Facebook Twitter

№ას-717-680-2013 4 ნოემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – 1. ბ. ბ-ე; 2. კერძო აღმასრულებელი რ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შ. კ-ემ მოპასუხეების – ბ. ბ-სა და კერძო აღმასრულებელ რ. ს-ის მიმართ.

სარჩელის მოთხოვნა:

ქუთაისში, რ-ის ქ.№112/4-ში მდებარე შ. კ-ის კუთვნილი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.

სარჩელის საფუძვლები:

2009 წელს, შ. კ-ეს, თ. ჩ-სა და ბ. ბ-ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. დასახელებულ პირებს შორის ხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებობდა დავა, რომელსაც განიხილავდა ქუთაისის საქალაქო სასამართლო. 2010 წლის 15 მარტს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც შ. კ-ეს და თ. ჩ-ეს ბ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 7480 ევროს გადახდა საურავებისა და სარგებლის დარიცხვით. მართალია, სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა მოპასუხე შ. კ-ე, მაგრამ მასა და ბ. ბ-ეს შორის მოხდა სიტყვიერი შეთანხმება. ამ შეთანხმების შედეგად შ. კ-ემ ბ-ეს გადაუხადა შეთანხმებული თანხა, ჯამში 11000 ევროს ოდენობით, რაზეც არსებობს ბ. ბ-ის ხელწერილები. შეთანხმების თანახმად, ამის შემდგომ ბ. ბ-ეს მოსარჩელის სახლზე ყადაღა უნდა მოეხსნა და ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩაეთვალა;

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ყადაღის მოხსნის ნაცვლად ბ. ბ-ემ აღსრულების მიზნით სრულიად უკანონოდ მიიტანა მითითებული გადაწყვეტილება კერძო ამასრულებელთან და ხელმეორედ იმავე თანხის გადახდა ითხოვა შ. კ-ან. კერძო აღმასრულებელმა რ. ს-ემ, თავის მხრივ, დაიწყო აღსრულება, მან თანხის ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე წინადადება გაუგზავნა მოსარჩელეს, რომლის თანახმად, მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 28728 ევროს. გარდა ამისა, მის მიერ ყადაღა დაედო ქონებას.

შ. კ-ემ, დასახელებული საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა აღმასრულებელს იმ საფუძვლით, რომ ვალდებულება შესრულებული იყო, თუმცა მას აღნიშნულზე უარი ეთქვა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღის მიზანშეწონილობის საფუძველი.

სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველ ნაწილსა და სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, #A12048972 სააღსრულებო საქმეზე დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შეჩერების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინებით შ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 6 აგვისტოს შ. კ-ეს, თ. ჩ-სა და ბ. ბ-ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 4000 ევროზე. ხელშეკრულება იყო სასყიდელიანი და მსესხებელს ავალდებულებდა, გამსესხებლისათვის გადაეხადა სარგებელი.

ხელშეკრულება დაიდო 2010 წლის 12 იანვრამდე ვადით.

შ. კ-ემ და თ. ჩ-ემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ანუ 2010 წლის 12 იანვრამდე სესხი ბ. ბ-ეს ვერ დაუბრუნა, რის გამოც ბ. ბ-ემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა შ. კ-ის ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო შ. კ-ის საკუთრებას – ქ.ქუთაისში, რუსთაველის ქ.№112/4-ში მდებარე უძრავ ქონებას.

ამის შემდგომ, ბ. ბ-ემ განცხადება წარადგინა სასამართლოში და მოითხოვა გადახდის ბრძანებით შ. კ-სა და თ. ჩ-ის თანხების დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის გადახდის ბრძანებით შ. კ-სა და თ. ჩ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ ბ. ბ-ის სასარგებლოდ: სესხის ძირი თანხის გადახდა 4000 ევროს ოდენობით, სარგებელის გადახდა 1790 ევროს ოდენობით, ასევე, საურავის გადახდა 1690 ევროს ოდენობით. გადახდის ბრძანების მიხედვით, შ. კ-ეს და თ. ჩ-ეს დაეკისრათ ძირითად თანხაზე და სარგებელზე 5790 ევროს გადახდის ვადის გადაცილების გამო ყოველ გადაცილებულ თვეზე

თანხის 0.8%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კი 0.5%-ის გადახდა.

ზემომითითებული გადახდის ბრძანება შ. კ-ეს არ გაუსაჩივრებია, იგი კანონიერ ძალაში შევიდა და მასზე 2010 წლის 7 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

გადახდის ბრძანების მიღების შემდეგ, შ. კ-ემ ბ. ბ-ეს ნაწილ-ნაწილ გადაუხადა თანხები. მას გადახდილი აქვს 9600 ევრო.

ბ. ბ-ემ სააღსრულებო ფურცელი წარადგინა აღმასრულებელთან და მოითხოვა გადახდის ბრძანების იძულებით აღსრულება.

აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2012 წლის 31 აგვისტოს შ. კ-ეს წინადადება მისცა გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რის შემდეგაც გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღწერა და დააყადაღა შ. კ-ის საკუთრებაში არსებული, ქ.ქუთაისში რ-ის ქ.№112/4-ში მდებარე უძრავი ქონება.

შ. კ-ემ სარჩელი აღძრა ბ. ბ-სა და კერძო აღმსრულებელ რ. ს-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ.ქუთაისში, რ-ის ქ.№112/4-ში მდებარე ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა დაყადაღებული ქონების რეალიზაცია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი

წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების

აღსრულებას, ასევე უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სწორი იყო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის რაიმე უფლების, ქმედების განხორცილების ან შესრულების დავალდებულების შეზღუდვის გზით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველია ამ სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გართულება ან ასეთი აღსრულების შეუძლებლობა. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს, ხოლო საკითხს თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული,

სარჩელის მოთხოვნის ხასიათიდან გამომდინარე წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მოსარჩელის

სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

საქმეზე დადგინდა და მხარეები არ დავობდნენ იმასთან დაკავშირებით, 2009 წლის 6 აგვისტოს შ. კ-ეს, თ. ჩ-სა და ბ. ბ-ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 4000 ევროზე. ხელშეკრულება დაიდო 2010 წლის 12 იანვრამდე ვადით. შ. კ-ემ და თ. ჩ-ემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ანუ 2010 წლის 12 იანვრამდე სესხი ბ. ბ-ეს ვერ დაუბრუნეს, რის გამოც ბ. ბ-ემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა შ. კ-ის ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე სწორი იყო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ დავის საგანი უკავშირდებოდა ფულადი ვალდებულების შესრულებას. ბ. ბ-ის განცხადების განხილვისას სასამართლომ გათვალისწინა, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს არ ეკრძალებათ დავის საგნის გასხვისება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქონების გასხვისება გაართულებს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. კერძოდ, თუ ქონება გასხვისდება და მოსარჩელეს არ ექნება სხვა ქონება, მაშინ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ვეღარ აღსრულდეს.

ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო შ. კ-ის საკუთრებას – ქ.ქუთაისში, რ-ის ქ.№112/4-ში მდებარე უძრავ ქონებას, რის შემდეგაც ბ. ბ-ემ განცხადება წარადგინდა სასამართლოში და მოითხოვა გადახდის ბრძანებით შ. კ-სა და თ. ჩ-ის თანხების დაკისრება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის გადახდის ბრძანებით შ. კ-სა და თ. ჩ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ ბ. ბ-ის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის გადახდა 4000 ევროს ოდენობით, სარგებელის გადახდა 1790 ევროს ოდენობით, ასევე, საურავის გადახდა 1690 ევროს ოდენობით. გადახდის ბრძანების მიხედვით შ. კ-ეს და თ. ჩ-ეს დაეკისრათ ძირითად თანხაზე და სარგებელზე, 5790 ევროს გადახდის ვადის გადაცილების გამო ყოველ გადაცილებულ თვეზე თანხის 0.8%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კი, 0.5%-ის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას შ. კ-ეს უფლება ჰქონდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაესაჩივრებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. შ. კ-ეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გაუსაჩივრებია, ამიტომ იგი გაუქმებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იარსებებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდებპდა მხოლოდ მაშინ, თუ ბ. ბ-ეს უარი ეთქმებოდა სარჩელის (განცხადების) მიღებაზე, სარჩელი (განცხადება) არ დაკმაყოფილდებოდა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად დარჩებოდა ან საქმის წარმოება შეწყდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა არც ერთ ზემოაღნიშნულ გარემოებას. ამიტომ, ყადაღა ემსახურებოდა მიღებული გადაწყვეტილების მიზნებს და მისი მეშვეობით უნდა აღსრულებულიყო გადაწყვეტილება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

მოსარჩელემ ჩათვალა, რომ ვალდებულება სრულად შეასრულა, შესაბამისად არ არსებობდა ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველი. აღნიშნულის გამო ისარგებლა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 172-ე მუხლის, აგრეთვე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მოთხოვნით, სარჩელი აღძრა და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა შემდეგი საკითხი: ქონებაზე ყადაღის დადებით ილახებოდა თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს. სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ შ. კ-ე არ იყო ის მესამე პირი, რომელმაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად შეიძლებოდა მოეთხოვა ქონების ყადაღისგან გათავისუფლება. ის იყო მევალე და თუ თვლიდა, რომ მისი ქონება აღმასრულებელმა უკანონოდ დააყადაღა, მაშინ მას სადავოდ უნდა გაეხადა აღმასრულებლის მოქმედება. აღმასრულებელს უნდა წარედგინა მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მას გადაწყვეტილება აღსრულებული ჰქონდა და მოეთხოვა სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა. თუ აღმასრულებელი უკანონოდ არ გაითვალისწინებდა იმას, რომ საქმის წარმოება შესაწყვეტი და ყადაღა გასაუქმებელი იყო, მაშინ მიმართავდა სასამართლოს და მოითხოვდა ადმინისტრაციული წარმოებით, როგორც სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტას და ყადაღის გაუქმებას და არა სამოქალაქო სამართალწარმოებით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმისთან დაკავშირებით, რომ მან სრულად შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და აღასრულა გადაწყვეტილება. მის მიერ თანხის სრულად დაფარვის შესახებ მტკიცებულება არ იყო წარდგენილი. შესაბამისად ის ფაქტი, რომ მან სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, არ დასტურდებოდა. აქედან გამომდინარე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოსაზრება, რომ აღარ არსებობდა ქონებაზე ყადაღის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ აღმასრულებელთან სააღსრულებო ფურცლის წარდგენა ბ. ბ-ის უფლებას წარმოადგენდა. შ. კ-ეს თანხები დაეკისრა ბ.

ბ-ის სასარგებლოდ და ამ თანხების გადახდის მოთხოვნის უფლებაც მხოლოდ ბ. ბ-ეს გააჩნდა. მან გამოიყენა თავისი უფლება, აღმასრულებელს წარუდგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის გადახდის ბრძანება და მასზე 2010 წლის 7 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რის შესაბამისადაც მოითხოვა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება. შ. კ-ეს უფლება გააჩნდა დავალიანების დაფარვის მტკიცებულებები წარედგინა აღმასრულებლისათვის და მოეთხოვა სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა. მოსარჩელეს აღმასრულებლისათვის ასეთი მტკიცებულება არ წარუდგენია და არც სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტას არ მოუთხოვის. სხდომაზეც მან განმარტა, რომ გარკვეული თანხები ბ. ბ-ის გადასახდელი ჰქონდა და მოითხოვა საქმის მორიგებით დასრულება, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება აღსასრულებელი იყო. გადახდის ბრძანებისა და შ. კ-ის მიერ თანხების გადახდის ხელწერილების ერთობლივი ანალიზიც იმას ასაბუთებდა, რომ შ. კ-ეს გადაწყვეტილება ნებაყოფილებით აღსრულებული არ ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობები აღმასრულებლის მოქმედების კანონიერებასთან დაკავშირებითაც, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს. ამავე კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის (ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ადმინისტრაციული აქტის) საფუძველზე.

დადგინდა, რომ მოსარჩელე შ. კ-ეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ბ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოსარჩელემ მიიღო სააღსრულებო ფურცელი და წარადგინა სააღსრულებო ბიუროში, რითაც დაიწყო აღსრულება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილითს თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების აკრძალვას. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.

სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებელის მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. შ. კ-ე ნებაყოფილებით არ იხდიდა დაკისრებულ თანხას, ამიტომ მან დააყადაღა ქონება და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისა და ქონების აღწერის საკითხი დაკავშირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნასთან, რომლის მიხედვითაც, აღმასრულებელი გადაწყვეტილების ნებაყოფილებით აღსრულების წინადადების ჩაბარებასთან ერთად იწყებს უძრავი ქონების აღწერასა და დაყადაღებას. აღმასრულებელმა იხელმძღვანელა დახელებული მოთხოვნით და ნებაყოფილებით გადაწყვეტილების აღსრულების წინადადების ჩაბარების შემდეგ, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 631 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აღწერა და დააყადაღა ქონება.

ზემოთ მოყვანილი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღსრულება დაიწყო სწორად და არც მისი შეწყვეტის საფუძველი არსებობდა. აპელანტმა შ. კ-ემ ვერ დაასაბუთა მისი მოთხოვნა, ვერ გაამყარა იგი მტკიცებულებებით, სრულიად უსაფუძვლო იყო ასევე აპელანტის მიერ მოხმობილი სამოქალაქო კოდექსის მუხლები (სამოქალაქო კოდექსის 374-ე, 376-ე, 377-ე, 387-ე, მე-400, 401-ე, 402-ე, 419-ე, 420-ე მუხლები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი), ისინი დავის საგანთან შემხებლობაში არ იყვნენ, რადგან თუკი მოსარჩელე თვლიდა, რომ გადახდის ბრძანებით მას უკანონოდ დაეკისრა თანხების გადახდა, შეეძლო იგი გაესაჩივრებინა, რაც არ გაუკეთებია. ამასთან, ქონებაზე ყადაღის მოხსნის დასასაბუთებლად აღნიშნული მუხლები ვერ გამოდგებოდა. შ. კ-ე არ წარმოადგენდა იმ მესამე პირს, რომელსაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად შეიძლებოდა მოეთხოვა ქონების ყადაღიგან გათავისუფლება, იგი იყო მევალე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მისი პოზიცია რომ მან სრულად შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და აღასრულა გადაწყვეტილება. მოსარჩელის მიერ თანხის სრულად დაფარვის შესახებ მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად ის ფაქტი, რომ მან სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, არ დასტურდებოდა. აქედან გამომდინარე უსაფუძვლო იყო აპელანტის (მოსარჩელის) მოსაზრება რომ აღარ არსებობდა ქონებაზე ყადაღის

არსებობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. კ-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, კერძოდ, ვალდებულების შესრულებულად აღიარებას და ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

საქმეზე წარდგენილ იქნა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი შესაბამისი ხელწერილები, თუმცა აღმასრულებელმა ისინი არ გაითვალისწინა და აღსრულება მაინც დაიწყო, ხოლო მის შეწყვეტაზე უარი თქვა, რაც კანონსაწინააღმდეგოა. ამდენად, კასატორი სადავოდ ხდის აღმასრულებლის ქმედებასაც;

სხდომებზე ბ. ბ-ემ დაადასტურა, რომ 9600 ევრო გადახდილია შ. კ-ის მიერ, თუმცა აღსრულება სრულ თანხაზეა დაწყებული. აქედან გამომდინარე, კასატორი ითხოვს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას, მის საფუძველზე ყოველგვარი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას და ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას, მით უმეტეს, როდესაც მხარე აღიარებს მის მიერ თანხის გადახდას;

სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ გამოუკვლევია რიგი საკითხები, კერძოდ: თუ რა თანხა იქნა გადახდილი, რატომ არ უნდა გამოაკლდეს მოპასუხის მიერ აღიარებული 9600 ევრო გადასახდელ თანხას, რატომ დაიწყო აღსრულება სრულად თავდაპირველ თანხაზე, რატომ არ გაითვალისწინა წარდგენილი ხელწერილები აღმასრულებელმა. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტის მოთხოვნაზე აღმასრულებლის მიმართ, რომელიც უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (320 ლარი) 70% – 224 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შ. კ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (320 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 24 ივლისი, საგადახდო დავალება №7) 70% – 224 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე