Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-778-738-2013 1 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს „ბ. 2002“, კ. დ-ი, ნ. დ-ი, გ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს. ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის და 18 ივნისის განჩინებები

დავის საგანი _ დავალიანების გადახდის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს - შპს ,,ბ. 2002-ს“, ნ. დ-სა და გ. ა-ეს სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის 36 128.81 (ოცდათექვსმეტი ათას ას ოცდარვა ლარი და 81 თეთრი) ლარის, სესხის პროცენტის 3 720.22 (სამი ათას შვიდას ოცი ლარი და 22 თეთრი) ლარის და პირგასამტეხლოს 814 (რვაას თოთხმეტი) ლარის, ჯამში 40 663.03 (ორმოცი ათას ექვსას სამოცდასამი ლარი და 03 თეთრი) ლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ნ. დ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, დასახლება ვ-ი-3, მე-3 მ/რაიონი, კორპუსი 304ა, სართული 9, ბინა №52, საკადასტრო კოდი №..., ნ. დ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი ო-ე, საკადასატრო კოდი №..., კ.ი დ-ის (პირადი №...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. მარნეული, ქუჩა ა-ის ქუჩა №19, სართული პირველი, ბინა №3, საკადასატრო კოდი №.... მოსარჩელე სს „ს. ბ-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც ითხოვდა, რომ აღსრულება მიქცეულიყო შპს „ბ. 2002-ის“, ნ. დ-ის და გ. ა-ის სხვა ქონებაზე, თუ იპოთეკის საგანთა რეალიზაციით მიღებული თაონახა არ იქნებოდა საკმარისი მოტხოვნის უზრუნველსაყოფად. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი შპს „ბ. 2002-ის,“ ნ. დ-სა და გ. ა-ის მიმართ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარეების – შპს „ბ. 2002-ის,“ ნ. დ-სა და გ. ა-ის მიერ სააპელაციო შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „ს. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომლითაც მოთხვონილია, რომ აღსრულება მოხდა შპს „ბ. 2002-ის,“ ნ. დ-სა და გ. ა-ის სხვა ქონებათა რეალიზაციის გზით, თუ იპოთეკის საგანთა რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინებით შპს „ბ. 2002-ის“, კ. დ-ის, ნ. დ-სა და გ. ა-ის სააპელციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება, ხოლო ამავე სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის განჩინება საკასაციო წესით თავისი სახელით, შპს „ბ. 2002-ის“, კ. დ-სა და გ. ა-ის სახელით გაასაჩივრა ნ. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით ნ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით თავისი სახელით, შპს „ბ. 2002-ის,“ კ. დ-სა და გ. ა-ის სახელით გაასაჩივრა ნ. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით შპს „ბ. 2002-ს, კ. დ-ს, ნ. დ-სა და გ. ა-ეს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის, შპს „ბ. 2002-ის“, კ. დ-სა და გ. ა-ის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად ნ. დ-ის სახელზე გაცემული და დამოწმებული რწმუნებულება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, ნ. დ-ის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კასატორებმა გაასაჩივრეს აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განჩინება.

2013 წლის 9 აგვისტოს ნ. დ-მა ნაწილობრივ შეავსო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზი, კერძოდ, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ არ აღნიშნა, თუ რომელ საკასაციო საჩივარზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორმა ხარვეზი გამოასწორა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე.

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინებით „ბ. 2002-ს“, კ. დ-ს, ნ. დ-სა და გ. ა-ეს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით.

აღნიშნული განჩინება კასატორებს ჩაბარდათ 2013 წლის 25 სექტემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ. 2002-ის“, კ. დ-ის, ნ. დ-სა და გ. ა-ის საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მხოლოდ ნ. დ-მა. ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით ნ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამდენად, ზემომითითებული გადაწყვეტილებისა და განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლება ჰქონდა მხოლოდ ნ. დ-ს. რაც შეეხება შპს „ბ. 2002-ს,“ კ. დ-სა და გ. ა-ეს, მათ მიერაღნიშნული გადაწყვეტილებასა და განჩინებაზე საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილებას გამორიცხავს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ამ უკანასკნელებს დადგენილი წესით საააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ საჩივრის წარდგენის გზით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განჩინებაზე შპს „ბ. 2002-ის,“ კ. დ-სა და გ. ა-ის სახელით შემოტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინებაზე შემოტანილ საკასაციო საჩივარს საკასაციო პალატის 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შპს „ბ. 2002-ს“, კ. დ-ს, ნ. დ-სა და გ. ა-ეს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, შპს „ბ. 2002-ის, კ. დ-სა და გ. ა-ის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად ნ. დ-ის სახელზე გაცემული და დამოწმებული რწმუნებულებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, ნ. დ-ის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კასატორებს ჩაბარდათ 2013 წლის 25 სექტემბერს (ტ.2, ს.ფ.171-174). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 26 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 30 სექტემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაცო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ. 2002-ის,“ კ. დ-სა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ბ. 2002-ის,“ კ. დ-ის, ნ. დ-სა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 7 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია