№ას-1010-967-2013 11 ნოემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. პ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ტ. ო-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. ზ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება, ტ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დადგინდა ტ. ო-ის სახლში გამავალი ნ. ზ-ის კუთვნილი წყალგაყვანილობის მილების დემონტაჟი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განჩინებით ე. პ-ას განცხადების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა ტ. ო-ის სახლში გამავალი ნ. ზ-ის კუთვნილი წყალგაყვანილობის მილების დემონტაჟი და განახლდა საქმის წარმოება ტ. ო-ის სააპელაციო საჩივრის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ტ. ო-ის სარჩელი წყალგაყვანილობის მილების დემონტაჟის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საქმის წარმოება ტ. ო-ის სარჩელის გამო ნ. ზ-სა და ე. პ-ას მიმართ წყალგაყვანილობის მილების დემონტაჟის თაობაზე შეწყდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. პ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. პ-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ე. პ-ას დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, მას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2013 წლის 22 ოქტომბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრს (მეუღლეს) ბ. ჩ-ს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 23 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 25 ოქტომბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. პ-ამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. პ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე