Facebook Twitter

№ ას-603-574-2013 20 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა

დავის საგანი – ფულადი შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 29 505.54 ლარის დაკისრება.

მოაპსუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაო ჩაითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ წარმოდგენილა. სავარაუდოა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ დროში არ შეასრულა, რის გამოც სამინისტროს არ უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება. ამასთან, მოპასუხის აზრით, სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ”...” სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შპს ”...” სასარგებლოდ დაეკისრა 29 505. 54 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ გაიზიარა საქმეზე დადგენილად მიიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავად აპელანს სადავოდ არ გაუხდია:

შპს ”...” და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის 2004 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეისყიდა სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების ერთიანი სახ. სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების, დანერგვის, აპრობაციისა და საჯაროობის უზრუნველყოფისათვის ინტელექტუალური მომსახურება. ხელშეკრულებით განისაზღვრა მომსახურების ფასი - 37 000 ლარი (2004 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულება - ს.ფ 14-103);

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია (მხარეთა ახსნა-განმარტება - ს.ფ 3-5, 120-122, სასამართლო სხდომის ოქმი 2013 წლის 29 იანვარი);

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სხვადასხვა დროს წერილობით მიმართა შპს ”...” და მიუთითა, რომ მათ ბალანსზე ირიცხება ცენტრალური აპარატის დავალიანება 19 621 ლარისა და ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის კრედიტორული დავალიანება 9884.54 ლარის ოდენობით. (მხარეთა ახსნა-განმარტება - ს.ფ 3-5, 120-122, სასამართლო სხდომის ოქმი 2013 წლის 29 იანვარი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2005 წლის 24 ნოემბრის, 2007 წლის 11 ივნისის, 2008 წლის 13 თებერვლის, 2010 წლის 03 სექტემბრის წერილები - ს.ფ 104, 106-107, 109-110; 2008 წლის 19 თებერვლის ურთიერთშედარების აქტი - ს.ფ 108);

ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის კრედიტორული დავალიანების მოთხოვნის უფლება გადაეცა შპს ”...” (მხარეთა ახსნა-განმარტება - ს.ფ 3-5, 120-122, სასამართლო სხდომის ოქმი 2013 წლის 29 იანვარი; 2008 წლის 19 თებერვლის ურთიერთშედარების აქტი (ს.ფ 108);

შპს ”...” მხარეთა შორის 2004 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა დათქმულ დროში, კეთილსინდისიერად, რაც დასტურდება 1. საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 19 თებერვლის ურთიერთშედარების აქტით, რომლის თანახმად, მოპასუხე მხარემ აღიარა მოსარჩელის წინაშე 2004 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობა, 2. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელისადმი გაგზავნილი წერილებით, რომელშიც იგი ერთმნიშვნელოვნად მზადყოფნას აცხადებდა მოსარჩელის წინაშე დაეფარა დავალიანება ფინანსთა სამინისტროდან მიღებული დაფინანსებისთანავე; 3. მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, რომ მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება სამინისტროში დღეის მდგომარეობითაც ასახული იყო პროგრამულად, თუმცა არ გააჩნდათ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული დავალიანების შესახებ.

პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე მხარის (აპელანტის) მითითება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128.1-ე, 144.1-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა წარმოშობილია 2004 წლის 24 ნოემბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რის გამოც ამ გარიგების მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნების სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალქო კოდექსის 130-ე, 137-ე, 141-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების არსებობა აღიარა არაერთხელ და საბოლოოდ ეს იყო 2010 წლის 3 სექტემბერს.

პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სამინისტროს მიერ მოსარჩელისადმი მიწერილი წერილები იყო მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის და იგი არ წარმოადგენდა ვალდებულების აღიარების შესახებ დოკუმენტს იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული არ დასტურდებოდა წარმოდგენილი წერილების შინაარსით, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანების (29 505.54 ლარი) დაფარვის შესახებ წერილის პასუხად სამინისტრო განმარტავს ”. . . სს ”...” სასარგებლოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია წადგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წინა პერიოდის დავალიანების დასაფარავად შესაბამისი თანხის გამოყოფის შემთხვევაში განხორციელდება კრედიტორული დავალიანების დაფარვა. . . ”. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული შინაარსის წერილი წარმოადგენდა დავალიანების არსებობის აღიარებას და არა ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტს.

ამდენად, ზემოთმითითებული ნორმების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანების აღიარებით შეწყდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და მისი დენა 2010 წელს დაიწყო ხელახლა. შპს „...” სასარჩელო განცხადება კი, სასამართლოში წარდგენილი იყო 2012 წლის 11 დეკემბერს - სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სახელშეკრულებო მოთხოვნების სამწლიან ხანდაზმულობის ვადაში.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317.1-ე, 361.2-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, დაასკვნა, რომ არსებობდა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის შპს ”...” სასარგებლოდ 29 505. 54 ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ მართალია გაიზიარა აპელანტ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტება იმის თაობაზე, რომ შპს ,,...’’ მიმართ არსებული დავალიანება წარმოქმნილი იყო სხვადასხვა სამართალურთიერთობიდან და მათი წარმოქმნის საფუძველი იყო სხვადასხვა, მაგრამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2005 წლის 24 ნოემბრის, 2007 წლის 11 ივნისის, 2008 წლის 13 თებერვლის, 2010 წლის 3 სექტემბრის წერილებითა (ს.ფ 104, 106-107, 109-110) და 2008 წლის 19 თებერვლის ურთიერთშედარების აქტით (ს.ფ 108) შპს ”...” მიმართ აღიარა დავალიანება და მიუთითა, რომ მათ ბალანსზე ირიცხებოდა ცენტრალური აპარატის დავალიანება 19 621 ლარისა და ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის კრედიტორული დავალიანება - 9884.54 ლარის ოდენობით. ამდენად, მან მთლიანად აღიარა მოპასუხის მიმართ არსებული დავალიანება, რაც საკმარისი წინაპირობა იყო იმისა, რომ ამ მოთხოვნების წარმოშობის სხვადასხვა საფუძვლების მიუხედავად, სარჩელი სრული მოცულობით დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის აზრით, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ გაიზიარა სამინისტროს პოზიცია, რომელიც დასაბუთებული იყო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ვინაიდან სარჩელი ხანდაზმული და დაუსაბუთებელი იყო, კერძოდ, სამინისტროს აზრით, გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა და იმ შემთხვევაშიც კი, რომც არსებობდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, მხარეს არ გააჩნია მოთხოვნის უფლება, ვინაიდან მითითებული მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა სამი წელია და ეს ვადა აითვლება მოთხვნის წარმოშობის მომენტიდან. წარმოშობილი მოთხოვნა ეხებოდა 2004 წლამდე გახორციელებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, შესაბამისად, გასულია ყოველგვარი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან სარჩელი შეტანილია 2012 წელს. სამინისტროს მიერ გაცემული წერილი კი, წარმოადგენდა მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მოხდა ვალის აღიარება, რადგან წერილებში მითითებულია მხოლოდ ის გარემოებები, რომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უშუამდგომლებს შპს „...“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანხის გამოყოფის ნაწილში.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გამოთვლისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა ამავე კოდექსის 130-ე, 137-ე და 141-ე მუხლები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე