№ას-752-713-2013 11 ნოემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, წილის ნატურით გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 28 ივნისს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. გ-მა მოპასუხე ი. გ-ის მიმართ. საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა გორის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე უძრავ ქონებაზე (დაზუსტებული ფართობით 1525კვ.მ., შენობა-ნაგებობების საერთო ფართით 97.30კვ.მ) საზიარო უფლების გაუქმება და აღნიშნული უძრავი ქონებიდან მისთვის კუთვნილი წილის ნატურით გამოყოფა, ექსპერტის დასკვნის შესაბამისად.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
გაუქმდა გორის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე უძრავ ქონებაზე ე. გ-სა და ი. გ-ის თანასაკუთრება;
ე. გ-ს და ი. გ-ს შორის უძრავი ქონების ნატურით გაყოფა დადგინდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის №004600-2011/03 შესაბამისად;
ე. გ-ს, გორის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე უძრავი ქონებიდან ნატურით გამოეყო შენობა-ნაგებობის ფართიდან შემდეგი ოთახები: №3, №4, №5, №6, №7, №10, №12.2, №13, №14, №15, საერთო ფართით 138.5კვ.მ., აგრეთვე, აივნის ნაწილი №16.2 და 16.3, ფართით 43.59+1.73=45.32კვ.მ., (ექსპერტის დასკვნის №2 და №4 დანართზე დაშტრიხული ნაწილი);
ი. გ-ს, გორის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე უძრავი ქონებიდან ნატურით გამოეყო შენობა-ნაგებობის ფართიდან შემდეგი ოთახები: №1, №2, №8, №9, №11, №12.1, საერთო ფართით 113.94 კვ.მ., ასევე, აივნის ნაწილი №16.1, ფართით 66.29კვ.მ., (ექსპერტის დასკვნის დანართზე №2 და №4 დაუშტრიხავი ნაწილი);
ე. გ-სა და ი. გ-ს გორის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე უძრავი ქონებიდან ნატურით გამოეყოთ, განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთიდან თითოეულს 640კვ.მ (ექსპერტის დასკვნის დანართი №5);
ე. გ-სა და ი. გ-ის საერთო საკუთრებაში დარჩა გორის რაიონი სოფელ მ-ი მდებარე უძრავი ქონების ნაწილი: სარდაფი საერთო ფართით 24.0კვ.მ;
საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის ე. გ-ს დაევალა, ექსპერტიზის დასკვნაში წარდგენილი ნახაზების შესაბამისად საკუთარი ხარჯებით ტიხარის მოწყობა №12 ოთახში, ასევე არსებული ღიობების ამოშენება (ექსპერტის დასკვნის დანართში ნახაზზე აღნიშნული რუხი ფერით);
საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის ე. გ-ს დაევალა, საკუთარი ხარჯებით მეორე სართულზე ასასვლელი მეორე კიბის მოწყობა.
დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
გაუქმდა საზიარო უფლება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ი მდებარე ი. გ-ის და ე.ი გ-ის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად;
დადგინდა, რომ ე. გ-ის საკუთრებაში აღირიცხოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ი მდებარე უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი – I სართულზე N2, N5, N6, N71, N8 და N9 სათავსოები საერთო ფართით 69.7კვ.მ., II სართულზე N21, N3, N4, N5 სათავსო საერთო ფართით 48.8კვ.მ და აივანი 55.7კვ.მ., როგორც ეს მოცემულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნის დანართი N1-ზე ლურჯ ფერში;
ი. გ-ის საკუთრებაში აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ი მდებარე უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი – I სართულზე N1, N3, N4, N7 სათავსოები საერთო ფართით 69.7კვ.მ., II სართულზე N1, N2, სათავსო სართო ფართით 48.8კვ.მ და აივანი 55.7კვ.მ., როგორც ეს მოცემულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნის დანართი N1-ზე მწვანე ფერში;
ამავდროულად, დადგინდა ფანჯრების, კარის ღიობის ამოშენება და ახალი კარის ღიობების მოწყობა, ასევე, მეორე სართულის აივანზე ასასვლელი კიბის მოწყობა, ისე, როგორც ეს მითითებული იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნის დანართი N1-ზე წითელი ისრებით;
ფანჯრების და კარის ღიობის ამოშენების, ახალი კარის ღიობების მოწყობის, ასევე მეორე სართულის აივანზე ასასვლელი კიბის მოწყობის ხარჯების ანაზღაურება თანაბარწილად დაეკისრათ მოსარჩელე ე. გ-ს და მოპასუხე ი. გ-ს;
მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N...) გაყოფა ½-½ წილების შესაბამისად, დადგინდა იმგვარად, როგორც ეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნის დანართ N4-ში იყო მოცემული. ე.ი გ-ის საკუთრებაში აღირიცხა მიწის ნაკვეთი, ფართით 640კვ.მ – დანართ N4-ში ლურჯი ფერით დაშტრიხული ნაწილი, ხოლო ი. გ-ის საკუთრებაში აღირიცხა მიწის ნაკვეთი, ფართით 640კვ.მ – დანართ N4-ში მწვანე ფერით დაშტრიხული ნაწილი.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო, რომ გორის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე უძრავი ქონება (დაზუსტებული ფართობი 1525კვ.მ., შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 97.30კვ.მ) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ირიცხებოდა ე. გ-ის და ი. გ-ის თანასაკუთრებად; მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას უნდა დადგენილიყო შემდეგი საკითხი: შესაძლებელი იყო თუ არა საზიარო საგნის წილების ნატურით გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად წილთა ღირებულების შემცირების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ე. გ-ის და ი. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნატურით გაყოფა ერთგვაროვან წილებად წილთა ღირებულების შემცირების გარეშე შესაძლებელი იყო ისე, როგორც ეს აისახა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნის №1 და №4 დანართებში.
გორის რაიონული სასამართლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 5 აპრილის №004600-2011/03 დასკვნას და მასზე დაყრდნობით გააუქმა საზიარო უფლება. აღნიშნულს არ დაეთანხმა აპელანტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი. გ-მა წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული დასკვნა შეიცავდა შენობა-ნაგებობის გამიჯვნის ერთ ვარიანტს (დანართი №1), მიწის ნაკვეთის გამიჯვნის სამ ალტერნატიულ ვარიანტს (დანართი №2,№3,№4).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ე.ი გ-ს უნდა მიკუთვნებოდა 2013 წლის 19 მაისის ექსპერტიზის დასკვნის დანართ N1-ზე ლურჯი ფერით დაშტრიხული შენობა-ნაგებობები, ხოლო ი. გ-ს კი დანართ N1-ზე მწვანე ფერით დაშტრიხული შენობა-ნაგებობები, შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, როგორც აპელანტმა (მოპასუხემ), ისე მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ), სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 28 მაისს გამართულ სხდომაზე გამოხატეს ნება დანართ №1-ზე ასახული კონკრეტული ოთახების მათთვის მიკუთვნების თაობაზე. კერძოდ, ი. გ-მა გამოთქვა თანხმობა მის სახელზე აღრიცხულიყო დანართ №1-ზე მწვანე ფერით ასახული ოთახები, ე. გ-მა კი გამოხატა ნება მის სახელზე დანართ №1-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული ოთახების აღრიცხვის თაობაზე. რამდენადაც შენობა-ნაგებობის გამიჯვნა დასკვნაში მოცემული იყო ერთი ვარიანტის სახით, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო დანართ №1-ს. რაც შეეხებოდა საკითხს, რომელ მხარეს უნდა გადაცემოდა მწვანე და რომელს ლურჯი ფერით ნახაზზე აღნიშნული ფართები, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თანასაკუთებაში არსებული შენობა-ნაგებობა უნდა გამიჯნულიყო მხარეთა ინტერესის შესაბამისად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
მიწის ნაკვეთზე (ს.კ.N ...) მდებარე საცხოვრებელი სახლის ½-½ ნაწილების გამიჯვნა მოქმედი ტექნიკური ნორმების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო, ისე როგორც ეს დანართ N1-ში იყო მოცემული, რა დროსაც ერთ მხარეს დარჩებოდა: I სართულზე N2, N5, N6, N71, N8 და N9 სათავსოები საერთო ფართით 69.7 კვ.მ., II სართულზე N21, N3, N4, N5 სათავსო საერთო ფართით 48.8კვ.მ და აივანი 55.7კვ.მ (დანართი №1, ლურჯი ფერით დაშტრიხული ნაწილი). ამასთან, მეორე მხარეს დარჩებოდა: I სართულზე N1, N3, N4, N7 სათავსოები საერთო ფართით 69.7კვ.მ., II სართულზე N1, N2, სათავსო საერთო ფართით 48.8კვ.მ და აივანი 55.7კვ.მ (დანართი №1, მწვანე ფერით დაშტრიხული ნაწილი); დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ასეთი გამიჯვნის შემთხვევაში საჭირო იყო რამდენიმე ფანჯრისა და კარის ღიობის ამოშენება და ახალი კარის ღიობების მოწყობა, ასევე საჭირო იყო, მეორე სართულის აივანზე ასასვლელი კიბის მოწყობა (დანართი №1, წითელი ისრებით ნაჩვენები). შესაბამისად, მხარეებს თანაბრად უნდა გაეწიათ საზიარო უფლების გაუქმებისათვის საჭირო მოქმედებების ხარჯი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ე. გ-ს უნდა მიკუთვნებოდა 2013 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნის დანართი N4-ზე ლურჯი ფერით დაშტრიხული მიწის ნაკვეთი, ი. გ-ს კი დანართი N1-ზე მწვანე ფერით დაშტრიხული მიწის ნაკვეთი, შემდეგი გარემოებების გამო:
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ი მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ. N...) გაყოფა ½-½ წილების შესაბამისად, მოქმედი ტექნიკური ნორმების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო ისე, როგორც ეს დანართ N2-ში, N3-ში და N4-ში იყო მოცემული, რა დროსაც ერთ მხარეს დარჩებოდა მიწის ნაკვეთი ფართით 640კვ.მ (დანართები ლურჯი ფერით დაშტრიხული ნაწილი), მეორე მხარეს კი დარჩებოდა მიწის ნაკვეთი ფართით 640 კვ.მ (დანართები მწვანე ფერით დაშტრიხული ნაწილი).
სააპელაციო სასამართლო გაეცნო ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის ალეტერნატიულ გზებს და მიიჩნია, რომ მესაკუთრეთა ინტერესის მხედველობაში მიღებით გამიჯვნა უნდა მომხდარიყო ექსპერტიზის დასკვნის დანართი N4-ის შესაბამისად. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დანართი N2 და N3-ზე მოცემული გამიჯვნის შემთხვევაში მიწის ნაკვეთები მესაკუთრეებს მიეკუთვნებოდათ ფრაგმენტულად, რაც მოუხერხებელს გახდიდა მესაკუთრის მიერ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობას. რაც შეეხებოდა დანართი N4-ის შესაბამის გამიჯვნას, ამ შემთხვევაში თითოეულ მესაკუთრეს მიეკუთვნებოდა მიწის ნაკვეთის უწყვეტი ზოლი, რაც სასამართლოს მოსაზრებით, უძრავი ქონების მესაკუთრეებს საშუალებას მისცემდა დაუბრკოლებლად ესარგებლათ საკუთრებით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ი მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N...) გაყოფა ½-½ წილების შესაბამისად, უნდა მომხდარიყო ისე, როგორც ეს ექსპერტიზის დასკვნის დანართ N4-ში მიეთითა, რა დროსაც ე. გ-ს მიეკუთვნებოდა მიწის ნაკვეთი ფართით 640კვ.მ (დანართ N4-ში ლურჯი ფერით დაშტრიხული ნაწილი), ხოლო ი. გ-ს მიწის ნაკვეთი ფართით 640კვ.მ (დანართ N4-ში მწვანე ფერით დაშტრიხული ნაწილი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2013 წლის 28 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი ექსპერტი დ. გ-ი. ექსპერტმა განმარტა, რომ საზიარო საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა შესაძლებელი იყო ისე, როგორც აისახა 2013 წლის 10 მაისის დასკვნაში და ამ წესით უძრავი ქონების გამიჯვნის შემთხვევაში არ შემცირდებოდა უძრავი ქონების ღირებულება, არ შეიცვლებოდა უძრავი ქონების ფუნქციონალური დანიშნულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული გამიჯვნით საზიარო საგანი გაიყოფოდა ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე, ამასთან ასეთი გამიჯვნით უცვლელი დარჩებოდა უძრავი ქონების ფუნქციური დანიშნულება.
სააპელაციო სასამართლომ, დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ამავე კოდექსის 963-ე მუხლის საფუძველზე, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგავაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ საგანი უნდა იყოფოდეს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეზე დადგინდა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული გამიჯვნით საზიარო საგანი გაიყოფოდა ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე, ამასთან, ასეთი გამიჯვნით უცვლელი დარჩებოდა უძრავი ქონების ფუნქციური დანიშნულება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე ი. გ-ის და ე. გ-ის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საზიარო უფლება უნდა გაუქმებულიყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გააჩივრა ი. გ-მა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას, რასაც ასაბუთებს შემდეგნაირად:
გაუგებარია, თუ რატომ მოახდინა სასამართლომ გამიჯვნა ექსპერტიზის დასკვნის №4 დანართის მიხედვით, მაშინ როდესაც გამიჯვნა უნდა განხორციელებულიყო №3 დანართის შესაბამისად. გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე