Facebook Twitter

ბს-637-224-(კ-05) 5 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე

დავის საგანი: საიჯარო ქირისა და საჯარიმო თანხის გადასახდელად დაკისრება, საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 15 მაისის ¹1-3/317 ბრძანების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ განცხადებით მიმართა სასამართლოს შპს “ჰ.-ს” მიმართ და მოითხოვა გადახდის ბრძანების საფუძველზე შპს “ჰ.-სათვის” 14084 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.

განმცხადებელი აღნიშნავდა რომ 1997 წელს გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში რ/გ “ს.-ის” ბალანსზე რიცხული, დაბა ... მდებარე დასასვენებელი სახლების იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გასაცემად გაიმარჯვა პირთა ჯგუფმა, რომელმაც იკისრა ვალდებულება, გადაეხადა საიჯარო ქირა 11210 აშშ დოლარის ოდენობით. შემდგომში კონკურსში გამარჯვებულმა პირებმა ჩამოაყალიბეს შპს “ჰ.-”. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 24.06.97წ. ¹1-3/404 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილებები. 15.10.97წელს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს “ჰ.-ს” შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება 10 წლის ვადით, რომლის თანახმად, “მოიჯარეს” “მეიჯარისათვის” უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა ეროვნული ვალუტით ყოველ 6 თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, თანაბარწილად. შპს “ჰ.-მ’’ გადაიხადა გამოსასყიდი ქონების 41.87%. რაც შეეხებოდა საიჯარო ქირას, შპს “ჰ.-ს” 2001წ. მაისისათვის ერიცხებოდა საიჯარო ქირის დავალიანება 12594.43 აშშ დოლარის ოდენობით.

“მოიჯარეს” ასევე არ ჰქონდა დაფარული განვლილი პერიოდის დავალიანება, რის გამოც სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 15.05.2000წ. ¹1-3/317 ბრძანებით შპს “ჰ.-” დაჯარიმდა იმ დროისათვის გადაუხდელი საიჯარო ქირის 0,1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და დავალიანებისა და ჯარიმის დასაფარავად ვადა მიეცა 15.06.2000 წლამდე.

შპს “ჰ.-ს” არ დაუფარავს არც საიჯარო ქირა და არც საჯარიმო თანხა, რომელიც შეადგენდა 14084 აშშ დოლარს. მოსარჩელე ითხოვდა გადახდის ბრძანების გაცემას და შპს “ჰ.-სათვის” 14084 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრებას.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადახდის ბრძანებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს განცხადება და შპს “ჰ.-ს” გადასახდელად დაეკისრა 14084 აშშ დოლარი. შპს “ჰ.-მ” სასამართლოში წარადგინა წერილობითი შესაგებელი, საიდანაც ირკვეოდა, რომ შპს “ჰ.-ს” სამინისტროს მიმართ გააჩნდა შემხვედრი მოთხოვნები, რის გამოც საქმე განხილულ იქნა სასარჩელო წარმოების წესით, რა დროსაც შპს “ჰ.-მ” წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 15.05.2000წ. ¹1-3/317 ბრძანების ბათილად ცნობა და სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის დავალება საიჯარო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც შპს “ჰ.-ო” გათავისუფლდებოდა საიჯარო ქირის გადახდისაგან მანამ, სანამ მის მიერ სახელმწიფოსაგან იჯარა-გამოსყიდვით მიღებული ქონება დაკავებული ექნებოდათ დევნილებს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი და დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ. სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 8 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მსჯელობას განსახილველი დავის განსჯადობის თაობაზე და სასამართლოთა შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე გააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საკასაციო სასამართლოს 2004წ. 14 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს სარჩელი, დაკმაყოფილდა შპს “ჰ.-ს” შეგებებული სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 15 მაისის ¹1-3/317 ბრძანება, სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც შპს “ჰ.-ო” გათავისუფლდებოდა საიჯარო ქირის გადახდისაგან, სანამ იჯარით აღებული ბინები დაკავებული ექნებოდათ იძულებით გადაადგილებულ პირებს. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995წ. 18 დეკემბრის დადგენილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რ/გ “ს.-ის” ბალანსზე რიცხული, დაბა ... მდებარე დასასვენებელი სახლების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე. საპრივატიზებო ქონების ღირებულება განისაზღვრა 112000 აშშ დოლარის ეკვივალენტით, ხოლო საიჯარო პრივატიზაცია უნდა მომხდარიყო კომერციული კონკურსის მეშვეობით შემდეგი პირობებით: დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობა, სააგარაკო ბინებში დროებით მცხოვრებ ლტოლვილთათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. საიჯარო ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 10 წლით.

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 24.06.97წ. 1-3/404 ბრძანებით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკურ პირთა ჯგუფი, რომელმაც იკისრა ვალდებულება, გადაეხადა საიჯარო ქირა წელიწადში 11210 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ პირთა ჯგუფმა შემდგომში ჩამოაყალიბა შპს “ჰ.-ო’’. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 24.06.97წ. ¹1-3/414 ბრძანებაში 1997წ. 5 სექტემბრის ¹1-3/545 ბრძანებით შევიდა სათანადო ცვლილება. 1997წ. 15 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს “ჰ.-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით 10 წლის ვადით, რომლის თანახმად, “მოიჯარეს” საიჯარო ქირა “მეიჯარისათვის” უნდა გადაეხადა ეროვნულ ვალუტაში, ყოველ ექვს თვეში ერთხელ თანაბარწილად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა. შპს “ჰ.-მ” გადაიხადა 41.87%, რაც შეეხებოდა საიჯარო ქირას, ერიცხებოდა დავალიანება 14084 აშშ დოლარის ოდენობით.

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2000წ. 15.05 ¹1-3/317 ბრძანებით შპს “ჰ.-ო” დაჯარიმდა საიჯარო ქირის გადაუხდელობისათვის, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,1%-ით და არსებული ჯარიმისა და დავალიანების დასაფარავად მიეცა ვადა 2000წ. 15 ივნისამდე.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.

1997წ. 15 ოქტომბრის საიჯარო ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში “მოიჯარე” იხდის ჯარიმას ყოველ ვადაგადასულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ს. მხარეთა შორის ხელშეკრულებით დათქმული პირობა ძალაში იყო და მასში რაიმე სახის ცვლილება შეტანილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მონაწილე მხარეს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, მოეთხოვა დავალიანების თანხისა და საჯარიმო თანხის დაკისრება.

სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა სკ-ის 398-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და აღნიშნა, რომ შპს “ჰ.-სათვის” საკონკურსო პირობების გაცნობისთანავე ცნობილი იყო, რომ დასასვენებელ სახლებში განთავსებული იყვნენ ლტოლვილები, რომელთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზეც უნდა ეზრუნა მოიჯარეს, რის თაობაზე შპს “ჰ.-მ” განაცხადა თანხმობა. აღნიშნული პირობების გამო საპრივატიზებო ობიექტზე არ გავრცელდა იჯარით გაცემული ქონების 51%-ის გამოსყიდვის მოთხოვნა და საიჯარო ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 10 წელი. აღნიშნული შეღავათი სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ ობიექტში განთავსებული იყვნენ ლტოლვილები, რომელთა ობიექტებში განთავსების დროებითობა გარკვეულ გარემოებებთანაა დაკავშირებული, რაც მოწინააღმდეგე მხარისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების დადების დროისათვის.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2000წ. 15 მაისის ¹1-3/317 ბრძანება შეაფასა, როგორც ადმინისტრაციული გარიგების შესრულებასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული აქტი და მიიჩნია, რომ მისი გამოცემის უფლება გააჩნდა სამინისტროს ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

სააპელაცო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ჰ.-მ”, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ჰ.-ს” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 მარტის გადაწყვეტილება.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995წ. 18 დეკემბრის ოქმის ¹58.16.1262 დადგენილებით გადაწყდა რ/გ “ს.-ის” ბალანსზე რიცხული, დაბა ... მდებარე დასასვენებელი სახლების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზება. საპრივატიზებო ქონების ღირებულება განისაზღვრა 112000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ყოველწლიური საიჯარო ქირა _ 11210 აშშ დოლარის ეკვივალენტით. იჯარა-გამოსყიდვის გაცემის ფორმად განისაზღვრა კომერციული კონკურსი შემდეგი პირობებით: დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობა; სააგარაკო ბინებში დროებით მცხოვრებ ლტოლვილთათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. საიჯარო ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 10 წლით.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 24.06.1997წ. ¹1-3/404 ბრძანებით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკურ პირთა ჯგუფი, რომელმაც იკისრა ვალდებულება, გადაეხადა საიჯარო ქირა 11210 აშშ დოლარის ოდენობით. შემდგომში ფიზიკურ პირთა ჯგუფმა ჩამოაყალიბა შპს “ჰ.-ო”. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 5.09.1997წ. ¹1-3-545 ბრძანებით შესაბამისი ცვლილება შევიდა 24.06.1997წ. ¹1-3/404 ბრძანებაში. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს “ჰ.-ს” შორის 15.10.1997წ. გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება-ქონების გამოსყიდვის უფლებით 10 წლის ვადით, რომლის 2.1 პუნქტის მიხედვით, მოიჯარემ იკისრა ვალდებულება, მეიჯარისათვის ყოველწლიურად 11210 აშშ დოლარის საიჯარო ქირის გადახდის შესახებ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ თანაბარწილად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განისაზღვრა მეიჯარის უფლება, დაეჯარიმებინა მოიჯარე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. ასევე დადგენილია, რომ შპს “ჰ.-ს” მიერ გადახდილია გამოსასყიდი ქონების ღირებულების 41,87%, ხოლო საიჯარო ქირა საერთოდ არა აქვს გადახდილი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის განხილვა-გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სადავო სამართალურთიერთობებს სწორად შეეფარდა სამართლის ნორმები და გამოიტანა იურიდიულად დასაბუთებული სწორი გადაწყვეტილება.

სკ-ის 398-ე მუხლის შესაბამისად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა, მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისათვის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს სკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საფუძველი, რამდენადაც შპს “ჰ.-სათვის” საკონკურსო პირობების გაცნობისთანავე ცნობილი იყო ის გარემოება, რომ დასასვენებელ სახლებში განთავსებული იყვნენ ლტოლვილები, რომელთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე უნდა ეზრუნა მოიჯარეს. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დევნილების ყოფნა საპრივატიზებო ობიექტში არ არის დაკანონებული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მას არ უკისრია რაიმე ვალდებულება დევნილებთან მიმართებაში და არც მათი იქ მუდმივად ან თუნდაც დროებით ყოფნის თმენა ევალება. საქმეში წარმოდგენილი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს განაცხადით დასტურდება, რომ საკონკურსო პირობებს წარმოადგენდა დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობა და სააგარაკო ბინებში მცხოვრებ ლტოლვილთათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და სწორედ იმის გამო, რომ საიჯარო სახლებში განთავსებული იყვნენ ლტოლვილები, აღნიშნულ ობიექტზე არ გავრცელდა 1997წ. 31 დეკემბრამდე საიჯარო ქონების ღირებულების 51%-ის აუცილებელი გამოსყიდვის ვალდებულება. ამდენად, ის გარემოება, რომ საიჯარო ობიექტში ლტოლვილები იყვნენ განთავსებული _ კონკურსის პირობებშივე იყო მითითებული და შესაბამისად _ ცნობილი პირთა ჯგუფისათვის, რომელმაც კონკურსში მიიღო მონაწილეობა და შემდგომში დააფძნა შპს “ჰ.-ო”. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ობიექტში ლტოლვილთა ყოფნის მიუთითებლობა არ წარმოადგენს მოიჯარის საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს, რამდენადაც აღნიშნულ გარემოებას ითვალისწინებდა თვით საკონკურსო პირობები.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით, დადგენილ ვადაში საიჯარო ქირის გადაუხდელობიდან 3 თვის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება ითვლება ბათილად და ბათილი ხელშეკრულების საფუძველზე მას აღარ ეკისრება საიჯარო ქირისა და საურავის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული ხელშეკრულების 3.2 პუნქტის ბოლო წინადადების მიხედვით, ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიუხედავად, მოიჯარე არ თავისუფლდება საიჯარო ქირის დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ჰ.-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 მარტის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.