Facebook Twitter

№ას-590-561-2013 20 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ. პ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნივთის ღირებულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ. პ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: ქ. თბილისში, კ-ას ქ. №37-39-ში მდებარე შენობის მე-2 სართულზე №39-ე სასაწყობე ფართის 10,5 კვ.მ. და მე-4 სართულზე №418-ე კომერციული ფართის და ამ ფართების შესაბამისი წილის მიწის ნაკვეთის (ფართი 1999 კვ.მ. ს/კ ...) და საერთო საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილის გადაცემის ნაცვლად, მოპასუხისათვის ამავე ნივთის ღირებულების 50 232 ევროსა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნივთის ღირებულების ანაზღაურებამდე პირგასამტეხლოს – 17,2 ევროს შესაბამისი ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაევალა 2008 წლის 8 სექტემბრის №00165 და №00167 წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების 2.1. პუნქტში მითითებულ ფართებზე (ქ. თბილისი, კ-ას ქ. №37/39-ში მდებარე მშენებარე შენობაში (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი ...) მე-4 სართულზე 14 კვ.მ. №418-ე კომერციული ფართი და მე-2 სართულზე 10,5 კვ.მ.№39 სასაწყობე ფართი) ნასყიდობის ხელშეკრულებების დადება და, შესაბამისად, აღნიშნული ფართების №00165 და №00167 წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების 2.4. პუნქტით გათვალისწინებულ მდგომარეობაში საკუთრებაში გადაცემა მშენებარე შენობის ექსპლუატაციაში მიღების და გადასაცემ ფართებზე საჯარო რეესტრში შპს „გ. პ-ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველდღიურად 17,2 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა ქონების საკუთრების უფლებით გადაცემამდე. მითითებული გადაწყვეტილება ქონების საკუთრებაში გადაცემის ნაწილში დღემდე ვერ აღსრულდა იმის გამო, რომ მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოსარჩელისათვის გადასაცემ ქონებაზე.

მოპასუხე შპს „გ. პ-ის“ წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში მიღებულია. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეს ფართები გადაეცემა საჯარო რეესტრში მოთხოვნილი ფართების შპს „გ. პ-ე“ რეგისტრაციის შემდეგ. მოსარჩელე ყოველთვიურად იღებს პირგასამტეხლოს, რაც 2012 წლის ივლისის თვის მდგომარეობით შეადგენს 31 900 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „გ. პ-ს“, თ. ბ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 50 232 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა, სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ. პ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „გ. პ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 08 სექტემბერს ერთი მხრივ, შპს „გ. პ-ს“, როგორც „გამყიდველს“ და მეორე მხრივ, თ. ბ-ს, როგორც „მყიდველს“ შორის გაფორმდა წინარე ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ N00165. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, კ-ას ქუჩა N37/39-ში მდებარე მშენებარე შენობაში მე-4 სართულზე, N418 კომერციული ფართი, ფართით 14მ2 და ამ ფართის შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთისა და შენობის საერთო სარგებლობის ფართში. გასაყიდი ქონების ჯამური ღირებულება შეადგენდა 46 368 ევროს ეკვივალენტს ლარში. მყიდველს ქონება საკუთრებაში უნდა გადასცემოდა სამშენებლო სამუშაოების დამთავრებისა და ექსპლოატაციაში მიღების შემდგომ, არაუგვიანეს 4 თვისა. შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2009 წლის 30 ოქტომბრისა.

2008 წლის 8 სექტემბერს ერთი მხრივ, შპს „გ. პ-ს“, როგორც „გამყიდველს“ და მეორე მხრივ, თ. ბ-ს, როგორც „მყიდველს“ შორის გაფორმდა წინარე ხელშეკრულება ფართის ნასყიდობის შესახებ N00167. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, კ-ას ქუჩა N37/39-ში მდებარე მშენებარე შენობაში მე-2 სართულზე, N39 სასაწყობე ფართი, ფართით 10,5მ2 ამ ფართის შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთისა და შენობის საერთო სარგებლობის ფართში. გასაყიდი ქონების ჯამური ღირებულება შეადგენდა 3 864 ევროს ეკვივალენტს ლარში. მყიდველს ქონება საკუთრებაში უნდა გადასცემოდა სამშენებლო სამუშაოების დამთავრებისა და ექსპლოატაციაში მიღების შემდგომ, არაუგვიანეს 4 თვისა. შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარების თარიღად განისაზღვრა არაუგვიანეს 2009 წლის 30 ოქტომბრისა.

გამყიდველმა შეასრულა ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის ვალდებულება და მყიდველს გადასცა ჯამში 50 232 ევროს ეკვივალენტი ლარში. დადგენილია ისიც, რომ გამყიდველმა დადგენილ ვადაში არ შეასრულა ნასყიდობის საგნის გადაცემის შესახებ ვალდებულება.

გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის გადაცემის შესახებ ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით თ. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე შპს „გ. პ-ის“ მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა, 2008 წლის 08 სექტემბრის N00165 და N00167 წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების 2.1 პუნქტში მითითებულ ფართებზე (ქ. თბილისში, კ-ას ქ.N37/39-ში მდებარე მშენებარე შენობაში (მიწის ნაკვეთის ს/კ: ...) მე-4 სართულზე 14მ2 N418-ე კომერციული ფართის და მე-2 სართულზე 10,5მ2 N39 სასაწყობე ფართის)) ნასყიდობის ხელშეკრულებების დადება და შესაბამისად, აღნიშნული ფართების N00165 და N00167 წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების 2.4 პუნქტით გათვალისწინებულ მდგომარეობაში საკუთრებაში გადაცემა მშენებარე შენობის ექსპლუატაციაში მიღების და გადასაცემ ფართებზე საჯარო რეესტრში შპს „გ. პ-ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2010 წლის 01 ივლისიდან, ყოველდღიურად 17,2 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით, ფართებზე საკუთრების უფლების გადაცემამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში მიმდინარეობს გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ ვალდებულებას ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, აღნიშნულ ნაწილში, გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე აპელანტ შპს „გ. პ-ის“ მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, კ-ას ქუჩა N37-39-ში მდებარე კომერციულ ფართზე N418, სართული 5, ფართი 14,00მ2 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: N...) და სარდაფზე N ჭ-39, სართული -2, ფართი 11,20მ2 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: N...) დარეგისტრირებულია შპს „გ. პ-ის“ საკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციის თარიღია 2012 წლის 30 აგვისტო (ტ.1. ს.ფ. 163-166).

შპს „გ. პ-მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს, რომლითაც აცნობა სადავო ფართებზე შპს „გ. პ-ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მზაობა გამოთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის აღსასრულებლად (ტ.2. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 15.02.2012წ-ის წერილი).

სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 15 იანვრის დასკვნის დასკვნითი ნაწილის შესაბამისად, მოქალაქე თ. ბ-ის მიერ შპს „გ. პ-ან“ 50232 ევროს ეკვივალენტ ლარად შეძენილი ქ. თბილისში, კ-ას ქუჩა 37/39 მშენებარე შენობაში მდებარე ფართები, მათ შორის, N39 სასაწყობე 10,5მ2 ფართი განთავსებულია -2 სართულზე ანუ, - 6,0 ნიშნულზე, ხოლო N418 კომერციული 14მ2 (ფართი განთავსებულია შენობის მე-5 სართულზე. აღნიშნული ფართები იდენტურია 2008 წლის 08 სექტემბრის თარიღებით შედგენილ N00165 და N00167 ხელშეკრულებებში ასახული ფართებისა, რაც შეეხება განსხვავებას 2008 წლის 08 სეტემბრის თარიღით შედგენილ N00165 ხელშეკრულებაში მითითებულ სართულსა და ფაქტიურად არსებულ სართულს შორის, სადაც განთავსებულია კომერციული ფართი N418, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ პირველადი მონაცემებით, მშენებარე შენობა შედგებოდა -2, -1, GF (გრაუნდ ფლორი), 1, 2, 3, 4, 5 და 6 სართულისაგან, ხოლო შემდგომში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, GF-ს (გრაუნდ ფლორი) შეეცვალა დასახელება და დაერქვა პირველი სართული, შესაბამისად, პირველადი მონაცემებით არსებულ 1, 2, 3, 4, 5 და 6 სართულებს ეწოდათ 2, 3, 4, 5, 6 და 7 სართულები“ (ტ.2. სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 15 იანვრის დასკვნა).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 15 თებერვლის წერილით, თ. ბ-ს მიეცა წინადადება 2010 წლის 26 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (N2/2071-10) საფუძველზე უზრუნველეყო მოვალისაგან 2008 წლის 08 სექტემბრის N00165 და N00167 ხელშეკრულებებში ასახული ფართების მიღება (ტ.2. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 15 თებერვლის წერილი).

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352 და 405-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საფუძვლად მითითებულია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს „გ. პ-მა“ არ შეასრულა 2008 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება უძრავი ნივთების მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. თ. ბ-ის სარჩელის საგანია ნივთის ღირებულების 50 232 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრება. ამასთან, ნივთის ღირებულებაში მოსარჩელე მოიაზრებს ნასყიდობის ფასს (50 232 ევროს ეკვივალენტი ლარი), რომელიც თ. ბ-ის, როგორც მყიდველმა გადაიხადა 2008 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლისა და მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისას ხელშეკრულებაზე უარის თქმის მარეგულირებელი ნორმებით - სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე მუხლებით, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2008 წლის 08 სექტემბრის ფართის ნასყიდობის შესახებ წინარე ხელშეკრულებებით განსაზღვრული, მოპასუხის (შპს „გ. პ-ის“) მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა შეიცვალა და ახლებურად მოწესრიგდა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „გ. პ-ს“ დაევალა ქ. თბილისში, კ-ას ქ.N37/39-ში მდებარე მშენებარე შენობაში მე-4 სართულზე 14მ2 N418-ე კომერციულ ფართზე და მე -2 სართულზე 10,5მ2 N39 სასაწყობე ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულებების დადება და აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემა მშენებარე შენობის ექსპლუატაციაში მიღების და გადასაცემ ფართებზე საჯარო რეესტრში შპს „გ. პ-ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობა მოპასუხე შპს „გ. პ-ის“ მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფართებზე ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებისა და საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, დაკავშირებული იყო მოსარჩელისათვის გადასაცემ ფართებზე შპს „გ. პ-ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 2 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წარმოების პროცესში თ. ბ-ს, როგორც კრედიტორს, მიეცა წინადადება შპს „გ. პ-ის“ მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ფართების მიღებაზე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ამასთან, შპს „გ. პ-ის“ მიერ 2012 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული ფართებისა (ქ. თბილისში, კ-ას ქუჩა N37-39-ში მდებარე კომერციული ფართი N418, სართული 5, ფართი 14,00მ2 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: N...) და სარდაფი Nჭ-39, სართული -2, ფართი 11,20მ2 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: N...)) და 2008 წლის 08 სექტემბრის წინარე ხელშეკრულებებით გათავალისწინებული ფართების (ქ. თბილისში, კ-ას ქუჩა N37/39-ში მდებარე მშენებარე შენობაში მე-4 სართულზე, N418 კომერციული ფართი, ფართით 14მ2 და ქ. თბილისში, კ-ას ქუჩა N37/39-ში მდებარე მშენებარე შენობაში მე-2 სართულზე, N39 სასაწყობე ფართი, ფართით 10,5მ2) იდენტურობა დადგენილია სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 15 იანვრის დასკვნით, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) არ წარმოუდგენია. აღნიშნულ ფართებზე საჯარო რეესტრში ამჟამად, რეგისტრირებულია შპს „გ. პ-ის“ საკუთრების უფლება (ტ.1. ს.ფ. 163-166). დგინდება ისიც, რომ შპს „გ. პ-ი“ მზადაა გადასცეს თ. ბ-ს საკუთრების უფლება მითითებულ ფართებზე.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილ შესაგებელში (ტ.2. სააპელაციო შესაგებელი) აღნიშნულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღძრული სარჩელის სამართლებრივი საფუძველია არა ხელშეკრულებიდან გასვლა, არამედ ნივთის გადაცემის ნაცვლად ნივთის ღირებულების ანაზღაურება, ნივთის გადაცემის ვალდებულების აღსრულების შეუძლებლობის გამო, პალატამ მიიჩნია, რომ არც მითითებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლით არ არსებობდა, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, რადგან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებს შორის 2008 წლის 8 სექტემბრის წინარე ხელშეკრულებების 2.1 პუნქტში მითითებული ფართების საკუთრებაში გადაცემის ნაწილში 2010 წლის 2 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა ვერ იქნა დადგენილი, რაც გამორიცხავდა ფართების საკუთრებაში გადაცემის ნაცვლად, მოპასუხისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების დაკისრების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შპს „გ. პ-მა“ ვალდებულება შეასრულა და მხარეს შესთავაზა გადასაცემი ფართების მიღება (მე-2-ის ნაცვლად მინუს ორი სართული და მე-4-ის ნაცვლად მე-5 სართული), რის დასადასტურებლადაც, ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელშეკრულებაში მითითებული მე-4 სართული იგივეა, რაც მე-5 სართული, რაც მიუხედავად დასაბუთების მცდელობისა, აბსურდულია და ეწინააღმდეგება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას. ამასთან, სასამართლომ არც კი ახსენა არასწორი ფაქტობრივი გარემოება, რომ მე-2 სართული ჩათვალა მინუს ორ სართულად..

კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორად მიუთითა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობა დაკავშირებულია მითვის გადასაცემ ფართებზე შპს „გ. პ-ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან, სასამართლოს არც კი გახსენებია ცნება „გონივრული ვადა“ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ 2010 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 წლის განმავლობაში არ მოხდა შენობის ექსპლუატაციაში მიღება და საკუთრების უფლების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. ასეთმა შეუსაბამოდ გრძელმა და დაუსრულებლემა ვადამ გამოიწვია სარჩელის შეტანა ნივთის ნაცვლად მისი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით.

კასატორის აზრით, სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო ისეთი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არასწორადაა განმარტებული და უფრო მეტიც, შეცვლილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციოლ ნაწილი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 ნაწილს და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნებს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ, ექსპერტიზის დასკვნაზე უპირატესობის მინიჭებით, უგულებელყო სასამართლო აქტების სავალდებულოობის იმპერატიული წესი.

კასატორის აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი, რომელიც არ აწესრიგებს სადავო ურთიერთობას, ვინაიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5782.78 ლარი) 70% – 4047.95 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 19 ივნისს სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5782.78 ლარის), ლარის 70% – 4047.95 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე