№ას-587-558-2013 20 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი, გ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ტ-ემ და მ. ს-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. გ-სა და გ. ნ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს 2006 წლის 21 აგვისტოს ვ. ტ-სა და გ. ნ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით ბათილად ცნობა; გ. ნ-სა და გ. გ-ის სოლიდარულად მატერიალური ზიანის – 2000 ლარის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით დ. ტ-სა და მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2006 წლის 21 აგვისტოს აწ გარდაცვლილ ვ. ტ-სა და გ. ნ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით ქ.ბათუმში, ხ/ქ-ის ქუჩა 4/30-ში მდებარე ვ. ტ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე. გამოსყიდვის ვადა იყო ორი წელი;
ორი წლის განმავლობაში (გამოსყიდვის ვადა) არ მომხდარა შეცილება სადავო ხელშეკრულებაზე;
ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში გ. ნ-ის სახელზე და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ტ-ის ოჯახი გამოსახლდა საცხოვრებელი ბინიდან;
2010 წლის 13 სექტემბერს ვ. ტ-ის შვილმა სრულად მიიღო მამის, 2010 წლის 25 იანვარს გარდაცვლილი ვ. ტ-ის სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. ტ-ის სარჩელი 2006 წლის 21 აგვისტოს მას და გ. ნ-ს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დ. ტ-ის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 02 დეკემბრის განჩინებით, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავო ხელშეკრულების ბათილობას მოითხოვს სხვა საფუძვლით სკ-ის 55-ე მუხლის მიხედვით, ხოლო უკვე განხილულ დავაში გარიგების ბათილობა მოთხოვნილი იყო სხვა საფუძვლით - როგორც მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებისა;
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დადასტურდა კავშირი მ. ს-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესა და განსახილველ სამოქალაქო დავას შორის;
საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნასყიდობის საგანი ხელშეკრულების დადების დროს ღირდა 250 000 აშშ დოლარი. საქმეში წარმოდგენილი სამაკლერო გაზეთიდან ამონაწერი ამ გარემოებას არ ადასტურებს.
დ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული. ეს განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.
სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი გარემოებები და დამატებით განმარტა:
აპელანტი მ. ს-ი ითხოვს 2006 წლის 21 აგვისტოს აწ გარდაცვლილ ვ. ტ-სა და გ. ნ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით ბათილად ცნობას სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე და განმარტა, რომ გარიგება დაიდო განსაკუთრებული ნდობის მქონე პირებს შორის და, რომ გ. ნ-მა ისარგებლა ვ. ტ-ის მძიმე ფისიქიკური მდგომარეობით, გამოუცდელობით, გულუბრყვილობით ასაკის გამო და ასევე ხელშეკრულების შესრულებასა და ნასყიდიბის ფასს შორის დგინდება აკარა შეუსაბამობა.
პალატა ეს მოსაზრება არ გაიზიარა შემდეგი გარემოებების გამო:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 55.1-ე მუხლით და მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნია გარემოება მასზე, რომ სადავო გარიგების დადების დროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ის ფაქტი, რომ ბინა გაიყიდა 25000 აშშ დოლარად, ვერ ადასტურებს გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობას. საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნასყიდობის საგანი ხელშეკრულების დადების დროს ღირდა 250 000 აშშ დოლარი. საქმეში წარმოდგენილი სამაკლერო გაზეთიდან ამონაწერი კი, ამ გარემოებას არ ადასტურებს. რეკლამის განთავსების თარიღად მითითებულია 2011 წელი, ბინა კი 2006 წელს გაიყიდა, შესაბამისად, 2006 წლიდან 2011 წლამდე ბინების ფასი იცვლებოდა და ის ფასი, რაც 2006 წელს ამ ტიპის ბინას ექნებოდა ვერ იქნებოდა იგივე 2011 წლისათვის. აპელანტს (მოსარჩელეს) არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულება (ექსპერტის, სპეციალისტის, აუდიტის დასკვნა), რომლითაც გაყიდული ბინის მაშინდელი და დღევანდელი საბაზრო ფასები დადგინდებოდა. გარიგების ბათილობისათვის აუცილებელი ფაქტორები - საბაზრო ძალაუფლების გამოყენება, მხარის მძიმე მდგომარეობა და გულუბრყვილობა სახეზე არ არის, ასევე არ დადასტურდა ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენება. ასეთი ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი უტყუარი მტკიცებულებები აპელანტს მ. ს-ს (მოსარჩელეს) არ წარმოუდგენია, აღნიშნული არც საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი). სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ. ს-ის მიერ განმარტებულ იქნა, რომ მისი მამამთილი ,,ვ. ტ-ე 45 წელი გემის კაპიტანი იყო და ის არ იყო ვინმე სოფლიდან ჩამოსული წერა-კითხვის უცოდინარი გლეხი”, ანუ მ. ს-ი მიუთითებს იმაზე, რომ მისი მამამთილი არ იყო ისეთი გულუბრყვილო, გამოუცდელი და გაუნათლებელი რომ გ. ნ-ს შეძლებოდა მისი შეცდომაში შეყვანა. სადავო ხელშეკრულების დადების დროს ვ. ტ-ე მართალია 75 წლის იყო (იგი დაიბადა ... წლის ... მაისს იხ. 2006 წლის 21 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება ტომი პირველი ს.ფ. 19-20), მაგრამ ეს არ არის ის ღრმა მოხუცებულობის ასაკი, რომ მას ვერ გაერკვია რა ხელშეკრულებას დებდა და რაზე აწერდა ხელს. არანაირად არ დატურდება მისი მძიმე მდგომარეობა გამოწვეული იმ ფაქტორებით, რაც აუცილებელია გარიგების ბათილობისათვის: საზოგადოების ეკონომიური სიდუხჭირე, ომი წყალდიდობა, მიწისძვრა, ეპიდემია და ა.შ. უფრო მეტიც, პალატამ განმარტა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება 2006 წლის 21 აგვისტოს დაიდო გამოსყიდვის უფლებით, გამოსყიდვის ვადა 2 წელი იყო. უდავოა და დადასტურებულია, რომ ორი წლის განმავლობაში (გამოსყიდვის ვადა) არ მომხდარა შეცილება სადავო ხელშეკრულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 55.2-ე მუხლზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, არ დასტურდება გ. ნ-ის კავშირი მ. ს-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესა და განსახილველ სამოქალაქო დავას შორის. არ დასტურდება მხარეთა შორის განსაკუთრებული ნდობის ფაქტორი. გ. ნ-ს მ. ს-ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არანაირი სტატუსი არ ჰქონია. გ. ნ-ი სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებული არ არის. შესაბამისად, მას და ვ. ტ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ უკავშირდება მ. ს-სა და სხვა პირების მიერ ჩადენილ დანაშაულს. ისინი ერთმანეთის ნათესავებიც კი არ არიან. ხოლო მ. ს-ის განმარტება იმაზე, რომ იგი მის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული განაჩენით დაზარალებულ გ. გ-ის მეგობარია, ხოლო გ. გ-ი კი მისი ნათესავია, ვერ ქმნის განსაკუთრებული ნდობის ფაქტორის საკმარის საფუძველს. საქმეში არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც, დადგინდებოდა მ.ს-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან გ. გ-სა და გ. ნ-ის შემხებლობის ფაქტი. მხოლოდ აპელანტი (მოსარჩელე) მხარის ახსნა-განმარტების მიხედვით პალატა ამ გარემოებას დადასტურებულად ვერ მიიჩნევს. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ არც განსაკუთრებული ნდობის ფაქტორი არ დგინდება მოცემულ საქმეზე, რაც გარიგების ბათილობისათვის იქნება საკმარისი საფუძველი.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 509-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ, დადგენილია, რომ მხარეს გამოსყიდვის უფლება ჰქონდა 2 წლის განმავლობაში, რაც არ განახორციელა. გამყიდველს გამოსყიდვის უფლებით არ უსარგებლია. გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ უქმდება გამოსყიდვის უფლება და გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნასყიდობის საგანი მყიდველს. მყიდველმა გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე და გადაიხადა ნასყიდობის ფასი. საჯარო რეესტრში გ. ნ-ი რეგისტრირებულია მესაკუთრედ. ხელშეკრულების დადების შემდეგ გამყიდველს სადავოდ არ გაუხდია თანხის მიღების ფაქტი. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენელმა განმარტა, რომ აპელანტთან ყოველთვის იყო საუბარი იმაზე რომ გამოესყიდათ ბინა არამარტო ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის ვადაში, არამედ მას შემდეგაც, ასევე არა მარტო სასამართლო სხომაზე არამედ მის გარეთაც, მაგრამ მხარე გამოსყიდვას არ ახორციელებს.
პალატამ გაიზიარა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ არ დასტურდებოდა მოპასუხეების მიერ მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა შემდეგი გარემოებების გამო: სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ აპელანტის მითითებით ბინიდან გამოსახლების დროს (პროცესში) დაუზიანდათ მოძრავი ნივთები, მაგრამ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად რომელი ნივთი დაზიანდა, ნამდვილად დაზიანდა თუ არა და რა ღირებულებისაა ეს ნივთები. მათი ღირებულების დასადასტურებლად არ არის სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი (ექსპერტის, აუდიტის, სპეციალისტის დასკვნა). ამის თაობაზე ადგილზე არ შემდგარა ოქმი. საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმში №878 (ს.ფ. 90) კი, ნივთების დაზიანებაზე არ არის აღნიშნული. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია პოლიციის მიერ შედგენილი გამოსახლების ოქმი, საიდანაც დგინდება, რომ გამოსახლების პროცესში გ. გ-ი და გ. ნ-ი არ მონაწილეობდნენ, შესაბამისად, გამოირიცხება მათ მიერ რაიმე მოძრავი ნივთის დაზიანების ფაქტი. ამდენად პალატამ დაადგინა, რომ არ დასტურდებოდა ზიანის არსებობის ფაქტი და მით უფრო ამ ზიანის დადგომაში გ. გ-სა და გ. ნ-ის ბრალი. სწორედ ამიტომ მოთხოვნა ამ ნაწილშიც, პალატამ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებელად მიიჩნია.
პალატის განმარტებით, აპელანტი მითითებული სადავო გარემოებების დასადასტურებლად, შემოიფარგლა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით (როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში ისე სააპელაციო სასამართლოში). მან ვერ წარმოადგინა მოთხოვნის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები; აპელანტის მიერ მითითებული ფაქტების დასადასტურებლად, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც დ. ტ-ის და მ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს2013 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არასწორად მიიცნია, რომ გ. ნ-ის ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და ამ ქმედებას არ მოჰყოლია ზიანი. აღნიშნული დასკვნით, სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით მ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი მ. ს-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადხდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე