ბს-636-549-კ-04 13 მაისი, 2004 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: სერვიტუტის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 27 დეკემბერს კასატორმა _ ლ. რ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის 2002წ. 26 ივნისის საარქივო ცნობისა და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2002წ. 11 ივლისის ¹1456 წერლის საფუძველზე, თბილისში... მიმდებარედ არსებულ ¹22/35 და 22/3 მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკებში ცვლილებების შეტანისა და ¹22/3 მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის აღდგენის თაობაზე:
მოსარჩელის განმარტებით, მან 1999 წელს შეიძინა თბილისში, ... მიმდებარე ¹22/35 მიწის ნაკვეთი, რომელთან მისასვლელი გზა გადის ნაკვეთის მოსაზღვრედ მდებარე, გ. ბ-ის კუთვნილ ¹22/3 მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული გზა წარმოადგენს მის ნაკვეთთან ერთადერთ დამაკავშირებელ გზას, რაც დასტურდება არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის 2002წ. 28 ივნისის სიტუაციური გეგმით, ასევე, თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2002წ. 11 ივლისის ¹1456 წერილის თანახმად, ... მდებარე დეკორატიული ბაღის წითელ ხაზებში მოქცეული საერთო სარგებლობის გზა დატვირთული უნდა ყოფილიყო სერვიტუტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, სკ-ის 175-ე, 180-ე და 247-ე მუხლების თანახმად, მიწის მართვის დეპარტამენტი ვალდებული იყო, სერვიტუტით დაეტვირთა გ. ბ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე გამავალი გზა, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული მოპასუხის მიერ.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის საოქმო დადგენილებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება გ. ბ-ი, რომელმაც არ ცნო ლ. რ-ს სარჩელი და განმარტა, რომ მისთვის ¹22/3 მიწის ნაკვეთის იჯარით გამოყოფის დროს, 1997 წელს, არქიტექტურის დეპარტამენტის მიერ და 2003წ. 16 აპრილს გაცემულ მიწის მართვის დეპარტამენტის არქივიდან აღებულ სიტუაციურ გეგმებზე გასასვლელი გზები არ არის ნაჩვენები, არამედ მხოლოდ აღნიშნულია გ. ბ-ისა და ს-ის (რომელსაც ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი ¹22/35, ლ. რ-ს მიერ ნაკვეთის შეძენამდე) ნაკვეთების ბორდიულები, ხოლო გ. ბ-ის ნაკვეთში არსებული ვიწრო ბილიკები, შესაგებლის ავტორის განმარტებით, გ. ბ-ის მიერვე იყო დატანილი არქიტექტურის დეპარტამენტის 1997წ. 17 ოქტომბრის სიტუაციურ გეგმაზე, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ლ. რ-ს ნაკვეთთან არავითარი მისასვლელი და დამაკავშირებელი გზა არ არსებობს, რადგან იგი გაუქმებულ იქნა 1999 წელს თავად ს-ის მოთხოვნის საფუძველზე. შესაგებლის ავტორის განმარტებით, გზები არც ლ. რ-ს და არც გ. ბ-ის ნაკვეთზე არ არის აღნიშნული და არც შეიძლებოდა აღნიშნული ყოფილიყო, რადგან ¹22/3 ნაკვეთი გ. ბ-ისათვის 1997 წელს ჯერ იჯარით, ხოლო 1998 წელს საკუთრებაში გადაცემის დროს შედიოდა ქალაქის ფონდში. რაც შეეხება არქიტექტურის სამსახურის 2002წ. 11 ივლისის ¹1458 წერილს, რომელიც გ. ბ-ის მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვას ეხებოდა, შესაგებლის ავტორის მითითებით, აღნიშნული წერილი გავლენას ვერ მოახდენდა 1997 და 1998 წლებში გაფორმებულ დოკუმენტებზე. შესაგებლის ავტორმა არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება გ. ბ-ის წერილობით დასტურზე, რომლის მიხედვით, მის ნაკვეთზე გადიოდა რ-ს ნაკვეთის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა, იმ მოტივით, რომ აღნიშნული დასტური გ. ბ-ის მიერ გაიცა 1997წ. 15 ივლისს, როდესაც მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა ქალაქის ფონდში, რის გამოც თანხმობა, სკ-ის 53-73-ე მუხლების შესაბამისად, ბათილია. ამდენად, შესაგებლის ავტორის განმარტებით, გასასვლელი გზა 1999წ. შემდგომ აღარ არსებობს, იგი გაუქმდა ს-ის განცხადების საფუძველზე და მისი აღდგენა შეუძლებელია.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტი. ამავე სასამართლოს 2003წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. რ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაევალა სარეგისტრაციო დოკუმენტებსა და საკადასტრო რუკაში ცვლილებების შეტანა თბილისში, ქიაჩელის ქ. ¹5-ში მდებარე ტერიტორიაზე ლ. რ-ს ნაკვეთიდან გ. ბ-ის ნაკვეთზე გამავალი საერთო სარგებლობის გზისა და მბჯენი კედლის აღნიშვნით, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ბ-ის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. რ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ... მიმდებარედ არსებული 1311 კვ.მ მიწის ნაკვეთი, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის საფუძველზე, 1998წ. 4 დეკემბერს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა გ. ბ-ზე, რომელსაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1997წ. 22 ოქტომბრიდან იჯარით ჰქონდა აღებული. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 1997წ. 17 ოქტომბრის მიწის გეგმის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 25 სექტემბრის ¹19.23.1134 დადგენილებით გ. ბ-ის ნაკვეთს მიენიჭა დეკორატიულ-საკოლექციო ბაღის სტატუსი და ნება დაერთო ბაღის მოვლა-პატრონობაზე, მშენებლობის უფლების გარეშე. ამასთან, შენიშვნის სახით მიეთითა, რომ წითელი ხაზები იყო პირობითი და გზა რჩებოდა საერთო სარგებლობაში. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2002წ. 11 ივლისის ¹1456 წერილის თანახმად, დეკორატიული ბაღის წითელ ხაზებში მოქცეული საერთო სარგებლობის გზა უნდა გატარებულიყო სერვიტუტის სახით. აღნიშნული წითელი ხაზები გ. ბ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა მიწის მართვის დეპარტამენტში საჯარო რეესტრში გასატარებლად.
ამდენად, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებსა და მხარეთა განმარტებებზე დაყრდნობით დადასტურებულად ცნო, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე სერვიტუტი არ იყო რეგისტრირებული “მიწის რეგისტრაციის შესახებ” 1996წ. 14 ნოემბრის კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად და გ. ბ-ის 1997წ. 15 ივლისის თანხმობა და დასტური, პალატის აზრით, ვერ გახდება სერვიტუტის აღიარების საფუძველი, რადგან 1998 წლამდე გ. ბ-ი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არ იყო და არც სერვიტუტი იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. რ-მ და შემდეგი მოტივით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება:
კასატორმა დაუსაბუთებლად და არაობიექტურად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია მისთვის კონსტიტუციის 21-ე მუხლით მინიჭებული საკუთრების უფლება. ამასთან, სასამართლომ, კასატორის აზრით, სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები და საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2002წ. 11 ივლისის ¹1456 წერილი, რომლის მიხედვით საერთო სარგებლობის გზა უნდა გატარებულიყო სერვიტუტის სახით, ხოლო არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის არქივიდან ამოღებულ, 1997 წელს შედგენილ სიტუაციურ გეგმაზე ნათლად ჩანს წყვეტილი ხაზებით გამოყოფილი საერთო სარგებლობის გზა. ამდენად, კასატორის განმარტებით, აღნიშნული სიტუაციური გეგმიდან ირკვევა, რომ მითითებული გზა წარმოადგენს ლ. რ-ს ნაკვეთთან მისასვლელ
ერთადერთ გზას და ალტერნატიული გზის არსებობის შემთხვევაში, იგი აღნიშნული იქნებოდა სიტუაციურ გეგმაზე და ასევე გამოჩნდებოდა ადგილობრივი დათვალიერების დროს.
ლ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ გ. ბ-მა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებელობის გამო და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. რ-ს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მარტის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი ლ. რ-ა სასამართლოში აღძრული სარჩელით, თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 2002წ. 28 ივნისის საარქივო ცნობისა და თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2002წ. 11 ივლისის ¹1456 წერილის საფუძველზე მოითხოვდა, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს დავალებოდა საკადასტრო რუკაში ცვლილების შეტანა და გ. ბ-ის ნაკვეთზე მდებარე გზაზე, რომელიც მის ნაკვეთთან მისასვლელ ერთადერთ გზას წარმოადგენს, სერვიტუტის აღდგენა, რაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ, რადგან პალატამ მიიჩნია, რომ ... მდებარე ნაკვეთი გ. ბ-ს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის საფუძველზე. “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 30-ე მუხლის თანახმად, სერვიტუტი გ. ბ-ის ნაკვეთზე რეგისტრირებული არ ყოფილა, არც ხელშეკრულება არსებობს მხარეებს შორის სერვიტუტის დადგენაზე და ამიტომ, სააპელაციო პალატის აზრით, სარჩელი სერვიტუტის აღდგენის თაობაზე უსაფუძვლოა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაუსაბუთებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, სათანადო შეფასება არ მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს, რითაც დაირღვა სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.
კასატორი თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2002წ. ¹1456 წერილის საფუძველზე მოითხოვდა სადავო გზაზე სერვიტუტის აღდგენას. წერილის მიხედვით ირკვევა, რომ 1997წ. 17 ნოემბერს ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ დამტკიცებული გეგმა-ნახაზის თანახმად, ... დეკორატიული საკოლექციო ბაღის წითელ ხაზებში მოქცეული საერთო სარგებლობის გზა შენიშვნის თანახმად უნდა გატარებულიყო, როგორც სერვიტუტი. აღნიშნული წითელი ხაზი დაინტერესებული მხარის (გ. ბ-ის) მიერ წარდგენილ იქნა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში საჯარო რეესტრში გასატარებლად და საკადასტრო რუკის მისაღებად, სადაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საერთო სარგებლობის გზის შემდგომი გამოყენების (სერვიტუტის) საკითხი.
სკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის, ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ. ამდენად, კანონმდებლობის მიხედვით, პრედიალური (საადგილმამულო) სერვიტუტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ “დამხმარე” ნაკვეთი ემსახურება “ძირითად” ნაკვეთს უკეთ გამოყენების მიზნით, რაც, როგორც წესი, არ არის შეზღუდული რაიმე ვადით და პირადი (პერსონალური) სერვიტუტისგან განსხვავებით, “ძირითადი” მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შეცვლა არ იწვევს სერვიტუტის შეწყვეტას და ახალი მესაკუთრე ასევე ინარჩუნებს სერვიტუტით გათვალისწინებულ “დამხმარე” მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კასატორი თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ¹1456 წერილისა და საკადასტრო რუკის საფუძვეზე ითხოვს გ. ბ-ის ნაკვეთზე არსებული საერთო სარგებლობის გზაზე სერვიტუტის აღდგენას.
წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 25 სექტემბრის ¹19.23.1134 დადგენილებით მეყვავილე-დეკორატორ გ. ბ-ის მიერ ... მიმდებარედ, დაახლოებით 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მოშენებულ ბაღს (რომელიც ათეული წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ იყო გაშენებული) მიენიჭა დეკორატიულ-საკოლექციო ბაღის სტატუსი და გ. ბ-ს მიეცა მისი მოვლა-პატრონობის უფლება ყოველგვარი მშენებლობის გარეშე. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ¹19.23.1134 დადგენილების საფუძველზე, გ. ბ-სა და თბილისის მერიას შორის 1997წ. 22 ოქტომბერს დაიდო მიწის იჯარის ხელშეკრულება ¹1894, რომლითაც გ. ბ-ს 25წ. ვადით იჯარით გადაეცა ... მიმდებარედ 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მას ერთვის თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ დამტკიცებული გრაფიკული გეგმა. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ¹19.23.1134 დადგენილებისა და იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად შედგენილი და თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 1997წ. 17 ოქტომბერს დამტკიცებული გეგმის მიხედვით, გ. ბ-ისათვის იჯარით გადაცემული ნაკვეთის ფართობი შეადგენს 1100 კვ.მ, მაგრამ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის საფუძველზე, საჯარო რეესტრში გ. ბ-ის საკუთრებად აღირიცხა ... მიმდებარე მიწის ნაკვეთი, 22/3, რომლის ფართობი შეადგენს 1311 კვ.მ-ზე ე.ი. 211 კვ. მ-ით მეტს.
კასატორის მიერ სარჩელის დანართად წარმოდგენილი, თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 1997წ. 17 ოქტომბერს დამტკიცებულ ნაკვეთის გეგმაზე, სადაც გ. ბ-ზე იჯარით გაცემული ნაკვეთის ფართობი 1100 კვ.მ-ია, შენიშვნის სახით მითითებულია, რომ გ. ბ-ის ნაკვეთზე გამავალი გზა რჩება საერთო სარგებლობაში. გ. ბ-ის განმარტებით, კასატორის მიერ წარდგენილი გეგმა გაყალბებულია და მისთვის გადაცემულ გეგმაზე ასეთი შენიშვნა მითითებული არ არის. საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, მათ სამსახურში წარდგენილ გეგმაზე ასევე არ არის შენიშვნა ნაკვეთზე გამავალი გზის საერთო სარგებლობაში დარჩენის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ¹22/3 ნაკვეთის ორივე გეგმა-ნახაზი წარმოდგენილი იყო საქმეში და სასამართლომ არ იმსჯელა დავის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტისათვის ამ უმთავრეს მტკიცებულებაზე და დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვით არ გამოიკვლია, რომელი მტკიცებულება იყო ნამდვილი, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლების მოთხოვნები. საკასაციო პალატაში თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტიდან 2005წ. 4 თებერვალს წარმოდგენილ გეგმაზე, კასატორის მიერ წარმოდგენილი გეგმის ანალოგიურად, შენიშვნის სახით მითითებულია, რომ გზა რჩება საერთო სარგებლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის არსებითად ხელახლა განხილვისას ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები და დაადგინოს დავის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი გარემოება: გ. ბ-ზე დეკორატიული ბაღის ¹22/3 ნაკვეთის ჯერ იჯარით და შემდგომ საკუთრების უფლებით გადაცემის დროს, იყო თუ არა გათვალისწინებული საერთო სარგებლობის გზა მიწის ნაკვეთზე. ხელშეკრულების შესაბამისად, გ. ბ-ს ბაღის ნაკვეთთან ერთად იჯარით და შემდგომ საკუთრების უფლებით გადაეცა თუ არა ეს საერთო სარგებლობის გზაც და საჯარო რეესტრში გ. ბ-ის საკუთრებად აღრიცხულ 1311 კვ.მ ნაკვეთში ხომ არ შედის საერთო სარგებლობის გზა, რადგან გ. ბ-ს იჯარით გადაცემული ჰქონდა 211 კვ.მ-ით ნაკლები 1100 კვ.მ ნაკვეთი და რითი იყო გამოწვეული ერთი და ამავე მიწის ნაკვეთების მოცულობის გაზრდა, გ. ბ-მა სასამართლოს ვერ განუმარტა, ხოლო 2005წ. 12 იანვრის მდგომარეობით შედგენილ გ. ბ-ის კუთვნილი ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე გზა საერთოდ არ არის მითითებული და აღნიშნულია მხოლოდ ბილიკები. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ დავის არსებითად გადაწყვეტისას გაითვალისწინოს “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის აკრძალვაც, რომლის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი სარგებლობის მიწების _ მოედნების, ქუჩების, გზების განკარგვა.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ლ. რ-ს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტისა და 105-ე მუხლების საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მარტის გადაწყვეტილება, საქმე ზემოაღნიშნული მითითებით ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან საჭიროა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასება და ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რომლის გარეშეც შეუძლებელია საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. რ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მარტის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.