Facebook Twitter

№ას-994-952-2013 20 ნოემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ხ. ბ-ი, ქ. ბ-ი, მ. ბ-ი, გ. ს-ი, დ. ძ-ა, დ. ო-ი, ა. რ-ა, თ. ბ-ი, ა. კ-ი, გ. ხ-ი, თ. ნ-ი, ზ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. დ-ის სარჩელი მოპასუხეების: ხ. ბ-ის, ქ. ბ-ის, მ. ბ-ის, გ. ს-ის, დ. ძ-ას, დ. ო-ის, ა. რ-ას, თ. ბ-ის, ა. კ-ის, გ. ხ-ის, თ. ნ-ის, ზ. გ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით მ. დ-ის სააპელაციიო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მ. დ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

2013 წლის 18 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და მიუთითა, რომ სურს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. 2013 წლის 20 ნოემბერს, სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინებით, კასატორმა დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ. დ-ემ უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, უნდა შეწყდეს საკასაციო საქმის წარმოება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 და 49.4 მუხლის შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 500 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. დ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. მ. დ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება.

3. კასატორ მ. დ-ეს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. დ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (გადახდის თარიღი – 2013 წლის 5 ნოემბერი, საგადახდო დავალება № 2) – 500 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე