№ ას-569-540-2013 7 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ზ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი –მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ზ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი/მ „ე. გ-ის“, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მესამე პირის – სამცხე-ჯავახეთის აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ და მოითხოვა 2012 წლის 18 ივლისს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ №1 აქტის საფუძველზე ყადაღადადებული მოძრავი ნივთების: ნაჭრის სამეული - 1 ცალი, ჟურნალის მაგიდა - 1 ცალი, საძინებელი კომპლექტი - 1 ცალი, ფერადი ტელევიზორი1 ცალი, ”DVD” პლეიერი- 1, ტელევიზორის დასადგამი - 1 ცალი, ძველი სერვანდი - 1 ცალი, კომოდი - 1 ცალი, ძველებური მაცივარი - 1 ცალი, ყადაღისგან გათავისუფლება.
მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 18 ივლისს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ა. კ-ს კრედიტორ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ უნდა დაეყადაღებინა მოვალე ინდ. მეწარმე ე. გ-ის ქონება, რომელსაც კრედიტორის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს გარკვეული დავალიანება. აღმასრულებლმა დააყადაღა მოძრავი ნივთები, კერძოდ: ნაჭრის სამეული - 1 ცალი, ჟურნალის მაგიდა - 1 ცალი, საძინებელი კომპლექტი - 1 ცალი, რომელიც არის ქ. ზ-ის მზითვი და საკუთრება, ფერადი ტელევიზორი1 ცალი, ”DVD” პლეიერი- 1, ტელევიზორის დასადგამი - 1 ცალი, აღნიშნული ნივთები ქ. ზ-ის განმარტებით არის მისი საკუთრება, რომლებიც მშობლებმა შეიძინეს მაღაზიაში და აჩუქეს. მზითვის სახით ძველი სერვანდი - 1 ცალი, კომოდი - 1 ცალი, ძველებური მაცივარი - 1 ცალი, ასევე ეკუთვნის ქ. ზ-ეს, რომელიც აჩუქა ლ. ს-ემ.
მოპასუხე ე. გ-ე დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები ნამვილად თავის მეუღლე ქ. ზ-ის საკუთრებაა.
შემოსავლების სამსახურის წარმომაგენელი გურამ კავსაძე არ დაეთანხმა სარჩელს და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნული ნივთების საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
მესამე პირი ს/ჯ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მ. ც-ი არ დაეთანხმა სარჩელს და აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიუროს წარმოებაში იყო საქმე, რომლის საფუძველზეც, სრულიად კანონიერად, ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე მოხდა ნივთების დაყადაღება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე და მესამე პირი სთხოვს სასამართლოს არ დააკმაყოფილოს სარჩელი, როგორც უსაფუძლო.
ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის განჩინებით შემოსავლებისა სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის ი/მ ე. გ-ის საგადასახადო დავალიანების იძულებითი აღსრულების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ა. კ-ის მიერ 2012 წლის 18 ივლისს აღიწერა და დაყადაღდა დაბა ასპინძაში, ს. თ-ის ქ. №6-ში მდებარე მოძრავი ქონება, მათ შორის: ნაჭრის სამეული - 1 ცალი, ჟურნალის მაგიდა - 1 ცალი, საძინებელი კომპლექტი - 1 ცალი, ფერადი ტელევიზორი1 ცალი, ”DVD” პლეიერი- 1, ტელევიზორის დასადგამი - 1 ცალი, ძველი სერვანდი - 1 ცალი, კომოდი - 1 ცალი, ძველებური მაცივარი - 1 ცალი.
პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156.1-ე, 186-ე მუხლებზე და ნ. ზ-სა და ლ. ს-ის ჩვენებებზე მითითებით, დადგენილად მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენდნენ ქ. ზ-ის საკუთრებას. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ მოძრავ ნივთებთან მიმართებით, პირის უფლების დადგენა მხოლოდ რაიმე გარკვეული სახის მტკიცებულებებით, კანონით დადგენილი არ არის, ამასთან, საპირისპირი მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანცის სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ სადავო ნივთები, როგორც ქ. ზ-ის საკუთრება, ყადაღისგან უნდა გათავისუფლებუიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე გაიზიარა ქ. ზ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენდა, მაშინ, როცა მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებული სახლემწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე