საქმე №ას-701-664-2013 18 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – პ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ბ-მა სარჩელი აღძრა პ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა, რომ ცნობილ იქნეს ქ.თბილისში, წ-ის ქ.87-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის, პ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ.
პ. ბ-მა ასევე სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა, ქ.თბილისში, წ-ის ქ.87-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების – 3267.2 აშშ დოლარის 75%-ის – 2450.4 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, ნ. ბ-ს შეუწყდეს მის მიერ დაკავებულ 40.84 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობა და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე პ. ბ-ს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით პ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, პ. ბ-ს დაეკისრა სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების – 3 267.20 აშშ დოლარის 75%-ის – 2450.40 აშშ დოლარს ეკვივალენტი ლარის გადახდა, პ. ბ-ის მიერ ნ. ბ-ის სასარგებლოდ 2450.40 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დადგინდა, რომ ნ. ბ-ს შეუწყდებოდა მფლობელობა ქ.თბილისში, წ-ის ქ.№87-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე და საცხოვრებელი სადგომი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცემოდა მესაკუთრე პ. ბ-ს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ბ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, პ. ბ-ს დაეკისრა სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების – 4 290 აშშ დოლარის 75%-ის – 3217,50 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) გადახდა ნ. ბ-ის სასარგებლოდ, პ. ბ-ის მიერ ნ. ბ-ის სასარგებლოდ 3217,50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის შემთხვევაში დადგინდა, რომ ნ. ბ-ს შეუწყდეს მფლობელობა ქ.თბილისში, წ-ის N87-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე და საცხოვრებელი სადგომი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე პ. ბ-ს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.თბილისში, წ-ის ქ.№87-ში მდებარე სადავო უძრავი ქონება – შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5, 619 კვ.მ დაზუსტებული ფართით (ს/კ: ...) აღრიცხულია გ. ბ-ის საკუთრების უფლებით 2009 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით დგინდება, რომ ნ. ბ-ი 1968 წლის 2 ნოემბრიდან რეგისტრირებულია სადავო მისამართზე.
ნ. ბ-ის, როგორც მოსარგებლის უფლება პ. ბ-ს სადავოდ არ გაუხდია. პირიქით, პ. ბ-მა სასამართლოში აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა, ნ. ბ-ის მიერ დაკავებულ ფართზე მფლობელობის შეწყვეტა ფართის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ბ-ი წარმოადგენს ქ. თბილისში, წ-ის ქ.87-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს.
პალატის მითითებით, მხარეები სადავოდ ხდიან ნ. ბ-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის მოცულობასა და მის ღირებულებას.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით და მიუთითა პ. ბ-ის მიერ წარმოდგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2012 წლის 28 დეკემბრის №010256712 დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონის წ-ის ქ.№87-ში ნ. ბ-ის სარგებლობაში არსებული ფართის (ობიექტი №1 – 22,98 კვ.მ და ობიექტი №2 – 40,84 კვ.მ) საბაზრო ღირებულება 2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 4 290 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ნ. ბ-ს დაკავებული აქვს ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, წ-ის ქ.№87-ში მდებარე მთლიანი უძრავი ქონება და განმარტა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს არ წარმოუდგენია, ხოლო საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის შესაბამისად კი ირკვევა, რომ ნ. ბ-ის სარგებლობაშია მხოლოდ სადავო მისამართზე მდებარე №1 ობიექტი, რომლის ფართია 22,98 კვ.მ და №2 ობიექტი, რომლის ფართია 40,84 კვ.მ. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ბ-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საერთო ფართი შეადგენს 63,87 კვ.მ-ს და მისი საბაზრო ღირებულებაა 4 290 აშშ დოლარი.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-2 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად პალატამ განმარტა, რომ მესაკუთრეს უფლება აქვს, მოითხოვოს მოსარგებლის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ.
აღნიშნული მესაკუთრის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებაა და მას შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს აღნიშნული უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მესაკუთრემ (შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ) მოითხოვა, მოსარგებლის მიერ დაკავებულ ფართზე მფლობელობის შეწყვეტა ფართის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ, მესაკუთრის (პ. ბ-ის) სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი მოსარგებლის მიერ დაკავებული სადგომის ფართი და, შესაბამისად, არასწორად განისაზღვრა ნ. ბ-ის ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ გადასაცემი საკომპენსაციო თანხის ოდენობა.
განსახილველ საქმეზე თავად შეგებებული სარჩელით მოსარჩელე პ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ. ბ-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საერთო ფართი შეადგენს 63,87 კვ.მ-ს და მისი საბაზრო ღირებულებაა 4 290 აშშ დოლარი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ბ-ის გადასახდელი საკომპენსაციო თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს 4 290 აშშ დოლარიდან, რომლის 75% შეადგენს 3217,50 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პ. ბ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი უფლებას აძლევს მოსარგებლეს, იდავოს მის მიერ რეალურად დაკავებულ ფართზე. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არ გამხდარა, რომ ნ. ბ-ი არის მოსარგებლე, მაგრამ მას პრეტენზია უნდა ჰქონდეს მხოლოდ მის მიერ რეალურად დაკავებულ 40.84 კვ.მ-ზე და არა 63,87 კვ.მ-ზე. შესაბამისად, ნ. ბ-ის გადახდილი თანხის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 3267,20 აშშ დოლარიდან, რომლის 75% შეადგენს 2450,40 აშშ დოლარს.
სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა ნ. ბ-ის მოთხოვნა და სამართლებრივი დასაბუთება აღნიშნულთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია. გადაწყვეტილების დასაბუთება წინააღმდეგობრივია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინებით პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა პ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე