№ას-908-866-2013 11 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. ც-ის უფლებამონაცვლე ნ. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ც-ე, ნოტარიუსი ლ. ვ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ივლისის განჩინება
დავის საგანი – სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიალურად დამოწმებული განცხადების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ც-ის სარჩელი მოპასუხეების – მ. ც-სა და ნოტარიუს ლ. ვ-ას მიმართ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიალურად დამოწმებული განცხადების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ც-ის უფლებამონაცვლე ნ. ქ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ც-ის უფლებამონაცვლე ნ. ქ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის (ქ.ბათუმში, პ-ის ქ. №106-ში მდებარე უძრავი ქონება) საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2013 წლის 18 ოქტომბერს ზ. ც-ის უფლებამონაცვლე ნ. ქ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 1 თვით.
საკასაციო პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ზ. ც-ის უფლებამონაცვლე ნ. ქ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს უნდა გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით.
2013 წლის 6 ნოემბერს ზ. ც-ის უფლებამონაცვლე ნ. ქ-მა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ არ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის საგნის (ქ.ბათუმში, პ-ის ქ. №106-ში მდებარე უძრავი ქონება) საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ც-ის უფლებამონაცვლე ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილ. სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორ ზ. ც-ის უფლებამონაცვლე ნ. ქ-ს პირადად ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2013 წლის 28 ოქტომბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, (ტ.2, ს.ფ.159). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 29 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 4 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილ. საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულ. შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში ზ. ც-ის უფლებამონაცვლე ნ. ქ-მა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 5 ნოემბერს (ს.ფ.160-161), სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის 135-ე მუხლით კი დადგენილ. მტკიცებულების დედნის სახით წარდგენის აუცილებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მხარეს ამომწურავად განემარტა საპროცესო მოქმედების შესრულების წესი, კერძოდ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 ვადაში მხარეს სასამართლოში უნდა წარედგინა საკასაციო საჩივრის საგნის (ქ.ბათუმში, პ-ის ქ. №106-ში მდებარე უძრავი ქონება) საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს ნათლად განემარტა საპროცესო მოქმედების წესი, ხოლო მან ეს მოქმედება არასრულყოფილად შეასრულა, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ზ. ც-ის უფლებამონაცვლე ნ. ქ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა, ხოლო ფაქსის მეშვეობით გამოგზავნილი დოკუმენტი, საკასაციო პალატის შეფასებით ვერ იქნება მიჩნეული ხარვეზის გამოსწორებად ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის თოაბაზე, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის დროულად გადახდის ფაქტი, პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტში დროულად გადახდის ფაქტი, იმგვარად, რომ მხარეს სასამართლოსათვის დადგენილი წესით არ უცნობებია ამ საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადგენილი ხარვეზის დროულად გამოსწორებად. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კასატორმა არ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის საგნის (ქ.ბათუმში, პ-ის ქ. №106-ში მდებარე უძრავი ქონება) საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაცო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ც-ის უფლებამონაცვლე ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ ნ. ქ-ს (პირადი ნომერი №...) დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 4 ნოემბერს №5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია