№ას-1015-970-2013 1 ნოემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჩ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი მ. ჩ-ის მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით ა. გ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული.
2013 წლის 16 აგვისტოს ა. გ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. გ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას იმაზე, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი). ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, მას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში კერძო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების მითითებით.
2013 წლის 29 ოქტომბერს ა. გ-მა ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა განცხადება. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ განცხადებას, მიიჩნევს, რომ ხარვეზი არ არის შევსებული, კერძოდ, განცხადება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რატომ მიაჩნია განმცხადებელს დაუსაბუთებლად გასაჩივრებული განჩინება. ხსენებული განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ა.გ-ის სააპელაციო საჩივარი. გასაჩივრებული განჩინება შეიცავს იმის დასაბუთებას, თუ რატომ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სააპელაციო საჩივარი. არც კერძო საჩივარი და არც წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს უშუალოდ გასაჩივრებული განჩინების კრიტიკას, ორივე მათგანი შემოიფარგლება მხოლოდ იმ გარემოებებზე მითითებით, რომელიც შეეხება საქმის არსებით მხარეს, რაზედაც უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. ამდენად, ა.გ-ს მისთვის დავალებული ხარვეზი არ შეუვსია, კერძოდ, არ წარმოუდგენია კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით. აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კერძო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად ა.გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ ხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გადაისინჯოს საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი არ უთითებს საქმის წარმოების განახლების რომელიმე საფუძვლის არსებობის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე