საქმე №ას-1002-959-2013 25 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ი. კ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, საიჯარო ფართის დაბრუნება, ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი. კ-ის“ მიმართ 2011 წლის 1 თებერვალს მხარეთა შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის, საიჯარო ქირის ანაზღაურებისა და ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე კოლეგიის 2013 წლის 29 მაისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შპს „ი. კ-ის“ საჩივარი კი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება შპს „ი. კ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის 3 ივლისის განჩინებით აპელანტ შპს „ი. კ-ს“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 1 224.93 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოსათვის წარმოდგენა.
ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.
2013 წლის 22 ივლისს შპს „ი. კ-ის“ წარმომადგენლმა რ. მ-მა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, წარადგინა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 21 დღით გაგრძელება.
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 10 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2013 წლის 29 ივლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 30 ივლისს და დასრულდა 2013 წლის 8 აგვისტოს. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედებები არ შეასრულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებისა და 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს „ი. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში და, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა დარჩეს განუხილველად სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობების არარსებობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ი. კ-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
საზოგადოება, კრედიტორული დავალიანებების გამო, იმყოფება მძიმე მატერიალურ და ფინანსურ მდგომარეობაშჲ, რის გამოც კომპანიამ ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორება.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის 21 დღით გაგრძელების შესახებ, 10-დღიანი ვადა კი არ აღმოჩნდა საკმარისი თანხის მოსაძიებლად. საზოგადოების მთელ უძრავ-მოძრავ ქონებასა და ანგარიშებს ადევს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ამდენად, კომპანიისათვის ფაქტობრივად შეუძლებელია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, რაც გამორიცხავს ფულადი აქტივის მიღების შესაძლებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი. კ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ შპს „ი. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის – სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტ შპს „ი. კ-ს“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 1224.93 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოსათვის წარმოდგენა. მითითებული ვადა მხარის შუამდგომლობით კიდევ 10 დღით გაგრძელა.
ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება შპს „ი. კ-ს“ 2013 წლის 29 ივლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა (ს.ფ. 14, ტომი 2).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 30 ივლისს და დასრულდა 2013 წლის 8 აგვისტოს. არც მითითებულ პერიოდში და არც შემდგომ აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ცალსახად წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ შპს „ი. კ-მა“, საზოგადოების ფინანსური სირთულეების გამო, ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საჭირო თანხის მოგროვება და სასამართლომ არასწორად უთხრა უარი მხარეს ხარვეზის შევსებისათვის 21-დღიანი ვადის განსაზღვრაზე, ვინაიდან აპელანტს სავსებით გონივრული ვადა მიეცა სადავო საპროცესო მოქმედების შესასრულებლად (განესაზღვრა ჯერ 10 დღე, შემდეგ კი მითითებული ვადა დამატებით 10 დღით გაუგრძელდა).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აპელანტს დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ სასამართლოსათვის აღარ მიუმართავს და არ უცდია, სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის წარდგენის გზით მოეთხოვა ხარვეზის აღმოსაფხვრელად მისთვის მიცემული ვადის კვლავ გაგრძელება ან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შეღავათის მოპოვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო შპს „ი. კ-ის“ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი. კ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე