№ას-622-592-2013 22 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ო. კ-ე, გ. ხ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ხ-სა და ო. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 2010 წლის 21 ოქტომბერს გ. ხ-ეს, თ. კ-სა და ო. კ-ეს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით ბათილად ცნობა; თ. კ-სა და გ. ხ-ეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, რომლის თანახმადაც, სესხის თანახა შეადგენს 20600 აშშ დოლარს ყოველთვიურად 6% პროცენტიანი სარგებლით; გ. ხ-ე თ. კ-ის სასარგებლოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული ძირი თანხის 20600 დოლარისა და შესაბამისი პროცენტის დაკისრება; გ. ხ-სა და ო. კ-ე თ. კ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 20000 აშშ დოლარის, ხოლო მორალური ზიანის – 1000 ლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოასთვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 დეკმებრის განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2010 წლის 21 ოქტომბერს თ. კ-ს, ო. კ-ეს და გ. ხ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმადაც, გ. ხ-ემ მიჰყიდა თ. კ-სა და ო. კ-ეს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებები, მდებარე ქობულეთი, დაბა ჩაქვი, თ. მ-ის ქ. №72ა (ამჟამად ქ. ბათუმი, დაბა ჩაქვი, თ. მ-ის ქ№72ა საკადასტრო კოდით №... და № ...) .
ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 31920 აშშ დოლარად, აქედან თ. კ-მა გადაიხადა 19600 აშშ დოლარი, ხოლო ო. კ-ემ –12320 აშშ დოლარი. 2010 წლის 7 დეკემბერს თ. კ-მა დამატებით გადასცა გ. ხ-ეს 1000 აშშ დოლარი.
2010 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გამოსყიდვის უფლება განისაზღვრა სამი თვის ვადით, 2011 წლის 21 იანვრამდე. გ. ხ-ემ სახლი ვერ გამოისყიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის კანონიერ ძალაში შესული და აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა, გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ჩაქვი, თ. მ-ის ქ№72ა, საკადასტრო კოდი №... მისი რეალიზაციის გზით და დადგინდა აღნიშნული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება სადაო უძრავი ქონების მესაკუთრეებს თ. კ-სა და ო. კ-ეს შორის მათი წილების შესაბამისად, კერძოდ ო. კ-ე 1/2 წილი, თ. კ-ე 1/2 წილი. ასევე, ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ჩაქვი, თ. მ-ის ქ№72ა, საკადასტრო კოდი №... მისი რეალიზაციის გზით და დადგინდა აღნიშნული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება სადაო უძრავი ქონების მესაკუთრეებს: თ. კ-სა და ო. კ-ეს შორის წილების შესაბამისად, ო. კ-ე 1/2 წილი, თ. კ-ე 1/2 წილი.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტზე და მიიჩნია, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს. პალატის აზრით, აპელანტმა ვერ დაამტკიცა ის, რომ სადავო გარიგება დაიდო თვალთმაქცურად. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თ. კ-ი და ო. კ-ე არიან სადავო ქონების თანამესაკუთრეები.ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს თ. კ-ი სადავოდ ვეღარ გახდის. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს. ამავდროულად, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის ”ე” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინებაში უნდა აღინიშნოს მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს საერთოდ არ მიუთითებია ის მოტივი, რომლითაც იგი ხელმძღვანელობდა განჩინების გამოტანისას. ამის გამო, პალატამ მიიჩნია, რომ ამ განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ”ე1” ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს. თუმცა, ამავდროულად, პალატამ მიიჩნია, რომ ამ განჩინების გაუქმება საქმის განხილვის საბოლოოდ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა, ვინაიდან ის, რომ თ. კ-ი ქონების მესაკუთრეა, დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და ამ ფაქტს აპელანტი სადავოდ ვერ გახდის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ თითქოსდა 2010 წლის 21 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმადაც, გ. ხ-ემ მიჰყიდა თ. კ-სა და ო. კ-ეს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებები, მდებარე ქობულეთი, დაბა ჩაქვი, თ. მ-ის ქ. №72ა და არასწორად დაასაბუთა გადაწყვეტილება, რომ თ. კ-ს, ო. კ-ეს და გ. ხ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. კასატორის აზრით, ნასყიდობის ხელშეკრუელბის გაფორმება რომ არ სურდათ მხარეებს, ამას მოწმობს სააპელაციო სასამართლოში თავად გ. ხ-ის აღიარება სესხისა და ბინის ჩადების თაობაზე. ამასთან, კასატორის აზრით, გაუგებარია, როგორ დაადგინა სასამართლომ ნასყიდობის დადების ნამდვილობა, მაშინ, როდესაც რაიმე ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება არ გამოუთხოვია, თავად სააპელაციო პალატა ადასტურებს მტკიცებულებების გამოთხოვის აუცილებლობაზე, როცა აუქმებს მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებას.
კასატორის აზრით, სასამართლომ ასევე არაწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის კანონიერ ძალაში შესული და აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა, გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ჩაქვი, თ. მ-ის ქ№72ა, საკადასტრო კოდი №... მისი რეალიზაციის გზით და დადგინდა აღნიშნული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებს თ. კ-სა და ო. კ-ეს შორის მათი წილების შესაბამისად, კერძოდ, ო. კ-ე 1/2 წილი, თ. კ-ე 1/2 წილი. ასევე, ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ჩაქვი, თ. მ-ის ქ№72ა, საკადასტრო კოდი №... მისი რეალიზაციის გზით და დადგინდა აღნიშნული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება სადაო უძრავი ქონების მესაკუთრეებს: თ. კ-სა და ო. კ-ეს შორის წილების შესაბამისად, ო. კ-ე 1/2 წილი, თ. კ-ზე 1/2 წილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით თ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თ. კ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე