№ას-606-577-2013 20 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ლ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ლ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა: გამოთხოვილ იქნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ ჯეტა’’, გამოშვების წელი 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი ... უკანონო მფლობელობიდან და აღნიშნული ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს ნ. ლ-ა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის წარმომადგენლის კ. ბ-ის განმარტებით, 2010 წლის 23 დეკემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე, რომლითაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება მოსარჩელის მამის ბრალდებულ დ. ლ-სა და საქართველოს მთავარ პროკურატურას შორის. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ქონების ჩამორთმევა. მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ ჯეტა’’ სახელმწიფო ნომრით ,,NII 005’’, საიდენტიფიკაციო ნომერი ... ჩამორთმევა განხორციელდა ისე, რომ მას, როგორც მესაკუთრეს, თანხმობა არ მიუცია გამოძიებისათვის. აღნიშნულ ქმედებას მოსარჩელე მიიჩნევს უკანონოდ, ვინაიდან იგი არ იყო სისხლის სამართლის საქმის მხარე და მით უმეტეს ბრალდებული, შესაბამისად, არ არსებობდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის კანონიერი საფუძველი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და დ. ლ-ას შორის. ბრალდებული დ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებაში, დამატებით სასჯელად სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მის მფლობელობაში არსებული (ოჯახის წევრებზე გაფორმებული) დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონებით შეძენილი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის მისი შვილის ნ. ლ-ას სახელზე გაფორმებული ,,ფოლკსვაგენის’’ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით .... ფოთის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურდა ფაქტი იმის შესახებ, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალება შეძენილია დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონებით, ამასთანავე განაჩენშივეა მითითებული, რომ აღნიშნული ქონება უნდა ჩამოერთვას იმის მიუხედავად, რომ იგი გაფორმებულია არა მსჯავრდებულზე, არამედ მისი ოჯახის წევრებზე. მოპასუხის განმარტებით, არც ბრალდებულ დ. ლ-ას და არც მის შვილს, მოსარჩელე ნ. ლ-ას სადავოდ არ გაუხდიათ 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენი, რომლითაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ქონებას ედო ყადაღა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით ნ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დ. ლ-ა არის მოსარჩელე ნ. ლ-ას მამა;
საქმის მასალებით დინდება, რომ მექანიკური სატრანსპორტო საშულება „VOLKSWAGEN JETTA“ სანომრე ნიშნით ..., გამოშვების წელი - 2005, ფერი - შავი, 2010 წლის 7 ივლისს დ. მ-ემ გაასხვისა მოსარჩელე ნ. ლ-ე და 2010 წლის 7 ივლისს დარეგისტრირდა ნ. ლ-ას სახელზე;
ფოთის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დ. ფ-ა და განსასჯელ დ. ლ-ას შორის 2010 წლის 22 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება და დ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ლ-ას დამატებითი სასჯელებად განესაზღვრა ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ დ. ლ-ას დამატებით სასჯელებად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი სატრანსპორტო საშუალებები: ა/მანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“, სახელმწიფო N...და „ფოლკსვაგენი“, სახელმწიფო N... (მტკიცებულება: განაჩენი, ტ. 1.ს.ფ. 12-22).
ფოთის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და მისი აღსრულების მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - „ფოლკსვაგენ ჯეტა“, საიდენტიფიკაციო N..., გამოშვების წელი - 2005, 2010 წლის 30 დეკემბრიდან რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სახელზე.
პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების „ფოლკსვაგენ ჯეტას“ გამოთხოვა და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ ნ. ლ-ას ცნობა.
აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 170-ე, 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილებით დგინდება, რომ მოსარჩელის (ნ. ლ-ა) მამას - მსჯავრდებულ დ. ლ-ას ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი სატრანსპორტო საშულება - ა/მანქანა „ფოლკსვაგენი“, სახელმწიფო N..., საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე (რომელიც ითვალისწინებს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას). მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო მოსარჩელე ნ. ლ-ა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, დ. ლ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი მოძრავი ნივთი - ა/მანქანა, რომელიც იმყოფებოდა დ. ლ-ას მფლობელობაში და ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნივთის მფლობელი (დ. ლ-ა) ნებაყოფლობით დაეთანხმა ბრალზე გარიგებას (საპროცესო შეთანხმებას), მათ შორის, მისთვის დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ მის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ა/მანქანა „ფოლკსვაგენის“ სახელმწიფო N... (საპროცესო შეთანხმების შესახებ ოქმი, ტ.1. ს.ფ. 41) უსასყიდლოდ ჩამორთმევის პირობას, პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ ავტომანქანაზე რეგისტრაციის ფაქტი არ იყო საკმარისი სადავო მოძრავ ნივთზე (ავტომანქანა) ნ. ლ-ას საკუთრების უფლების აღიარებისათვის.
რაც შეეხება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო ავტომანქანის გამოთხოვის მოთხოვნას, პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხევევაში, სადავო მოძრავ ნივთზე მოპასუხის უფლების რეგისტრაციისა და მფლობელობის სამართლებრივი საფუძველია კანონიერ ძალაში შესული ფოთის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენი, შესაბამისად, მოპასუხის მფლობელობა სადავო ნივთზე არ არის უკანონო და გამომდინარეობს ნივთზე მოპასუხის საკუთრების უფლებიდან, რომლის წარმოშობის სამართლებრივი საფუძველია სახელმწიფოს სასარგებლოდ ნივთის ჩამორთმევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია სადავო ნივთზე მისი საკუთრების უფლების შელახვის თაობაზე და დაუსაბუთებლად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნები სადავო ა/მანქანაზე მესაკუთრედ აღიარებისა და მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე და 172-ე მუხლები და არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, არ იმსჯელა საკუთრების უფლების ჩამორთმევის კანონიერებაზე, სასამართლომ განაჩენით დადგენილ გარემოებებზე მითითებით, მესაკუთრეს მოუსპო შესაძლებლობა, იდავოს სამოქალაქო წესით მისი საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნის თაობაზე, რაც არ გამომდინარეობს მესაკუთრის უფლებების დაცვის გარანტიებიდან.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მიუთითა სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლზე, თუმცა მცდარად შეაფასა იგი, ვინაიდან აღნიშნული ნორმის თანახმად, ქონების ჩამორთმევის სუბიექტია მსჯავრდებული და არა სხვა პირი, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, ნ. ლ-ა თავად არაა მსჯავრდებული, თავისი მშობლის მსჯავრდების საქმეზე კი, სადავო ავტომანქანა ჩამორთმევის საგანი ვერ გახდებოდა.
კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც დაცულია და აღიარებულია საკუთრების ხელშეუვალი უფლება, ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარი) 70% – 350 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს კ. ბ-ის მიერ 2013 წლის 29 მაისს საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარის), ლარის 70% – 350 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე