№ას-736-698-2013 11 ნოემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – ზ. უ-ე, ი. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – უკანონოდ დაშენებული შენობა-ნაგებობების აღება, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ღობის გადაწევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1. არ დაკმაყოფილდა ლ. ო-ის სარჩელი მოპასუხეების – ზ. უ-სა და ი. ბ-ის მიმართ უკანონოდ დაშენებული შენობა-ნაგებობების აღებისა და მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ღობის გადაწევის თაობაზე;
2. არ დაკმაყოფილდა ი. ბ-ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე ლ. ო-ის მიმართ ფანჯრების გაუქმების, აზომვითი ნახაზის საწყის მდგომარეობაში მოყვანის და კორექტირებული ნახაზის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ო-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 მაისის განჩინებით ლ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეები წარმოადგენენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს;
ქ.თბილისში, ბ-ის ქ.№58ბ-ში მდებარე 494კვ.მ ფართი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ. ო-ის სახელზე;
ქ.თბილისში, ბ-ის ქ.63-ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობით 401კვ.მ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ელისაბედ ნადიბაიძის და ი. ბ-ის სახელზე;
2004 წლის 30 ოქტომბრის სანოტარო აქტით ლ. ო-მა თანხმობა განაცხადა, რომ ზ. უ-ეს ნებისმიერ დროს აეშენებინა და დაეშენებინა თავის საცხოვრებელ ბინაზე სართულები ფანჯრებით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით აპელანტის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 30 მაისის N017145-2012/03/01 დასკვნა მიღებულ იქნა მტკიცებულების სახით და დაერთო საქმეს;
სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 30 მაისის N017145-2012/03/01 დასკვნის თანახმად:
– ქ.თბილისში, ბ-ის ქ.N63-ში ე. ნ-ის და ი. ბ-ის საკუთრებაში არსებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შემომსაზღვრელი ღობე არ კვეთს ქ.თბილისში ბ-ის ქ.N58ბ-ში ლ. ო-ის საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვარს;
– ჩრდილოეთ საზღვრის მხრიდან მომიჯნავე მეზობლის ფანჯრის ღიობები მოწყობილია „ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების 34-ე მუხლის მე-15 პუნქტის დარღვევით. კერძოდ, „შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილების განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებულის ხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის ერკერის და ტერასის გარეშე. ამავე დასკვნის თანახმად, სიტუაციის უფრო დეტალურ ანალიზს და სხვა ნორმების შეუსაბამობაზე ან შესაბამისობაზე საუბარს ექსპერტიზა შეძლებს მას შემდგომ თუ შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთით მდებარე მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე აზომვითი სამუშაოების ჩატარება;
მოსარჩელე ლ. ო-ი მოითხოვდა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის საეზოვე მიწის ნაკვეთის გამყოფი კაპიტალური ქვის ღობეზე უკანონოდ დაშენებული შენობა-ნაგებობის აღებას და მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ი. ბ-ის ღობის გადაწევას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ი. ბ-ის და ლ. ო-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს შორის გავლებული ღობე გადაწეული იყო ლ. ო-ის მხარეს და გავლებული იყო მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ მიწის ნაკვეთზე. უფრო მეტიც, საპირისპირო გარემოება დგინდებოდა თავად ლ. ო-ის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 30 მაისის N017145-2012/03/01 დასკვნით. კერძოდ, აღნიშნული დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ბ-ის ქ.N63-ში ე. ნ-ის და ი. ბ-ის საკუთრებაში არსებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შემომსაზღვრელი ღობე არ კვეთდა ქ.თბილისში ბ-ის ქ.N58ბ-ში ლ. ო-ის საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვარს.
რაც შეეხებოდა ლ. ო-ის მოთხოვნას მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის საეზოვე მიწის ნაკვეთის გამყოფი კაპიტალური ქვის ღობეზე უკანონოდ დაშენებული შენობა-ნაგებობის აღების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ლ. ო-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის საეზოვე მიწის ნაკვეთის გამყოფი კაპიტალური ქვის ღობეზე უკანონოდ დაშენებული იყო შენობა-ნაგებობა, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა. ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 30 მაისის N-017145-2012/03/01 დასკვნა, ვინაიდან ზემოაღნიშნული დასკვნა არ მიუთითებდა ლ. ო-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის საეზოვე მიწის ნაკვეთის გამყოფი კაპიტალური ქვის ღობეზე შენობა-ნაგებობის დაშენების და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამ ნაგებობის უკანონობაზე, დასკვნა შეეხებოდა მხოლოდ ჩრდილოეთ საზღვრის მხრიდან მომიჯნავე მეზობლის ფანჯრის ღიობების მოწყობის საკითხს. ამასთან, საგულისხმო იყო, რომ დასკვნა არ ყოფილა კატეგორიული ხასიათის და უთითებდა, რომ სიტუაციის უფრო დეტალური ანალიზს და სხვა ნორმების შეუსაბამობაზე ან შესაბამისობაზე საუბარს ექსპერტიზა შეძლებდა მხოლოდ შემდგომ, თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩრდილოეთით მდებარე მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე აზომვითი სამუშაოების ჩატარება.
ამდენად, დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა არ უთითებდა ლ. ო-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის საეზოვე მიწის ნაკვეთის გამყოფი კაპიტალური ქვის ღობეზე შენობა-ნაგებობის დაშენების და ასეთის არსებობის შემთხევაში, ამ ნაგებობის უკანონობაზე.
საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წიანადადებით, 174-ე-176-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ო-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
საკასაციო საჩივრის საფუძველი:
სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა უსაფუძვლოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 400 ლარი) 70% – 280 ლარი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს, ი. ბ-ს, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები – საკადასტრო გეგმა და მასზე თანდართული ნახაზი, „3“ ფურცლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ლ. ო-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 400 ლარი, მათ შორის, 2013 წლის 2 აგვისტოს გადახდილი 300 ლარი, საგადახდო დავალება №56 და 2013 წლის 13 სექტემბერს გადახდილი 100 ლარი, საგადახდო დავალება №13) 70% – 280 ლარი;
3. კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს, ი. ბ-ს დაუბრუნდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები – საკადასტრო გეგმა და მასზე თანდართული ნახაზი, „3“ ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე