№ას-891-849-2013 11 ნოემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „P. G-a“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „P. G-ს“ სარჩელი მოპასუხე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
მოპასუხე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 7 ივლისის №7-8/40 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება 6975 ლარის (8025 - 1050) ოდენობით;
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 2009 წლის 7 ივლისის №7-8/40 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, 2012 წლის 30 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4 ლარისა და 27 თეთრის ოდენობით;
გადაწყვეტილებითვე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოსარჩელე შპს „P. G-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 188 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ყოფილ სსიპ კარიაკ ზავრიევის სამშენებლო მექნიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტს და ყოფილ კ.ს. „ქ. პ-ს” შორის, 2009 წლის 7 ივლისს გაფორმდა იურიდიული მომსახურების №7-8/40 ხელშეკრულება.
ყოფილი სსიპ კარიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უფლებამონაცვლე არის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ხოლო ყოფილი კ.ს „ქ. და პ-ის” უფლებამონაცვლე არის შპს „P. G-a“.
ყოფილმა სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტმა, ყოფილ კ.ს. „ქ. და პ-ს” დაუკვეთა იურიდიული მომსახურება.
მოპასუხემ გადაიხადა მომსახურების გადასახადის ავანსი 1050 ლარის ოდენობით.
სსიპ სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტსა და კ.ს ,,ქ. და პ-ს შორის გაფორმებული, იურიდიული მომსახურების შესახებ 2009 წლის 7 ივლისის №7-8/40 ხელშეკრულების 2.1.11 პუნქტის თანახმად, საადვოკატო კომპანია ვალდებული იყო განეხორციელებინა სამართლებრივი მომსახურება. თავის მხრივ, მოპასუხე (მოპასუხის წინამორბედი პირი) ვალდებული იყო გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადავო თანხის 15%.
წარდგენილი სარჩელით, რომლითაც განხორციელდა მოპასუხის ინტერესების დაცვა 2009 წლის ივლისში, განისაზღვრა, რომ სადავო თანხა შეადგენდა:
1. სახელშეკრულებო თანხის შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილში – 17500 ლარს;
2. ვალდებულების ჯეროვნად და ვადაში შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს/საურავის სახით სახელშეკრულებო თანხის 0.4%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 120 ლარს, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სარჩელით ირკვეოდა, რომ სარჩელის შეტანის დროისათვის საურავის თანხა მოთხოვნილი იყო 10 თვის განმავლობაში – 36000 ლარის ოდენობით. შესაბამისად თანხა დაანგარიშებული უნდა ყოფილიყო სწორედ ამ სადავო თანხის მიხედვით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სარჩელის მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება, ცნოს მის მიმართ აღძრული სარჩელის მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის მხარეთა შორის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მხარეების პოზიციებს შორის არსებითი წინააღმდეგობის არსი მდგომარეობდა ხელშეკრულების შინაარსის განმარტებაში. მხარეებს შორის 2009 წლის 7 ივლისს დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების 4.4.2 პუნქტის მიხედვით მომსახურების თანხა (გადასახადი) შეადგენდა სადავო თანხის 15%-ს იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთი იყო მოსარჩელე.
საქმის მასალებში წარდგენილი, მოსარჩელის მიერ 2009 წლის 14 ივლისს მომზადებული სარჩელით ირკვეოდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო:
1. სახელშეკრულებო თანხის შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილში – 17500 ლარი;
2. ვალდებულების ჯეროვნად და ვადაში შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს/საურავის სახით სახელშეკრულებო თანხის 0.4%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 120 ლარი, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
ცხადი იყო, რომ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სადავო თანხა წარმოადგენდა სწორედ სარჩელის მიხედვით მოთხოვნილი თანხის მნიშვნელობით გამოყენებულ თანხას. სარჩელით ირკვეოდა, რომ მისი შეტანის დროისათვის საურავის თანხა მოთხოვნილი იყო 10 თვის განმავლობაში – 36000 ლარის ოდენობით.
მიუხედავად ხელშეკრულების პირობისა, რომ ავანსის სახით უნდა გადახდილიყო 4.2.2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხის 40%-ის და 4.2.1. პუნქტის თანახმად განსაზღვრული თანხის ჯამი, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ რადგან ავანსის სახით უკვე გადახდილი თანხა შეადგენდა მხოლოდ 17500 ლარის (საჩელის პირველი მოთხოვნა) 15%-ის 40%-ს, ამიტომ საერთო თანხა უნდა განსაზღვრულიყო მხოლოდ 17500 ლარის 15%-ით. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ შეასრულა თავისი ვალდებულება, ავანსის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაშიც განახორციელა საადვოკატო მომსახურება, ხოლო საბოლოო გადასახდელი თანხა დაანგარიშებული უნდა ყოფილიყო სარჩელის მოთხოვნის შესაბამისად.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით იყო შეთანხმებული მხარეებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელი თანხისათვის. კონკრეტულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო 0.5%-ის დარიცხვით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო 10-ჯერ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ, მხოლოდ 1575 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
შპს „P. G-მ“ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში და მოითხოვა აღნიშნულ ნაწილებში გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის იმგვარად დაკმაყოფილება, რომ: 1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 2009 წლის 7 ივლისის №7-8/40 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება 8055 ლარის ოდენობით; 2.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა ასევე, 2009 წლის 7 ივლისის №7-8/40 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს გადახდა – 2012 წლის 30 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 40 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სრულად დაკმაყოფილდა შპს „P. G-ს“ სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
შპს „P. G-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შპს „P. G-ს“ სასარგებლოდ ძირითადი თანხის სახით დაეკისრა 8055 ლარის გადახდა;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შპს „P. G-ს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2012 წლის 30 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარისა და 50 თეთრის ანაზღაურება;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შპს „P. G-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 155 ლარი და 67 თეთრი და სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი 100 ლარი, ჯამში 255 ლარი და 67 თეთრი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, ანუ ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ იყო იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში კი ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევას, ანუ, პირგასამტეხლოს შემცირებისას არასწორად განიმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია დავის გადაწყვეტა სააპელაციო ინსტანციაში, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დავის საგანი, რომელშიც შპს „P. G-a“ მის უფლებრივ წინამორბედს წარმოდგენდა, შედგენდა მხოლოდ 17500 ლარს და რომ ეს ოდენობა გამომდინარეობდა მხარეთა შორის 2009 წლის 7 ივლისის დადებული იურიდიული მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლიდან და შპს „P. G-ს“ 2009 წლის 11 ივლისის წერილიდან.
სადავო არ იყო, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების 4.2.1 და 4.2.2 მუხლებით, მომსახურეობის გადასახადი შეადგენდა ორდერის ან ორდერთან გათანაბრებული მომსახურეობის მინიმალური ზღვრული გადასახადს და სადავო თანხის 15%-ს თანხის ამოღების საქმეში. 2009 წლის 11 ივლისის წერილით შპს „P. G-მ“ წერილობით აცნობა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ამ მომსახურეობის ღირებულების შესახებ, და ამ ფარგლებში მისაღები თანხა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ ცნო კიდეც. თუმცა, მხარეთა შორის დავას იწვევდა ის პირგასამტეხლო, რომელიც სარჩელით მოითხოვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფლებრივმა წინამორბედმა შპს „ც.პ. ჯ-ან“ და რომელიც საბოლოოდ ამ უკანასკნელს დაეკისრა ბიუროს სასარგებლოდ.
2009 წლის 11 ივლისის წერილის ანალიზით ირკვეოდა, რომ იგი შეეხებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფლებრივი წინამორბედის მიერ შპს „ც. პ. ჯ-ან“ მიმდინარე დავის მხოლოდ ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილს. კერძოდ, წერილში აღნიშნული იყო შემდეგი: „საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად (გარდა მხარეთა მორიგების შემთხვევისა), თქვენ მიიღებთ 18725 ლარს, რომელიც თავის მხრივ შედგება შემდეგი თანხებიდან – 17500 ლარი ძირითადი თანხა; 525 ლარი წინასწარ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება, 700 ლარი საადვოკატო მომსახურეობისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება“.
საქმის მასალებით, კერძოდ: სარჩელის ასლით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ირკვეოდა ისიც, რომ დავის საგანი შპს „ც. პ. ჯ-ან“ ძირითად თანხასთან ერთად ასევე იყო პირგასამტეხლო – სახელშეკრულებო თანხის (35000 ლარის) 0.4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე – დღეში 120 ლარი.
საგულისხმო იყო, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის თაობაზე გაწეული იურიდიული მომსახურეობის ანაზღაურების შესახებ რაიმე ცალკე შეთანხმება მხარეთა შორის არ ყოფილა დადებული. პირგასამტეხლოს საკითხი ამადროულად არ იყო მოწერიგებული არც შპს „P. G-ს“ 2009 წლის 11 ივლისის წერილით. ამდენად, პირგასამტეხლოს ამოღების შესახებ გაწეულ მომსახურეობაზე სრულად ვრცელდებოდა მხარეთა შორის დადებული 2009 წლის 7 ივლისის ხელშეკრულება და მისი მე-4 მუხლი. ამასთან, შპს „ც. პ. ჯ-ის“ მიმართ დავის მიმდინარეობისას წარდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფლებრივ წინამორბედ „კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექნიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტს“ უარი ეთქვა სარჩელის მოთხოვნაზე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, სრულიად მკაფიოდ იკვეთებოდა ამ უკანასკნელის ნება, ედავა შპს „ც. პ. ჯ-ან“, მათ შორის პირგასამტეხლოს თაობაზეც, რაც საბოლოოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კიდეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებულმა 2009 წლის 7 ივლისის ხელშეკრულებამ ეს საკითხი მოიცვა და მოაწესრიგა. სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ არ შეასრულა ვალდებულება – სრულად არ დაფარა გაწეული იურიდიული მომსახურეობის თანხა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოთხოვნა პირგასამტეხლოს ამოსაღებად გაწეული იურიდიული მომსახურეობის თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანი იყო.
დასაკისრებელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ შენიშნა, რომ სარჩელით შპს „P. G-a“ ითხოვდა 8055 ლარის დაკისრებას. ეს თანხა შეადგენდა შპს „ც. პ.ჯ-ან“ მიმდინარე დავის საერთო თანხის, 60700 ლარის (ძირითადი თანხა 17500 + პირგასამტეხლოს თანხა 43200 ლარი (120 ლარი გამრავლებული 360 დღეზე)) 15%-ს, ანუ 9105 ლარს გამოკლებულ სსიპ „კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექნიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის“ მიერ წინასწარ გადახდილ 1050 ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაკისრებელ თანხად განსაზღვრა 6975 ლარი (8025-1050), რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო და არ გამომდინარეობდა არც სარჩელის მოთხოვნიდან და არც საქმის მასალებიდან. ამდენად, ამ ნაწილში (ანუ ძირითადი თანხის ნაწილში) სააპელაციო საჩივარი სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უნდა დაკისრებოდა 8055 ლარი, რომლიდანაც 2625 ლარი ამ უკანასკნელმა ცნო ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში.
რაც შეეხებოდა პირგასამტეხლოს სახით 2012 წლის 30 ნოემბრიდან ყოველდღიურად 40 ლარისა და 27 თეთრის დაკისრებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს თანხა შეამცირა 10-ჯერ და მოპასუხეს დააკისრა 4 ლარისა და 27 თეთრის გადახდა. შპს „P. G-მ“ ხსენებული ნაწილი გაასაჩივრა იმგვარად, რომ მოითხოვა მხოლოდ 6 ლარისა და 50 თეთრის დაკისრება ან პირგასამტეხლოს გაზრდა 2 ლარითა და 23 თეთრით, რის უფლებაც მას გააჩნდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით.
მოთხოვნის დასახელებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განიმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. ამ ნორმით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შემციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეს ნორმა მოწოდებულია იმისკენ, რომ დაიცვას ძირითადად ის მხარე, რომლისთვისაც თავისი არადომინანტური მდგომარეობის, საბაზრო ძალაუფლების არქონისა და სხვა გარემოების გამო, თუნდაც შეთანხმებული პირგასამტეხლო შეიძლება მძიმე ტვირთად იქცეს. როგორ წესი ასეთად ითვლებიან მოვალე ფიზიკური პირები, რომლებსაც როგორც ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების, ისე თავიანთი იურიდიული გაუთვითცნობიერებლობის გამო უწევთ ხოლმე ხელის მოწერა ისეთ გარიგებებზე, სადაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოა გათვალისწინებული. ბუნებრივია, რომ იურიდიული პირი – სსიპ კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექნიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი ასეთად ვერ ჩაითვლებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 6 ლარისა და 50 თეთრის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ, 1575 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილებას, ხოლო დანარჩენ ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარში მითითებული დებულება იმის თაობაზე, რომ დავის საგანი, რომელშიც შპს „P. G-a“ მონაწილეობდა კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ინტერესებში შპს „ც. პ. ჯ-ის“ წინააღმდეგ, შეადგენდა მხოლოდ 17500 ლარს. იგივე ოდენობის თანხა სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტსა და კს „ქ. და პ-ს“ შორის განსაზღვრული იყო საბაზისო თანხად, საიდანაც უნდა დაანგარიშებულიყო ჰონორარი მომსახურე იურიდიული კომპანიის მიერ გაწული მომსახურებისათვის. აღნიშნულ საქმეზე, მოდავე მხარეებს შორის გაფორმებული იყო 2009 წლის 7 ივლისის ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ. მითითებული ხელშეკრულების 4.2.1 და 4.2.2 პუნქტებით, იურიდიული მომსახურების გადასახადი შეადგენდა ორდერის ან ორდერთან გათანაბრებული მომსახურების მინიმალურ ზღვრულ გადასახადს და სადავო თანხის 15%-ს თანხის ამოღების საქმეში. არსებულ ურთიერთობებში ორივე მხარე ხელმძღვანელობდა იმით, რომ ჰონორარის გაანგარიშება მომხდარიყო საბაზისო თანხიდან, 17500 ლარიდან. ამ თანხიდან ავანსის სახით კასატორს გადახდილი ჰქონდა შესაბამისი ფულადი თანხაც;
არსებული მტკიცებულებების ჯეროვანი შეფასების გარეშე, სადავო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შპს „P. G-ს“ სასარგებლოდ ძირითადი თანხის სახით სათანადო დასაბუთების გარეშე დაეკისრა 8055 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ, მოცემული მტკიცებულებების გამოკვლევისას არ გაითვალისწინა სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მიერ იურიდიულ კომპანია კს „ქ. და პ-ან“ გაფორმებულ 2009 წლის 7 ივლისის №7-8/40 ხელშეკრულებასა და 2009 წლის 9 ივლისის №329-04-03 დაკვეთაში (წერილში) გამოვლენილი ნება. სააპელაციო სასამართლოს უნდა მოეხდინა მოდავე მხარეებს შორის გაფორმებული 2009 წლის 7 ივლისის №7-8/40 ხელშეკრულების მე-4 მუხლის დებულებათა განმარტება, სსსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ნების გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 337-ე მუხლებით დადგენილი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (324 ლარი) 70% – 226.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (324 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 1 აგვისტო, საგადახდო დავალება № 23938) 70% – 226.8 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე