2 ხ-ის ქ.N3ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით უნდა აღრიცხულიყო კვლავ ბ. ბ-ის სახელზე და იპოთეკით დატვირთულიყო ტ. ქ-ის სასარგებლოდ; ასევე განჩინებით განისაზღვრა აღნიშნული უძრავი ნივთისათვის ყადაღის დადება; ბ. ბ-ემ აიღო ვალდებულება, რომ 2006 წლის 4 აპრილამდე დაუბრუნებდა ტ. ქ-ეს მისგან 1996 წლის 29 მარტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ 13900 აშშ დოლარს; იმ შემთხვევაში, თუ ბ. ბ-ე 13900 აშშ დოლარს არ დაუბრუნდებდა ტ. ბ-ეს დათქმულ დროში, მორიგების გამო მიღებული განჩინების აღსრულება მოხდებოდა იძულებითი წესით და ბ. ბ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის – ქ.თბილისში, მე-2 ხ-ის ქ.3ა-ში, აუქციონის წესით იძულებით გასხვისებაზე გაიცემოდა სააღსრულებო ფურცელი ტ. ბ-ის განცხადების საფუძველზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 31 მარტის განჩინებაზე 2006 წლის 28 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულებისთვის წარედგინა სააღსრულებო ბიუროს.

ა. ქ-ე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინებით ცნობილ იქნა ტ. ქ-ის უფლებამონაცვლედ.

2012 წლის 10 მაისს, ა. ქ-ის სასარგებლოდ, 2006 წლის 31 მარტის განჩინებაზე გაიცა ახალი სააღსრულებო ფურცელი, როგორც ტ. ქ-ის უფლებამონაცვლეზე.

ბ. ბ-ის მიერ 2006 წლის 31 მარტის მორიგებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა 2012 წლის 13 ივნისს.

ბ. ბ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად ა. ქ-ეს მიადგა მატერიალური ზიანი 2502 აშშ დოლარის ოდენობით.

მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, განსაზღვრული იყო ბ. ბ-ის მიერ კრედიტორის – ტ. ქ-ის წინაშე ვალდებულების შესრულების ვადა – 2006 წლის 4 აპრილი. მოვალემ, მიუხედავად თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 3 მაისის მიმართვისა, რომლითაც მიეცა წინადადება, 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით შეესრულებინა სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა – გადაეხადა მასზე დაკისრებული თანხა, წლების განმავლობაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. ასევე დადასტურდა, რომ ნაცვლად 2006 წლის 4 აპრილისა, ბ. ბ-ემ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება თანხის – 13900 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ, შეასრულა 2012 წლის ივნისში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელისათვის სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის მიყენების გამო, არსებობდა მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 31 მარტის განჩინების მე-6 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ბ. ბ-ე 13900 აშშ დოლარს არ დაუბრუნებდა ტ. ბ-ეს დათქმულ დროში, მორიგების გამო მიღებული განჩინების აღსრულება მოხდებოდა იძულებითი წესით და ბ. ბ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ქ.თბილისში, მე-2 ხ-ის ქ.3ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი) აუქციონის წესით იძულებით რეალიზაციაზე გაიცემოდა სააღსრულებო ფურცელი ტარიელ ბ-ის განცხადების საფუძველზე.

როგორც საქმის მასალებით გამოირკვა, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობას, არ მოჰყოლია მის მიმართ კრედიტორის მხრიდან ზემოაღნიშნული განჩინების მე-6 პუნქტის საფუძველზე მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზაციის მიზნით ქმედება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო კრედიტორის უმოქმედობამაც, რაც მხარეთა შორის სამოქალაქო პასუხისმგებლობის განაწილების საფუძველს წარმოადგენდა.

სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული (შერეული ბრალი). კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო როგორც კრედიტორის, ისე მოვალის უმოქმედობამ, შესაბამისად, ორივე მხარის ბრალი თანაბარი იყო. ამიტომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ზიანის ოდენობა – 2006 წლის აპრილიდან 2012 წლის ივნისის პერიოდამდე, ასანაზღაურებელი თანხის წლიური 6%, რაც შეადგენდა 5005 აშშ დოლარს, უნდა განახევრებუულიყო და ბ. ბ-ეს ა. ქ-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2502 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ბ. ბ-ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს ზემომითითებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:

მოსარჩელემ (ა. ქ-ემ) სასამართლოს ვერ წარუდგინა ვერც ერთი მტკიცებულება, თუ რაში გამოიხატებოდა ბ. ბ-ის მიერ ა. ქ-ის მიყენებული ზიანი. მან სასამართლოს ასევე ვერ წარუდგინა ვერც ერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ბ. ბ-ემ სააღსრულებო ბიუროს ხელი შეუშალა მის სახელზე რიცხული ბინის იძულებით აუქციონზე გაყიდვაზე. მოსარჩელემ არანაირი მოქმედება არ შეასრულა იმისათვის, რომ სააღსრულებო ბიუროს უსაფუძვლოდ არ გაეჭიანურებინა მისი სააღსრულებო წარმოება;

სასამართლოს 2005 წლის 31 მარტის განჩინებით დამტკიცებული შეთანხმებით ბ. ბ-სა და ა. ქ-ეს შორის, ბ. ბ-ეს დაევალა 2006 წლის 4 აპრილამდე მოსარჩელისათვის გადაეხადა 13900 აშშ დოლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბ. ბ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გაიყიდებოდა იძულებით აუქციონზე. იმის გამო, რომ ბ. ბ-ემ მოსარჩელეს დათქმულ დროში ვერ გადაუხადა დაპირებული თანხა, ამიტომ მოსარჩელეს წარმოეშვა ბ. ბ-ის ბინის იძულებით აუქციონზე გაყიდვის უფლება. ამავე შეთანხმებით ბ. ბ-ეს არ წარმოშობია მიუღებელი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, მისთვის წინასწარ არ ყოფილა სავარაუდო მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება. 2006 წლის მაისის თვეში, მოსარჩელემ თბილისის სააღსრულებო ბიუროში აღსასრულებლად წარადგინა 2005 წლის 31 მარტის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის აღსრულებაში ბ. ბ-ეს ხელი არ შეუშლია. ის გარემოება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობდა 2006 წლის მაისის თვიდან 2012 წლის 13 ივნისამდე, ბ. ბ-ის ბრალით არ ყოფილა გამოწვეული;

სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი, რომელიც არ გამოიყენა. არც ტ. ქ-ეს და არც ა. ქ-ეს არანაირი ზომები არ მიუღიათ სააღსრულებო ბიუროს მიმართ სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისა და სააღსრულებო წარმოების უსაფუძვლოდ გაჭიანურებისათვის (არ გაუსაჩივრებიათ აღმასრულებლის მოქმედებები სააღსრულებო ფურცლის დროულად აღუსრულებლობის გამო). მათ თავიანთი უმოქმედობით არანაირი ზომები არ მიიღეს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად ან მის შესამცირებოლად.

ა. ქ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის იმგვარად დაკმაყოფილება, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ განახორციელა.

აღნიშნული კასაციის მოტივები შემდეგში მდგომარეობს:

არც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით და არც სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის დასაბუთებული, რომ ზიანის დადგომას ხელი შეუწყო დაზარალებულის უმოქმედობამ. საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კრედიტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოვალისათვის ვალდებულების შესრულების ხელშეშლას. სასამართლო მოსარჩელის პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად მიუთითებს, რომ თითქოს მას არ გამოუყენებია მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლება, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით მიეღო მოვალეზე დაკისრებული თანხა, თუმცა არც აღნიშნული გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემდგომ კრედიტორმა დაუყოვნებლივ მიმართა სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების თაობაზე. ამდენად, დაზარალებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უმოქმედობას. გარდა ამისა, გადაწყვეტილების აღსრულება სამართალწარმოების ეტაპია. ის გარემოება, რომ კანონით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, არ ათავისუფლებს მოვალეს ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებისაგან. მეორე მხრივ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების გაჭიანურება არ წარმოადგენს დაზარალებულის პასუხისმგებლობის, კერძოდ, უმოქმედობით ზიანის წარმოშობისათვის ხელის შეწყობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ბ-სა და ა. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბ. ბ-სა და ა. ქ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, კერძოდ, ბ. ბ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი, ა. ქ-ეს აგრეთვე უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მანანა ჩიქოვანის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ბ-სა და ა. ქ-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ბ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 14 მაისი, საგადახდო დავალება № 419212) 70% – 210 ლარი;

3. კასატორ ა. ქ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 18 ივნისი, საგადახდო დავალება № 1) 70% – 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე