Facebook Twitter

№ას-982-940-2013 26 ნოემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ. ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 14 ნოემბერს დ. ლ-ემ ხონის რაიონულ სასამართლოში ნ. ც-ის მიმართ წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა: 1) ნ. ც-სა და დ. ლ-ეს შორის 2008 წლის 19 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, 2) ... წლის ... დეკემბერს დაბადებული ლ. ლ-ის საცხოვრებელ ადგილად მამის - დ. ლ-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

სარჩელის მიხედვით, მხარეები 2008 წლის 19 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, საიდანაც ჰყავთ შვილი - ... წლის ... დეკემბერს დაბადებული ლ. ლ-ე. ნ. ც-მა უღალატა მეუღლეს, წავიდა სახლიდან, ხოლო 2012 წლის 02 ნოემბრიდან მიატოვა შვილიც, რის შემდეგაც ლ. ლ-ე ცხოვრობს მამასთან. ნ. ც-ი არასდროს ახორციელებდა შვილზე სათანადო მზრუნველობას. იგი არის გაუწონასწორებელი პიროვნება, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში დაკავებულია სხვადასხვა მამაკაცემთან სატელეფონო საუბრებით.

ნ. ც-მა სარჩელი ცნო განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაეთანხმა მას და წარადგინა შეგებებული სარჩელი შემდეგი მოთხოვნებით: 1) დ. ლ-ის უკანონო მფლობელობიდან ნ. ც-ის კუთვნილი მოძრავი ნივთების გამოთხოვა, 2) ... წლის ... დეკემბერს დაბადებული ლ. ლ-ის საცხოვრებელ ადგილად დედის - ნ. ც-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, 3) დ. ლ-ის შვილის - ... წლის ... დეკემბერს დაბადებული ლ. ლ-ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრება თვეში 100 ლარის ოდენობით ლ. ლ-ის სრულწლოვანებამდე.

შეგებებული სარჩელის მიხედვით, დ. ლ-ემ ნ. ც-ს არ მისცა შესაძლებლობა, სახლიდან წაეღო კუთვნილი ნივთები. მხარეებს წლების განმავლობაში ჰქონდათ უთანხმოება. დ. ლ-ე ხშირად ღებულობდა ალკოჰოლურ სასმელებს, ცოლს აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შურაცხყოფას, არის ძალადობისკენ მიდრეკილი, რის გამოც მასთან ბავშვის აღსაზრდელად დატოვება გაუმართლებელია.

ხონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ც-ის შეგებებული სარჩელი, ლ. ლ-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ნ. ც-ის საცხოვრებელი ადგილი, დ. ლ-ეს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 100 ლარის გადახდა შვილის - ლ. ლ-ის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე და დ. ლ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ნ. ც-ის კუთვნილი მოძრავი ნივთები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ-ემ ალიმენტის დაკისრებისა და ლ. ლ-ის საცხოვრებელ ადგილად დედის - ნ. ც-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში. აპელანტმა მოითხოვა შესაბამის ნაწილში ნ. ც-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ც-ი და დ. ლ-ე დაქორწინდნენ 2008 წლის 19 დეკემბერს, ... წლის ... დეკემბერს შეეძინათ შვილი - ლ. ლ-ე, ხოლო 2012 წლის ოქტომბრიდან ერთმანეთს დაშორდნენ, რის შემდეგაც მცირეწლოვანი ლ. ლ-ე ცხოვრობს მამასთან - დ. ლ-ან. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ მეუღლეების დაშორება განაპირობა დ. ლ-ის აგრესიულმა ქცევამ. ეს უკანასკნელი ნ. ც-ს აყენებდა ფიზიკურ და ფსიქიკურ შეურაცხყოფას. სააპელაციო პალატის აზრით, დაუშვებელია, ბავშვი მუდმივად ცხოვრობდეს და იზრდებოდეს მოძალადე მშობელთან. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მამასთან მცხოვრებ ლ. ლ-ეს არა აქვს სრულფასოვანი კონტაქტი თანატოლებთან, იგი არ დადის საბავშვო ბაღში და, სასამართლოს სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის განმარტებით, მიჯაჭვულია მამას. პალატამ მიიჩნია, რომ ამგვარი ვითარება არ შეესაბამება მცირეწლოვანის ინტერესებს. პალატის მითითებით, ბავშვის სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისა და საზოგადოებაში თანაცხოვრების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, მან ურთიერთობა იქონიოს არა მარტო ოჯახის წევრებთან, არამედ გარეშე პირებთანაც. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ დაადგინა, რომ დ. ლ-ე ვერ უზრუნველყოფდა მცირეწლოვანი ლ. ლ-ის ჯეროვან აღზრდას. ამასთან, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პრეტენზია, რომლის მიხედვით, ნ. ც-ის ოჯახში არ არის სათანადო პირობები ლ. ლ-ის აღსაზრდელად. სასამართლოს მითითებით, აპელანტს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნ. ც-მა მცირეწლოვანი შვილი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა, რითაც საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სატელეფონო კომუნიკაციების განხორციელება სასამართლომ არ მიიჩნია იმაზე მეტყველ გარემოებად, რომ ნ. ც-ი არ ზრუნავდა შვილზე. სასამართლოს აზრით, ასევე უსაფუძვლოა აპელანტის მტკიცება, რომლის მიხედვით ნ. ც-ის ოჯახის წევრები ხასიათდებიან ე.წ „მავნე ჩვევებით“. სასამართლოს მითითებით, გ. ც-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დასტურდება 2011 წლის 03 აგვისტოს, რის შემდეგაც იგივე საქციელის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლით, დაასკვნა, რომ ნ. ც-ის მოთხოვნა ლ. ლ-ის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მართლზომიერად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ნ. ც-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დ. ლ-ე მიიჩნია მოძალადე პიროვნებად, რა დროსაც დაეყდრნო საქმის შედეგით დაინტერესებული მოწმეების ჩვენებებს და არასწორად შეაფასა მოწმე ი.ბ-ის ჩვენება;

სასამართლომ არ გაითვალისწინება მოწმეთა ჩვენებები, რომლის მიხედვით, ნ. ც-მა უმეთვალყურეოდ მიატოვა ბავშვი და რამდენიმე დღით გაჰყვა მეგომარ მამაკაცს;

დ. ლ-ემ წარადგინა მტკიცებულება - ბაღის დირექციისა და აღმზრდელთა ახსნა-განმარტება (რაც სასამართლომ არ გამოიკვლია), რომლის მიხედვით, ლ. ლ-ე ირიცხებოდა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებში. იმის გამო, რომ ბავშვი ვერ შეეგუა ბაღს, დედამ მიიღო გადაწყვეტილება მისი ბაღიდან გაყვანის თაობაზე. ამასთან, ბავშვის ბაღში დარეგისტრირება საჭიროა სასწავლო წლის დასაწყისში, რა დროსაც დედაც სახლში იყო და შეეძლო ეზრუნა ამ საკითხზე, ვიდრე ბავშვს მიატოვებდა. მომდევნო სასწავლო წლის დასაწყისამდე ვერ განხორციელდებოდა ბავშვის ბაღში შეყვანა;

სასამართლომ არ გაითვალისწინა ფსიქოლოგის მითითება, რომლის მიხედვით, ბავშვი მამასთან არის საუკეთესო პირობებში, დამოკიდებულია მამაზე და მასთან განშორება იმოქმედებს უარყოფიდად ბავშვის ფსიქიკაზე. იგივე ფსიქოლოგის შეფასებით, ბავშვის ქცევები მეტყველებდა იმაზე, რომ მამა სათანადოდ ექცეოდა მას და არ ახდენა ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ Nას-211-204-2012, 19 ივლისი, 2012 წელი).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე